მთავარი თემა | თქვენ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება
აკეთებთ იმას, რასაც ღმერთი გთხოვთ?
„შენ მხოლოდ მთხოვე და უკან არაფერზე დავიხევ“. ასეთ სიტყვებს სრულიად უცხო პიროვნებას ან უბრალოდ ნაცნობს ალბათ არ ეტყოდით, თუმცა ძვირფასი მეგობრისთვის უდავოდ არ დაიშურებდით. ნამდვილი მეგობრები მუდამ მზად არიან ერთმანეთის თხოვნა შეასრულონ.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მისი თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო იქნება. მაგალითად, მეფე დავითმა, რომელსაც ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, აღნიშნა: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული . . . მათზე რომ მელაპარაკა იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი“ (ფსალმუნი 40:5). უფრო მეტიც, იეჰოვა იმ ადამიანებზეც ზრუნავს, რომლებიც მას ჯერ არ იცნობენ და „საზრდოთი და სიხარულით [უვსებს] გულებს“ (საქმეები 14:17).
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, ვინც გვიყვარს და ვისაც ვაფასებთ
თუ იეჰოვას უხარია ადამიანებისთვის იმის კეთება, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს, გონივრულია დავასკვნათ, რომ ისინიც, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურთ, თავიანთი საქმეებით მას გულს უნდა უხარებდნენ (იგავები 27:11). მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ? ბიბლია გვპასუხობს: „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16). მაშ, მხოლოდ კარგის კეთება და სხვებისთვის გაზიარებაა საჭირო იმისთვის, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). აღსანიშნავია, რომ აბრაამმა ჯერ „ირწმუნა იეჰოვა“ და მერე ეწოდა „იეჰოვას მეგობარი“ (იაკობი 2:23). იესო ქრისტემაც გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ღვთის კურთხევების მისაღებად უნდა ვირწმუნოთ ღმერთი (იოანე 14:1). მაშ, როგორ უნდა განივითაროთ ისეთი რწმენა, როგორსაც ღმერთი ეძებს მათში, ვისაც თავისკენ იზიდავს? ასეთი რწმენის განვითარება ბიბლიის რეგულარული კითხვითა და მისი გამოკვლევით იწყება. ასე მოქმედებით თქვენ „ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას“ შეიძენთ და ისწავლით, როგორ ასიამოვნოთ მას ყველაფერში. რაც უფრო გაიღრმავებთ ცოდნას იეჰოვას შესახებ და იცხოვრებთ მისი სამართლიანი მოთხოვნების თანახმად, მით უფრო გაგიძლიერდებათ მისდამი რწმენა და ისიც დაგიახლოვდებათ (კოლოსელები 1:9, 10).