დეივიდ მაზა | ავტობიოგრაფია
ტრაგედიის მიუხედავად ერთ მუშტად შეკრულნი
ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ყოველთვის წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუმცა ბიბლიის შესწავლამ დამანახვა, რომ ამის მიღწევა ნამდვილად შესაძლებელია. მას შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ჩვენს სამ შვილთან ერთად მთელი გულით ვემსახურებოდით იეჰოვას.
2004 წლის 24 აპრილს ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა.
როცა პირველი შვილი, ლორენი, გვეყოლა, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეწია მისთვის კარგი მამობა. მამობისთვის არც მაშინ ვიყავი მზად, როცა მეორე შვილი, მაიკლი, გვეყოლა. ჩემი მშობლები გამუდმებით ჩხუბობდნენ, რის გამოც, საბოლოო ჯამში, გაეყარნენ ერთმანეთს. კი მინდოდა, კარგი ქმარი და მამა ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მიმეღწია ამ მიზნისთვის.
მოზარდობის წლებში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე გავხდი დამოკიდებული, ამიტომ ზრდასრულ ასაკში სრულიად უკონტროლო ვიყავი. ამ ყველაფერთან ერთად ვთამაშობდი კიდეც, რის გამოც არაერთი არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ურთიერთობა ისე დაგვეძაბა, რომ კეიმ ბავშვებს ხელი მოჰკიდა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. განადგურებული ვიყავი.
კეის ვკითხე, რა გამეკეთებინა მის დასაბრუნებლად. იმ დროისთვის ის ერთ იეჰოვას მოწმესთან, გლორიასთან, ბიბლიას სწავლობდა, ამიტომ ძალიან მარტივად მიპასუხა: „ბიბლია შეისწავლე“. წარმოდგენა არ მქონდა, რას გულისხმობდა, მაგრამ ისე მინდოდა კეის დაბრუნება, რომ გადავწყვიტე, მეც შევხვედროდი გლორიას და მის ქმარს, ბილს.
საუბარი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა
როცა ბილი და გლორია ჩვენთან მოვიდნენ სახლში, გავოგნდი, როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. გავიგე, რომ მათ დაახლოებით ჩემხელა შვილები ჰყავდათ, რომელთაც აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონდათ. მაშინ პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ ბიბლიის დახმარებით ადამიანს შეიძლება ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს.
ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბილი და გლორია ჩემს პრობლემებზე მესაუბრნენ. მათ წამაკითხეს გალატელების 6:7: „კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის“. აქამდე ამ პრინციპით რომ მეცხოვრა, ფაქტია, ბევრ პრობლემას ავირიდებდი თავიდან.
ნელ-ნელა ბიბლიური პრინციპების გამოყენება დავიწყე და ჩემი ცხოვრებაც უკეთესობისკენ წავიდა. მე და კეიმ სიგარეტის მოწევა შევწყვიტეთ და სხვა სისუსტეებსაც მოვერიე. 1985 წელს მესამე შვილი შეგვეძინა, დეივიდი, რომელსაც მოფერებით დეივის ვეძახდით. ახლა უკვე მზად ვიყავი მამობისთვის.
ერთად ვემსახურებით იეჰოვას
მე და კეი ვცდილობდით, შვილებისთვის იეჰოვას სიყვარული ჩაგვენერგა. ამან ერთმანეთთანაც დაგვაახლოვა. ძალიან ბევრი ვისწავლეთ წიგნიდან „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. ბევრს ვსწავლობდით კრებაშიც ჩვენი თანაქრისტიანებისგან. მოგვიანებით ჩვენმა სამივე შვილმა პიონერად მსახურება დაიწყო.
2004 წელი იდგა. ლორენი ესპანურენოვან კრებაში მსახურობდა. მაიკლი ახალდაქორწინებული იყო, რის გამოც ბეთელიდან წამოსვლა მოუწია. ის და მისი მეუღლე დიანა გუამში გადასვლას გეგმავდნენ მსახურებისთვის. დეივი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, დომინიკელთა რესპუბლიკაში მსახურობდა.
