არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის ამდენი ტანჯვა?

რატომ არის ამდენი ტანჯვა?

რატომ არის ამდენი ტანჯვა? რატომ არ შესწევს ადამიანს მისი აღმოფხვრის ძალა? ამის გაგებაში დაგვეხმარება ტანჯვის გამომწვევი ნამდვილი მიზეზების დადგენა. მიზეზები სხვადასხვანაირია და არცთუ ისე მარტივი, მაგრამ, საბედნიეროდ, ბიბლია გვეხმარება მათ ამოცნობაში. ამ სტატიაში შევეხებით ტანჯვის გამომწვევ ხუთ ძირითად მიზეზს. მოდი, მივმართოთ ბიბლიას და დავადგინოთ ტანჯვის გამომწვევი ნამდვილი მიზეზები (2 ტიმოთე 3:16).

ცუდი მმართველობის სისტემა

„როცა ბოროტები მმართველობენ, ხალხი ოხრავს“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 29:2).

ისტორიაში მრავლად იყვნენ დიქტატორები, რომლებმაც ხალხს ენით აუწერელი ტკივილი მიაყენეს. რა თქმა უნდა, ამას ყველა მმართველზე ვერ ვიტყვით. დღესაც არიან ისეთები, რომელთაც კეთილშობილური მიზნები ამოძრავებთ; მაგრამ, როგორც კი ხელისუფლებაში მოდიან, მათი გეგმები ხშირად განუხორციელებელი რჩება, რადგან უფრო მეტად ძალაუფლების შესანარჩუნებლად უწევთ ბრძოლა. ან შესაძლოა, თავიანთ ძალას ბოროტად იყენებენ და პირად ინტერესებს ხალხის კეთილდღეობას სწირავენ. „ისტორია სავსეა ფურცლებით, რომლებიც მოგვითხრობს ამაო მცდელობებისა და განუხორციელებელი მიზნების შესახებ“ — აღნიშნა შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა.

ბიბლიაში ისიც წერია, რომ „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). არასრულყოფილ ადამიანს არა აქვს საკმარისი სიბრძნე და წინდახედულება, რომ თავის საქმეს წარმატებით გაართვას თავი. და თუ მას საკუთარი ნაბიჯების წარმართვის უნარი არ შესწევს, როგორღა შეძლებს მთელი ერის მართვას?! ხედავთ, თურმე რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს აღმოფხვრან ტანჯვა? როგორც წესი, არასწორ მმართველობას შედეგად ადამიანთა ტანჯვა მოჰყვება.

ცრუ რელიგია

„ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“, — თქვა იესომ (იოანე 13:35).

ყველა რელიგიური ლიდერი სიყვარულსა და ერთიანობას ქადაგებს. მაგრამ სინამდვილეში მათ არ ძალუძთ თავიანთ მიმდევრებს ღრმად ჩაუნერგონ გულში ადამიანის სიყვარული, რაც ამარცხებს წინასწარ შექმნილ აზრსა და სიძულვილს. ნაცვლად იმისა, რომ სიყვარული ასწავლონ, ხშირად რელიგია ყოფს ხალხს, აღვივებს რელიგიურ ფანატიზმს, ურთიერთდაპირისპირებასა თუ ეროვნულ კონფლიქტებს. თეოლოგმა ჰანს კიუნგმა თავის წიგნში „ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები“ დაწერა: „ყველაზე ფანატიკური და ყველაზე სასტიკი პოლიტიკური ბრძოლები თუ სისხლიანი დაპირისპირებები და შემდგომში მათი ლეგიტიმაცია რელიგიის წაქეზებით ხდება“.

ამას გარდა, მრავალი რელიგიის სასულიერო პირი დაუფარავად უჭერს მხარს ჰომოსექსუალიზმს და  ქორწინებამდე თუ ქორწინების გარეშე სექსს, რასაც მოჰყვება დაავადებების გავრცელება, აბორტი, არასასურველი ორსულობა, ოჯახების ნგრევა და ენით აუწერელი გულისტკივილი.

არასრულყოფილება და ეგოისტური სურვილები

„თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15).

მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ყველა ვუშვებთ შეცდომებს და ვებრძვით „ხორცის სურვილებს“ (ეფესოელები 2:3). ამ სურვილებთან გამკლავება ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდუნების პირისპირ აღმოვჩნდებით. არასწორი სურვილების აყოლამ შეიძლება კატასტროფული შედეგები მოგვიტანოს.

ცნობილმა ინდოელმა მწერალმა ფიროზ მეჰტამ დაწერა: „ტანჯვის ძირითადი მიზეზი ჩვენივე სურვილებია — სიამოვნების გაცხარებული ძიება და მათი დაკმაყოფილება, სიხარბე და ამბიცია“. ახირებული სურვილების დაკმაყოფილებამ და ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე, სექსსა თუ სხვა რამეზე დამოკიდებულებამ მრავალი პატივდებული ადამიანი გააუბედურა და მათ ოჯახებსა თუ მეგობრებს დიდი ტკივილი მიაყენა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ აზრს, რომ ადამიანი არასრულყოფილია, მაშინ ჩვენც უნდა დავეთანხმოთ ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს: „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22).

ბოროტი სულები

ბიბლია გვიმხელს, რომ სატანა არის „ქვეყნიერების ღმერთი“ და, რომ მას მხარს უჭერენ ძლიერი ბოროტი სულები, იგივე დემონები (2 კორინთელები 4:4; გამოცხადება 12:9).

სატანის მსგავსად, დემონებიც აქტიურად ცდილობენ, თავიანთ გავლენაში მოაქციონ ადამიანები და შეცდომაში შეიყვანონ. ამ ფაქტს მოციქულმა პავლემაც გაუსვა ხაზი: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12).

მართალია, დემონებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანების ტანჯვა, მაგრამ ეს არ არის მათი მთავარი მიზანი. მათი სურვილია, ადამიანები უზენაეს ღმერთს, იეჰოვას, ჩამოაშორონ (ფსალმუნი 83:18). ასტროლოგია, მაგია, ჯადოქრობა და მკითხაობა არის რამდენიმე საშუალება, რასაც დემონები მიმართავენ ადამიანების მოსატყუებლად. ამიტომაც გვაფრთხილებს იეჰოვა ამ საშიშროებების შესახებ და გვთავაზობს თავდაცვის საშუალებას ყველას, ვისაც გვსურს, წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანასა და დემონებს (იაკობი 4:7).

„ბოლო დღეები“

დაახლოებით 2000 წლის წინათ ბიბლიამ იწინასწარმეტყველა: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“.

ბიბლია იმასაც გვიხსნის, თუ რატომ იქნებოდა ძნელად ასატანი დრო: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები . . . თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“. ტანჯვის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1—4).

ზემოხსენებული ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, განა ნათელი არ არის, რომ რაც უნდა კარგი განზრახვები ჰქონდეს, ადამიანს არ ძალუძს, ბოლო მოუღოს ტანჯვას? მაშ, ვის მივმართოთ დახმარებისთვის? ჩვენს შემოქმედს, რომელიც გვპირდება, რომ „დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს“ და მოსპობს მის მიმდევრებს (1 იოანე 3:8). მომდევნო სტატიაში განხილული იქნება ის, თუ როგორ აღმოფხვრის ღმერთი ტანჯვის გამომწვევ ყოველგვარ მიზეზს.