მთავარი თემა | გსურთ ბიბლიის შესწავლა?
ბიბლიის შესწავლა ყველასთვის
იეჰოვას მოწმეები ფართოდ არიან ცნობილი თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობით. მაგრამ იცოდით, რომ ჩვენ ადამიანებს ბიბლიის შესწავლაშიც ვეხმარებით?
2014 წელს 8 000 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე 240 ქვეყანაში ყოველთვიურად დაახლოებით 9 500 000 ბიბლიის შესწავლას ატარებდა. * უფრო მეტიც, მოწმეებთან ბიბლიის შემსწავლელთა რაოდენობა, 140 ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება.
ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად დაახლოებით 700 ენაზე გამოსცემენ ბიბლიებს, წიგნებს, ჟურნალებსა და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სხვა პუბლიკაციებს, რომელთა საერთო რაოდენობა მილიარდ-ნახევარს შეადგენს. ბიბლიური ლიტერატურის ასეთი უპრეცედენტო მასშტაბებით გამოცემა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველ ენაზე შეისწავლონ ბიბლია.
პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამენ ბიბლიის შესწავლასთან დაკავშირებით
როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?
ვირჩევთ სხვადასხვა ბიბლიურ თემებს და ვიკვლევთ იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც ამ თემებს უკავშირდება. მაგალითად, ბიბლია პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: ვინ არის ღმერთი? როგორია ის? აქვს მას სახელი? სად მკვიდრობს? შეგვიძლია მასთან დაახლოება? ოღონდ პრობლემა ის არის, რომ უნდა ვიცოდეთ, სად მოვძებნოთ პასუხები ბიბლიაში.
ადამიანებს ამ და მსგავს კითხვებზე პასუხების გაგებაში რომ დავეხმაროთ, ჩვეულებრივ ვიყენებთ 224-გვერდიან წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. * ეს სახელმძღვანელო სპეციალურად იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბიბლიის ძირითადი სწავლებების გაგებაში დაგვეხმაროს. წიგნი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ღმერთი, იესო ქრისტე, ტანჯვა, მკვდრეთით აღდგომა, ლოცვა და ბევრი სხვა.
როდის და სად ტარდება შესწავლა?
შესწავლის ჩატარება შეიძლება თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას.
რამდენ ხანს გრძელდება ერთი გაკვეთილი?
ზოგი ბიბლიის შესასწავლად ყოველკვირა დაახლოებით ერთ საათს გამოყოფს. თუმცა გაკვეთილის ხანგრძლივობა მკაცრად განსაზღვრული არ არის. ჩვენ ვეცდებით, თქვენს გრაფიკს მოვერგოთ. შესწავლისთვის ზოგი კვირაში მხოლოდ 10-15 წუთს გამოყოფს.
რა ღირს ბიბლიის შესწავლა?
შესწავლაც და შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციებიც უფასოა. ეს კი იმიტომ, რომ იესომ თავის მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8).
რამდენ ხანს გრძელდება მთლიანი კურსი?
ეს თქვენზეა დამოკიდებული. წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 19 გაკვეთილისგან შედგება. თქვენ შეგიძლიათ ერთ ჯერზე იმდენი მასალა განიხილოთ, რამდენსაც მოისურვებთ.
შესწავლის შემდეგ აუცილებლად იეჰოვას მოწმე უნდა გავხდე?
არა. ჩვენ გვესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად აირჩიოს, რას იწამებს. თუმცა ბიბლიის ძირითადი სწავლებების გაცნობის შემდეგ ადამიანი გააზრებული არჩევანის გაკეთებას შეძლებს.
სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება?
ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულია ზუსტი ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების მრწამსისა და საქმიანობის შესახებ.
როგორ დავუკავშირდე იეჰოვას მოწმეებს, თუ ბიბლიის შესწავლას გადავწყვეტ?
-
შეავსეთ ელექტრონული ანკეტა ვებ-გვერდზე www.pr418.com.
-
დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს.