თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ტკბილი სიბერე
რა გრძნობები გეუფლებათ, როდესაც სიბერეზე ფიქრობთ? ზოგს სევდა, დარდი და შიშის გრძნობაც კი იპყრობს. ეს კი იმიტომ, რომ სიბერეს ხშირად თან ახლავს უძლურება, თვალის ჩინის დაკარგვა, მეხსიერების დაქვეითება და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული სიბერე აქვთ. ზოგს ასაკში ჯანიც მოყვება და გონებაც. სხვებს კი ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავებაში თანამედროვე მედიცინა ეხმარება. შედეგად, ზოგ ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს დიდხანს და ჯანმრთელად.
მიუხედავად იმისა, გვიწევს თუ არა ხანდაზმულობით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა, ყველას გვსურს, რომ ტკბილი სიბერე გვქონდეს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ნაწილობრივ ეს ჩვენზეა დამოკიდებული; ამისათვის საჭიროა, სწორი განწყობითა და მზადყოფნით შევხვდეთ ცხოვრების ამ ახალ ეტაპს. განვიხილოთ რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული ბიბლიური პრინციპი, რომელიც დაგვეხმარება ასეთი განწყობის შექმნაში.
იყავით მოკრძალებული: „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავები 11:2). ამ სტატიაში სიტყვა „მოკრძალებული“ შეიძლება იმ მოხუცებს მივუსადაგოთ, რომლებიც ათვითცნობიერებენ და ეგუებიან ასაკით გამოწვეულ შეზღუდვებს. ბრაზილიაში მცხოვრები 93 წლის ჩარლი ამბობს: „თუ დიდხანს იცოცხლებ, სიბერეს ვერსად გაექცევი. დროს უკან ვერ დააბრუნებ“.
თუმცა მოკრძალება არ ნიშნავს, უარყოფით გრძნობებს მივცეთ გასაქანი და ვიფიქროთ: „ძალიან მოვხუცდი, ჩემი დრო უკვე მოვჭამე“. ასეთმა ფიქრებმა შეიძლება ცხოვრების ხალისი დაგაკარგვინოთ. იგავების 24:10-ში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. ნაცვლად ამისა, მოკრძალებულ ადამიანს დადებითი განწყობა აქვს და ცდილობს, ის აკეთოს, რისი კეთების ძალაც შესწევს.
იტალიაში მცხოვრები 77 წლის კორადო საინტერესო აზრს ამბობს: „როდესაც მანქანით აღმართზე ადიხარ, სიჩქარეს ცვლი, რომ ძრავა არ ჩაგიქრეს“. მსგავსად, ასაკის მატებასთან ერთად გარკვეული ცვლილებების მოხდენაა საჭირო. კორადოსა და მის მეუღლეს სახლის საქმეებთან დაკავშირებით გაწონასწორებული მიდგომა აქვთ. ძალები დღის ბოლომდე რომ გაჰყვეთ, ისინი ყველაფერს ნელ-ნელა და მშვიდად აკეთებენ. მსგავსი დამოკიდებულება აქვს 81 წლის მარიანს, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს. ის ამბობს: „მივხვდი, რომ საქმე აუჩქარებლად უნდა ვაკეთო. ამიტომ საქმის კეთებისას
დროდადრო ვისვენებ ხოლმე. შესვენებისას ვჯდები ან ვწვები. ამ დროს მუსიკას ვუსმენ ან ვკითხულობ. შევეგუე იმ აზრს, რომ იმდენს ვეღარ ვაკეთებ, რამდენსაც ადრე ვაკეთებდი“.იყავით გაწონასწორებული: „ქალების მშვენება იყოს . . . მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში“ (1 ტიმოთე 2:9). „მოხდენილ ტანსაცმელში“ იგულისხმება მოკრძალებული და გემოვნებით შერჩეული სამოსი. კანადაში მცხოვრები 74 წლის ბარბარა ამბობს: «ვცდილობ, კოხტად და სუფთად გამოვიყურებოდე. არ მინდა უგემოვნოდ მეცვას და ვიფიქრო: „მაინც მოხუცი ვარ და სულ ერთია, როგორ მაცვია“». 91 წლის ფერნი, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს, ამბობს: „განწყობის ასამაღლებლად დროდადრო ახალ ტანსაცმელს ვყიდულობ“. რის თქმა შეიძლება ხანში შესულ მამაკაცებზე? ბრაზილიაში მცხოვრები 73 წლის ანტონიო გვიზიარებს: „ყოველთვის ვცდილობ, სუფთა ტანსაცმელი მეცვას და ელეგანტურად გამოვიყურებოდე“. რაც შეეხება პირად ჰიგიენას, ანტონიო დასძენს: „დღე ისე არ გავა, რომ არ ვიბანაო და წვერი არ გავიპარსო“.
