ᲐᲡᲢᲔᲠ ᲞᲐᲠᲙᲔᲠᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
მსურდა, მთელი ჩემი ცხოვრება იეჰოვასთვის მიმეძღვნა
მშობლებმა ჭეშმარიტება ბავშვობიდანვე შემაყვარეს, რისთვისაც ძალიან ვემადლიერები მათ. იეჰოვა რომ შეეყვარებინათ ჩემთვის, ბიბლიურ ისტორიებს მიკითხავდნენ წიგნიდან „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“ და მასში მოცემულ სურათებზე მიმახვილებდნენ ყურადღებას. რასაც ვსწავლობდი, მეზობლად მცხოვრებ ბავშვებს და პაპას ვუზიარებდი, როცა გვსტუმრობდა. ჩემი მშობლების ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი სულიერ საქმეებს ეკავა, ამიტომ, როცა ასმარიდან (ერიტრეა) ადის-აბებაში (ეთიოპია) გადავედით საცხოვრებლად, დიდად არ გაგვჭირვებია ახალ გარემოსთან შეგუება.
ჭეშმარიტება ბავშვობიდანვე შევიყვარე, ამიტომ მინდოდა, იეჰოვასთვის თავი მიმეძღვნა და მოვნათლულიყავი. 13 წლის რომ გავხდი, ასეც მოვიქეცი. 14 წლის ვიყავი, როცა ძმა ჰელგე ლინკმა a პიონერულ მსახურებაზე დამაფიქრა. დღესაც ცხადად მახსოვს ეს მომენტი. მართალია, დედ-მამა დროებით პიონერებად (დამხმარე პიონერი) მსახურობდნენ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა პიონერად მსახურება. ძმა ჰელგესთან საუბარმა იეჰოვასთვის მეტის გაკეთების სურვილი აღმიძრა.
დევნისთვის მომზადებული
1974 წელს ეთიოპიაში პოლიტიკური არეულობა დაიწყო, რასაც დაპატიმრებები და ხალხის ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. რაღაც დროის მანძილზე კარდაკარ ვერ ვქადაგებდით და შეხვედრებს პატარა ჯგუფებად ვატარებდით. მშობლებმა იმაზეც იზრუნეს, რომ მზად დავხვედროდით დევნას. რეალურად ბიბლიურმა პრინციპებმა დაგვანახვა, რას ნიშნავდა ქრისტიანული ნეიტრალიტეტი. კარგად გვესმოდა, რომ იეჰოვა დაკითხვების დროს ჩვენ გვერდით იქნებოდა და დაგვეხმარებოდა, განგვესაზღვრა, როდის რა გვეთქვა და როდის გავჩუმებულიყავით (მათე 10:19; 27:12, 14).
სკოლის დამთავრების შემდეგ ეთიოპიის ავიაკომპანიაში დავიწყე მუშაობა. ერთ დილას, როცა სამსახურში მივედი, ჩემდა გასაკვირად, კოლეგებმა მოლოცვა დამიწყეს. თურმე ხელისუფლების დაარსების წლისთავის აღსანიშნავად გამართულ აღლუმს წინ უნდა გავძღოლოდი. თუმცა მაშინვე ვუთხარი ჩემს უფროსს, რომ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი.
მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, აეროპორტში ვმუშაობდი, როცა შეიარაღებული მამაკაცები დავინახე. ისინი სარეგისტრაციოსკენ მოდიოდნენ და ვიფიქრე, რომ ვიღაც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა და მისი დაჭერა სურდათ. თუმცა, როგორც კი დამინახეს, ხელი ჩემკენ გამოიშვირეს. ვერ მივხვდი, ჩემგან რა უნდოდათ. რას ვიფიქრებდი, რომ ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე ასე დასრულდებოდა.
ციხეში დახმარების ხელს მიწვდიან
სამხედროებმა განყოფილებაში წამიყვანეს, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვას მიწყობდნენ. მეკითხებოდნენ: „ვინ აფინანსებს იეჰოვას მოწმეებს? ერიტრეის განმათავისუფლებელი ფრონტისთვის მუშაობ? შეერთებული შტატების მთავრობისთვის მუშაობთ შენ და მამაშენი?“. მართალია, ძალიან მძიმე გარემო იყო, მაგრამ იეჰოვას დახმარებით სიმშვიდის შენარჩუნება შევძელი (ფილიპელები 4:6, 7).
