არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲠᲛᲐ ᲑᲔᲜᲢᲘᲕᲝᲚᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

იეჰოვამ არაერთი „კარგი ძღვენი“ მიბოძა

იეჰოვამ არაერთი „კარგი ძღვენი“ მიბოძა

 უეცრად სირენების ხმა გაისმა. დედამ მე და ჩემი პატარა ძმა იქვე ბაღში გაგვიყვანა, სადაც ხეების ქვეშ შევაფარეთ თავი. მაშინ ექვსი წლის ვიყავი.

 დაბომბვა რომ შეწყდა, დედას მეგობრის მოსაძებნად გავყევი. თავზარი დაგვცა იმის გაგებამ, რომ ის თავდასხმას ემსხვერპლა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა კვლავ დაიწყო საჰაერო შეტევა, მახსოვს, მამაჩემმა ველოსიპედზე წინ დამისვა და ქალაქიდან გავიქეცით.

 შეუძლებელია იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ხალხის გარემოცვაში გავიზარდე, რომლებსაც იეჰოვა ძალიან უყვარდათ.

ჭეშმარიტების გაგება

 1936 წლის ზამთარში, ჩემს დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, მამაჩემი რკინიგზაში მუშაობდა ვინჩენცო არტუზისთან ერთად. იმ დროს ვინჩენცო ჯერ არ იყო იეჰოვას მოწმე, მაგრამ ძალიან აფასებდა ბიბლიიდან ნასწავლს და მუშაობის დროს, როცა გზას თოვლისგან წმენდნენ, მას მამასაც უზიარებდა.

 მამაჩემი მალევე მიხვდა, რომ რასაც ვინჩენცო ეუბნებოდა, ჭეშმარიტება იყო. მამამ და ჩვენს ქალაქში, ფაენცაში, მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა უფრო მეტის გაგების სურვილი გამოთქვეს. იმ პერიოდში ფაშისტური რეჟიმი იყო და იეჰოვას მოწმეები იდევნებოდნენ. ისინი შეხვედრებს საჯაროდ ვერ ატარებდნენ და ბიბლიური ლიტერატურის აღმოჩენის შემთხვევაში აპატიმრებდნენ. ზოგი მათგანი უკვე ციხეშიც კი იჯდა. ამიტომ მამა და მისი მეგობრები ქალაქგარეთ იკრიბებოდნენ სახლებში, რათა ბიბლია შეესწავლათ. ყოველკვირა მამა ოჯახშიც განიხილავდა ბიბლიურ საკითხებს.

სამაგალითო დები

 1943 წელს იმ მოწმეების უმეტესობა, რომლებიც რელიგიური საქმიანობის გამო იყვნენ დაკავებული, ციხიდან გაათავისუფლეს. მათ შორის იყო ერთი დაუქორწინებელი და მარია პიზატო. მან სახლში, ჩრდილოეთ იტალიაში, გამგზავრებამდე, ერთი ღამე ჩვენთან გაათია. მარია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც და-ძმებს იტალიაში პუბლიკაციებს აწვდიდა. მას კავშირი ჰქონდა შვეიცარიის ფილიალთან, რომელიც იმ დროს იტალიაში სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდა. სუსტი გარეგნობის მიუხედავად, მარია საკმაოდ მტკიცე და გაბედული იყო. ომის შემდეგ ის დროდადრო გვსტუმრობდა ხოლმე, რაც ძალიან გვახარებდა და გვამხნევებდა.

 მოზარდობის წლებიდან განსაკუთრებით თბილად მახსენდება ერთი ქვრივი და ალბინა კუმინეტი. ის იმ შენობაში ცხოვრობდა, რომელსაც კრების შეხვედრების ჩასატარებლად ვიყენებდით. ალბინა 1920-იანი წლების დასაწყისში იტალიაში წიგნების დამტარებლად მსახურობდა. ის ხშირად მიყვებოდა მსახურებაში თავს გადამხდარ შემთხვევებს.

 ალბინას ჩვენი პუბლიკაციების კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა და ბევრ ისტორიულ ნივთსაც ინახავდა. ერთხელ მასთან სამკერდე ნიშანი ვნახე ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს გამოსახულებით, რომელსაც თავის დროზე ბიბლიის მკვლევრები (ასე უწოდებდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) ატარებდნენ. ამის დანახვაზე გამეღიმა, რადგან ვიცოდი, რომ ჯვარს წარმართული საწყისი ჰქონდა, ალბინამ კი ზაქარიას 4:10 გაიხსენა და მითხრა: „ნუ ჩათვლი უმნიშვნელოდ მცირე წამოწყებას“.

