მიჰბაძეთ მათ რწმენას | მარიამი
მან აიტანა მწუხარების მახვილი
მარიამი მუხლებზე ეცემა. მისი ტკივილის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მას ჯერაც ექოსავით ჩაესმის ყურში ის უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც რამდენიმე საათიანი წამების შემდეგ მის ვაჟს სიკვდილის წინ აღმოხდა. თუმცა შუადღეა, ირგვლივ სიბნელე ჩამოწვა. მოულოდნელად მიწაც იძრა (მათე 27:45, 51). მარიამს შესაძლოა ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ თითქოს თავად იეჰოვა ამცნობდა მთელ სამყაროს, რა ძლიერ განიცდიდა იესოს სიკვდილს, და რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მას სტკიოდა გული.
აქ, წყვდიადით მოცულ გოლგოთაზე, იგივე „თხემის ადგილზე“, მარიამი შვილს გლოვობდა (იოანე 19:17, 25). გონებაში ალბათ წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა და შესაძლოა 33 წლის წინანდელი ამბავიც გაახსენდა. გაახსენდა ის დღე, როდესაც მან და იოსებმა თავიანთი ბავშვი მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში, სადაც ნახეს მოხუცებული კაცი, სახელად სიმონი, რომელმაც ღვთის სულით აღძრულმა წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა. იესოს შესახებ წარმოთქმული შთამბეჭდავი წინასწარმეტყველების შემდეგ მან ისიც დასძინა, რომ ერთ დღესაც მარიამს სულში დიდი მახვილი გაუვლიდა (ლუკა 2:25—35). მარიამი მხოლოდ ახლა, ამ უმძიმეს წუთებში, ჩასწვდა ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობას.
ამბობენ, რომ შვილის სიკვდილზე საშინელი ამქვეყნად არაფერია. სიკვდილი საზარელი მტერია, რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა შეხვდება (რომაელები 5:12; 1 კორინთელები 15:26). შეიძლება, საყვარელი ადამიანის სიკვდილით მიყენებული ტკივილი აიტანოს ადამიანმა? თუ კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს მარიამის ცხოვრებას იესოს მსახურების დაწყებიდან მის სიკვდილამდე, დავინახავთ, როგორ გადაატანინა რწმენამ მარიამს მწუხარების მახვილით მიყენებული ტკივილი.
„ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“
ახლა მოდი, ამ მოვლენიდან სამწელიწად-ნახევრით უკან გადავინაცვლოთ. მარიამი ცვლილებების მოახლოებას გრძნობს. ისეთ პატარა ქალაქშიც კი, როგორიც ნაზარეთია, ხალხი იოანე ნათლისმცემელზე ლაპარაკობს, რომელიც მათ მონანიებისკენ მოუწოდებს. მარიამი უდავოდ ხვდება, რომ ეს მისი ვაჟისთვის რაღაცის მიმანიშნებელია; დადგა დრო, იესომ მსახურება დაიწყოს (მათე 3:1, 13). ეჭვგარეშეა, მისი სახლიდან წასვლა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ოჯახში. რატომ?
სავარაუდოდ, მარიამის ქმარი, იოსები, იმ დროისთვის მკვდარი იყო. თუ ეს ნამდვილად ასე იყო, მარიამისთვის უცხო არ იქნებოდა საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. * იესოს ახლა მარტო „დურგლის ვაჟს“ კი არ უწოდებენ, არამედ — „დურგალსაც“. როგორც ჩანს, იესომ ხელი მოჰკიდა მამის საქმეს და საკუთარ თავზე აიღო ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, სადაც, სულ მცირე, ექვსი ბავშვი მაინც იქნებოდა (მათე 13:55, 56; მარკოზი 6:3). შესაძლოა იესომ მის შემდეგ ყველაზე უფროს ძმას, იაკობს, შეასწავლა დურგლობა. ასეც რომ ყოფილიყო, მაინც არ იქნებოდა ადვილი ოჯახის წევრებისთვის მისი სახლიდან წასვლა. მარიამი ისედაც მძიმე ტვირთს ატარებდა. ხომ არ აშინებდა მას ასეთი ცვლილება? შეიძლება ასეც იყო. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: რა რეაქცია ექნებოდა მარიამს, როცა იესო ნაზარეთელი გახდებოდა იესო ქრისტე, აღთქმული მესია? ამ კითხვაზე პასუხს ერთი ბიბლიური ეპიზოდი გვცემს (იოანე 2:1—12).
