არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტიმგადი დამარხული ქალაქის საიდუმლო

ტიმგადი დამარხული ქალაქის საიდუმლო

შეუპოვარი არქეოლოგი თვალებს არ უჯერებდა. მის წინ ალჟირის უდაბნოს ქვიშაში ნახევრად ჩაფლული რომაული ტრიუმფალური თაღი იდგა! 1765 წელს ამ უნიკალური აღმოჩენის ავტორი, შოტლანდიელი ჯეიმზ ბრუსი, იმ მომენტში ვერც კი მიხვდა, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში რომაელების მიერ დაარსებული უძველესი ქალაქის, თამუგადის, ნანგრევების თავზე იდგა, რომელსაც დღეს ტიმგადი ჰქვია.

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 1881 წელს, ფრანგმა არქეოლოგებმა დამარხული ტიმგადის კარგად შემონახული ნანგრევების ამოთხრა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ხრიოკ და უნაყოფო ადგილას იყო გაშენებული, არქეოლოგების დასკვნით, მოსახლეობა საკმაოდ კომფორტულად და მდიდრულად ცხოვრობდა. და მაინც, რატომ გააშენეს რომაელებმა მდიდრული ქალაქი ასეთ ხრიოკ ადგილას? რის სწავლა შეგვიძლია ამ უძველესი ქალაქისა და იქაური ხალხისგან?

პოლიტიკური გათვლა

როდესაც რომმა ძვ. წ. პირველ საუკუნეში თავისი ძალაუფლება ჩრდილოეთ აფრიკაში განავრცო, ზოგიერთი ადგილობრივი ტომისგან სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდა. როგორ შეძლებდნენ რომაელები მშვიდობის დამყარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან? თავდაპირველად, ავგუსტუსის მესამე ლეგიონის ჯარისკაცებმა ვრცელ მთიან მხარეში, რომელიც დღეს ჩრდილოეთ ალჟირის ტერიტორიას მოიცავს, ბევრი გამაგრებული ბანაკი და საყარაულო პუნქტი ააგეს. მოგვიანებით გააშენეს ქალაქი ტიმგადი, თუმცა სრულიად სხვა მიზნით.

ოფიციალურად რომმა ტიმგადი რომაელი ვეტერანებისთვის დააარსა, სინამდვილეში კი, მისი მიზანი ადგილობრივი ტომების წინააღმდეგობის შესუსტება იყო. მათი გეგმა წარმატებული გამოდგა. ქალაქის კომფორტული ცხოვრება საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა ტიმგადში სავაჭროდ ჩასული ადგილობრივებისთვის. ტიმგადში ცხოვრების უფლება მხოლოდ რომის მოქალაქეებს ეძლეოდათ. ამიტომ ბევრი აფრიკელი იმ იმედით, რომ რომის მოქალაქეობას მოიპოვებდა თავისთვის და თავისი ვაჟებისთვის, ნებაყოფლობით თანხმდებოდა რომაულ ლეგიონში 25-წლიან მსახურებაზე.

დროთა განმავლობაში ზოგი აფრიკელი მარტო მოქალაქეობას არ დასჯერდა და ტიმგადსა თუ სხვა კოლონიებში მაღალი თანამდებობაც კი დაიკავა. რომაელების მზაკვრული ჩანაფიქრი, მოეხდინათ ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ქალაქის დაარსებიდან სადღაც ნახევარ საუკუნეში ტიმგადი უმთავრესად ჩრდილო-აფრიკელებით იყო დასახლებული.

რომმა მათი გულები მოიგო

ბაზარი ლამაზი კოლონადებითა და დახლებით

როგორ მოიგო რომმა ასე სწრაფად ადგილობრივი მოსახლეობის გული? უპირველესად იმით, რომ ისინი ხალხში რომაელი სახელმწიფო მოღვაწის ციცერონის იდეას ნერგავდნენ მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის  შესახებ. მიწა თანაბრად გაუნაწილეს როგორც რომაელ ვეტერანებს, ისე წარმოშობით აფრიკელ მოქალაქეებს. ქალაქი დიდი სიზუსტით იყო დაგეგმარებული, კვადრატული ფორმის მწკრივებად ჩაწყობილ სახლებს, რომლის სიგრძე-სიგანე ოც-ოცი მეტრი იყო, ერთმანეთისგან ვიწრო ქუჩები ყოფდა. უდავოა, რომ ასეთი თანაბარი და მოწესრიგებული ქალაქგეგმარება ადგილობრივებს ძალიან იზიდავდა.

როგორც რომის ბევრ ქალაქში, ადგილობრივი ხალხი აქაც იყრიდა თავს ფორუმზე დიდი ბაზრობის დღეებში ახალი ამბების მოსასმენად ან გასართობად. გარშემო გახრიოკებულ მთებში მცხოვრებნი ალბათ ხშირად წარმოიდგენდნენ ხოლმე, როგორ სეირნობდნენ ცხელ და დახუთულ დღეს კოლონადების ჩრდილში, ან როგორ ისვენებდნენ უფასო აბანოებში და რა სიამოვნებით უსმენდნენ მოწანწკარე წყლის ხმას. ისინი შესაძლოა იმასაც წარმოიდგენდნენ, როგორ გრილდებოდნენ შადრევნებთან და მეგობრებთან მუსაიფობდნენ. ეს ყველაფერი მათთვის ალბათ მხოლოდ ოცნება იყო.

საფლავის სტელა, რომლის თავზეც გამოსახულია ღვთაებების ტრიადა

რომაელები ხალხის გულს ყველაზე მეტად ამფითეატრით იგებდნენ, რომელიც 3 500-ზე მეტ კაცს იტევდა. თეატრს სტუმრობდნენ როგორც ტიმგადელი, ისე მეზობელ ქალაქებში მცხოვრებნი და იყო ერთი ხმაური და აურზაური. სცენაზე მსახიობები სპექტაკლებით, რომლებშიც ხშირად ძალადობისა და უზნეობის სცენები იყო ასახული, მაყურებელს რომაელების გართობის აღვირახსნილ სტილს აცნობდნენ.

რომაულმა რელიგიამაც დიდი როლი ითამაშა. აბანოების კედლებსა და იატაკებზე მდიდრულად მოპირკეთებული ფერადი მოზაიკით წარმოდგენილი იყო წარმართული მითოლოგიური სცენები. რადგან აბანოში სიარული იქაურების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ისინი ნელ-ნელა კარგად გაერკვნენ რომის ღვთაებებსა და რელიგიაში. მცდელობა იმისა, რომ აფრიკელები რომაული კულტურისთვის ეზიარებინათ, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საფლავის ქვასვეტებზე ამოტვიფრული იყო როგორც ადგილობრივი, ისე რომაული ღვთაებების ტრიადები.

ლამაზი ქალაქი დავიწყებას ეძლევა

მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ტრაიანემ ახ. წ. 100 წელს ქალაქი დააარსა, რომაელებმა მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში დაიწყეს მარცვლეულის, ზეითუნის ზეთისა და ღვინის წარმოება. მალე ეს ქალაქი რომის მარცვლეულის საწყობად იქცა, საიდანაც მთელ რომის იმპერიას მიეწოდებოდა ეს აუცილებელი პროდუქტები. რომის მმართველობის დროს სხვა კოლონიური ქალაქების მსგავსად ტიმგადიც ყვაოდა. დროთა განმავლობაში ტიმგადის მოსახლეობა იმდენად გაიზარდა, რომ ქალაქის საზღვრები გამაგრებულ გალავნებს გასცდა.

ქალაქში მცხოვრები ხალხი და მიწათმფლობელები რომში ვაჭრობით დიდ მოგებას ნახულობდნენ. მათგან განსხვავებით, ადგილობრივ ფერმერებს მცირე შემოსავალი ჰქონდათ. ახ. წ. III საუკუნეში სოციალურმა უსამართლობამ და გაზრდილმა გადასახადებმა წვრილი ფერმერების აჯანყება გამოიწვია. ზოგი, ვინც კათოლიციზმი მიიღო, დონატისტებს შეუერთდა. დონატისტები თავს ქრისტიანებად აცხადებდნენ და იბრძოდნენ კათოლიკურ ეკლესიაში არსებული უზნეობისა და კორუფციის წინააღმდეგ. იხილეთ ჩარჩო «დონატისტები — ვითომ „წმინდა ეკლესია“».

რელიგიური დაპირისპირებების, სამოქალაქო ომებისა თუ ბარბაროსთა თავდასხმების გამო, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, რომის ცივილიზაციამ ჩრდილოეთ აფრიკაზე გავლენა დაკარგა.  ტიმგადი ახ. წ.  VI საუკუნისთვის უკვე ადგილობრივი არაბული ტომების მიერ გადამწვარი და მიწასთან გასწორებული იყო. ქალაქი 1 000 წელზე მეტხანს დავიწყებას მიეცა.

„აი, ეს არის ცხოვრება!“

ფორუმზე გაკეთებული ლათინური წარწერა: „ნადირობა, ბანაობა, თამაში, სიცილი — აი, ეს არის ცხოვრება!“

არქეოლოგები გააოცა გათხრების შედეგად ტიმგადის ფორუმზე აღმოჩენილმა ლათინურმა წარწერამ: „ნადირობა, ბანაობა, თამაში, სიცილი — აი, ეს არის ცხოვრება!“. ერთმა ფრანგმა ისტორიკოსმა თქვა: „შესაძლოა, ეს ფილოსოფიური გამოძახილი ამბიციას მოკლებულია, მაგრამ ბევრს მასში სიბრძნის დანახვა არ გაუჭირდება“.

ერთ დროს რომაელები მართლაც ასეთ ცხოვრებას ეწეოდნენ. პირველ საუკუნეში მცხოვრებმა მოციქულმა პავლემ მოიხსენია ხალხი, რომელთა ცხოვრების კრედო იყო: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“. მართალია, რომაელები რელიგიურები იყვნენ, მაგრამ ისინი წუთიერი სიამოვნებისთვის ცხოვრობდნენ და ნაკლებად ფიქრობდნენ სიცოცხლის აზრსა და მნიშვნელობაზე. პავლემ თანაქრისტიანები გააფრთხილა, თავი დაეცვათ ასეთი ადამიანებისგან და უთხრა: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:32, 33).

ტიმგადელები დაახლოებით 15 საუკუნის წინათ ცხოვრობდნენ, მაგრამ ცხოვრებაზე ადამიანის შეხედულება მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ხალხი დღესაც დღევანდელი დღით ცხოვრობს. რომაელთა შეხედულება ცხოვრებაზე მათთვის სავსებით მისაღებია, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის. მაგრამ ბიბლია რეალურად აფასებს ჩვენს ცხოვრებას და ლაკონიურად ამბობს: „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“. ამიტომ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ვიყოთ ქვეყნიერებით „არასრულად მოსარგებლენი“ (1 კორინთელები 7:31).

ტიმგადის ნანგრევები იმ ჭეშმარიტების უტყვი მოწმეა, რომ ბედნიერი და აზრიანი ცხოვრების საიდუმლო ნამდვილად არ გახლავთ ცხოვრების იმ წესის მიყოლა, რომელიც აღწერილია საუკუნეების მანძილზე ჩამარხულ ნანგრევებზე გაკეთებულ წარწერაზე. ბედნიერი და აზრიანი ცხოვრებისთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“! (1 იოანე 2:17).