დორინა კაპარელი | ავტობიოგრაფია
„სიმორცხვის მიუხედავად, სიამოვნებით გავივლიდი იმავე გზას!“
ყოველთვის ძალიან მორცხვი ვიყავი. როცა იეჰოვას მსახურებაში გატარებულ დაუვიწყარ წლებს ვიხსენებ, ვერ ვიჯერებ, რომ სიმორცხვის მიუხედავად, ამდენი რამ შევძელი.
დავიბადე 1934 წელს ქალაქ პესკარაში, რომელიც მდებარეობს იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში, ადრიატიკის ზღვასთან. ოთხ დას შორის ნაბოლარა ვიყავი. მამამ გადაწყვიტა, შვილებისთვის სახელები ანბანური თანმიმდევრობით დაერქმია. მე მეოთხე ვიყავი, ამიტომ დორინა დამარქვა.
მამას ყოველთვის აინტერესებდა ღვთის შესახებ მეტის გაგება. მას იეჰოვას მოწმეებთან პირველი შეხება 1943 წლის ივლისში ჰქონდა, როდესაც შეხვდა ერთ მამაკაცს, სახელად ლიბერატო რიჩის. ლიბერატო იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას. მან მამას ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი ნომერი ათხოვა. ამ შემთხვევიდან მალევე, მამამ დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ჟურნალში წაკითხული აზრების სხვებისთვის გაზიარება. ჭეშმარიტება დედამაც მიიღო. მართალია, დედამ წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ ბიბლიური იმედის შესახებ გულმოდგინედ ესაუბრებოდა ხალხს და ზეპირად ნასწავლ ბიბლიურ მუხლებს იშველიებდა.
ჩვენი პატარა სახლი ერთგვარ შტაბბინად იქცა: იქ ტარდებოდა კრების შეხვედრები; მიმომსვლელ ზედამხედველებსაც და პიონერებსაც ჩვენთან ვაბინავებდით მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი საძინებელი გვქონდა.
ჩემი ორი უფროსი და ბიბლიისადმი ინტერესს არ იჩენდა. გარკვეული ხნის შემდეგ ორივენი გათხოვდნენ და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. მაგრამ მე და ჩემი და, ჩესირა, სიამოვნებით ვუსმენდით მამას, როცა ბიბლიას კითხულობდა. აგრეთვე ძალიან მოგვწონდა გამამხნევებელი მოხსენებების მოსმენა, რომელთაც ძმები ჩვენი პატარა ჯგუფის მონახულებისას წარმოთქვამდნენ.
ხშირად დავყვებოდი მამას და სხვა და-ძმებს მსახურებაში, მაგრამ ისეთი მორცხვი ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი. თვეები დამჭირდა, რომ გაბედულება მომეკრიბა და მობინადრეებისთვის ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. თუმცა იეჰოვა უფრო და უფრო მიყვარდებოდა, ამიტომ 1950 წლის ივლისში მისადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. ნათლობის თემა ძმამ ჩვენს სახლში წაიკითხა. შემდეგ ზღვაზე წავედით და იქ მოვინათლე. მომდევნო წელს ჩვენს ტერიტორიაზე ერთი წყვილი დაინიშნა სპეციალურ პიონერად. ხშირად ვქადაგებდი ხოლმე მათთან ერთად. რაც უფრო მეტ დროს ვუთმობდი ქადაგებას, მით უფრო მიადვილდებოდა და მიყვარდებოდა ეს საქმე.
გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება
ჩვენი პირველი სარაიონო ზედამხედველი პიერო გატი იყო. a მან არა მარტო პიონერობისკენ წამახალისა, არამედ იმისკენაც, რომ იქ გადავსულიყავი, სადაც მქადაგებლების საჭიროება იყო. ასეთი რამ მანამდე აზრადაც არ მომსვლია. ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად, გოგოები გათხოვებამდე მშობლებთან ცხოვრობდნენ. ასე რომ, 1952 წლის მარტში პიონერობა დავიწყე, მაგრამ სახლიდან არსად გადავსულვარ. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ იმოქმედებდა ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაზე.
იმ პერიოდში კიდევ ერთ ახალგაზრდა დას, ანას, უნდოდა პიონერად მსახურების დაწყება. ის ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ერთად შევუდექით ქადაგებას. 1954 წელს ორივენი სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს ქალაქ პერუჯაში, რომელიც ჩვენი ქალაქიდან 250 კილომეტრში მდებარეობდა. იქ არცერთი იეჰოვას მოწმე არ იყო.
ეს ჩემთვის ნამდვილი თავგადასავალი იყო! მხოლოდ 20 წლის ვიყავი და თანაც ჩემი ქალაქიდან ერთადერთხელ ვიყავი გასული კონგრესზე დასასწრებად, ისიც მშობლებთან ერთად. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქვეყნის დასალიერში მივდიოდი. მამა ღელავდა, შევძლებდით თუ არა მე და ანა დამოუკიდებლად ბინის შოვნას, ამიტომ თავად ჩამოვიდა ჩვენ დასახმარებლად. ისეთი ოთახი ვიქირავეთ, რომელიც შეხვედრების ჩასატარებლადაც გამოდგებოდა. თუმცა რაღაც პერიოდი კრებებს მხოლოდ მე და ანა ვესწრებოდით. ჩვენ მაინც სიხარულით ვაგრძელებდით პერუჯასა და ახლომდებარე ქალაქებსა და სოფლებში ქადაგებას. დროთა განმავლობაში ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ პერუჯაში ერთი ძმა გადმოვიდა, რომელიც კრების შეხვედრებს ატარებდა. 1957 წელს ჩვენ ახალ ტერიტორიაზე გაგვგზავნეს. იმ დროისთვის პერუჯაში უკვე პატარა კრება არსებობდა.
ჩვენ პატარა ქალაქ ტერნიში (ცენტრალური იტალია) დაგვნიშნეს. ტერნიში ქადაგება ძალიან მოგვწონდა, რადგან იქ უკვე ბევრი დაინტერესებული იყო. თუმცა სირთულეებიც არ გვაკლდა. მართალია, ფაშისტური რეჟიმი 1943 წელს დასრულდა, მაგრამ ზოგი უფლებამოსილი პირი კვლავაც ცდილობდა, შეეჩერებინა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. ისინი მოითხოვდნენ, რომ კარდაკარ ქადაგებისთვის ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა აგვეღო.
მსახურებისას ხშირად პოლიცია აგვედევნებოდა ხოლმე. ზოგჯერ ხალხში ავირეოდით და ასე ვაღწევდით მათგან თავს, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოგვდიოდა. პირადად მე ორჯერ დამაკავეს; პირველად სარაიონო ზედამხედველთან ქადაგებისას. პოლიციამ ორივე განყოფილებაში წაგვიყვანა. მათ იურიდიული ნებართვის გარეშე ქადაგებაში დაგვადანაშაულეს და ფულადი ჯარიმა დაგვაკისრეს. ჩვენ უარი ვთქვით ჯარიმის გადახდაზე, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი გვქონდა ჩადენილი. ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ საკუთარი გულისცემის ხმა მესმოდა. იეჰოვას მადლობას ვუხდიდი, რომ მარტო არ ვიყავი. ამ დროს გამახსენდა ესაიას 41:13-ში ჩაწერილი სიტყვები: „ნუ გეშინია, მე დაგეხმარები!“. ჩვენ გაგვათავისუფლეს და როცა ეს საქმე განსახილველად სასამართლოს გადასცეს, მოსამართლემ მაშინვე დახურა ის. მეორედ ექვსი თვის თავზე დამაკავეს. მაშინ მარტო ვიყავი. მოსამართლემ ამჯერადაც უდანაშაულოდ მცნო.
მსახურების მეტი შესაძლებლობა
განსაკუთრებით დამამახსოვრდა 1954 წელს ნეაპოლში (სამხრეთი იტალია) ჩატარებული კონგრესი. იქ ჩასულმა სურვილი გამოვთქვი, რომ მონაწილეობას მივიღებდი საკონგრესო ტერიტორიის დასუფთავებაში. ძმებმა სცენის მიმდებარე ტერიტორიის დალაგება დამავალეს. იქ ერთი სიმპათიური ახალგაზრდა შევნიშნე, ანტონიო კაპარელი, რომელიც ლიბიაში პიონერად მსახურობდა. მისი ოჯახი იტალიიდან იქ 1930-იანი წლების ბოლოს გადავიდა.
ანტონიო ენერგიული და უშიშარი ახალგაზრდა იყო. ის თავისი მოტოციკლით ლიბიის უდაბნოშიც კი მიდიოდა, იქ მცხოვრები იტალიელებისთვის რომ ექადაგა. დროდადრო ერთმანეთს წერილებს ვწერდით. 1959 წლის დასაწყისში ანტონიო იტალიაში დაბრუნდა და რამდენიმე თვე რომში, ბეთელში დარჩა. ამის შემდეგ ის სპეციალურ პიონერად მსახურებას შეუდგა ქალაქ ვიტერბოში, იტალიის ცენტრალურ ნაწილში. ამასობაში ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით და 1959 წლის 29 სექტემბერს დავქორწინდით. ამის შემდეგ ერთად გავაგრძელეთ მსახურება ვიტერბოში.
გვინდოდა, ისეთი ბინა მოგვეძებნა, რომელიც საცხოვრებლადაც გამოგვადგებოდა და კრების შეხვედრების ჩასატარებლადაც. ბოლოს ერთი ოთახი ვიქირავეთ, რომელიც პატარა მაღაზიას ჰგავდა. ოთახს უკანა მხრიდან პაწაწინა აბაზანა ჰქონდა მიშენებული. საწოლი კუთხეში დავდგით და ოთახი ფარდით გავმიჯნეთ. ეს ჩვენი საძინებელი გახდა. ოთახის დანარჩენ სივრცეს სტუმრების მისაღებად და კრების შეხვედრების ჩასატარებლად ვიყენებდით. იქ ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ იყო და მარტო იქ არასდროს ვიცხოვრებდი, მაგრამ ანტონიოსთან ერთად იქაც ბედნიერი ვიყავი.
1961 წელს ანტონიომ სარაიონო ზედამხედველად დაიწყო მსახურება. მანამდე მას ერთთვიანი სკოლა უნდა გაევლო, სადაც კრების მსახურებს ანუ ზედამხედველებს ამზადებდნენ. ეს პერიოდი მე მარტო უნდა დავრჩენილიყავი. უნდა ვაღიარო, რომ ამას ძალიან განვიცდიდი, განსაკუთრებით საღამოობით, როცა მარტო ვიყავი ჩვენს პატარა ოთახში. მეორე მხრივ, ძალიან მიხაროდა, რომ იეჰოვა ანტონიოს დამატებითი დავალებებისთვის ამზადებდა. მეც მთლიანად დავკავდი მსახურებით და დრომ სწრაფად გაირბინა.
სარაიონო მსახურების დროს სულ გზაში ვიყავით. უნდა მოგვენახულებინა კრებები ვენეტოდან (ჩრდილოეთი იტალია) სიცილიამდე (სამხრეთი იტალია). თავიდან მანქანა არ გვყავდა, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდით. მახსოვს, ერთხელ ძველი ავტობუსით ვიმგზავრეთ სიცილიის ერთი სოფლის ოღროჩოღრო გზაზე. გაჩერებაზე იქაური ძმები დაგვხვდნენ. მათ ვირი მოეყვანათ ჩვენი ბარგის წასაღებად. ანტონიო კლასიკურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, მე კიდევ ლამაზი კაბა მეცვა. წარმომიდგენია, რა სასაცილო დასანახავები ვიქნებოდით, ასე ჩაცმულები რომ მივუყვებოდით გზას ფერმერებთან და ვირთან ერთად, რომელსაც ჩვენი ჩემოდნები და საბეჭდი მანქანა ჰქონდა აკიდებული.
და-ძმები ძალიან სტუმართმოყვარულად გვიღებდნენ, არადა ბევრი არაფერი გააჩნდათ. ზოგან, სადაც ვრჩებოდით, არ იყო აბაზანა და წყალგაყვანილობა. ერთხელ ისეთ ოთახში მოგვიწია ღამის გათენება, სადაც წლები არავის ეცხოვრა. ძილში იმხელაზე შევხტი, რომ ანტონიოს გაეღვიძა. როცა ზეწარი გადავწიეთ, დავინახეთ, რომ ლეიბი ბაღლინჯოებით იყო სავსე. ამის დანახვაზე, ლამის გული გაგვისკდა. შუაღამისას ბევრს ვერაფერს გავაკეთებდით. უბრალოდ ლოგინი გადმოვფერთხეთ და ვცადეთ, რომ როგორმე ისევ დაგვეძინა.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდ სირთულეს ჩემთვის მაინც სხვა რამ წარმოადგენდა. ეს ჩემი სიმორცხვე იყო. როდესაც პირველად ვინახულებდით რომელიმე კრებას, ძალიან მიჭირდა ახალი მეგობრების შეძენა. თუმცა დიდი სურვილი მქონდა, დები გამემხნევებინა და რამით დავხმარებოდი. ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი. იეჰოვას დახმარებით კვირის ბოლოს გაცილებით შინაურულად ვგრძნობდი ხოლმე თავს იმ კრების და-ძმებთან, რომელსაც ვინახულებდით. ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან თანამშრომლობა, ვინც იეჰოვასადმი დიდ სიყვარულსა და ერთგულებას ავლენდა და არაფერს იშურებდა თანაქრისტიანებისთვის.
