დაუახლოვდით ღმერთს
ღმერთი „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“
აფასებს იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლების ძალისხმევას, ასიამოვნონ მას? ზოგმა შეიძლება თქვას, რომ არ აფასებს, რადგან მათი აზრით, ღმერთს არ აინტერესებს ადამიანები. მაგრამ ასეთი განაცხადი ღმერთზე არასწორ წარმოდგენას გვიყალიბებს. ღვთის სიტყვა, ბიბლია, აქარწყლებს ამ სიცრუეს. ის გვარწმუნებს, რომ იეჰოვა აფასებს თავისი ერთგული თაყვანისმცემლების გულმოდგინებას. განვიხილოთ ებრაელების 11:6-ში ჩაწერილი პავლე მოციქულის სიტყვები.
როგორ უნდა ვასიამოვნოთ იეჰოვას? „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“, — დაწერა პავლემ. ყურადღება მიაქციეთ, პავლე არ ამბობს, რომ რთულია რწმენის გარეშე ასიამოვნო ღმერთს. მოციქული ამბობს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, რწმენა აუცილებელი ფაქტორია, ღმერთს რომ ვასიამოვნოთ.
როგორი რწმენა მოსწონს ღმერთს? ჩვენი რწმენა ორ ასპექტს უნდა მოიცავდეს. პირველი, „უნდა გვწამდეს, რომ ის არსებობს“. ბიბლიის სხვა თარგმანში ნათქვამია: „უნდა გვწამდეს, რომ ის რეალური პიროვნებაა“. განა შესაძლებელია ვასიამოვნოთ ღმერთს, თუ ეჭვი გვეპარება მის არსებობაში?! თუმცა ნამდვილი რწმენა უფრო მეტს მოიცავს, რადგან დემონებსაც სწამთ, რომ იეჰოვა არსებობს (იაკობი 2:19). რწმენამ, რომ ღმერთი რეალური პიროვნებაა, მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას. ასეთ რწმენას კი ღვთისმოსაწონი ცხოვრების წესით ვამტკიცებთ (იაკობი 2:20, 26).
მეორე, უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი აჯილდოებს. ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს, ბოლომდე დარწმუნებულია, რომ მისი ძალისხმევა, იცხოვროს ღვთისმოსაწონად, ფუჭად არ ჩაივლის (1 კორინთელები 15:58). როგორ ვასიამოვნებთ იეჰოვას, თუ ეჭვი გვეპარება მის შესაძლებლობაში ან სურვილში, რომ დაგვაჯილდოებს? (იაკობი 1:17; 1 პეტრე 5:7). ვინც ფიქრობს, რომ ღმერთი არ ზრუნავს ადამიანებზე, არ აფასებს მათ შრომას ან ეჭვი შეაქვს მის გულუხვობაში, არ იცნობს ღმერთს.
ვის აჯილდოებს იეჰოვა? „თავის გულმოდგინედ მძებნელს“, — ამბობს პავლე. ბიბლიის მთარგმნელთათვის განკუთვნილი ერთი ცნობარის თანახმად, ბერძნული გამოთქმა „გულმოდგინედ ძებნა“ მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ „ღმერთი ეძებო“ ან „რამე გაიგო მის შესახებ“. აქ ის აზრი იგულისხმება, რომ „მთელი გულით ეცადო, ღმერთს თაყვანი სცე“. სხვა ცნობარში ნათქვამია, რომ ამ ფრაზაში გამოყენებული ზმნა ისეთ ფორმაში დგას, რომელიც მიუთითებს რაღაცის კეთებას მთელი ყურადღებით და ძალით. დიახ, იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვისაც რწმენა აღძრავს, თაყვანი სცეს მას მთელი გულით და მონდომებით (მათე 22:37).
როგორ ვასიამოვნებთ იეჰოვას, თუ ეჭვი გვეპარება მის შესაძლებლობაში ან სურვილში, რომ დაგვაჯილდოებს?
როგორ აჯილდოებს იეჰოვა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს? იეჰოვა ისეთ ჯილდოს გვპირდება, რასაც ფულით ვერ ვიყიდით. ეს არის მარადიული სიცოცხლე სამოთხედქცეულ დედამიწაზე, რაც იეჰოვას გულუხვობისა და სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა (გამოცხადება 21:3, 4). იეჰოვას გულმოდგინედ მაძიებლები დღესაც უხვ კურთხევებს იღებენ. ღვთის წმინდა სულისა და ბიბლიური სიბრძნის წყალობით ისინი ბედნიერებას და შინაგან კმაყოფილებას გრძნობენ (ფსალმუნი 144:15; მათე 5:3).
მართლაც, იეჰოვა აფასებს და თავს ევლება თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს. განა არ გიჩენთ ამის გაგება იმის სურვილს, რომ დაუახლოვდეთ ღმერთს? თუ ასეა, უფრო მეტი გაიგეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ ისეთი რწმენის განვითარება და გამოვლენა, რომელსაც იეჰოვა გულუხვად აჯილდოებს.
ნოემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი: