არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რას აკეთებდნენ ძველად გემთმშენებლები ხომალდების წყალგაუმტარობისთვის?

ლაიონელ კასონი, უძველესი ხომალდების ექსპერტი, გვიხსნის, თუ რომაელთა ბატონობის დროს, რას აკეთებდნენ გემთმშენებლები მას შემდეგ, რაც ფიცრით აგებული გემის ღრეჩოებს ამოავსებდნენ. ისინი „არა მარტო ღრეჩოებს, არამედ მთლიან კორპუსს შიგნიდან და გარედან უსვამდნენ კუპრს [ფისს] ან კუპრსა და ცვილს ერთად“. მანამდე დიდი ხნით ადრე ამ მეთოდს აქადელები და ბაბილონელები მიმართავდნენ.

ბიბლიურ დროში თხევადი ფისი უხვად მოიპოვებოდა

ებრაულ წერილებში მსგავსი მეთოდი დაბადების 6:14-შია მოხსენიებული. ფისად ნათარგმნი ებრაული სიტყვა, როგორც ჩანს, მიუთითებს ნავთობის ან ქვანახშირისგან ბუნებრივად მიღებულ მასაზე.

ბუნებაში არსებობს ორი სახის ფისი, თხევადი და მყარი. ძველ დროში გემებს თხევადი ფისით ფარავდნენ. წასმის შემდეგ ფისი შრებოდა და მაგრდებოდა, რაც ხომალდს წყალგაუმტარს ხდიდა.

ბიბლიურ დროში ფისი უხვად მოიპოვებოდა. სიდიმის ველზე (მკვდარი ზღვის რეგიონი) „ფისით სავსე ორმოები იყო“ (დაბადება 14:10).

როგორ ინახავდნენ ძველად თევზს?

უხსოვარი დროიდან თევზი მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. იესოს ზოგი მოციქული სანამ მისი მიმდევარი გახდებოდა, მეთევზე იყო (მათე 4:18—22). მეთევზეები გალილეის ზღვაში დაჭერილ თევზს, მთლიანად თუ არა, ნაწილს მაინც, დასამუშავებლად ახლომდებარე საწარმოებში აბარებდნენ.

გრავიურაზე გამოსახული ეგვიპტელი მეთევზეები

იმ ტექნოლოგიას, რომელსაც სავარაუდოდ ძველად გალილეაში თევზის შესანახად იყენებდნენ, ზოგ ადგილას დღესაც მიმართავენ. თავდაპირველად, თევზს გამოშიგნავდნენ და კარგად რეცხავდნენ. წიგნში, რომელიც ეხება ძველ დროში თევზის გამოყვანის ტექნოლოგიას, აღნიშნულია, თუ რა იყო შემდგომი ნაბიჯები: „თევზს მთელ ტანზე მსხვილ მარილს უსვამდნენ, მათ შორის, ლაყუჩებსა და პირში. თევზებს ფენებად აწყობდნენ ჭილოფზე და თითოეულ ფენას მარილს აყრიდნენ, ზემოდან კი ისევ მშრალ ჭილოფს აფენდნენ და ასე აჩერებდნენ სამიდან ხუთ დღემდე. ამის შემდეგ თევზის გროვას ჭილოფიანად ამოაბრუნებდნენ და ისევ იმდენივე ხანს აჩერებდნენ, რათა მთლიანად გამომშრალიყო. ამ დროს თევზიდან სითხე იწრიტებოდა და მარილი ღრმად შედიოდა მასში. თევზი მაგრდებოდა და კარგად ინახებოდა“ (Studies in Ancient Technology).

ცნობილი არ არის, ასეთი მეთოდით გამოყვანილი თევზი რამდენ ხანს იყო საჭმელად ვარგისი. თუმცა, ის ფაქტი, რომ ძველად ეგვიპტელებს გამოყვანილი თევზი სირიაში გაჰქონდათ საექსპორტოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საკმაოდ კარგი მეთოდი იყო.