ამავე დროს მნიშვნელოვანია უკიდურესობაში არ გადავვარდეთ და გარეგნობაზე ზედმეტად ზრუნვამ საღი აზრი არ დაგვაკარგვინოს. 69 წლის სამხრეთ კორეელი ბოკიმი გვიზიარებს: „კარგად მესმის, რომ აღარ შემეფერება ისეთი სამოსის ტარება, როგორსაც ახალგაზრდობაში ვატარებდი“.
იყავით პოზიტიური: „დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15). ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა თქვენში უარყოფითი გრძნობები გამოიწვიოს იმაზე ფიქრმა, თუ რა ენერგიული და ჯან-ღონით აღსავსენი იყავით და რამდენი რამის კეთება შეგეძლოთ ახალგაზრდობაში. ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ ეცადეთ, რომ ასეთმა უარყოფითმა ფიქრებმა არ დაგთრგუნოთ. წარსულით ცხოვრებამ თქვენი სიცოცხლე შესაძლოა უღიმღამო გახადოს და იმის კეთების ხალისიც დაგაკარგვინოთ, რაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ. კანადაში მცხოვრებ 79 წლის ჯოზეფს დადებითი განწყობა აქვს. ის ამბობს: „ვცდილობ, იმაზე კი არ ვინერვიულო, რისი კეთებაც აღარ შემიძლია, არამედ სიამოვნება მივიღო იმისგან, რისი კეთების ძალაც ჯერ კიდევ შემწევს“.
კითხვა და სწავლა თქვენს ცხოვრებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და დადებითი ემოციებით აგავსებთ. ასე რომ, შეძლებისდაგვარად ყოველთვის მზად იყავით, წაიკითხოთ ან ისწავლოთ რაიმე ახალი. ფილიპინებში მცხოვრები 74 წლის ერნესტი ახალი და საინტერესო წიგნის წასაკითხად ხშირად სტუმრობს ბიბლიოთეკას. ის ამბობს: „დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს წიგნის პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობა და მათთან ერთად თავგადასავლების ძიება“. 75 წლის ლენარტი, რომელიც შვედეთში ცხოვრობს საკმაოდ რთულ საქმეს, ახალი ენის შესწავლას, შეეჭიდა.
იყავით გულუხვი: „გაეცით და მოგეცემათ“ (ლუკა 6:38). შეეცადეთ, ხშირად დაუთმოთ სხვებს თქვენი დრო და ენერგია, რაც კმაყოფილებასა და ბედნიერებას მოგანიჭებთ. ბრაზილიაში მცხოვრები 85 წლის ჰოზა, რომელიც სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად ყველანაირად ცდილობს სხვების დახმარებას, გვიზიარებს: „ხშირად ვურეკავ ან წერილებს ვწერ მეგობრებს, რომლებიც ავად არიან ან გამხნევებას საჭიროებენ. ზოგჯერ მათ პატარა საჩუქრებსაც ვუგზავნი. აგრეთვე ძალიან მსიამოვნებს ავადმყოფებისთვის სადილისა თუ დესერტის მომზადება“.
გულუხვობა წარმოშობს გულუხვობას. „როდესაც სხვების მიმართ სიყვარულს ავლენ, ისინიც იმავეთი გპასუხობენ“, — ამბობს შვედეთში მცხოვრები 66 წლის იანი. მართლაც, ხელგაშლილი ადამიანი ქმნის თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს, რითაც სხვებს უდავოდ დიდ სიხარულს ანიჭებს.