იესო მივიდა იოანესთან, რომ მონათლულიყო, რის შემდეგაც ის ღვთის ცხებული, მესია, გახდა (ლუკა 3:21, 22). შემდეგ მან მოწაფეების არჩევა დაიწყო. მართალია, მისი საქმე გადაუდებელი იყო, მაგრამ მაინც ნახულობდა დროს ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. ერთხელ იესო დედამისთან, თავის ღვიძლ და-ძმებთან და მოწაფეებთან ერთად ქორწილში წავიდა კანაში, რომელიც ნაზარეთიდან, სავარაუდოდ, 13 კილომეტრში მდებარე, მთის წვერზე შეფენილი ქალაქი იყო. შუა ქეიფში მარიამმა რაღაც შენიშნა. შესაძლოა, მან თვალი მოჰკრა შეშფოთებულ მასპინძლებს, რომლებიც ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ. თურმე ღვინო გამოლეოდათ. სტუმართმოყვარე ხალხისთვის დამახასიათებელ კულტურაში ასეთი რამ ოჯახს სამარცხვინო დაღს დაასვამდა და მექორწილეებს გუნება-განწყობას წაუხდენდა. მარიამი ძალიან შეაწუხა ამ ფაქტმა და იესოს მიმართა.
„ღვინო აღარა აქვთ“, — უთხრა მან იესოს. რას ელოდა მარიამი მისგან? ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, მაგრამ მარიამმა იცოდა, რომ მისი ვაჟი დიდებული ადამიანი იყო, რომელიც არნახულ საქმეებს მოიმოქმედებდა. შესაძლოა ის იმედოვნებდა, რომ უკვე დადგა ამის დრო. ფაქტობრივად, მარიამმა თავის ნათქვამში შემდეგი აზრი იგულისხმა: „შვილო, გთხოვ, რამე იღონე“. მას ნამდვილად გააოცებდა იესოს პასუხი: „მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა?“ (ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). ამ სიტყვებით იესოს უპატივცემულობა არ გამოუვლენია დედისადმი, თუმცა შეიძლება ეს ერთი შეხედვით ასე ჩანს. მან უბრალოდ რბილად მისცა დედას შენიშვნა; შეახსენა, რომ მას უკვე აღარ უნდა მიეთითებინა მისთვის, როდის რა გაეკეთებინა და როგორ წარემართა თავისი მსახურება. ეს მხოლოდ მამამისს, იეჰოვას, შეეძლო.
თავმდაბალმა ქალმა მიიღო ეს შენიშვნა. შემდეგ სუფრის მომსახურეებს მიუბრუნდა და უთხრა: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“. მარიამი მიხვდა, რომ მეტად აღარ უნდა მიეცა შვილისთვის მითითებები; პირიქით, ახლა უკვე მას და სხვებს უნდა მოესმინათ იესოსთვის და აქეთ შეესრულებინათ მისი ნათქვამი. თავისი მოქმედებით იესომ ცხადყო, რომ დედამისის მსგავსად, თვითონაც თანაუგრძნობდა ახალდაქორწინებულებს. მან პირველი სასწაული მოახდინა: წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის მხილველმა „მისმა მოწაფეებმა ირწმუნეს იგი“. მარიამმაც ირწმუნა იესო და მას უკვე ისე კი აღარ უყურებდა, როგორც თავის შვილს, არამედ, როგორც თავის უფალსა და მხსნელს.