14 წლის ასაკში

 ეს სიტყვები კარგად დამამახსოვრდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის მკვლევრები ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას, მათი ძალისხმევა უნდა დამეფასებინა. მაშინ ბიბლიური ლიტერატურა სრულად არ ითარგმნებოდა იტალიურად და ძმებს დრო სჭირდებოდათ, რომ უკეთ ჩასწვდომოდნენ ჭეშმარიტებას. იეჰოვა აფასებდა მათ შრომას და მეც უნდა დამეფასებინა.

 ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ძალიან მსიამოვნებდა ალბინასთან საუბარი. ის, მარია და სხვა ქრისტიანი დები, რომლებიც სირთულეების მიუხედავად ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას, ჩემთვის ნამდვილად სამაგალითოები იყვნენ. მიხარია, მათთან ურთიერთობის პატივი რომ მერგო.

ბეთელში მსახურება

 1955 წლის ზაფხულში რომში გავემგზავრე, რათა დავსწრებოდი კონგრესს „გამარჯვებული სამეფო“. შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგატებთან ერთად ბეთელი მოვინახულე. იქ ყოფნისას ჩემთვის გავიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, აქ რომ ვმსახურობდე-მეთქი.

 1955 წლის 18 დეკემბერს მოვინათლე. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა, სრული დროით მემსახურა. 1956 წელს ქალაქ გენუაში გამართულ კონგრესზე გამოაცხადეს, რომ ბეთელში მოხალისეები სჭირდებოდათ. თუმცა ფილიალის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნილება ძმებზე იყო.

 მოგვიანებით ჩემს მიზნებზე სარაიონო ზედამხედველს, პიერო გატის, a ვესაუბრე. ის იმდენად გულანთებული მქადაგებელი იყო, რომ მირჩია, სპეციალურ პიონერად მსახურებაზე მეფიქრა.

 მალევე ფილიალიდან წერილი მივიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემი პიონერად დანიშვნის წერილი იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბეთელში მიმიწვიეს.

ერთ-ერთ მთარგმნელთან, ილარია კასტილიონისთან (მარჯვნივ), ერთად ბეთელში (1959 წ.)

 1958 წლის იანვარში ბეთელში მივედი, სადაც თორმეტამდე ადამიანი მსახურობდა. მე ორ ბეთელელს თარგმნაში უნდა დავხმარებოდი. უამრავი საქმე იყო, მე კი გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. თუმცა იეჰოვას დახმარებით ჩემი საქმე ძალიან შემიყვარდა.

 ორი წელი არც კი იყო გასული, როცა ახალი დავალება მივიღე, პიონერად უნდა მემსახურა. ეს ჩემთვის ადვილი არ იყო, რადგან ბეთელში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს მორიგი „კარგი ძღვენი“ იყო იეჰოვასგან.

გულმოდგინე მქადაგებლებთან თანამშრომლობა

 1959 წლის 1 სექტემბერს ქალაქ კრემონაში სპეციალურ პიონერად მსახურებას შევუდექი. ჩემთან ერთად მსახურობდა დორის მეიერი, რომელიც დანიიდან იყო ჩამოსული. ის ჩემზე რამდენიმე წლით იყო უფროსი, მაგრამ დიდი გამოცდილება ჰქონდა და მისგან ბევრს ვსწავლობდი. დორისი გაბედული და შეუპოვარი იყო. ეს თვისებები კი ორივეს ნამდვილად გვჭირდებოდა, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ ჩვენ ვიყავით იეჰოვას მოწმეები.

დორისთან (მარცხნივ) და ბრუნილდესთან (მარჯვნივ) ერთად ქალაქ კრემონაში მსახურების დროს

 დორისი იქ ჩემამდე იყო ჩასული და მას უკვე ნაქირავები ჰქონდა სახლი შეხვედრების ჩასატარებლად. ადგილობრივ სამღვდელოებას ჩვენი საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენია. ისინი თავიანთ მრევლს ჩვენ წინააღმდეგ განაწყობდნენ.

 ერთ დღეს პოლიციის განყოფილებაში დაგვიბარეს. მართალია, არ დავუპატიმრებივართ, მაგრამ დორისს გარკვევით აუხსნეს, რომ როგორც უცხოელს, იქაურობა უნდა დაეტოვებინა. მას დანიაში მოუწია დაბრუნება, სადაც ერთგულად განაგრძო იეჰოვას მსახურება.

 მალევე კრემონაში ერთი და, ბრუნილდე მარკი, ჩამოვიდა. ის ძალიან დადებითი პიროვნება იყო და ქადაგება უყვარდა. ჩვენ არაერთი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ და ზოგმა სწრაფადაც წაიწია სულიერად წინ.

 მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ შესაძლებლობა მომეცა, ამ ქალაქში ერთ-ერთ პირველს მექადაგა. დღეს იქ უკვე ხუთი კრებაა.