1977 წელს, სარაიონო და საოლქო მსახურებაში b გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, იტალიის ბეთელში მიგვიწვიეს, რათა მონაწილეობა მიგვეღო 1978 წლისთვის დაგეგმილი საერთაშორისო კონგრესის („გამარჯვების მომტანი რწმენა“) მოსამზადებელ სამუშაოებში. რამდენიმე თვეში ბეთელის ოჯახის წევრები გავხდით. მალევე ანტონიო ფილიალის კომიტეტის წევრად დაინიშნა.
ბეთელი ჩემთვის მსახურების ახალი ფორმა იყო. ჩემი სიმორცხვე აქაც ხშირად მიშლიდა ხელს და თავისუფლად ვერ ვგრძნობდი თავს. მაგრამ იეჰოვასა და ბეთელში მომსახურე და-ძმების დახმარებით მალევე შევეჩვიე იქაურობას.
ახალი სირთულეები
მომდევნო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემებმაც შეგვაწუხა. 1984 წელს ანტონიოს გულის ოპერაცია დასჭირდა, ათის წლის შემდეგ კი ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც შეექმნა. 1999 წელს მან შეიტყო, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ის ყოველთვის აქტიური და ენერგიული ადამიანი იყო, მაგრამ ამ ვერაგი დაავადების წინაშე უძლური აღმოჩნდა. ძალიან განვიცდიდი, როცა ვხედავდი, როგორ სუსტდებოდა ის დროთა განმავლობაში. იეჰოვას მხურვალედ ვთხოვდი, ძალა მოეცა ჩემთვის, მხარში რომ ამოვდგომოდი ჩემს ძვირფას მეუღლეს. ხშირად ვკითხულობდი ფსალმუნებს, რაც ერთგვარ შვებას მგვრიდა. ანტონიო 1999 წლის 18 მარტს გარდაიცვალა. ჩვენ თითქმის 40 წლიანი ქორწინება გვაკავშირებდა.
ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ხალხის გარემოცვაში ხარ, მაგრამ თავს მაინც ეულად გრძნობ. რასაკვირველია, დიდ მხარდაჭერასა და სიყვარულს ვგრძნობდი ბეთელელებისგან და იმ და-ძმებისგან, რომელთაც მიმოსვლითი მსახურების დროს დავუმეგობრდით. ამის მიუხედავად, გულში დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი, განსაკუთრებით საღამოობით, როცა ცარიელ ოთახში ვბრუნდებოდი. ლოცვა და ბიბლიის კვლევა ძალიან მეხმარებოდა ტკივილთან გამკლავებაში. რაღაც დროის შემდეგ ანტონიოსთან გატარებული წლების გახსენება ტკივილს აღარ მაყენებდა, პირიქით, სიამოვნებით ვიხსენებდი ამ დროს და ეს დღემდე ასეა. დარწმუნებული ვარ, ანტონიო იეჰოვას მეხსიერებაშია და კვლავ შევხვდები მას ახალ ქვეყნიერებაში.
წლების განმავლობაში ბეთელში არაერთ დავალებას ვასრულებდი. ამჟამად სამკერვალოში ვმუშაობ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს და-ძმებისთვის სასარგებლო საქმის კეთება. ვცდილობ, სამქადაგებლო მსახურებაშიც აქტიური ვიყო. რა თქმა უნდა, უწინდებურად ბევრის კეთება აღარ შემიძლია, თუმცა დღემდე სიხარულს მანიჭებს სასიხარულო ცნობის ქადაგება — საქმე, რომელიც მაშინ შემიყვარდა, როცა ჯერ კიდევ პატარა გოგო ვიყავი. მიყვარს ახალგაზრდების პიონერობისკენ წახალისება, რადგან კარგად ვიცი, რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია ამას მათთვის.
როცა სრული დროით მსახურებაში გატარებულ სამოცდაათ წელს ვიხსენებ, ვხედავ, როგორ მედგა იეჰოვა გვერდში. სიმორცხვე დღემდე მომყვება. ვიცი, რომ ამდენი რამის გაკეთებას საკუთარი ძალით ვერასდროს შევძლებდი. ბევრ შორეულ ადგილას ვყოფილვარ, მრავალი საოცარი რამ გადამხდენია და ისეთ ადამიანებს შევხვედრივარ, რომელთაც ბევრი რამ უსწავლებიათ ჩემთვის. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სიმორცხვის მიუხედავად, სიამოვნებით გავივლიდი იმავე გზას.
a პიერო გატის ავტობიოგრაფია, «სიკვდილის მეშინოდა, ახლა კი „უხვ სიცოცხლეს“ ველოდები», იხილეთ 2011 წლის 15 ივლისის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“.
b საოლქო ზედამხედველი ინახულებდა ოლქს, რომელშიც რამდენიმე რაიონი შედიოდა.