დღეს მშობლებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ მარიამის რწმენიდან. რა თქმა უნდა, არც ერთ მშობელს არ ჰყოლია იესოსნაირი შვილი. მაგრამ ნებისმიერი ბავშვის აღზრდას თან ახლავს გარკვეული სირთულეები. მშობელი შეიძლება უკვე ზრდადასრულებულ შვილს კვლავაც პატარა ბავშვივით ეპყრობა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა აღარ იყოს მისაღები (1 კორინთელები 13:11). როგორ შეუძლია მშობელს დაეხმაროს ზრდადასრულებულ შვილს? ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება შვილისადმი გულწრფელი ნდობის გამოცხადებაა, რომ ის ერთგულად განაგრძობს ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებას, რაც მას იეჰოვას კურთხევებს მოუტანს. მშობლის მხრიდან ასეთი ნდობის გამოვლენა თავმდაბლობაზე მეტყველებს, რაც შვილებს დიდად წაადგებათ. უდავოა, იესო ძალიან აფასებდა იმას, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი მარიამი მხარში ედგა.
„მის ძმებს არ სწამდათ ის“
სახარებები ბევრს არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რით იყო დაკავებული მარიამი იესოს სამწელიწად-ნახევრიანი მსახურების პერიოდში. მას ალბათ მარტოს უწევდა მოზარდ შვილებზე ზრუნვა. სავსებით გასაგებია, რომ ის ყველგან ვერ გაჰყვებოდა იესოს, რომელიც მთელ ისრაელში ქადაგებდა (1 ტიმოთე 5:8). მიუხედავად ამისა, მარიამი ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, რაც მესიის შესახებ იცოდა და ღვთის სიტყვის მოსასმენად სინაგოგაში დადიოდა, როგორც ეს მის ოჯახში იყო დამკვიდრებული (ლუკა 2:19, 51; 4:16).
ცხადია, მარიამი მაშინაც იქ იქნებოდა, როდესაც იესო ნაზარეთის სინაგოგაში შეკრებილი ხალხის წინაშე გამოვიდა. როგორ აღაფრთოვანებდა მარიამს იმის მოსმენა, რომ მესიის შესახებ საუკუნეების წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება ახლა მის შვილზე სრულდებოდა! ამავდროულად, მისთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა იმის დანახვა, რომ მისმა თანამემამულეებმა არ მიიღეს მისი ვაჟი და მის მოკვლასაც კი შეეცადნენ (მარიამს თავისი დანარჩენი ვაჟების იესოსადმი დამოკიდებულებაც დასწყვეტდა გულს. იოანეს 7:5-დან ვიგებთ, რომ იესოს ოთხი ძმა არ იზიარებდა დედის რწმენას. ამ მუხლში ვკითხულობთ: „მის ძმებს არ სწამდათ ის“. რაც შეეხება იესოს დებს (მას სულ მცირე ორი და ჰყავდა), ბიბლია არაფერს ამბობს მათ შესახებ. * აქედან გამომდინარე, მარიამმა იცოდა, თუ რამდენად რთული იყო რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრება. მას ოქროს შუალედი უნდა მოეძებნა; ერთი მხრივ, მტკიცედ უნდა მდგარიყო ჭეშმარიტების მხარეს და მეორე მხრივ, ოჯახის წევრების გული რომ მოეგო, არ უნდა ყოფილიყო ზედმეტად მკაცრი და მბრძანებელი დედა.
ერთხელ იესოს ნათესავებმა, რომელთა შორის მისი ძმებიც იქნებოდნენ, გადაწყვიტეს, მის შესაპყრობად წასულიყვნენ, რადგან ამბობდნენ, „ჭკუაზე შეიშალაო“ (მარკოზი 3:21, 31). რა თქმა უნდა, მარიამი ასე არ ფიქრობდა, მაგრამ ის თან გაჰყვა თავის ვაჟებს, შესაძლოა იმ იმედით, რომ ისინი რაღაც ისეთს მოისმენდნენ იესოსგან, რაც მათ რწმენას გაუღვივებდა. ირწმუნეს მათ იესო? მიუხედავად იმისა, რომ იესო სასწაულებს ახდენდა და საოცარ რამეებს ასწავლიდა, მარიამის შვილებმა მაინც არ ირწმუნეს იგი. სასოწარკვეთილი მარიამი ალბათ ბევრს ფიქრობდა, რას შეიძლებოდა მათზე ემოქმედა.
