არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა | რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?

რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?

რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე?

პირველ სტატიაში მოხსენიებული ნაოკო გვიყვება, თუ როგორ შეძლო მოწევისთვის თავის დანებება: „ცხოვრების წესის შეცვლა მას შემდეგ შევძელი, რაც გავეცანი ღვთის თვისებებს და გავიგე ჭეშმარიტება მისი განზრახვების შესახებ“. ის, რაც ნაოკომ გაიგო, ბიბლიაში წერია. მართალია, ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული თამბაქო, მაგრამ ღვთის სიტყვა გვეხმარება, გავიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს მოწევაზე. * ბევრისთვის ამის ცოდნა იმის დიდი სტიმულია, რომ გაუძლონ მოწევის ცდუნებას ან მოიშორონ ეს საზიანო ჩვევა (2  ტიმოთე 3:16, 17). განვიხილოთ მოწევის სამი ყველაზე ცნობილი უარყოფითი მხარე და ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია.

მოწევა იწვევს შეჩვევას

თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს შეჩვევას. ის მოქმედებს როგორც სტიმულანტი და, ამავდროულად, როგორც დეპრესანტი. მოწევისას ნიკოტინი სწრაფად აღწევს თავის ტვინში და ეს პროცესი არაერთხელ მეორდება. ვინაიდან თითო ნაფაზი შეიცავს ერთ დოზა ნიკოტინს, აქედან გამომდინარე, მწეველი, რომელიც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, დაახლოებით 200 დოზა ნიკოტინს ღებულობს, რაც ბევრად აღემატება სხვა ნებისმიერ ნარკოტიკში არსებულ ნიკოტინის დოზას. ნიკოტინის ასეთი ხშირი მიღება ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის. ვინც ერთხელ წამოეგება ანკესს, ნიკოტინის მიღების ძლიერი სურვილი უჩნდება და თუ ამ სურვილს არ დაიკმაყოფილებს, ეწყება აბსტინენციის სინდრომი, ეგრეთ წოდებული, ლომკა.

„ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ“ (რომაელები 6:16).

შეიძლება ითქვას, რომ ღმერთს ემორჩილები, თუ თამბაქოს მონა ხარ?

ბიბლია გვეხმარება, გვქონდეს სწორი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ის ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ“ (რომაელები 6:16). ადამიანი, რომელიც გამუდმებით მოწევაზე ფიქრობს, მალე ამ მავნე ჩვევის მონა ხდება. მაგრამ, ღმერთს, რომლის სახელიც არის იეჰოვა, სურს, განვთავისუფლდეთ არა მხოლოდ იმ ჩვევებისგან, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს, არამედ იმისგანაც, რაც ხრწნის ჩვენს სულს, ანუ აზროვნებას (ფსალმუნი 83:18; 2 კორინთელები 7:1). როდესაც ადამიანს იეჰოვასადმი მადლიერება და პატივისცემა უვითარდება, ის ათვითცნობიერებს, რომ ღმერთი მისგან საუკეთესოს იმსახურებს და, რომ ვერ გაიღებს მისთვის საუკეთესოს, თუკი არ გათავისუფლდება სასიკვდილო სენისგან. ამის გაცნობიერება ეხმარება მას, ებრძოლოს მავნე სურვილებს.

ოლაფმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 12 წლის ასაკში დაიწყო მოწევა და 16 წელი იყო თამბაქოზე დამოკიდებული, მაგრამ ბოლოს თავი დაანება მოწევას. ოლაფი იხსენებს: „პირველი ღერი თოვლის გუნდასავით უწყინარი ჩანდა. მაგრამ წლების შემდეგ ის უზარმაზარ ზვავად იქცა. ერთხელ, როდესაც სიგარეტი გამომელია, ისეთ ცუდ დღეში ჩავვარდი, რომ საფერფლიდან ნამწვი ავაგროვე, დარჩენილი თამბაქო გამოვიღე, გაზეთში შევახვიე და სიგარეტი გავაკეთე. დღეს, როცა ამ ამბავს ვიხსენებ, ძალიან მრცხვენია ჩემი თავის“. როგორ დასძლია მან ეს ჩვევა? ოლაფი ამბობს: „უმთავრესი ფაქტორი იმის სურვილი  იყო, რომ მესიამოვნებინა იეჰოვასთვის. ადამიანებისადმი იეჰოვას სიყვარულმა და იმედმა, რომელსაც ის გვისახავს, მომცა ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ უარი მეთქვა მოწევაზე“.

მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის

„მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მოწევა აზიანებს თითქმის ყველა ორგანოს და ზრდის დაავადებებისა და სიკვდილიანობის რისკს“, — აღნიშუნლია ერთ პუბლიკაციაში, რომელიც თამბაქოს მავნებლობას ეხება (The Tobacco Atlas). ცნობილია, რომ მოწევა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: კიბო, გულისა და ფილტვის დაავადებები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს დაავადებები არ არის გადამდები. მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მოწევა აგრეთვე იწვევს ისეთ ფატალურ გადამდებ დაავადებას, როგორიცაა ტუბერკულოზი.

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37).

შეიძლება ითქვას, რომ გიყვარს ღმერთი და პატივს სცემ მას, თუ მავნე ჩვევის გამო საფრთხეში იგდებ სიცოცხლეს, რომელიც მან გიბოძა?

იეჰოვა ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით, გვასწავლის, გვქონდეს სწორი შეხედულება სიცოცხლეზე, ჩვენს სხეულსა და შესაძლებლობებზე. ამ აზრს ღვთის ძემ, იესო ქრისტემაც გაუსვა ხაზი: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). ცხადია, ღმერთს სურს, რომ დავაფასოთ სიცოცხლე და ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს სხეულს. როდესაც ვეცნობით იეჰოვას და ვიგებთ მისი დანაპირების შესახებ, ღმერთი გვიყვარდება და ვაფასებთ ყველაფერს, რაც მან ჩვენთვის გააკეთა. ეს აღგვძრავს, თავი შევიკავოთ ყველაფრისგან, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს.

ექიმი ჯეიავანტი, რომელიც ინდოეთში ცხოვრობს, 38 წლის განმავლობაში ეწეოდა თამბაქოს. ის ამბობს: „თამბაქოს მავნე გავლენის შესახებ სამედიცინო ჟურნალებიდან ვიცოდი. მესმოდა, რომ მოწევა საზიანო იყო, ამიტომ პაციენტებს ვურჩევდი, თავი დაენებებინათ მისთვის. მაგრამ თავად ვერ ვახერხებდი ამას, მიუხედავად იმისა, რომ ხუთჯერ თუ ექვსჯერ ვცადე“. რა დაეხმარა მას, თავი დაენებებინა მოწევისთვის? ის განაგრძობს: „ბიბლიის შესწავლა დამეხმარა, უარი მეთქვა თამბაქოზე. იმის სურვილმა, რომ იეჰოვასთვის მესიამოვნებინა, მომცა სტიმული, დაუყოვნებლივ მომეშორებინა ეს ჩვევა“.

მოწევა ზიანს აყენებს სხვებს

თამბაქოს ამონასუნთქი და ნამწვის კვამლი მომწამვლელია. მეორადი კვამლის ჩასუნთქვა იწვევს კიბოს და სხვა დაავადებებს, რასაც ყოველწლიურად 600 000 არამწეველი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია: „მეორადი კვამლი  საზიანოა, იმისდა მიუხედავად, რამდენად ხშირად უწევს ადამიანს მისი შესუნთქვა“.

„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39).

შეიძლება ითქვას, რომ გიყვარს მოყვასი, თუ ისინი მეორად კვამლს ჩაისუნთქავენ და ამის მიზეზი შენ ხარ?