ძალიან გვეამაყებოდა, რომ ჩვენმა შვილებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენს გრძნობებს კარგად გადმოსცემდა 3 იოანეს 4: „ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტების გზით დადიან“. რას წარმოვიდგენდით, რომ ერთი სატელეფონო ზარი ჩვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
დიდი ტრაგედია
2004 წლის 24 აპრილი იყო. მე, კეი და კიდევ ორი წყვილი რესტორანში ვსადილობდით. ეს რესტორანი ჩვენი სახლიდან დაახლოებით 100 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა, ამიტომ ექვსივე ჩვენი მანქანით წავედით. სადილის შემდეგ დესერტის მისართმევად კაფეში გავიარეთ. სხვები იქ დავტოვე, მე კი მანქანის დასაყენებლად წავედი. ამ დროს ტელეფონზე მეგობარმა დამირეკა. ხმა უკანკალებდა.
„ძალიან ცუდი ამბავი მაქვს. დეივი ავარიაში მოყვა“, — მითხრა მან.
პასუხის ძალიან შემეშინდა, მაგრამ მაინც ვკითხე: „და როგორ არის?“.
თავიდან ხმას ვერ იღებდა. შემდეგ როგორღაც გაბედა და მითხრა, რომ დეივი აღარ იყო ცოცხალი.
საუბარი რომ დავასრულე, მაშინვე ვილოცე და იეჰოვას ძალა ვთხოვე. შემდეგ კაფეში შევედი და მეგობრებს ვუთხარი, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი და კარგი იქნებოდა, თუ სახლში წავიდოდით. არ მინდოდა, კეისთვის ეს ამბავი სხვების თანდასწრებით მეთქვა.
ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები იყო. გზაში კეი მეგობრებს დეივიზე ესაუბრებოდა. ძალიან ბედნიერი იყო, რომ მალე ჩამოსვლას აპირებდა. მან არაფერი იცოდა, მე კი ტელეფონზე უკვე სამძიმრის წერილები მომდიოდა.
მეგობრები სახლებში რომ დავტოვეთ, ჩვენც შინ დავბრუნდით. კეიმ შემომხედა და ეგრევე მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. „რა მოხდა?“, — მკითხა მან. ძალიან მიმძიმდა იმის თქმა, რაც მის ცხოვრებასაც თავდაყირა დააყენებდა.
ტკივილთან გამკლავება
მე და კეი მანამდეც ბევრ სირთულეს შევხვედრივართ, ამიტომ ვიცოდით, რომ იეჰოვა თავის ხალხს არასდროს ტოვებდა მარტო (ესაია 41:10, 13). თუმცა ეს სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო. თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა: „რატომ დაემართა ასეთი რამ ჩვენს დეივის? ის ხომ ამდენს ირჯებოდა იეჰოვასთვის და რატომ არ დაიცვა მან ჩვენი ბიჭი?!“.
ძმის დაკარგვა ჩვენი შვილებისთვისაც დიდი დარტყმა იყო. ლორენი დეივისთვის მეორე დედასავით იყო და მისი სიკვდილი ძალიან მძიმედ გადაიტანა. მაიკლიც ძალიან ცუდად იყო. ის ბოლო ხუთი წელი ჩვენგან შორს ცხოვრობდა, თუმცა ცოტა ხნით ადრე ჰყავდა ნანახი დეივი და აღფრთოვანებული იყო, როგორი ბიჭი დადგა.
პირველივე წუთიდან კრება საოცრად ამოგვიდგა მხარში. კეის ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა მომხდარი, რომ და-ძმები უკვე ჩვენს სახლში მოდიოდნენ (იგავები 17:17). არასდროს დამავიწყდება, როგორ ავლენდნენ ისინი ჩვენ მიმართ სიყვარულს.
მე და კეი რეგულარულად ვლოცულობდით, ვსწავლობდით ბიბლიას და კრების შეხვედრებს არ ვაცდენდით. თუმცა ტკივილი არსად გამქრალა. მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებდით ამ ყველაფრის კეთებას. გვესმოდა, რომ ახლა განსაკუთრებით გვჭირდებოდა ძლიერი რწმენა (ფილიპელები 3:16).
მაიკლი და დიანა ჩვენთან ახლოს გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ლორენიც ჩვენს კრებაში დაბრუნდა. მომდევნო რამდენიმე წელი გვერდიდან არ გვშორდებოდნენ, რამაც დიდი დახმარება გაგვიწია. მოგვიანებით ლორენი დაქორწინდა. მისი მეუღლე ჯასტინიც საოცრად გვედგა ყველას მხარში.