თქვენც რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ხომ არ ცხოვრობთ? მარიამის რწმენიდან ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ. მას ხელი არ ჩაუქნევია ურწმუნო ოჯახის წევრებზე. პირიქით, არჩია, თავისი მოქმედებით დაენახვებინა მათთვის, რომ რწმენას სიხარული და სულის სიმშვიდე მოჰქონდა მისთვის. მეორე მხრივ, ის ბოლომდე მხარს უჭერდა თავის ვაჟს. ენატრებოდა მას იესო? ხომ არ უჩნდებოდა ზოგჯერ იმის სურვილი, რომ ის კვლავინდებურად მათთან ყოფილიყო სახლში? შეიძლება ეს ასეც იყო, მაგრამ მარიამი თავის გრძნობებს აკონტროლებდა. ის დიდ პატივად თვლიდა იმას, რომ მხარს უჭერდა და ამხნევებდა იესოს. თქვენც ეხმარებით შვილებს, ღმერთი პირველ ადგილზე დააყენონ?
„შენ კი დიდი მახვილი გაგივლის სულში“
დაჯილდოვდა მარიამის რწმენა? იეჰოვა ყოველთვის აჯილდოებს თავის ერთგულებს და გამონაკლისი არც მარიამი ყოფილა (ებრაელები 11:6). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა მარიამი, როდესაც პირადად მოისმენდა თავისი შვილის ქადაგებას, ან მაშინ, როდესაც მთაზე ქადაგებისას წარმოთქმულ სიტყვებს უშუალოდ იქ დამსწრეთაგან მოისმენდა.
იესოს მოყვანილი მაგალითები მარიამს ალბათ ნაზარეთში გატარებულ იესოს ბავშვობას გაახსენებდა. როდესაც იესოს მაგალითი მოჰყავდა ქალზე, რომელიც დაკარგული დრაქმის საპოვნელად სახლს გვიდა ან, რომელიც პურისთვის მარცვლეულს ფქვავდა ან კიდევ მასზე, ვინც ლამპარს ანთებდა და სალამპრეზე დგამდა, მარიამს ალბათ გაახსენდებოდა პატარა ბიჭუნა, რომელიც მოფუსფუსე დედის გვერდით ტრიალებდა (ლუკა 11:33; 15:8, 9; 17:35). როდესაც იესომ თქვა, რომ მისი უღელი ადვილი სატარებელი იყო, ხოლო მისი ტვირთი — მსუბუქი, მარიამს უსათუოდ გაახსენდებოდა, როგორ ასწავლიდა იოსები პატარა იესოს უღლის დამზადებას ისე, რომ ის ცხოველისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო სატარებლად (მათე 11:30). უდავოდ, მარიამს უდიდეს კმაყოფილებას ჰგვრიდა იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვამ ამხელა პატივი არგუნა — აღეზარდა მომავალი მესია! ის უზომოდ ბედნიერი იქნებოდა, როდესაც უსმენდა იესოს, დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულ მასწავლებელს, რომელიც უბრალო მაგალითებით ღრმა აზრებს გადმოსცემდა.
ლუკა 11:27, 28). სხვა შემთხვევაში, როდესაც იესოს უთხრეს, რომ დედა და ძმები გარეთ ელოდებოდნენ, მან თქვა, რომ მისი დედა და ძმები ისინი იყვნენ, ვინც ღვთის ნებას ასრულებდა. მარიამს ეს შეურაცხყოფად არ მიუღია, რადგან ესმოდა, რას გულისხმობდა იესო — ნათესავებზე მნიშვნელოვანი სულიერი და-ძმებისგან შემდგარი ოჯახი იყო (მარკოზი 3:32—35).
