ᲛᲐᲘᲚᲡ ᲜᲝᲠᲗᲝᲕᲔᲠᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
იეჰოვამ აკურთხა ჩემი ხელის ნამოქმედარი
ჩემი მშობლები არასდროს არაფერს იშურებდნენ იეჰოვას ორგანიზაციისთვის. მაგალითად, როცა გაიგეს, რომ ბეთელის ოჯახს რძე სჭირდებოდა, თავიანთი ერთადერთი ძროხის ხბო შესწირეს. მერე სულ ვხუმრობდით, რომ ჩვენი ოჯახიდან პირველად ხბო წავიდა ბეთელში. მშობლების მაგალითმა სურვილი აღმიძრა, ყველაფერი გამეკეთებინა იეჰოვასთვის, რათა ჩემზეც გამართლებულიყო ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილი სიტყვები: „ნუ დაასვენებ ხელს“. ეს ასეც მოხდა – იეჰოვამ საშუალება მომცა, პირდაპირი გაგებით ხელები გამომეყენებინა მისი ნების შესასრულებლად. ნება მიბოძეთ, ჩემი ამბავი მოგითხროთ.
ვიზრდებოდი უფროს და-ძმასთან ერთად ინგლისში, ქალაქ ბისესტერთან ახლოს მდებარე სოფელში. მშობლებს პატარა ხის სახლი ჰქონდათ ნაქირავები. 19 წლის რომ გავხდი, ჩემს და-ძმას მივბაძე და პიონერული მსახურება დავიწყე. გარკვეული ხნის შემდეგ, სპეციალურ პიონერად დავინიშნე შოტლანდიაში. 1970 წელს, 23 წლის ასაკში, ლონდონის ბეთელში მიმიწვიეს. სწორედ იქ გავიგე ჟესტური ენის არსებობის შესახებ. ამით ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც თან მოჰყვა უამრავი კურთხევა და სიხარული.
ჟესტური ენის შესწავლა
ბეთელში ყოფნისას მილ-ჰილის კრებაში დავინიშნე, სადაც რამდენიმე ყრუ და-ძმაც მსახურობდა. არ მინდოდა, ენის ბარიერის გამო მათთვის უცხო ვყოფილიყავი. ამიტომ გადავწყვიტე, შეხვედრებზე ყოველთვის ამ და-ძმების გვერდით დავმჯდარიყავი.
იმ პერიოდში ბრიტანეთში ჟესტურენოვანი კრებები არ არსებობდა. ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები ინგლისურენოვან კრებებს ესწრებოდნენ, სადაც მათ და-ძმები კრების პროგრამას ინგლისური გრამატიკის მიხედვით, სიტყვასიტყვით უთარგმნიდნენ ჟესტურ ენაზე. ნელ-ნელა მეც დავიწყე ჟესტური ენის შესწავლა სმენადაქვეითებული და-ძმებისგან და მივხვდი, რომ ამ ენას თავისი გრამატიკა და სიტყვათა წყობა აქვს. რეალურად მათთვის ინგლისური უცხო ენა იყო. ამის გაცნობიერების შემდეგ უფრო მეტად დავაფასე ეს და-ძმები, რადგან არცერთ შეხვედრას არ აცდენდნენ. გადავწყვიტე, უფრო მეტი დრო დამეთმო ჟესტური ენის შესწავლისთვის.
ბრიტანეთში ყრუთა და სმენადაქვეითებულთა ოფიციალური ენა ბრიტანული ჟესტური ენაა. დროთა განმავლობაში ისინი, ვინც შეხვედრებს თარგმნიდნენ, დაეუფლნენ ამ ენას და სმენადაქვეითებული და-ძმებისთვის უფრო გასაგები გახდა კრების შეხვედრებზე მოსმენილი. ამან ისინი უფრო მეტად გააერთიანა საძმოსთან. მას შემდეგ ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა. მთელი ამ დროის მანძილზე ვხედავდი, როგორ აკურთხებდა იეჰოვა სამქადაგებლო საქმეს ჟესტურ ენაზე. მინდა მოგიყვეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილეც თავად გავხდი.