სასიამოვნო სიურპრიზი

 ქალაქ კრემონაში მსახურების დაწყებიდან ორი წელიც არ იყო გასული, როცა ფილიალიდან დამირეკეს. ახლოვდებოდა ექვსდღიანი კონგრესი „გაერთიანებული თაყვანისმცემლები“, რომელიც 1961 წლის ივლისში უნდა ჩატარებულიყო. ძალიან ბევრი საქმე იყო, ამიტომ კვლავ მთარგმნელობით განყოფილებაში მიმიწვიეს. სიხარულისგან ცას ვეწიე! 1961 წლის 1 თებერვალს ბეთელში დავბრუნდი.

 მართალია, საათობით ვმუშაობდით საკონგრესო მასალის თარგმნაზე, მაგრამ ჩემთვის დიდი პატივი იყო, ამდენ დროს რომ ვუთმობდი ამ საქმეს. იმ თვეებმა სწრაფად გაირბინა და კონგრესის დღეც დადგა.

 კონგრესზე გამოცხადდა, რომ იგეგმებოდა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ იტალიურ ენაზე თარგმნა. გავიფიქრე, რომ წინ კიდევ ბევრი საქმე იყო და არც შევმცდარვარ. ძმებმა მთხოვეს, ცოტა ხნით კიდევ დავხმარებოდი ბეთელს და მას შემდეგ სამოც წელზე მეტია, აქ ვარ.

მთარგმნელობით განყოფილებაში (1965 წ.)

კიდევ ერთი ძღვენი იეჰოვასგან

 ჩემთვის დაუქორწინებლობაც ძღვენი აღმოჩნდა. არ ვამბობ, რომ არასოდეს მიფიქრია დაქორწინებაზე. პირიქით, რაღაც პერიოდი მაშინებდა კიდეც მარტოობაზე ფიქრი. ამაზე ხშირად ვლოცულობდი. იეჰოვა ყველაზე კარგად მიცნობს და ვთხოვდი, დამხმარებოდა საუკეთესო ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებაში.

 მათეს 19:11, 12-ში და 1 კორინთელების 7:8, 38-ში ჩაწერილმა სიტყვებმა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ შინაგანი სიმშვიდე მომცა. ჩემი გადაწყვეტილება არასოდეს მინანია, და მიხარია, რომ დაუქორწინებლობის წყალობით საშუალება მომეცა, იეჰოვასთვის საუკეთესო გამეღო.

 წლების განმავლობაში არაერთი ცვლილების მომსწრე გავხდი მთარგმნელობით განყოფილებაში და ნათლად ვხედავდი, როგორ მიიწევდა წინ იეჰოვას ორგანიზაცია, იყენებდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და ფეხს უწყობდა პროგრესს (ესაია 60:16). ეს ცვლილებები მსოფლიო საძმოსაც აერთიანებდა. მაგალითად, 1985 წლიდან „საგუშაგო კოშკის“ ერთდროულად გამოცემა დაიწყო ინგლისურ და იტალიურ ენებზე. დღეს სხვადასხვა სტატიები და ვიდეოები მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე და მათი უმეტესობა ინგლისურის პარალელურად ქვეყნდება. აშკარაა, იეჰოვა დროულად აწვდის სულიერ საზრდოს თავის ხალხს, რითაც მათ ერთიანობას უწყობს ხელს.

 ყოველთვის ვგრძნობდი იეჰოვას ხელს ჩემს ცხოვრებაში. შესაძლებლობა მქონდა, პიონერად მემსახურა და ხალხს მასთან დაახლოებაში დავხმარებოდი. ბეთელში მსახურების პატივიც მხვდა წილად, რაც ჩემი ოცნება იყო. უამრავი სხვადასხვა ასაკისა თუ წარმომავლობის მეგობარი შევიძინე. ყველაზე დიდი საჩუქარი კი ჩემთვის ის იყო, რომ დედაჩემმა 68 წლის ასაკში იეჰოვას თავი მიუძღვნა და მოინათლა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა დედაჩემი და ჩემი ოჯახის სხვა წევრები მკვდრეთით აღდგებიან და კვლავ შევხვდები მათ (იოანე 5:28, 29).

 ერთი სული მაქვს, საკუთარი თვალით ვნახო, თუ რას გააკეთებს იეჰოვა თავისი მსახურებისთვის, როცა „ყოველივე ახალს“ შექმნის (გამოცხადება 21:5). ეჭვი არ მეპარება, რომ იეჰოვასგან უხვად გვექნება „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ (იაკობი 1:17).

მთარგმნელობით განყოფილებაში დღეს

a პიერო გატის ბიოგრაფია გამოქვეყნდა 2011 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 20—23.