არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ უმტვრევდნენ დამნაშავეებს წვივებს სიკვდილით დასჯის დროს?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ როდესაც იესო ორ ბოროტმოქმედთან ერთად წამების ძელზე გააკრეს, „იუდეველებმა პილატეს სთხოვეს, რომ წვივები გადაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ“ (იოანე 19:31).

იუდეველთა კანონში იმ დამნაშავეზე, რომელიც ძელზე უნდა ჩამოეკიდათ, ნათქვამი იყო: „გვამი არ უნდა დარჩეს ძელზე მთელი ღამე“ (კანონი 21:22, 23). როგორც ჩანს, იუდეველები ამ კანონს მიმართავდნენ რომაელების მიერ ძელზე გაკრული დამნაშავეების მიმართაც. წვივების გადამტვრევა დააჩქარებდა მათ სიკვდილს, რის შემდეგაც მათი დაკრძალვა შაბათის დადგომამდე მოესწრებოდა.

უმეტეს შემთხვევაში ბოროტმოქმედებს ლურსმნებს უყრიდნენ ხელებსა და ფეხებში და ასეთი სახით აჭედებდნენ ძელზე. ვერტიკალურად აღმართულ ძელზე დამნაშავე მთელი სიმძიმით ეკიდებოდა ლურსმნებზე, რაც მას აუტანელ ტკივილს აყენებდა. იმისათვის რომ ესუნთქა, ჩამოკიდებული ადამიანი ფეხებში გაყრილ ლურსმანს (ან ლურსმნებს) უნდა დასწოლოდა და ოდნავ ზევით აწეულიყო, მაგრამ წვივებგადამტვრეული ამას ვეღარ გააკეთებდა. ტკივილისგან გამოწვეული შოკი თუ არა, სუნთქვის შეწყვეტა ნამდვილად მოუსწრაფებდა მას სიცოცხლეს.

როგორ იყენებდნენ შურდულს ძველად მეომრები?

შურდული ის საბრძოლო იარაღი იყო, რომლითაც დავითმა გოლიათი მოკლა. როგორც ჩანს, დავითმა ამ იარაღის ფლობა ყმაწვილობის წლებში, მწყემსობისას ისწავლა (1 სამუელი 17:40—50).

რელიეფზე ასახულია ასურელი მეშურდულეები, რომლებიც თავს ესხმიან იუდეველების მიერ გამაგრებულ ქალაქს

შურდული ასახულია ბიბლიური დროის ეგვიპტელთა და ასურელთა ხელოვნების ნიმუშებზე. შურდული იყო ტყავის ღვედი ან თასმა, რომელსაც შუაში ჰქონდა ჩაღრმავება. მსროლელი ჩაღრმავებულ ადგილში დებდა გლუვ და მრგვალ ქვას, რომელიც იწონიდა დაახლოებით 250 გრამს და რომლის დიამეტრიც 5—7,5 სანტიმეტრს შეადგენდა. შემდეგ ის თავს ზემოთ რამდენჯერმე დაატრიალებდა შურდულს და სწრაფად გაუშვებდა ხელს მის ერთ ბოლოს. გასროლილი ქვა დიდი სიჩქარით იტყორცნებოდა და მიზანში ხვდებოდა.

ახლო აღმოსავლეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით შურდულის ქვა, რომლებსაც ძველ დროში მეომრები ბრძოლაში იყენებდნენ. გამოცდილი მეომრის მიერ გასროლილი ქვა შესაძლოა საათში 160—240 კილომეტრი სიჩქარით გაფრენილიყო. მართალია, მეცნიერები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: შურდულიდან გატყორცნილი ქვა მომაკვდინებელი იყო (მსაჯულები 20:16).