ზრდა ჟესტურენოვან ტერიტორიაზე
1973 წელს ერთმა ყრუ ძმამ, მაიკლ იგერსმა, შემოგვთავაზა, რომ შეხვედრები ბრიტანულ ჟესტურ ენაზე ჩაგვეტარებინა. მაშინ ახალი დანიშნული ვიყავი უხუცესად. ფილიალის თანხმობით მე და კიდევ ერთმა უხუცესმა ორგანიზება გავუწიეთ ამ შეხვედრების თვეში ერთხელ ჩატარებას დებთფორდში (სამხრეთ-აღმოსავლეთი ლონდონი).
ამ წამოწყებას საოცარი შედეგები მოჰყვა! პირველ შეხვედრას ლონდონიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის სხვა ნაწილებიდან არაერთი ჟესტურ ენაზე მოსაუბრე და-ძმა დაესწრო. როგორც იქნა და-ძმებს და დაინტერესებულებს საშუალება მიეცათ სულიერი საზრდო მშობლიურ ენაზე მიეღოთ. პროგრამის შემდეგ შესაძლებლობა გვქონდა, ერთმანეთისთვის საინტერესო შემთხვევები მოგვეყოლა ხოლმე. პირადად მე იმის შესაძლებლობაც მეძლეოდა, რომ და-ძმები სულიერად გამემხნევებინა, რაც მათ ჰაერივით სჭირდებოდათ.
Მოგვიანებით ჟესტურენოვანი შეხვედრების ჩატარება დაიწყო ბირმინგემსა და შეფილდშიც. ზოგიერთმა ისეთმა და-ძმამ, რომლებსაც სმენის პრობლემა არ ჰქონდათ, სურვილი გამოთქვა, შეესწავლა ბრიტანული ჟესტური ენა. შემდეგ კი, ბევრი მათგანი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გადავიდა მსახურების გასაფართოებლად.
ვპოულობ ცხოვრების თანამგზავრს
1974 წელს გავიცანი ერთი და, სტელა ბარკერი, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობდა ბეთელთან ახლოს ერთ-ერთ კრებაში. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და 1976 წელს დავქორწინდით. დაქორწინების შემდეგ ერთად შევუდექით სპეციალურ პიონერად მსახურებას. დავინიშნეთ ჩრდილოეთ ლონდონში, ჰეკნის კრებაში. Სტელა აქტიურად ჩაება ჟესტურენოვან ტერიტორიაზე ქადაგების საქმეში. პიონერობა ჩვენი ქორწინებისთვის შესანიშნავი დასაწყისი აღმოჩნდა.
მალევე მე და სტელა მიგვიწვიეს ბეთელში შტატგარეშე თანამშრომლებად. დატვირთული გრაფიკი გვქონდა. ვმსახურობდი სარაიონოს დამხმარედ და ვატარებდი სამეფო მსახურების სკოლას უხუცესებისთვის. მოგვიანებით კი, ძმებს ვეხმარებოდი რეგიონული კონგრესების ჟესტურ ენაზე თარგმნის ორგანიზებაში. მართალია, ამ საქმეების კეთებას დიდი ენერგია სჭირდებოდა, მაგრამ დიდი სიამოვნებაც მოჰქონდა (მათე 11:28–30).
1979 წელს პირველი ვაჟი, საიმონი შეგვეძინა, 1982-ში კი – მეორე, მარკი. ძალიან გახარებულები ვიყავით, თუმცა ვაცნობიერებდით, რომ პასუხისმგებლობა დაგვემატა. როგორ გავართვით თავი ამ ყველაფერს? მე და სტელამ გადავწყვიტეთ, რომ როდესაც თეოკრატიული დავალებით სახლიდან შორს მომიწევდა წასვლა, ყველანი ერთად წავიდოდით და დროს გართობა-დასვენებისთვისაც გამოვნახავდით. გვინდოდა, ჩვენს ბიჭებს ბავშვობიდანვე ესწავლათ, რომ იეჰოვას მსახურებას ბედნიერება მოაქვს. რა შედეგი გამოიღო ასეთმა მიდგომამ? როდესაც წამოიზარდნენ, ჟესტური ენა მათაც ისწავლეს და პიონერებად მსახურებაც დაიწყეს. ჩვენი ხბოს ბეთელში წასვლიდან დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ, საიმონი და მარკიც ბეთელში მიიწვიეს. ძალიან ბედნიერები ვიყავით!
