არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

რა გააკეთა ღმერთმა თქვენთვის

რა გააკეთა ღმერთმა თქვენთვის

„ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).

ეს გახლავთ ყველაზე კარგად ცნობილი ბიბლიური მუხლი, რომელსაც ყველაზე ხშირად ციტირებენ. ამბობენ, რომ არც ერთი სხვა მუხლი „ასე ლაკონურად არ აჯამებს ღვთის ურთიერთობას ადამიანებთან და გადარჩენის გზას“. სწორედ ამიტომ ზოგ ქვეყანაში ამ მუხლს ხშირად მოჰკრავთ თვალს სახალხო ღონისძიებებზე, მანქანებზე, შენობების კედლებზე და სხვაგან.

როგორც ჩანს, ადამიანები, რომლებიც ამ მუხლს აფასებენ, დარწმუნებული არიან, რომ ღვთის სიყვარული მათ მარადიულ ხსნას მოუტანს. რის თქმა შეიძლება თქვენზე? რას ნიშნავს ღვთის სიყვარული თქვენთვის? როგორ ფიქრობთ, რა გააკეთა ღმერთმა ისეთი, რაც თქვენდამი მის სიყვარულზე მოწმობს?

„შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი“

ბევრი თვლის, რომ ფიზიკური სამყარო, ბუნება და თვით ადამიანებიც ღმერთმა შექმნა. ცოცხალი ორგანიზმები იმდენად რთულად და გონივრულად არის შექმნილი, რომ ამ ყველაფრის უკან აუცილებლად უნდა იდგეს უდიდესი ინტელექტის მქონე პიროვნება. ბევრი ღმერთს ყოველდღე უხდის მადლობას სიცოცხლისთვის. მათ აგრეთვე ესმით, რომ მთლიანად ღმერთზე არიან დამოკიდებული, რადგან ყველაფერი, რაც სიცოცხლისთვის არის აუცილებელი — ჰაერი, წყალი, საკვები და ჩვენს პლანეტაზე არსებული ბუნებრივი ციკლები — ღვთისგან მომდინარეობს.

სწორად ვიქცევით, თუ ამ ყველაფრისთვის ღმერთს ვმადლობთ, რადგან ნამდვილად ის არის ჩვენი შემოქმედი და მაცოცხლებელი (ფსალმუნი 104:10—28; 145:15, 16; საქმეები 4:24). ღვთის სიყვარულს დავაფასებთ, თუ დავფიქრდებით, რამდენ რამეს აკეთებს ღმერთი ჩვენი სიცოცხლისთვის. მოციქულმა პავლემ ეს აზრი ასე გადმოსცა: „[ღმერთი] თვითონ აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს. რადგან მისით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ“ (საქმეები 17:25, 28).

თუმცა ჩვენდამი ღვთის სიყვარული მხოლოდ ფიზიკური ზრუნვით არ შემოიფარგლება. ღმერთმა ცხოველებზე მაღლა დაგვაყენა და ღირსების გრძნობა გვიბოძა, რაც იქიდან ჩანს, რომ მან ჩვენში სულიერი მოთხოვნილებები ჩადო. ღმერთი გვეხმარება მათ დაკმაყოფილებაში (მათე 5:3). ამგვარად, მორჩილ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ ღვთის ოჯახის წევრები, მისი „შვილები“ (რომაელები 8:19—21).

იოანეს 3:16-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა თავისი სიყვარული იმით გვიჩვენა, რომ თავისი ძე, იესო გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ჩვენთვის თავის ღმერთზე და მამაზე ესწავლებინა და ჩვენი გულისთვის მომკვდარიყო. თუმცა ბევრი აღიარებს, რომ ბოლომდე არ ესმის, რატომ იყო აუცილებელი იესოს სიკვდილი და როგორ მეტყველებს იესოს სიკვდილი ღვთის სიყვარულზე. ვნახოთ, როგორ გვიხსნის ბიბლია იესოს სიკვდილის მიზეზს და მის ღირებულებას.

„მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე“

ყველა ადამიანი მოკვდავია, რადგან ექვემდებარება ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს. თუმცა ეს არ შედიოდა იეჰოვა ღმერთის თავდაპირველ განზრახვაში. ღმერთმა პირველ ადამიანებს დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა. მაგრამ ერთი პირობით: ისინი ღმერთს უნდა დამორჩილებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ღმერთმა თქვა, მოკვდებოდნენ (დაბადება 2:17). სამწუხაროდ, პირველმა ადამიანმა დაუმორჩილებლობა არჩია და ღვთის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც საკუთარ თავს და თავის შთამომავლობას სიკვდილი დაატეხა. „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“, — გვიხსნის მოციქული პავლე (რომაელების 5:12).