დაკითხვის შემდეგ სამხედროებმა ერთ სახლში წამიყვანეს, რომელიც საპატიმროდ ჰქონდათ გადაკეთებული. ოთახი, სადაც შემიყვანეს, 28 კვ/მ იყო და იქ დაახლოებით 15 პოლიტპატიმარი ქალი ჰყავდათ მოთავსებული.
ავიაკომპანიის ფორმით მთელი ღამე იატაკზე მეძინა, თან იმაზე ვფიქრობდი, როგორ ნერვიულობდნენ ჩემი ოჯახის წევრები ჩემზე. მათ იცოდნენ, რომ დამაკავეს, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად წამიყვანეს. იეჰოვას ვთხოვდი, რომ ჩემს პოვნაში დახმარებოდა მათ.
მეორე დილით ერთი ახალგაზრდა მცველი დავინახე, რომელიც ჩემი ნაცნობი იყო. მან გაოგნებულმა შემომხედა და მკითხა: „ასტერ, აქ რას აკეთებ?“. მას ვთხოვე, რომ ჩემს მშობლებთან წასულიყო და ეთქვა, სად ვიყავი. საბედნიეროდ, მცველმა თხოვნა შემისრულა. იმავე დღეს მშობლებმა საკვები და ტანსაცმელი გამომიგზავნეს. იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვას, რამაც დამარწმუნა, რომ მარტო არ ვიყავი.
იქ არც ბიბლია მქონდა და არც პუბლიკაციები. არც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს აძლევდნენ ჩემი ნახვის უფლებას. თუმცა იეჰოვა სხვა პატიმრების მეშვეობით მაინც ახერხებდა ჩემს ნუგეშისცემას. ყოველდღე ვუქადაგებდი მათ და ვხედავდი, როგორი გაოცებულები ისმენდნენ ჭეშმარიტებას. ისინი ხშირად მეუბნებოდნენ: „ჩვენ ადამიანთა ხელისუფლებების მხარდასაჭერად ვიბრძვით, შენ კი — ღვთის მმართველობის მხარდასაჭერად. მოკვლითაც რომ დაგემუქრონ, არასოდეს წახვიდე კომპრომისზე!“.
დროდადრო მცველები პატიმრებს დაკითხვებს უწყობდნენ და სცემდნენ. ერთხელ, დაახლოებით ღამის 11 საათზე, მეც მომაკითხეს. დასაკითხ ოთახში რომ შემიყვანეს, არაერთი ბრალი წამიყენეს. ხელისუფლების ღალატში დამადანაშაულეს. დაცვის ორმა თანამშრომელმა მცემა კიდეც, როცა პოლიტიკური ლოზუნგი არ წარმოვთქვი. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდა, თუმცა ყოველ ჯერზე იეჰოვას ლოცვაში ვთხოვდი დახმარებას და ვგრძნობდი კიდეც, როგორ მედგა მხარში.
სამი თვის შემდეგ გამათავისუფლეს. მართალია, გამახარა ამის გაგებამ, მაგრამ ცოტათი გულიც დამწყდა, რადგან ძალიან მიყვარდა პატიმრებთან ქადაგება.
ჩემი გათავისუფლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სამხედროები ჩემს სახლში შემოიჭრნენ და ჩემი ორი და და ერთი ძმა დააკავეს, რომლებიც ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ. ამ დროს მე სახლში არ ვიყავი. ეს რომ გავიგე, ქვეყნიდან გაქცევა გადავწყვიტე. ძალიან მიჭირდა ოჯახის დატოვება, მაგრამ დედაჩემის სიტყვებმა მხნეობა შემმატა. მან მითხრა, რომ ძალა მომეკრიბა და ბოლომდე იეჰოვას მივნდობოდი. მალევე გადავწყვიტე შეერთებულ შტატებში წასვლა. იმ საღამოს, როცა ფრენა იყო დაგეგმილი, სამხედროები ჩემ დასაკავებლად მეორედ შემოიჭრნენ სახლში. იქ რომ არ დავხვდი, მაშინვე აეროპორტისკენ გაემართნენ, მაგრამ ჩემი თვითმფრინავი უკვე ჰაერში იყო და შტატებისკენ მიფრინავდა.
