არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა | „მოვიდეს სუფევა შენი“ — იცით, რას ნიშნავს ეს სიტყვები?

„მოვიდეს სუფევა შენი“ — იცით, რას ნიშნავს ეს სიტყვები?

„მოვიდეს სუფევა შენი“ — იცით, რას ნიშნავს ეს სიტყვები?

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ღვთის სასუფეველზე ამყარებს იმედს. ისინი მიჰყვებიან იესოს მაგალითს, რომელიც თავის მიმდევრებს ასწავლიდა ელოცათ: „მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც“ (მათე 6:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს გულწრფელად აინტერესებს, რა არის ღვთის სუფევა ანუ სასუფეველი, მაგრამ პარადოქსია, რომ რელიგიების უმეტესობა ამ თემას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსმა ჯორჯ უელსმა აღნიშნა: „რამდენადაც იესო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სწავლებას, რომელსაც ზეციერი სასუფეველი უწოდა, იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნევს ამ სწავლებას ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობა“.

ამ ეკლესიებისგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ღვთის სასუფეველს, იგივე სამეფოს — ღვთის უზენაეს ხელისუფლებას. მაგალითად, ჟურნალი, რომელსაც ახლა კითხულობთ, 220 ენაზე გამოიცემა. თითოეული ნომრის ტირაჟი თითქმის 46 მილიონია და მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ჟურნალად ითვლება. რა არის ამ ჟურნალის მთავარი თემა? დააკვირდით ჟურნალის სრულ სახელწოდებას: საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ. *

რატომ ახმარენ იეჰოვას მოწმეები ამხელა ძალისხმევას ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას? უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიოში შეუდარებელი წიგნის, ბიბლიის, მთავარი თემა ღვთის სამეფოა. გარდა ამისა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს ძალუძს კაცობრიობის პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა.

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მიჰბაძონ იესოს და ამიტომ ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ღვთის სამეფოს. დედამიწაზე ყოფნისას იესოსთვის ღვთის სამეფოს უმთავრესი ადგილი ეკავა (ლუკა 4:43). რატომ ანიჭებდა იესო ღვთის სამეფოს ასე დიდ მნიშვნელობას? პირადად თქვენ რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ მიიღოთ ღვთის სამეფოს კურთხევები? ამ კითხვებზე ბიბლიური პასუხები მოცემულია მომდევნო სტატიებში.

^ აბზ. 5 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.