იყავით მეგობრული: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1). შესაძლოა ხანდახან მარტო ყოფნა გინდოდეთ, მაგრამ მოერიდეთ განმარტოებას და საკუთარ თავში ჩაკეტვას. 72 წლის ნიგერიელ ინოკენტს სიამოვნებს მეგობრებთან ერთად დროის გატარება. „სიხარულს მანიჭებს ყველანაირი ასაკის ადამიანთან ურთიერთობა“, — ამბობ ის. 85 წლის ბერიე კი, რომელიც შვედეთში ცხოვრობს, გვიზიარებს: „ვცდილობ, ახალგაზრდების გარემოცვაში ვიყო. მათი ენერგიულობა თავს მეც ახალგაზრდად მაგრძნობინებს“. ხანდახან მეგობრები სტუმრად მიიპატიჟეთ. 72 წლის კორეელი ჰანსიკი ამბობს: „მე და ჩემი მეუღლე სადილად ან უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სიხარულით ვეპატიჟებით ხოლმე ხანდაზმულ თუ ახალგაზრდა და-ძმებს“.
მეგობრული ადამიანები ურთიერთობის მოყვარულები არიან. ურთიერთობა ორმხრივი პროცესია; ამიტომ ეცადეთ, იყოთ არა მხოლოდ კარგი მოსაუბრე, არამედ კარგი მსმენელიც. გამოავლინეთ სხვების მიმართ ინტერესი. მოზამბიკში მცხოვრები 71 წლის ჰელენი ამბობს: „მეგობრული ვარ და სხვების მიმართ პატივისცემას ვავლენ. ყურადღებით ვუსმენ მათ, რათა გავიგო, რას ფიქრობენ და რა მოსწონთ“. 73 წლის ბრაზილიაში მცხოვრები ჟოზე კი აღნიშნავს: „კარგ მსმენელებთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს, რადგან ისინი სხვების მიმართ თანაგრძნობასა და ინტერესს ავლენენ; არ იშურებენ საქებარ სიტყვებს და კარგი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევიან“.
საკუთარი აზრის გამოთქმისას ეცადეთ, რომ თქვენი სიტყვა „იყოს მარილით შეზავებული“ (კოლოსელები 4:6). თქვენი საუბრით გული არავის ატკინოთ, პირიქით, გაამხნევეთ სხვები.
იყავით მადლიერი: „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15). გამოავლინეთ მადლიერება მათ მიმართ, ვინც დახმარების ხელს გიწვდით და თქვენდამი ყურადღებას ავლენს. ასეთი სახით კარგ ურთიერთობას განავითარებთ სხვებთან. „მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად საკუთარი სახლიდან კორპუსში გადავედით. გადაბარგებაში ბევრი მეგობარი დაგვეხმარა. მართალია, მაშინვე ყველას ვერ ვეცით საკადრის პატივი, მაგრამ მათ სამადლობელი წერილები გავუგზავნეთ, ზოგი კი სადილზე დავპატიჟეთ“, — გვიყვება კანადაში მცხოვრები 74 წლის მარია-პაულა. 76 წლის სამხრეთ კორეელი იევენი კი ძალიან აფასებს იმას, რომ კრების წევრებს ის სამეფო დარბაზში მანქანით მიჰყავთ. ის ამბობს: „იმდენად მადლიერი ვარ, რომ ძმებს საწვავის ფულს ვთავაზობ ხოლმე. ზოგჯერ კი პატარა საჩუქრებს და სამადლობელ ბარათებს ვჩუქნი“.
რაც ყველაზე მთავარია, დააფასეთ სიცოცხლე, რადგან ის ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. ფსალმუნმომღერალმა დავითმა ღმერთს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „რადგან შენთან არის სიცოცხლის წყარო და შენი სინათლით ვხედავთ ნათელს“ (ფსალმუნები 36:9). დიახ, თუ შეინარჩუნებთ დადებით განწყობას და ცხოვრების ამ ახალ ეტაპს მზადყოფნით შეხვდებით, თქვენ აუცილებლად გექნებათ ტკბილი სიბერე!