მერილენდში ჩავფრინდი, სადაც ერთი მისიონერი წყვილი ჰეივუდ და ჯოან უორდები დამხვდნენ. ისინი ერთ დროს ჩემს მშობლებს ბიბლიას ასწავლიდნენ. 5 თვის შემდეგ როგორც იქნა მივაღწიე ჩემს დასახულ მიზანს და პიონერად მსახურება დავიწყე. მსახურებაში უორდების ქალიშვილთან, სინდისთან, ვთანამშრომლობდი და მასთან ერთად უამრავი კარგი მოგონებაც დამიგროვდა.
ბეთელში მსახურება
1979 წლის ზაფხულში ნიუ-იორკში ბეთელს ვეწვიე, სადაც უესლი პარკერი გავიცანი. ძალიან მომხიბლა მისმა თვისებებმა და სულიერი მიზნებისადმი მისმა დამოკიდებულებამ. 1981 წელს დავქორწინდით და უესლისთან ერთად მეც ბეთელში დავიწყე მსახურება. თავიდან დასუფთავებისა და ქიმწმენდის განყოფილებებში ვმსახურობდი, შემდეგ კი — MEPS-ის პროგრამირების განყოფილებაში. ბეთელში მსახურებამ იმის შესაძლებლობა მომცა, რომ იეჰოვას საქმეში სრულად დავხარჯულიყავი და ისეთი და-ძმები გამეცნო, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ.
თუმცა სულ ვდარდობდი ჩემი ოჯახის წევრებზე, რომლებიც ეთიოპიაში იდევნებოდნენ. ჩემი სამი და-ძმა ჯერ კიდევ პატიმრობაში იყო. b ციხეში მათ საჭმელს არ აჭმევდნენ, ამიტომ დედა ყოველდღე ამზადებდა სადილს და მათთან მიჰქონდა.
იმ რთულ პერიოდში აშკარად ვგრძნობდი, რომ იეჰოვა იყო ჩემი თავშესაფარი. ბეთელის ოჯახიც სულ მამხნევებდა და მხარს მიჭერდა (მარკოზი 10:29, 30). ერთხელ ძმა ჯონ ბუთმა ასეთი რამ მითხრა: „ვერ წარმოიდგენ, როგორ გვიხარია, ჩვენ გვერდით რომ მსახურობ ბეთელში. იეჰოვას მხარდაჭერა რომ არ გქონდეს, ამას ვერ შეძლებდი“. c მაშინ მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა ეთიოპია დავტოვე. დავრწმუნდი, რომ იეჰოვამ აკურთხა ჩემი გადაწყვეტილება და ის ჩემს ოჯახზეც აუცილებლად იზრუნებდა.
ოჯახთან ერთად ვემსახურები იეჰოვას
1989 წლის იანვარში გავიგეთ, რომ ორსულად ვიყავი. თავიდან ცოტა ავნერვიულდით, მაგრამ მაინც ვეცადეთ, გაგვეხარა ამ ამბით. გვაფიქრებდა, როგორი მშობლები ვიქნებოდით, სად ვიცხოვრებდით და რით ვირჩენდით თავს ბეთელიდან წასვლის შემდეგ.
1989 წლის 15 აპრილს ბარგი მანქანაში ჩავალაგეთ და ორეგონისკენ ავიღეთ გეზი. ვგეგმავდით, რომ იქ გაგვეგრძელებინა პიონერად მსახურება. თუმცა მალევე მეგობრებმა გვითხრეს, რომ ჩვენს მდგომარეობაში არაგონივრული იქნებოდა პიონერობა. პრინციპში მართლებიც იყვნენ, იმიტომ რომ მატერიალურად ძალიან გვიჭირდა და თანაც ბავშვს ველოდებოდით. ცოტა დაბნეულები ვიყავით. ზუსტად იმ პერიოდში სარაიონო ზედამხედველი, გაი პირსი და მისი მეუღლე პენი გვესტუმრნენ. d მათ გვირჩიეს, რომ, რაც თავიდან გვქონდა გადაწყვეტილი, ის გაგვეკეთებინა. ასე რომ, პიონერად მსახურებას შევუდექით და სრულად მივენდეთ იეჰოვას (მალაქია 3:10). პიონერული მსახურება არც მაშინ შეგვიწყვეტია, როცა პირველი ვაჟი, ლემუელი გვეყოლა და არც მაშინ, როცა მეორე ვაჟი, ჯეიდონი შეგვეძინა.
ძალიან კარგად გვახსენდება ჩვენს ბიჭებთან ერთად პიონერული მსახურება. ამ პერიოდმა საშუალება მოგვცა, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ სხვებისთვის კი არ გაგვეზიარებინა, არამედ ჩვენი შვილებისთვისაც გვესწავლებინა (კანონი 11:19). თუმცა მესამე ვაჟი, იაფეთი, რომ შეგვეძინა, რაღაც პერიოდი პიონერული მსახურების შეწყვეტა მოგვიწია (მიქა 6:8).
ჩვენს შვილებს იეჰოვას მსახურებისკენ ვახალისებთ
ვხვდებოდით, რომ როგორც მშობლებს, უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრა — შვილებისთვის იეჰოვა უნდა შეგვეყვარებინა და დავხმარებოდით, პირადად დაახლოებოდნენ მას. ამ მიზნის მისაღწევად ვცდილობდით, ოჯახური თაყვანისცემა მათთვის საინტერესო გაგვეხადა. პატარები რომ იყვნენ, მათთან ერთად ვკითხულობდით წიგნებს „დიდებული მასწავლებელი“ და „ბიბლიური მოთხრობები“. ზოგჯერ ბიბლიური სიუჟეტების მიხედვით სხვადასხვა სცენას ვდგამდით. ოჯახში ერთადერთი ქალი ვიყავი, ამიტომ როცა იზებელის ისტორიას ვაცოცხლებდით, მისი როლის თამაში მე მიწევდა. ბიჭებს განსაკუთრებით ის მომენტი უყვარდათ, ვითომ სარკმლიდან რომ მაგდებდნენ და თვითონ ძაღლების როლს რომ ასრულებდნენ. უესლი ბიჭებს ცალ-ცალკეც უტარებდა შესწავლებს.
დიდ სიამოვნებას გვგვრიდა ჩვენს შვილებზე ზრუნვა. ხშირად ვლოცულობდით ერთად, რაც გვეხმარებოდა, მთელი ოჯახი ერთ მუშტად ვყოფილიყავით შეკრული. როცა წამოიზარდნენ, სახლის საქმეებშიც ჩავრთეთ. ვასწავლეთ ჭურჭლისა და ტანსაცმლის რეცხვა, ოთახების დასუფთავება და საჭმლის მომზადება.
მათთან ერთად ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მდგომარეობიდან გამოვდიოდით და ერთმანეთს გულსატკენ სიტყვებს ვეუბნებოდით. ასეთ სიტუაციებში მეტად ვისწავლეთ თავმდაბლობის გამოვლენა და ბოდიშის მოხდა.
სახლში ხშირად ვეპატიჟებოდით ჩვენი კრების და-ძმებს, ბეთელელებს, მისიონერებს, სარაიონო ზედამხედველებს და მათ, ვინც სხვა ტერიტორიებზე ქადაგებდნენ (რომაელები 12:13). როცა სტუმრებს ვუმასპინძლდებოდით, ბავშვებს სხვა ოთახში არასდროს ვუშვებდით სათამაშოდ. ისინი ჩვენთან ერთად ისხდნენ და ისმენდნენ ჩვენს საუბარს და იმ შემთხვევებს, რომლებსაც სტუმრები ყვებოდნენ. ხშირად ამ საუბრებიდან მათ უფრო მეტი ამახსოვრდებოდათ, ვიდრე მე და უესლის.
