არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“

„წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“

კოლეჯში კალათბურთის მწვრთნელს სამსახურიდან ითხოვენ, რადგან რისხვას ვერ აკონტროლებს.

ბავშვი ისტერიკაში ვარდება, რადგან თავისი ვერ გაიტანა.

დედა თავის ბიჭს არეული ოთახის გამო კიცხავს და ხმამაღლა უყვირის.

ყველას გვინახავს გაბრაზებული ადამიანები და ჩვენც ალბათ არაერთხელ გავღიზიანებულვართ. შეიძლება ბრაზს უარყოფით ემოციად მივიჩნევთ, რასაც წესით უნდა ვიოკებდეთ, მაგრამ ხშირად ვფიქრობთ, რომ გაბრაზებისთვის საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გვგონია, რომ ვიღაცამ ჩვენი სამართლიანი ნორმები დაარღვია. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ისიც კი წერია, რომ „გაბრაზება სავსებით ნორმალური, ჯანსაღი და ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ემოციაა“.

ასეთი შეხედულება შესაძლოა ლოგიკურად მივიჩნიოთ, როცა ვფიქრობთ ღვთის შთაგონებით დაწერილ პავლე მოციქულის სიტყვებზე. პავლეს კარგად ესმოდა, რომ დროდადრო ყველა ადამიანი ბრაზდება და თქვა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). თუ ამ ფაქტს მხედველობაში მივიღებთ, უნდა გადმოვანთხიოთ ბრაზი, თუ პირიქით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ მის დაოკებას?

უნდა განრისხდეთ?

ამ სიტყვების დაწერისას პავლეს შესაძლოა მხედველობაში ჰქონდა ფსალმუნმომღერლის შემდეგი სიტყვები: „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ“ (ფსალმუნი 4:4). და მაინც, რა მიზნით მოგვცა პავლემ ასეთი გაფრთხილება? მოციქული გვიხსნის: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31). ფაქტობრივად, პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რისხვის გადმონთხევისგან. საინტერესოა ის, რასაც შემდგომ ვკითხულობთ ზემოხსენებულ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში: „გამოკვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ რისხვის გადმონთხევა სინამდვილეში უფრო მეტად ამძაფრებს ბრაზს და აგრესიას და მდგომარეობის გამოსწორებაში ვერანაირად ვერ გვეხმარება“.

მაინც, როგორ მოვიშოროთ ბრაზი და როგორ ავიცილოთ თავიდან მისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები? ძველი ისრაელის ბრძენმა მეფემ, სოლომონმა დაწერა: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11). როგორ ეხმარება წვდომის უნარი კაცს, როცა ბრაზი მოაწვება?

 როგორ ანელებს რისხვას წვდომის უნარი?

წვდომის უნარი გვეხმარება, სწორად შევაფასოთ სიტუაცია და იმაზე მეტი დავინახოთ, რაც ერთი შეხედვით ჩანს. როგორ გვეხმარება ეს მაშინ, როცა ვინმემ გაგვანაწყენა ან გაგვაღიზიანა?

როცა უსამართლობას ვაწყდებით, შეიძლება ძალიან განვრისხდეთ. მაგრამ, თუ ემოციებს ვერ მოვთოკავთ და ძალადობას მივმართავთ, შესაძლოა საკუთარ თავსაც მივაყენოთ ზიანი და სხვებსაც. როგორც ცეცხლმა შეიძლება გადაწვას სახლი, ისე რისხვამ შეიძლება შეგვილახოს რეპუტაცია და ურთიერთობა გაგვიფუჭოს ადამიანებთან და ღმერთთანაც კი. მაშასადამე, როცა ვგრძნობთ, რომ ვბრაზდებით, დროა სიტუაციას სხვა კუთხიდან შევხედოთ. მთლიანი სურათის დანახვა, უსათუოდ დაგვეხმარება ემოციების გაკონტროლებაში.