ყრუ და სმენადაქვეითებული და-ძმების საჭიროებებზე ზრუნვა
1990-იან წლებში ბრიტანეთში არცერთი ყრუ ძმა არ მსახურობდა უხუცესად, თუმცა რამდენიმე მათგანი მომსახურე იყო. ამიტომ ძმებს, რომლებიც არ საუბრობდნენ ჟესტურ ენაზე, მოუწიათ დაედგინათ, რომელ ყრუ ძმას „შეეძლო სწავლება“, რათა დანიშნულიყო უხუცესად (1 ტიმოთე 3:2). ინგლისურ კრებაში მსახურობდა ერთი ძმა, ბერნარდ ოსტინი, რომელიც და-ძმების მიმართ მზრუნველობით გამოირჩეოდა და და-ძმებიც დიდ პატივს სცემდნენ მას. უზომოდ გამახარა იმის გაგებამ, რომ ბერნარდი უხუცესად დაინიშნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყრუ ძმამ უხუცესად დაიწყო მსახურება.
1996 წელი ისტორიული აღმოჩნდა. ფილიალის ნებართვით ჩამოყალიბდა პირველი ჟესტურენოვანი კრება ილინგში (დასავლეთი ლონდონი), რასაც დიდი ზრდა მოჰყვა.
თეოკრატიული ღონისძიებები სმენადაქვეითებული და-ძმებისთვის
1980–90-იან წლებში დისტანციურად ვეხმარებოდი ბეთელის სამსახურებრივ განყოფილებას. ვპასუხობდი ჟესტურენოვან ტერიტორიასთან დაკავშირებულ მომართვებს. ძმები ფილიალში ხშირად გვწერდნენ და გვეკითხებოდნენ, თუ რის გაკეთება შეეძლოთ, რომ ყრუ და სმენადაქვეითებულ და-ძმებს უფრო მეტი სარგებელი ამოეღოთ კრებისა და კონგრესის პროგრამებიდან. იმ დროისთვის კონგრესები და კრებები ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ითარგმნებოდა ჟესტურ ენაზე და არც პუბლიკაციები იყო ხელმისაწვდომი. ასე რომ, ხშირად მიწევდა და-ძმების გამხნევება, რათა მოეთმინათ და იეჰოვას მინდობოდნენ.
ჩვენი მოთმინება დაჯილდოვდა. მალევე, ფილიალის ორგანიზებით, დაიწყო ინგლისურ ენაზე ჩატარებული კრების შეხვედრებისა და კონგრესების თარგმნა. აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილება ის იყო, რომ სმენადაქვეითებული და-ძმები დარბაზის წინა ნაწილში სხდებოდნენ, სადაც შეეძლოთ კარგად დაენახათ მომხსენებელიც და თარჯიმანიც.
1995 წლის პირველ აპრილს სპეციალური ერთდღიანი კონგრესი ჩატარდა ჟესტურ ენაზე ქალაქ დადლიში. ამ კონგრესის ორგანიზებაში ვეხმარებოდი ძმა დეივიდ მერის, რომელიც წარსულში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. ზოგიერთმა და-ძმამ ბრიტანეთის ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ასობით კილომეტრი გამოიარა კონგრესზე დასასწრებად. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ათასზე მეტი ყრუ და სმენადაქვეითებული და-ძმა დავინახეთ ერთად შეკრებილი.
2001 წელს ფილიალმა მე და დეივიდს დაგვავალა, ორგანიზება გაგვეწია მომდევნო წლის რეგიონული კონგრესისთვის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ბრიტანულ ჟესტურ ენაზე. ეს დიდ შრომას მოითხოვდა. სამზადისში უამრავმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. იეჰოვას დახმარებით კონგრესმა წარმატებით ჩაიარა და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მას შემდეგ წილად მხვდა პატივი, რომ არაერთი ჟესტურენოვანი კონგრესის ორგანიზებაში მიმეღო მონაწილეობა, სანამ იეჰოვა სხვა ახალგაზრდა, უნარიან ძმებს მოამზადებდა ამ საქმისთვის.