მე და ჩემი ქმარი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ იეჰოვას მსახურება სასიამოვნო ყოფილიყო მთელი ოჯახისთვის. მაგალითად, დანაზოგს ვაკეთებდით და შვებულების დღეებს ვაგროვებდით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გვემოგზაურა. მოგზაურობის დროს ვსტუმრობდით ადგილობრივ ფილიალს, ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და ვმონაწილეობდით მსახურებაში. ამან მეტად შეგვაყვარა იეჰოვას ორგანიზაცია და ერთმანეთსაც უფრო დავუახლოვდით.
კვლავაც სრულად ვართ ჩართული მსახურებაში
ჩვენს ტერიტორიაზე ბევრი ესპანურენოვანი ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ შევამჩნიეთ, რომ რეგულარულად ვერ ხერხდებოდა მათთან ქადაგება. ბიჭები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როცა ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ესპანურენოვან კრებაში გადასვლა. რჩევა ძმა გაი პირსსაც ვკითხეთ. მან იუმორით გვითხრა: „მეთევზემ იქ უნდა ითევზაოს, სადაც თევზია“. მისმა ნათქვამმა საბოლოოდ გადაგვაწყვეტინა ესპანურენოვან კრებაში გადასვლა. უდიდესი სიხარული მოგვიტანა იქ მსახურებამ, რადგან არაერთი ბიბლიის შემსწავლელი მოინათლა და ჩვენი პატარა ჯგუფი კრებად ჩამოყალიბდა.
რაღაც პერიოდის შემდეგ უესლიმ სამსახური დაკარგა და კალიფორნიაში მოგვიწია გადასვლა მისი ახალი სამსახურის გამო. ორი წლის შემდეგ მე, ლემუელმა და ჯეიდონმა პიონერად მსახურება დავიწყეთ. 2007 წელს პიონერული მსახურების სკოლაც ერთად გავიარეთ. იმ ტერიტორიაზე ბევრი არაბულენოვანი ხალხი ცხოვრობდა. ამიტომ ესპანურენოვან ტერიტორიაზე 13-წლიანი მსახურების შემდეგ არაბულენოვან კრებაში გადავედით. სასიამოვნო იყო ემიგრანტებთან ქადაგება ადგილობრივადაც და დროდადრო საზღვარგარეთ სპეციალურ კამპანიებში მონაწილეობა. დღემდე სან-დიეგოში (კალიფორნია) ვმსახურობთ პიონერებად არაბულენოვან კრებაში.
უესლი შესანიშნავი ქმარი და ოჯახის თავია. ის ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული იეჰოვას ორგანიზაციისადმი. მას არასოდეს გაუკრიტიკებია ბეთელსა თუ კრებაში მიღებული გადაწყვეტილებები. პირიქით, სულ დადებითად საუბრობს ამაზე. ის ყოველთვის ლოცულობს ჩემთან ერთად. როცა რთულ სიტუაციებში ვყოფილვარ, მის ლოცვებს გავუმხნევებივარ და სიმშვიდის შენარჩუნებაში დამხმარებია.
სიამოვნებით ვიხსენებ სრული დროით მსახურებაში გატარებულ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ბავშვების აღზრდის პერიოდს და იმ კრებებში მსახურებას, სადაც დიდი საჭიროება იყო. საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ, თუ იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილზე დააყენებ, არაფერი მოგაკლდება (ფსალმუნი 37:25). თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო არჩევანი მაშინ გავაკეთე, როცა მთელი ჩემი ცხოვრება იეჰოვას მივუძღვენი (ფსალმუნი 84:10).
a ძმა ჰელგე ლინკი კენიის ფილიალში მსახურობდა, საიდანაც ეთიოპიაშიც ეწეოდა ორგანიზება სამქადაგებლო საქმეს.
b ჩემი და-ძმები ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს ციხიდან.
c ძმა ჯონ ბუთი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო. მან მიწიერი სიცოცხლე 1996 წელს დაასრულა.
d ძმა გაი პირსი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო. მან მიწიერი სიცოცხლე 2014 წელს დაასრულა.