სოლომონის მამამ, მეფე დავითმა, ლამის ნაბალის სისხლში გაისვარა ხელი. მაგრამ მას შემდეგ, რაც სიტუაციის სწორად შეფასებაში დაეხმარნენ, მან სისხლისღვრისგან თავი შეიკავა. დავითი და მისი კაცები ნაბალის ცხვარს იცავდნენ იუდეის უდაბნოში. როდესაც ცხვრის გაპარსვის დრო მოვიდა, დავითმა ნაბალს საკვები სთხოვა, რაზეც მან შეუთვალა: „უნდა ავიღო ჩემი პური, წყალი და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?“. რა შეურაცხმყოფელი იქნებოდა ეს დავითისთვის. ამ სიტყვების გაგონებისთანავე დავითი დაახლოებით 400 კაცით გაემართა ნაბალისა და მისი ოჯახის ამოსაწყვეტად (1 სამუელი 25:4—13).

ნაბალის ცოლმა, აბიგაილმა, შეიტყო ამ ამბის შესახებ და დავითთან შესახვედრად წავიდა. მას ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: „ალაპარაკე შენი მხევალი, ყური დაუგდე და მოისმინე შენი მხევლის სიტყვები“. შემდეგ მან დავითს აუხსნა, რა უგუნური კაციც იყო ნაბალი და უთხრა, რომ თუ შურს იძიებდა და სისხლს დაღვრიდა, ეს სანანებელი გაუხდებოდა (1 სამუელი 25:24—31).

როგორ დაეხმარა დავითს აბიგაილის სიტყვები, გამოევლინა წვდომის უნარი და არ დაეღვარა სისხლი? პირველი, დავითმა დაინახა, რომ ნაბალი უგუნური კაცი იყო და მეორე, ის მიხვდა, რომ შურისძიება სისხლისღვრამდე მიიყვანდა. დავითის მსგავსად, თქვენც შეიძლება რაღაცაზე გაცეცხლდეთ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს? „ღრმად ჩაისუნთქეთ და ათამდე დაითვალეთ“, — გვირჩევს შეერთებული შტატების მეიოს კლინიკის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ეხება რისხვის გაკონტროლებას. დიახ, გაჩერდით და დაფიქრდით, რამ გამოიწვია პრობლემა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცხელ გულზე ჩადენილ თქვენს მოქმედებას. დაე წვდომის უნარი დაგეხმაროთ რისხვის დაცხრომასა და წყენის დავიწყებაში (1 სამუელი 25:32—35).

დღეს ბევრს ბიბლია ეხმარება ბრაზის გაკონტროლებაში. სებასტიანი გვიყვება, 23 წლის ასაკში პოლონეთის ციხეში ჯდომის დროს, როგორ დაეხმარა ბიბლიის შესწავლა ხასიათის გამოსწორებასა და ემოციების გაკონტროლებაში. „თავიდან პრობლემაზე ვიწყებ ფიქრს, შემდეგ ვცდილობ, ბიბლიური რჩევა გამოვიყენო. მივხვდი, რომ ბიბლია საუკეთესო სახელმძღვანელოა“, — ამბობს ის.

ბიბლიური რჩევების გამოყენება დაგეხმარებათ ემოციების გაკონტროლებაში

სეცუოც მსგავს ტაქტიკას მიმართავდა. ის ამბობს: „თუ სამუშაოზე ვინმე გამაღიზიანებდა, ვუყვიროდი, მაგრამ ბიბლიის შესწავლის შემდეგ, სანამ ვინმეს დავუყვირებ, საკუთარ თავს ვეკითხები: ვინ არის დამნაშავე? განა ჩემი ბრალი არ არის ყველაფერი?“. ასეთ კითხვებზე დაფიქრება დაეხმარა მას დაეცხრო რისხვა და ეკონტროლებინა მოზღვავებული ემოციები.

რისხვით გამოწვეული ემოცია შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევები გაცილებით ძლიერია. თუ ბრძნულ ბიბლიურ რჩევებს გამოიყენებთ და დახმარებისთვის ლოცვით ღმერთს მიმართავთ, თქვენც შეძლებთ, განივითაროთ წვდომის უნარი, რაც დაგეხმარებათ რისხვის დაცხრომასა და ემოციების გაკონტროლებაში.