არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„დღეს უკვე აღარ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მე უნდა შევცვალო“

„დღეს უკვე აღარ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მე უნდა შევცვალო“
  • დაბადების წელი: 1966

  • ქვეყანა: ფინეთი

  • წარსულში: საზოგადოებრივი აქტივისტი

მოკლე ბიოგრაფია:

ბავშვობიდან მიყვარს ბუნება. ოჯახის წევრები ხშირად გავდიოდით ბუნებაში და ვტკბებოდით ჩვენს ქალაქთან, იუვიასკიულიასთან (ცენტრალური ფინეთი), ახლოს მდებარე ტყეებისა და ტბების სილამაზით. ცხოველებიც ძალიან მიყვარს. სადაც კი კატას ან ძაღლს დავინახავდი, მინდოდა მოვფერებოდი. როცა გავიზარდე, ძალიან მაღიზიანებდა, რომ ადამიანები ცხოველებს ცუდად ეპყრობოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას შევუერთდი, რომლის წევრებსაც ჩემსავით აღელვებდათ ცხოველების ხვედრი.

ჩვენ აქტიურად ვიბრძოდით ცხოველთა უფლებების დასაცავად. ვავრცელებდით ინფორმაციას მათზე, ვაწყობდით საპროტესტო მარშებსა და აქციებს ბეწვის მაღაზიებისა და ცხოველთა საცდელი ლაბორატორიების წინააღმდეგ. ცხოველთა დაცვის ახალი ორგანიზაციაც კი ჩამოვაყალიბეთ. იმის გამო, რომ რადიკალურ ზომებს მივმართავდით, ხშირად ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობებს ვაწყდებოდით. რამდენჯერმე დამიჭირეს კიდეც და სასამართლოს გადამცეს.

ცხოველების გარდა მსოფლიოში არსებული სხვა პრობლემებიც მაღელვებდა. გავწევრიანდი სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის საერთაშორისო ამნისტიაში (ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია) და გრინპისში (საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნების დამცველი ორგანიზაცია). მთელ ჩემს ენერგიას ამ საქმეს ვახმარდი. ღარიბი, მშიერი და სხვა მხრივ გაჭირვებული ხალხის უფლებების დასაცავად ვიბრძოდი.

ბოლოს მივხვდი, რომ მსოფლიოს მე ვერ შევცვლიდი. მართალია ამ ორგანიზაციებმა შეძლეს პატარ-პატარა პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ძირითადი პრობლემები უფრო და უფრო უარესდებოდა. თითქოს მთელ ქვეყანას ბოროტი ძალები მართავდა და არავის არაფერი ადარდებდა. ვგრძნობდი, რა უმწეო ვიყავი ამ ყველაფრის წინაშე.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ამ მდგომარეობაში მყოფმა ღმერთზე და ბიბლიაზე დავიწყე ფიქრი. ერთი პერიოდი იეჰოვას  მოწმეებთან ვსწავლობდი ბიბლიას. მოწმეებს ძალიან ვაფასებდი, რადგან ჩემ მიმართ სითბოსა და ინტერესს ავლენდნენ, მაგრამ იმ დროს მზად არ ვიყავი, შემეცვალა ცხოვრების წესი. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

ბიბლია ავიღე და კითხვა დავიწყე. წაკითხული მალამოსავით დამედო გულზე. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო იმ ბიბლიურმა მუხლებმა, რომლებშიც ნათქვამია, რომ ცხოველებს კარგად უნდა მოვექცეთ. მაგალითად, იგავების 12:10-ში ვკითხულობთ: „მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს“. იმასაც მივხვდი, რომ ღმერთი არ არის დამნაშავე, დედამიწაზე ამდენი ცუდი რომ ხდება. ჩვენი მდგომარეობა იმიტომ უარესდება, რომ უმრავლესობა არ მიჰყვება ღვთის ხელმძღვანელობას. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ იეჰოვა მოსიყვარულე და კეთილი ღმერთია (ფსალმუნი 103:814).

იმ პერიოდში შევავსე ტალონი, რომ მიმეღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მალე იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარმა სახლში მომაკითხა; მათ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. იეჰოვას მოწმეების დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზეც დავიწყე სიარული. მალე ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ღრმად გაიდგა ფესვები ჩემს გულში.

ბიბლიის წყალობით შევძელი, საკუთარ თავში ცვლილებები მომეხდინა. თავი დავანებე სმას და მოწევას. მოვიწესრიგე გარეგნობა და მეტყველება. შევიცვალე დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი (რომაელები 13:1). აგრეთვე მივატოვე უზნეო და თავაშვებული ცხოვრება.

ყველაზე დიდი ცვლილება ის იყო, რომ სწორი შეხედულება განვივითარე ადამიანთა და ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიმართ. ეს ერთ დღეში არ მომხდარა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ჩემი იქიდან წამოსვლა ღალატის ტოლფასი იქნებოდა. თუმცა მესმოდა, რომ ღვთის სამეფო იყო ერთადერთი რეალური იმედი მსოფლიოს გადასარჩენად. გადავწყვიტე, მთელი ჩემი ძალებით მხარი დამეჭირა სამეფოს ინტერესებისთვის და ღვთის სამეფოს შესახებ სხვებთანაც მესაუბრა (მათე 6:33).

კურთხევები:

მაშინ, როცა აქტივისტი ვიყავი, ადამიანებს ვყოფდი ორ კატეგორიად — კარგ და ცუდ ადამიანებად. მზად ვიყავი მათთან დასაპირისპირებლად, ვისაც ცუდ ადამიანებად მივიჩნევდი. ბიბლიის წყალობით, დღეს უკვე აღარ მძულს ადამიანები. პირიქით, ვცდილობ, ყველას მიმართ ქრისტიანული სიყვარული გამოვავლინო (მათე 5:44). სხვა საშუალებებთან ერთად ადამიანებისადმი სიყვარულს იმითაც ვავლენ, რომ მათ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვუქადაგებ. ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, როგორ უწყობს ხელს ეს კეთილშობილური საქმე მშვიდობასა და ბედნიერებას და როგორ უნერგავს ადამიანებს რეალურ იმედს.

შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ, რადგან ჩემი საწუხარი იეჰოვას მივანდე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შემოქმედი ბოლოს მოუღებს ადამიანებისა და ცხოველების ჩაგვრას და არ დაუშვებს ჩვენი ლამაზი პლანეტის განადგურებას. პირიქით, თავისი სამეფოს მეშვეობით ღმერთი პირვანდელ სახეს დაუბრუნებს დედამიწას (ესაია 11:19). დიდ ბედნიერებას მანიჭებს არა მარტო ამის ცოდნა, არამედ ამ ყველაფერში სხვების დარწმუნებაც. დღეს უკვე აღარ ვფიქრობ, რომ მსოფლიო მე უნდა შევცვალო.