არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

მთელი ცხოვრება უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ვიბრძოდი

მთელი ცხოვრება უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ვიბრძოდი
  • დაბადების წელი: 1960

  • ქვეყანა: ლიბანი

  • წარსულში: კუნგ-ფუისტი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე და გავიზარდე ისრაელისა და ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ რმეიჩში იმ დროს, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. დღესაც მახსოვს ნაღმების აფეთქების ხმა და კიდურებდაკარგული უდანაშაულო ხალხი. საშინელი ცხოვრება იყო, დამნაშავეობა და ძალადობა ყვაოდა.

ჩვენი ოჯახი მარონიტულ ეკლესიას მიეკუთვნებოდა (აღმოსავლური კათოლიკური ეკლესია). მამაჩემი დღე და ღამეს ასწორებდა, რომ ჩვენს დიდ 12-კაციან ოჯახზე მატერიალურად ეზრუნა. დედა ყველანაირად ცდილობდა, რომ ეკლესიაში ვეტარებინეთ. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ვერც ეკლესია და მთლიანობაში ვერც საზოგადოება ვერაფერს აკეთებდა დაჩაგრულების დასახმარებლად.

მოზარდობის ასაკში კუნგ-ფუთი (ჩინური საბრძოლო ხელოვნება) დავინტერესდი. თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად კარგად დავეუფლე ხელისა და ფეხის მოძრაობის ტექნიკას და ვისწავლე სხვადასხვა საბრძოლო იარაღის გამოყენება. ჩემთვის ვფიქრობდი: „ომს ბოლოს ვერ მოვუღებ, მაგრამ იმას მაინც ვეცდები, რომ მოძალადე ხალხი შევაჩერო“. სადაც კი მოჩხუბარ ადამიანებს დავინახავდი, მაშინვე მათ საქმეში ვერეოდი. ფეთქებადი ხასიათი მქონდა და ადვილად გამოვდიოდი მდგომარეობიდან. სამხრეთ ლიბანში ყველას ეშინოდა ჩემი, რადგან უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ ვიბრძოდი.

1980 წელს ბეირუთში კუნგ-ფუს კლუბში გავწევრიანდი. მიუხედავად იმისა, რომ ბომბები, ჭურვები და რაკეტები ყოველდღე ფეთქდებოდა, სავარჯიშოდ მაინც დავდიოდი. მთელი ჩემი ცხოვრება ჭამით, ძილით და ვარჯიშით შემოიფარგლებოდა; ვცდილობდი, ბრიუს ლისთვის მიმებაძა, რომელიც კუნგ-ფუს ოსტატი და ამერიკელი მსახიობი გახლდათ. მისნაირ ვარცხნილობას ვატარებდი, ვბაძავდი სიარულში და კუნგ-ფუს ილეთების შესრულებისას მისნაირ ხმებს გამოვცემდი. არასოდეს ვიცინოდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

მიზნად დავისახე ჩინეთში კუნგ-ფუს ხელოვნებას უფრო მაღალ დონეზე დავუფლებოდი. იქ წასასვლელად სერიოზულად ვემზადებოდი; ერთ საღამოს მორიგი ვარჯიშის დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ჩემი მეგობარი იყო მოსული ორ იეჰოვას მოწმესთან ერთად. ვარჯიშისგან ოფლში გაწურულმა მათ ვუთხარი, რომ ბიბლია ჩემთვის უცხო წიგნი იყო. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ როგორ შეიცვლებოდა იმ წუთიდან ჩემი ცხოვრება.

მოწმეებმა ბიბლიიდან ამიხსნეს, თუ რატომ არ ძალუძთ ადამიანებს უსამართლობისა და ძალადობის ძირფესვიანად აღმოფხვრა. მათ მითხრეს, რომ ამ პრობლემების თავიდათავი სატანა ეშმაკი იყო (გამოცხადება 12:12). ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეების სიმშვიდემ და მტკიცე რწმენამ, აგრეთვე იმის გაგებამ, რომ თურმე ღმერთს სახელი ჰქონია (ფსალმუნი 83:18). გარდა ამისა, მათ წამიკითხეს 1 ტიმოთეს 4:8, სადაც წერია: „ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება კი ყველაფერში სასარგებლოა, რადგან გვპირდება სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც“. ამ სიტყვებმა ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა.

სამწუხაროდ, ჩემმა ოჯახის წევრებმა მოწმეებს ჩვენთან მოსვლა აუკრძალეს, რის გამოც მათთან კონტაქტი გამიწყდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, კუნგ-ფუსთვის თავი დამენებებინა და ბიბლიის შესწავლა დამეწყო. ჩემს ძმებს არ მოეწონათ ეს აზრი, მაგრამ მე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მომეძებნა იეჰოვას მოწმეები.

მოწმეებს ყველგან ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. იმ პერიოდში მამის მოულოდნელმა სიკვდილმა და ოჯახში დატრიალებულმა სხვა ტრაგედიებმა ძალიან დამამწუხრა. მოგვიანებით სამშენებლო კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ერთ დღესაც ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც ადელი ერქვა, გამაჩერა და მკითხა, თუ რატომ ვიყავი ასე დაღონებული. მან მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური იმედი გამიზიარა. მომდევნო 9 თვე ეს კეთილშობილი ადამიანი მოთმინებით მასწავლიდა ბიბლიას.

ბიბლიის შესწავლის პროცესში თანდათან ვხვდებოდი, რომ საკუთარ თავში დიდი ცვლილებები უნდა მომეხდინა, რაც არ იყო ადვილი. სულ გაღიზიანებული ვიყავი და ადვილად ვბრაზდებოდი. მაგრამ ბიბლიიდან ვისწავლე, რომ უნდა მეკონტროლებინა ჩემი ფიცხი ხასიათი და ყველა წვრილმანზე არ ავფეთქებულიყავი. მაგალითად, ძალიან დამეხმარა მათეს 5:44-ში მოცემული რჩევა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“ და რომაელების 12:19, სადაც წერია: «ნუ იძიებთ შურს . . . რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“». ამ და სხვა მუხლების წყალობით თანდათანობით შევიძინე შინაგანი სიმშვიდე.

კურთხევები:

მართალია, ჩემი ოჯახის წევრები თავიდან მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ დღეს ძალიან აფასებენ მოწმეებს. ერთი ჩემი ძმა იეჰოვას მოწმეც კი გახდა, დედაჩემი კი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა სხვებთან ჩვენს რწმენას.

ბედნიერი იმითაც ვარ, რომ მყავს ერთგული და შესანიშნავი მეუღლე ანიტა. ორივე სიხარულით ვემსახურებით იეჰოვას სრული დროით. 2000 წლიდან მე და ანიტა შვედეთში, ესკილსტუნაში ვცხოვრობთ, სადაც არაბულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში ვეხმარებით.

დღესაც გული მეწვის მათზე, ვინც უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი ხდება. მაგრამ სიხარულსა და სიმშვიდეს მგვრის იმის ცოდნა, რომ ღმერთი მალე ბოლოს მოუღებს ამ ყოველივეს (ფსალმუნი 37:29).

მე და ჩემს მეუღლეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ხალხისთვის იეჰოვას გაცნობა