უმძიმესი მოგზაურობა
დეივის სიკვდილიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გადავწყვიტეთ ტკივილთან გასამკლავებლად საკმაოდ რთული ნაბიჯი გადაგვედგა. თუმცა ეს ზუსტად ის აღმოჩნდა, რაც გვჭირდებოდა. ამ ისტორიას კეი მოგიყვებათ.
„როცა ჩემმა ქმარმა დეივის სიკვდილის ამბავი მითხრა, მეგონა, ცხოვრება დამთავრდა. დიდხანს ვერ გამოვდიოდი მდგომარეობიდან, არაფრის თავი არ მქონდა. გამუდმებით ვტიროდი. გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგჯერ იეჰოვაზეც ვბრაზობდი და საერთოდ ყველაზე, ვინც ცოცხალი იყო. საღად აზროვნების უნარიც წართმეული მქონდა.
ძალიან მინდოდა, დომინიკელთა რესპუბლიკაში წავსულიყავი და ის ადგილები მენახა, სადაც დეივმა თავისი სიცოცხლის ბოლო თვეები გაატარა. თუმცა ძალიან სუსტად ვიყავი და მეგონა, ძალა არ მეყოფოდა ამ მოგზაურობისთვის.
ერთმა ახლო მეგობარმა მითხრა, რომ დეივის მეგობრებიც დომინიკელთა რესპუბლიკაში ძალიან განიცდიდნენ მის სიკვდილს და ჩვენთან შეხვედრა უნდოდათ. მისმა სიტყვებმა და მხარდაჭერამ გადამაწყვეტინა, გავმგზავრებულიყავი.
ეს მოგზაურობა ჩვენი ოჯახისთვის დროული აღმოჩნდა. ბედნიერი ვიყავით იმის მოსმენით, რასაც დეივიზე გვიყვებოდნენ. მას ძალიან სულიერ პიროვნებად ახასიათებდნენ. კრებაში ერთადერთი უხუცესი ჰყავდათ, რომელმაც გვითხრა, რომ დეივი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა დავალებებს და მას ყოველთვის ჰქონდა მისი იმედი.
იმ ქუჩაზე რომ გავიარეთ, რომელზეც დეივი ცხოვრობდა, მეზობლები ჩვენ შესახვედრად გამოვიდნენ და მოგვიყვნენ, რამდენი სიკეთე ჰქონდა დეივის მათთვის გაკეთებული. ვიცოდი, რომ დეივი კეთილი ადამიანი იყო, მაგრამ ამ ხალხის მონაყოლმა უფრო კარგად დამანახვა, თურმე როგორ ცდილობდა ჩემი ბიჭი იესოს ნაკვალევის მიყოლას.
ჩვენ დეივის ერთ-ერთი ბიბლიის შემსწავლელიც გავიცანით. ეს მამაკაცი ლოგინად იყო ჩავარდნილი. მას ძალიან უჭირდა და ერთ პატარა სახლში ცხოვრობდა. და-ძმებმა გვითხრეს, რომ დეივი ამ მამაკაცს დიდი პატივისცემით ექცეოდა. ამის მოსმენაზე გული სიამაყით ამევსო.
ფაქტია, ეს უმძიმესი მოგზაურობა იყო, თუმცა მათ გვერდით ყოფნა, ვისაც ძალიან უყვარდა დეივი და მათგან მიღებული ნუგეში, ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა. თითქოს ტკივილი ოდნავ დაგვიამდა“.
დეივი სხვებისთვისაც კარგი მაგალითი აღმოჩნდა
2005 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთში!“ დეივის სიკვდილისა და დომინიკელთა რესპუბლიკაში მისი მსახურების შესახებ სტატია დაიბეჭდა. ჩვენ იმ დროს წარმოდგენაც არ გვქონდა, როგორ იმოქმედებდა ეს სტატია სხვებზე. 2019 წლის მაისში ერთი ძმა, ნიკი, დაგვიკავშირდა და ასეთი რამ გვითხრა:
«2004 წელი იწურებოდა. მე კოლეჯში ვსწავლობდი და არანაირი სულიერი მიზნები არ მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვიყავი. ვილოცე და იეჰოვას ვთხოვე, დამხმარებოდა, ახალგაზრდობის წლები უკეთესად გამომეყენებინა. მალევე „გამოიღვიძეთში!“ დეივის შემთხვევა წავიკითხე. ეს ჩემს ლოცვაზე პასუხი აღმოჩნდა.