იესომ გვითხრა, რომ ღმერთის შემდეგ მოყვასი უნდა გვიყვარდეს. მოყვასში იგულისხმება ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები. იესომ მოგვიწოდა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). თუ ისეთი ჩვევა გვაქვს, რომელიც ვნებს ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, ეს ნამდვილად არ არის მოყვასის სიყვარული. გულწრფელი სიყვარული გვეხმარება, ყურად ვიღოთ ბიბლიური რჩევა: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

არმენი, რომელიც სომხეთში ცხოვრობს, ამბობს: „ოჯახის წევრები მეხვეწებოდნენ, მოწევისთვის თავი დამენებებინა, რადგან ეს მათზე ცუდად მოქმედებდა. მაგრამ მე არ მინდოდა ამის აღიარება“. არმენი გვიყვება, თუ რამ შეაცვლევინა შეხედულება. ის ამბობს: „ბიბლიის შესწავლა და იეჰოვას სიყვარული დამეხმარა, გადამეგდო სიგარეტი და მეღიარებინა, რომ მას ზიანი მოჰქონდა არა მარტო ჩემთვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც“.

მალე აღარავინ იქნება თამბაქოზე დამოკიდებული

ბიბლიური შემეცნების წყალობით ოლაფმა, ჯეივანტმა და არმენმა დასძლიეს მოწევის მავნე ჩვევა. ამაში მათ მარტო იმის ცოდნა არ დაეხმარა, რომ მოწევა საზიანოა. წარმატების გასაღები ის იყო, რომ მათ იეჰოვა ღმერთი შეიყვარეს და სურდათ, რომ მისთვის ესიამოვნებინათ. 1 იოანეს 5:3 ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ ამ მხრივ სიყვარული უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ამ მუხლში ვკითხულობთ: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“. ცხადია, ბიბლიური პრინციპების დაცვა ყოველთვის არ იქნება ადვილი, მაგრამ თუ ღმერთი ძალიან გვიყვარს, მორჩილებაც ადვილი ხდება.

გლობალური საგანმანათლებლო კამპანიის მეშვეობით დღეს იეჰოვა მილიონებს ეხმარება, გათავისუფლდნენ თამბაქოს მონობისგან (1  ტიმოთე 2:3, 4). ძალიან მალე იეჰოვა თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფეც იესო ქრისტეა, მოსპობს კომერციულ სისტემას, რომლის სიხარბის გამოც მილიონები ემონებიან თამბაქოს. ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ მოაშთობს თამბაქოს ეპიდემიას და მორჩილ ადამიანებს თანდათანობით დაუბრუნებს სრულყოფილ სხეულსა და გონებას (ესაია 33:24; გამოცხადება 19:11, 15).

თუ ცდილობთ, სიგარეტის გადაგდებას, მაგრამ არ გამოგდით, ხელი არ ჩაიქნიოთ. თუ შეიყვარებთ იეჰოვას და გაითვალისწინებთ მის თვალსაზრისს თამბაქოზე, ნამდვილად გაგიჩნდებათ წარმატების მისაღწევად საჭირო მოტივაცია. იეჰოვას მოწმეები სიხარულით გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას, რომ გაეცნოთ ბიბლიას და იცხოვროთ ბიბლიური პრინციპებით. გჯეროდეთ, თუ გსურთ, იეჰოვა დაგეხმაროთ თამბაქოს მახისგან თავის დაღწევაში, ის აუცილებლად მოგცემთ საჭირო ძალას (ფილიპელები 4:13).

^ აბზ. 3 მოწევაში იგულისხმება თამბაქოს კვამლის შესუნთქვა პირდაპირ სიგარეტიდან, სიგარიდან, ჩიბუხიდან ან ჩილიმიდან. თუმცა აქ განხილული პრინციპები თანაბრად ეხება როგორც საღეჭ, ისე შესაყნოს თამბაქოს, აგრეთვე ნიკოტინის შემცვლელ ელექტრონულ სიგარეტს და სხვა სახის ნაწარმს.