მე-16 საუკუნის ჭეშმარიტების მაძიებლები — რა აღმოაჩინეს მათ?
„რა არის ჭეშმარიტება“? ეს კითხვა პირველ საუკუნეში იუდეის რომაელმა გამგებელმა პონტიუს პილატემ მის წინაშე მდგარ იესოს დაუსვა (იოანე 18:38). სინამდვილეში, პილატეს სულაც არ აინტერესებდა ჭეშმარიტება. პირიქით, მის კითხვაში უფრო ცინიზმი და სკეპტიციზმი ჩანდა. პილატესთვის ჭეშმარიტება იყო ის, რასაც ადამიანი თვითონ ირჩევდა ან ის, რაც ასწავლეს; მისი აზრით, რეალურად არ არსებობდა ჭეშმარიტების განმსაზღვრელი რაიმე კრიტერიუმი. დღესაც ბევრი ფიქრობს პილატეს მსგავსად.
მე-16 საუკუნის ევროპაში ღვთის მორწმუნე ადამიანები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ვეღარ გაეგოთ, რა ერწმუნათ. ისინი, რომლებსაც ბავშვობიდან სწამდათ პაპის უზენაესობა და ეკლესიური სწავლებები, ახლა რეფორმატორების ახალ იდეებს შეეჯახნენ, რომლებმაც მთელი იმდროინდელი ევროპა მოიცვა. რა უნდა ერწმუნათ მათ? როგორ უნდა განესაზღვრათ, რა იყო ჭეშმარიტება?
იმ პერიოდში სამმა ადამიანმა და შესაძლოა სხვებმაც, ჭეშმარიტების ძიება დაიწყო. * როგორ უნდა გაერჩიათ, რა იყო ჭეშმარიტება და რა — სიცრუე? რა აღმოაჩინეს მათ? მოდი, ვნახოთ.
„დაე, მუდამ ბიბლია . . . იყოს ჩვენთვის ავტორიტეტი“
ახალგაზრდა ვოლფგანგ ფაბლიციუს კაპიტოს, მტკიცე რელიგიური შეხედულებები ჰქონდა. ის სწავლობდა მედიცინას, კანონმდებლობას და თეოლოგიას; 1512 წელს ის მღვდელი გახდა, მოგვიანებით კი ქალაქ მაინცში არქიეპისკოპოსის თანაშემწედ მსახურობდა.
თავიდან კაპიტო ცდილობდა, ხელი შეეშალა რეფორმატორებისთვის, რომლებიც კათოლიკური სწავლებების საწინააღმდეგო ცნობას ქადაგებდნენ. მაგრამ, მალე უკვე თავად უჭერდა მხარს რეფორმას. რას აკეთებდა ის? როდესაც სხვადასხვა სწავლებას აწყდებოდა, კაპიტოს სწამდა, რომ „საუკეთესო წყარო სწავლებების ჭეშმარიტების დასადგენად, ბიბლია გახლდათ, ვინაიდან მხოლოდ ის იყო უტყუარი“, — წერდა ისტორიკოსი ჯეიმზ კიტელსონი. კაპიტომ დაასკვნა, რომ ეკლესიის ისეთ სწავლებებს, როგორიცაა: ტრანსუბსტანცია და წმინდანების თაყვანისცემა, არ ჰქონდა ბიბლიური საფუძველი (იხილეთ ჩარჩო „ნამდვილად ასე თუ არისო“). 1523 წელს კაპიტომ დატოვა საპატიო თანამდებობა და დასახლდა ქალაქ სტრასბურგში, რომელიც იმ ხანად რელიგიური რეფორმის ცენტრად ითვლებოდა.
სტრასბურგში კაპიტოს სახლი რელიგიური დისიდენტების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც უდავოა, რელიგიურ საკითხებსა და ბიბლიურ სწავლებებზე მსჯელობდნენ. მაშინ როცა, ზოგი რეფორმატორი ჯერ კიდევ მხარს უჭერდა სამების სწავლებას, კაპიტო თავის ნაშრომებში „არაფერს ამბობდა სამების შესახებ“, — ნათქვამია წიგნში „რადიკალური რეფორმაცია“. რატომ დუმდა კაპიტო? როგორც ჩანს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ესპანელმა თეოლოგმა მიგელ სერვეტმა, რომელმაც სამების მოძღვრება ბიბლიური მუხლებით გააბათილა. *
სამების უარყოფას შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყოლოდა, ამიტომ კაპიტო ფრთხილობდა, რომ თავისი აზრები ხმამაღლა არ გაეცხადებინა. თუმცა მისი ნაშრომებიდან ჩანს, რომ სამების მოძღვრებას ის ჯერ კიდევ სერვეტის გაცნობამდე აყენებდა ეჭვქვეშ. ერთმა კათოლიკე მღვდელმა მოგვიანებით დაწერა, რომ კაპიტო და მისი თანამოაზრეები „ერთმანეთში მსჯელობდნენ ხოლმე რელიგიის ყველაზე დიდ საიდუმლოებებზე [და] უარყოფდნენ წმინდა სამებას“. ერთი საუკუნის შემდეგ კაპიტო პირველი შევიდა იმ ცნობილი ადამიანების სიაში, რომლებიც სამების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.