ყველაფრის მიუხედავად, მარიამი არ გაამაყებულა. თავად იესოც არ აძლევდა მარიამს იმის საბაბს, რომ ხოტბა შეესხა მისთვის და კერპად გაეხადა იგი. ერთხელ ხალხში ერთმა ქალმა იესოს მისამართით ხმამაღლა წამოიძახა, რომ ბედნიერი იყო დედა, რომელმაც ის გააჩინა. პასუხად იესომ მიუგო: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (და მაინც, შეუძლებელია სიტყვებით აღწერო ის ტკივილი, რასაც მარიამი განიცდიდა, როდესაც ხედავდა, რა მტანჯველი სიკვდილით კვდებოდა მისი შვილი წამების ბოძზე. იესოს სიკვდილის თვითმხილველმა მოციქულმა იოანემ მოგვიანებით თავის სახარებაში მოიხსენია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალი: განსაცდელის დროს მარიამი იესოს წამების ბოძთან იდგა. ვერაფერი შეაჩერებდა ამ ერთგულ და მოსიყვარულე დედას, შვილის გვერდით ყოფილიყო მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. და როცა მომაკვდავმა იესომ დაინახა იქ მდგომი დედამისი, მასზე ზრუნვა თავის საყვარელ მოციქულს, იოანეს დაავალა. მისთვის ადვილი არ იქნებოდა ამის თქმა, რადგან ყოველი ამოსუნთქვა და თითოეული სიტყვის წარმოთქმა უდიდეს ტკივილს აყენებდა. ვინაიდან იესოს ხორციელი და-ძმები მაშინ ჯერ კიდევ ურწმუნოები იყვნენ, მარიამზე ზრუნვა არც ერთი მათგანისთვის არ დაუვალებია. მან ეს საქმე თავის ერთგულ მიმდევარს მიანდო. ამგვარად, იესომ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მორწმუნე ადამიანისთვის, იზრუნოს თავისიანებზე, განსაკუთრებით კი მათ სულიერ მოთხოვნილებებზე (იოანე 19:25—27).
დაბოლოს, როდესაც აუტანელი ტანჯვის შემდეგ იესომ უკანასკნელად ამოისუნთქა, მარიამმა ისეთი ტკივილი იგრძნო, თითქოს სულში მახვილმა გაუარაო, როგორც ეს დიდი ხნის წინათ იყო ნაწინასწარმეტყველები. თუ ჩვენთვის რთული წარმოსადგენია ის ემოციური ტკივილი, რაც მარიამმა განიცადა, მით უფრო რთული წარმოსადგენი იქნება ის სიხარული და ბედნიერება, რაც მას სამი დღის შემდეგ დაეუფლა?! მარიამმა უდიდესი სასწაული შესახებ შეიტყო — იესო მკვდრეთით აღდგა! მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ეს სიხარული გაუათკეცდა, როდესაც იესო თავის ნახევარძმას, იაკობს ეჩვენა, როცა ის მარტო იყო (1 კორინთელები 15:7). ამან ძალიან იმოქმედა, როგორც იაკობზე, ისე იესოს სხვა ნახევარძმებზე. მოგვიანებით, მათ ირწმუნეს, რომ იესო იყო ქრისტე. მალე ისინი ქრისტიანულ შეხვედრებსაც ესწრებოდნენ მარიამთან ერთად და „ლოცულობდნენ გამუდმებით“ (საქმეები 1:14). ორმა მათგანმა, იაკობმა და იუდამ, ბიბლიის წიგნებიც კი დაწერა.
ეს უკანასკნელი ადგილია ბიბლიაში, სადაც მარიამია მოხსენიებული; ის ქრისტიანულ შეხვედრას ესწრება თავის ვაჟებთან ერთად. მართლაც, რა ჩინებული დასასრულია! მარიამის რწმენა სათანადოდ დაჯილდოვდა! მან ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. მწუხარების მახვილით მიყენებული ტკივილი მას რწმენამ აატანინა და ბოლოს დიდებული ჯილდოც მიიღო. თუ ისეთივე რწმენას გამოვავლენთ, როგორიც მარიამს ჰქონდა, ჩვენც შევძლებთ ნებისმიერი ტკივილის ატანას, რასაც ამ ძნელად ასატან დროში ბოროტი მოგვაყენებს. სიხარული კი იმაზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე წარმოგვიდგენია.
^ აბზ. 8 იმ ამბის შემდეგ, რაც 12 წლის იესოს შეემთხვა, იოსები სახარებებში აღარ არის მოხსენიებული, თუმცა იესოს დედა და მისი და-ძმები მოხსენიებულნი არიან. ერთხელ იესოს „მარიამის ვაჟიც“ კი უწოდეს, მაგრამ არ უხსენებიათ იოსები (მარკოზი 6:3).