მაგრამ ღმერთი „სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 37:28). მართალია, მან თვალი არ დახუჭა პირველი ადამიანის განზრახ ჩადენილ ცოდვაზე, მაგრამ ერთი ადამიანის დაუმორჩილებლობის გამო მას მთელი კაცობრიობა მარადიულად არ დაუსჯია ტანჯვითა და სიკვდილით. პირიქით, პრინციპით: „სიცოცხლე სიცოცხლის წილ“, ღმერთმა გაათანაბრა სამართლიანობის სასწორი და კვლავ შესაძლებელი გახადა მარადიული სიცოცხლე მორჩილი ადამიანებისთვის (გამოსვლა 21:23, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იბადება კითხვა: როგორ შეიძლებოდა ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილი სიცოცხლის უკან დაბრუნება? პასუხი ასეთია: ვიღაცას უნდა გაეღო ანუ შეეწირა სრულყოფილი სიცოცხლე, რაც იქნებოდა ადამის სიცოცხლის თანასწორი.

იესო ნებაყოფლობით მოვიდა დედამიწაზე და სიცოცხლე გაიღო, რათა ადამიანები ეხსნა ცოდვისა და სიკვდილისგან

ცხადია, ადამის ვერც ერთი არასრულყოფილი შთამომავალი ვერ შეძლებდა ასეთი საფასურის გადახდას, მაგრამ იესომ ეს შეძლო (ფსალმუნი 49:6—9). ადამის მსგავსად, იესოც სრულყოფილი დაიბადა, მას მემკვიდრეობით ცოდვა არ მიუღია. ამგვარად, საკუთარი სიცოცხლის გაღებით იესომ კაცობრიობა ცოდვის მონობისგან გამოისყიდა. შედეგად, პირველი ადამიანების შთამომავლებს იესო შესაძლებლობას აძლევს, გაიხარონ ისეთივე სრულყოფილი სიცოცხლით, როგორიც ეს ერთ დროს ადამსა და ევას ჰქონდათ (რომაელები 3:23, 24; 6:23). ჩვენ რის გაკეთება მოგვეთხოვება იმ კურთხევების მისაღებად, რაც ღვთის მიერ გამოვლენილმა უანგარო სიყვარულმა გახადა შესაძლებელი?

„ყოველი მისი მორწმუნე“

იოანეს 3:16-ში ასეთი სიტყვებიც წერია: „რათა ყოველი მისი [იესოს] მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. ეს იმას ნიშნავს, რომ საუკუნო ანუ მარადიული სიცოცხლის ძღვენი პირობითია. მარადიული სიცოცხლე რომ მივიღოთ, უნდა გვწამდეს იესო და ვემორჩილებოდეთ მას.

ალბათ გაინტერესებთ, რას მოიცავს მორჩილება. განა იესომ არ თქვა, რომ ვისაც ის სწამს, მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს? რა თქმა უნდა, რწმენა აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბიბლია რწმენაში უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ იმის დაჯერებას, რომ იესო არსებობს. „ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, ორიგინალურ ტექსტში იოანეს მიერ გამოყენებული სიტყვა „რწმენა“ მიუთითებს „არა უბრალოდ რწმენაზე, არამედ იმედის ქონაზე“. ღვთის კეთილგანწყობილება რომ მოვიპოვოთ, იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ იმის გაცნობიერება, რომ იესო მხსნელია. ამასთანავე, მორწმუნე გულწრფელად ცდილობს, გაითვალისწინოს იესოს სწავლებები. რწმენას, რომელსაც მოქმედება არ ახლავს, ფუჭია. „რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე“, — ნათქვამია ბიბლიაში (იაკობი 2:26). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მორწმუნე რწმენას უნდა ავლენდეს იესოსადმი, რაშიც იგულისხმება ის, რომ უნდა ცხოვრობდეს თავისი რწმენის შესაბამისად.

პავლემ ეს აზრი შემდეგი სიტყვებით ახსნა: „ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი [იესო] მოკვდა ყველასთვის . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელები 5:14, 15). იესოს მსხვერპლისადმი გულწრფელმა მადლიერებამ უნდა აღგვძრას, შევიცვალოთ და ვიცხოვროთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ იესოსთვის, რომელიც ჩვენთვის მოკვდა. ამიტომ პრიორიტეტები უნდა დავადგინოთ, რომ იესოს სწავლებები ცხოვრებაში გამოვიყენოთ. ასეთი ცვლილება ნამდვილად იმოქმედებს ჩვენს ფასეულობებზე, არჩევანსა და ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ. რას მიიღებს სანაცვლოდ ის, ვისაც სწამს იესო და ამას საქმეებით ამტკიცებს?

„არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“

იოანეს 3:16-ის ბოლო ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ღვთის დაპირებაზე, რომელიც ეხება მათ, ვინც რწმენას ავლენს გამოსასყიდისადმი და ღვთიური პრინციპებით ცხოვრობს. ღვთის დაპირების თანახმად, ასეთი ერთგული ადამიანები არ დაიღუპებიან, არამედ ექნებათ საუკუნო სიცოცხლე. იესომ ადამიანთა ორი ჯგუფი გამოყო, რომელთაც სხვადასხვა მომავალი ელის.

ერთ ჯგუფს იესო ზეცაში მარადიულ სიცოცხლეს დაჰპირდა. მან გასაგებად უთხრა თავის ერთგულ მოწაფეებს, რომ ის მათთვის ადგილს მოამზადებდა, რათა მასთან ერთად ემმართველათ (იოანე 14:2, 3; ფილიპელები 3:20, 21). ისინი, ვინც ზეცაში საცხოვრებლად აღდგებიან, „იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6).

ამ ჯილდოს ქრისტეს მიმდევრების მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა მიიღებს. იესომ თქვა: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). მაინც რამდენი შედის „მცირე სამწყსოში“? გამოცხადების 14:1, 4-ში ვკითხულობთ: „გავიხედე და, აი, კრავი [მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე] დგას [ზეციერი] სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი . . . ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“. დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებ მილიარდებთან შედარებით 144 000 მართლაც „მცირე სამწყსოს“ შეადგენს. მათზე ნათქვამია, რომ მეფეები იქნებიან. საინტერესოა, ვისზე იმეფებენ ისინი?

იესომ მოიხსენია ერთგულთა მეორე ჯგუფიც, რომლებიც ზეციერი სამეფოსგან კურთხევებს მიიღებენ. იოანეს 10:16-ში იესომ აღნიშნა: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“. ეს „ცხვარი“ ელის მარადიულ სიცოცხლეს დედამიწაზე — ის, რაც ერთ დროს ადამსა და ევას ჰქონდა. საიდან ვიცით, რომ ისინი დედამიწაზე იცხოვრებენ?

ბიბლიაში არაერთხელ არის ნათქვამი, რომ სამოთხისებური პირობები დედამიწაზე იქნება. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ წაიკითხავთ შემდეგ მუხლებს: ფსალმუნი 37:9—11; 46:8, 9; 72:7, 8, 16; ესაია 35:5, 6; 65:21—23; მათე 5:5; იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:4. ამ მუხლებში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბოლო მოეღება ომებს, შიმშილობას, ავადმყოფობასა და სიკვდილს. აგრეთვე საუბარია იმ დროზე, როცა კარგი ადამიანები გაიხარებენ და ააშენებენ სახლებს, დაამუშავებენ თავიანთ მიწებს და მშვიდობიან გარემოში გაზრდიან შვილებს. * ნუთუ არ გხიბლავთ ასეთი მომავალი? საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ეს დაპირებები მალე რეალობად იქცევა.

ღმერთმა უკვე ბევრი რამ გააკეთა

თუ ცოტა ხნით დაფიქრდებით იმ ყველაფერზე, რაც ღმერთმა თქვენთვის და მთლიანობაში კაცობრიობისთვის გააკეთა, მიხვდებით, რომ მას უკვე ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ჩვენ გვაქვს სიცოცხლე, გონება, მეტ-ნაკლები ჯანმრთელობა და ყველაფერი, რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის. უფრო მეტიც, ჩვენთვის ყველაზე დიდი კურთხევა, რის შესახებაც იოანეს 3:16-დან ვიგებთ, არის ღვთის ძღვენი — იესოს მიერ ჩვენთვის გაღებული გამოსასყიდი.

მარადიული სიცოცხლე მშვიდობიან, სასიამოვნო გარემოში, სადაც აღარ იქნება ავადმყოფობის, ომის, შიმშილისა და სიკვდილის შიში, უსასრულო ბედნიერებასა და კურთხევებს მოგვიტანს. მიიღებთ თუ არა ამ კურთხევებს, პირადად თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვაკეთებ ღვთისთვის?“

^ აბზ. 24 ამ წინასწარმეტყველებების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი მე-3. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.