კაპიტოს სჯეროდა, რომ ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო ბიბლია იყო. ის ამბობდა: „დაე მხოლოდ ბიბლია და ქრისტეს კანონი იყოს ჩვენი გზამკვლევი ღვთისმეტყველებაში“. ჯეიმზ კიტელსონი წერდა: „კაპიტო ირწმუნებოდა, რომ თეოლოგების ყველაზე დიდი შეცდომა საღვთო წერილების უარყოფა გახლდათ“.
მის გულწრფელ სურვილს, ღვთის სიტყვაში ეძებნა ჭეშმარიტება, იზიარებდა მისი თანამედროვე ახალგაზრდა მარტინ სელერიუსი (ცნობილია აგრეთვე მარტინ ბორჰაუსის სახელით), რომელიც 1526 წელს კაპიტოს სახლში ცხოვრობდა.
„ცოდნა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ“
მარტინ სელერიუსი, რომელიც 1499 წელს დაიბადა, ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის გულმოდგინე მკვლევარი იყო. ის გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში მასწავლებლად მუშაობდა. ვინაიდან ქალაქი ვიტენბერგი პროტესტანტული რეფორმაციის კერა გახლდათ, სელერიუსმა მალე გაიცნო მარტინ ლუთერი და სხვები, რომლებსაც ეკლესიური სწავლებების რეფორმა ეწადათ. როგორ უნდა გაერჩია სელერიუსს ღვთიური და ადამიანური აზრები ერთმანეთისგან?
ერთი წიგნის თანახმად, სელერიუსს სწამდა, რომ ჭეშმარიტების პოვნა შესაძლებელი იყო „საღვთო წერილების საფუძვლიანი კითხვის, მუხლების ერთმანეთთან ხშირი შედარების, ლოცვისა და მონანიების შედეგად“. რა დასკვნამდე მივიდა სელერიუსი ბიბლიის კვლევის შედეგად? (Teaching the Reformation)
1527 წლის ივლისში სელერიუსმა თავის ნაშრომებს ერთ წიგნად მოუყარა თავი, რომელსაც „ღვთის საქმეები“ უწოდა. ის წერდა, რომ ეკლესიის საიდუმლოებებს, მაგალითად, როგორიცაა ტრანსუბსტანცია, წმინდა წყლის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. პროფესორი რობინ ბარნზი აღნიშნავს, რომ სელერიუსი თავის წიგნში „ხსნის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს და ამბობს, რომ მოსალოდნელ საყოველთაო გასაჭირსა და უბედურებას სამყაროს განახლება და აღდგენა მოჰყვებოდა“ (2 პეტრე 3:10—13).
განსაკუთრებით საყურადღებოა სელერიუსის მოკლე კომენტარები იესო ქრისტეს შესახებ. მართალია, სელერიუსი აშკარად არ უარყოფდა სამებას, მაგრამ ის „ზეციერ მამას“ გამოყოფდა „მისი ძის, იესო ქრისტესგან“ და წერდა, რომ იესო იყო ერთ-ერთი მრავალ ღმერთთაგან და ერთ-ერთი ყოვლადძლიერი ღვთის ძეთაგან (იოანე 10:34, 35).
რობერტ უოლესმა თავის წიგნში „ანტიტრინიტარული ბიოგრაფია“ (1850) განმარტა, რომ სელერიუსი თავის ნაშრომებში არ იზიარებდა მე-16 საუკუნეში საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებას სამებაზე. * აქედან გამომდინარე, რამდენიმე მკვლევარმა დაასკვნა, რომ ის სამების წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო. მასზე ამბობდნენ, რომ ის ღვთის ხელში იარაღს წარმოადგენდა „ჭეშმარიტი ღმერთისა და ქრისტეს შესახებ შემეცნების ჩასანერგად“.
განახლების იმედი
დაახლოებით 1527 წელს ვიტენბერგს შეეხიზნა კიდევ ერთი ღვთისმეტყველი იოჰანეს კამპანესი, რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს მოაზროვნედ ითვლებოდა. აქ, რელიგიური რეფორმის ცენტრში, კამპანესი იმედოვნებდა, რომ ჭეშმარიტებას იპოვიდა, მაგრამ მალე მარტინ ლუთერის შეხედულებებმა იმედი გაუცრუა.