ვიდეოები ყრუ და სმენადაქვეითებული და-ძმებისთვის
1998 წელს ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ორგანიზაციამ ბრიტანულ ჟესტურ ენაზე გამოსცა პირველი პუბლიკაცია „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ვიდეოკასეტაზე. ამ გამოცემის მეშვეობით არაერთი ბიბლიის შესწავლა ჩატარდა.
2002 წლის კონგრესზე პირველად ვიხილეთ სამეფოს სიმღერების თარგმანი ბრიტანულ ჟესტურ ენაზე. ჩვენს ყრუ და სმენადაქვეითებულ და-ძმებს ახლა უკვე თარჯიმანთან ერთად შეეძლოთ „ემღერათ“ სიმღერები და აჰყოლოდნენ მუსიკის რიტმს. დღემდე მახსოვს, როგორ წამოუვიდა სიმღერის დროს ცრემლები ერთ-ერთ უხუცესს.
2002 წლის კონგრესი სხვა მიზეზითაც იყო გამორჩეული. ლონდონის ჟესტურენოვან კრებას დაევალა, მოემზადებინა ვიდეოდრამა. მაგრამ Როგორ გავართმევდით ამას თავს, როცა არანაირი გამოცდილება არ გვქონდა?! იეჰოვას დახმარებით შევძელით ისეთი ძმების მოძებნა, რომლებსაც ამ საქმეში სათანადო გამოცდილება ჰქონდათ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. გარდა ამისა, ჩვენც ბევრი რამ ვისწავლეთ. ეს ცოდნა ძალიან დამეხმარა ჩემი დავალების შესრულებისას 2003–2008 წლებში. ამ პერიოდში ბეთელში ზედამხედველობას ვუწევდი ვიდეოდრამების მომზადებას ბრიტანულ ჟესტურ ენაზე.
მე და სტელას ძალიან გვიყვარდა ბეთელში მსახურება ჩვენს შვილებთან ერთად. თუმცა ჩვენი საქმე ადვილი ნამდვილად არ იყო. რამდენიმე კვირიანი რეპეტიციებისა და გადაღებების შემდეგ ყველანი ძალაგამოცლილები და გამოფიტულები ვიყავით. მაგრამ ძალისხმევა ამად ღირდა! გული სიხარულით გვევსებოდა, როდესაც ვხედავდით, როგორ ცოცხლდებოდა ბიბლიური მაგალითები და რამხელა შთაბეჭდილებას ახდენდა ეს ყველაფერი ჩვენს ყრუ და სმენადაქვეითებულ და-ძმებზე.
იეჰოვას არ შეუწყვეტია ამ და-ძმებზე ზრუნვა. 2015 წელს „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატია გამოვიდა ბრიტანულ ჟესტურ ენაზე ვიდეოფორმატით, 2019-ში კი – „მათეს სახარება“. დღესდღეობით, ბრიტანულ ჟესტურ ენაზე სრულად გვაქვს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“; „ებრაული წერილების“ მომზადებაც მალე დასრულდება. და-ძმების მადლიერებას საზღვარი არ აქვს!
ჩვენ მივეკუთვნებით ერთ დიდ ოჯახს, რომელსაც იეჰოვას მიუკერძოებელი სიყვარული აერთიანებს (საქმეები 10:34, 35). Მე და ჩემი ოჯახი დღემდე გაოცებული ვართ, თუ რამდენ დროს, ენერგიასა და რესურსს ახმარს იეჰოვას ორგანიზაცია ყველანაირ ადამიანს, მათ შორის ყრუ, სმენადაქვეითებულ და ბრმა ადამიანებს. a
ამ ძალისხმევას უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. ბრიტანეთში არაერთი ბრიტანული ჟესტურენოვანი კრება ფუნქციონირებს. იმან, რომ ამ „მცირე წამოწყების“ ნაწილი ვიყავი, უდიდესი სიხარული და კმაყოფილების განცდა მომიტანა (ზაქარია 4:10). რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მთავარი წვლილი იეჰოვას მიუძღვის. ის ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას. იეჰოვა ყველაფერს აძლევს თავის მსახურებს, რათა სასიხარულო ცნობა ყველანაირ ადამიანს გადასცენ. ის ზრდის „სამეფოს თესლს“ მათ გულებში, ვინც ამას იმსახურებს.
a იხილეთ სტატია: „რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?– თითებით ნაპოვნი ჭეშმარიტება“.