კოლეჯიდან წამოვედი და პიონერად მსახურება დავიწყე. უცხოენოვან ტერიტორიაზე რომ გადავსულიყავი, ესპანურის შესწავლაც გადავწყვიტე. რაღაც დროის შემდეგ ნიკარაგუაში გადავედი მსახურებით და ჩემს მეუღლესთან ერთად მახარობელთა სკოლაშიც ვისწავლე. როცა მეკითხებიან, რატომ გადავწყვიტე პიონერობა, მათ დეივიზე ვუყვები».
2019 წელს, როცა ბუენოს-აირესში (არგენტინა) საერთაშორისო კონგრესზე ვიყავით, ერთი და, აბი, გავიცანით, რომელიც ჩვენს სასტუმროში გაანაწილეს. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი და იყო. აბიმ მეც და კეისაც დეივი გაგვახსენა.
კონგრესის შემდეგ ჩვენს ოთახში რომ ავედით, აბის იმ „გამოიღვიძეთის!“ ბმული გავუგზავნეთ, რომელშიც დეივის შემთხვევა იყო დაბეჭდილი. მან რამდენიმე წუთში გვიპასუხა და გვითხრა, რომ ძალიან უნდოდა ჩვენთან ლაპარაკი. მისაღებში ჩავედით და აბის შევხვდით. მან აცრემლებულმა მოგვიყვა, რომ 2011 წლის სექტემბერში პიონერად მსახურება და მოგვიანებით დაშორებულ ტერიტორიაზე გადასვლა სწორედ დეივის შემთხვევამ გადააწყვეტინა. მან გვითხრა: „დღემდე, როცა მსახურებაში რაიმე სირთულეს ვაწყდები, ამ სტატიას ვკითხულობ“. ეს ჟურნალი მას მაშინაც თან ჰქონდა.
ასეთი შემთხვევები გვარწმუნებს, რომ ყველანი ერთი მსოფლიო ოჯახის წევრები ვართ და იეჰოვას ხალხის ერთობას ვერაფერი შეედრება!
მე და კეი ძალიან გვანუგეშა იმ ფაქტმა, რომ დეივი სხვებისთვისაც სამაგალითო აღმოჩნდა. ქებას იმსახურებს ყველა ახალგაზრდა, რომლებიც სიცოცხლის საუკეთესო წლებს იეჰოვას მსახურებას უძღვნიან. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, როგორ მოქმედებს სხვებზე მათი ენთუზიაზმი.
„მისთვის ისინი ცოცხლები არიან“
ლუკას 20:37-ში იესო იეჰოვას სიტყვებს ციტირებს, რომელმაც საკუთარ თავს „აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“ უწოდა. იეჰოვას არ უთქვამს, რომ მხოლოდ მათ სიცოცხლეში იყო მათი ღმერთი. ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ისინი ცოცხლები აღარ იყვნენ, მაგრამ იეჰოვამ მათ ღმერთად მოიხსენია თავი. რატომ მოიქცა ის ასე? ამ კითხვაზე პასუხს 38-ე მუხლიდან ვიგებთ: „მისთვის ისინი ცოცხლები არიან“.
დიახ, იეჰოვას თვალში მისი გარდაცვლილი ერთგული მსახურებიც ცოცხლები არიან. ესეც მარწმუნებს, რომ მას ერთი სული აქვს, როდის აღადგენს მათ (იობი 14:15; იოანე 5:28, 29). მჯერა, იეჰოვას დეივის მიმართაც ასეთი განწყობა აქვს.
დეივის ნახვაზე მეტად არაფერი მინდა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც იმის დანახვა გამახარებს, როგორ ჩაიკრავს კეი მას გულში. გულს მიკლავს, როცა ვუყურებ, რამხელა ტკივილს განიცდის ის დღემდე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ლუკას 7:15-მა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: „მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო. იესომ ის დედამისს ჩააბარა“ .
2005 წლის სექტემბერში მეც შევუერთდი კეის პიონერულ მსახურებაში. ძალიან მახარებს, რომ ცოლთან, შვილებთან და მათ მეუღლეებთან ერთად მხარდამხარ ვემსახურები იეჰოვას. ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ და იმ დროისკენ მივმართოთ მზერა, როცა კვლავ ჩავიკრავთ გულში ჩვენს ძვირფას დეივის.