კამპანესი არ ეთანხმებოდა ლუთერის მოსაზრებას ტრანსუბსტანციასა და კონსუბსტანციაზე. * როგორც პროფესორი ანდრე სეგუენი აღნიშნავს, კამპანესს ღრმად სწამდა, რომ „პური ყოველთვის პურად რჩება, მაგრამ თუ მას ეკლესიურ საიდუმლოებად განვიხილავთ, ის სიმბოლურად ქრისტეს სხეულს განასახიერებს“. 1529 წელს ქალაქ მარბურგში გამართულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელა. კამპანესს უფლება არ მისცეს, საკუთარი აზრი გამოეთქვა იმის შესახებ, რაც წმინდა წერილებიდან გაიგო. ამ შეხვედრის შემდეგ ვიტენბერგელი რეფორმატორები მას თავს არიდებდნენ.
რეფორმატორები განსაკუთრებით გააღიზიანა კამპანესის შეხედულებამ მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ. 1532 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში „განახლება“ კამპანესი ამტკიცებდა, რომ იესო და მამა ორი, ერთმანეთისგან ცალკე მდგომი პიროვნება იყო. მამა და ძე მხოლოდ იმ გაგებით არიან „ერთნი“, როგორც ცოლ-ქმარია გაერთიანებული „ერთ ხორცად“, თუმცა ორი სხვადასხვა პიროვნებაა (იოანე 10:30; მათე 19:5). კამპანესი განმარტავდა, რომ საღვთო წერილებში მსგავსი მაგალითი იყო მოყვანილი იმის საჩვენებლად, რომ მამა უპირატესობს ძეზე: „ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3).
რას ამბობდა ის სულიწმიდის შესახებ? კამპანესი ამ შემთხვევაშიც ბიბლიას ეყრდნობოდა და წერდა: „არც ერთი მუხლი არ უჭერს მხარს იმ აზრს, რომ სულიწმიდა მესამე პიროვნებაა . . . ღვთის სული არის მოქმედი, ამგვარად, ღმერთი თავისი სულის ძალითა და მოქმედებით ამზადებს და ახორციელებს ყველა თავის ჩანაფიქრს“ (დაბადება 1:2).
ლუთერი კამპანესს ღვთისმგმობელსა და ღვთის ძის მტერს უწოდებდა. ერთმა რეფორმატორმა მისი სიკვდილის დასჯაც კი მოითხოვა, მაგრამ კამპანესი ამას არ შეუშინებია. წიგნში „რადიკალური რეფორმაცია“ აღნიშნულია: „კამპანესი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეკლესიას ძირს უთხრიდა ის ფაქტი, რომ დაკარგული იყო ღვთაებრიობის თავდაპირველი — ბიბლიური და მოციქულებისეული გაგება“.
კამპანესის მიზანი არასოდეს ყოფილა რელიგიური ჯგუფის ჩამოყალიბება. ის უშედეგოდ ეძებდა ჭეშმარიტებას, როგორც თავადვე თქვა, „სექტებსა და ერეტიკოსებს შორის“. ის იმედოვნებდა, რომ კათოლიკური ეკლესია კვლავ აღადგენდა ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებებს. მაგრამ მალე სამღვდელოებამ კამპანესი დააპატიმრა და მან ციხეში 20 წელზე მეტი გაატარა. ისტორიკოსების მოსაზრებით, ის დაახლოებით 1575 წელს გარდაიცვალა.
„ყველაფერში დარწმუნდით“
ბიბლიის გულმოდგინე და ძირეული კვლევის შედეგად კაპიტომ, სელერიუსმა, კომპანესმა და სხვებმა, შეძლეს გაერჩიათ ჭეშმარიტება სიცრუისგან. მართალია, ჭეშმარიტების ამ მაძიებელთა ყველა დასკვნა სრულად არ ეთანხმებოდა ბიბლიას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თავმდაბალი ადამიანები იკვლევდნენ წმინდა წერილებს და აფასებდნენ მიკვლეულ ჭეშმარიტებას.
მოციქული პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ყველაფერში დარწმუნდით; კარგს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელები 5:21). თქვენც რომ მიაკვლიოთ ჭეშმარიტებას, იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. თუ გსურთ, უფასოდ მიიღოთ ეს წიგნი, იხილეთ ამ ჟურნალის მე-16 გვერდი ან ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org.
^ აბზ. 4 იხილეთ წიგნში იეჰოვას „მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ 44-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო „მკამდე ერთად იზარდონ“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 8 იხილეთ 2006 წლის მაისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სტატია „მიგელ სერვეტი — ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 17 იმასთან დაკავშირებით, რომ სელერიუსი ქრისტესთან მიმართებაში სიტყვა „ღმერთს“ იყენებდა, ამ წიგნში ნათქვამია: ის წერდა deus-ს პატარა ასოთი (ლათინურად ღმერთი) და არა Deus-ს დიდი ასოთი, რაც მხოლოდ უზენაეს ღმერთთან მიმართებაში გამოიყენებოდა“.
^ აბზ. 20 კონსუბსტანცია არის ლუთერის სწავლება, რომლის თანახმადაც უფლის ვახშმისას ქრისტეს სხეული თანაარსებობს პურსა და ღვინოში.