მილტიადე სტავრუ | ავტობიოგრაფია
„იეჰოვა ყოველთვის გვხელმძღვანელობდა და ზრუნავდა ჩვენზე“
ბავშვობა ლიბანში, ქალაქ ტრიპოლში გავატარე. ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად, მეც მიყვარდა ქუჩაში აქა-იქა გამვლელი მანქანების თვალიერება. ერთ დღესაც ჩემი ყურადღება ლამაზმა, წითელმა ამერიკულმა მანქანამ მიიპყრო, რომელიც სირიელ კაცს ეკუთვნოდა. მაშინ 13 წლის ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიკვირდა, როდესაც ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმა გვითხრა, ამ მანქანისთვის ქვები დაგვეშინა, რადგან მისი მფლობელი იეჰოვას მოწმე იყო.
მღვდელს ვუთხარით, რომ შეიძლებოდა მძღოლისთვის ზიანი მიგვეყენებინა. თუმცა მან გვითხრა: „მოკალით! მერე მოდით და ჩემს ანაფორაზე გაიწმინდეთ ხელები და მისი სისხლი ჩამოგერეცხებათ“. ძალიან ვამაყობდი, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი რომ ვიყავი. თუმცა ამ მღვდლის სისასტიკემ მიბიძგა, რომ მოგვიანებით ეკლესია დამეტოვებინა. როცა წარსულს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ზუსტად ეს სიტუაცია დამეხმარა, მიმეღო ჭეშმარიტება.
ვიგებ ჭეშმარიტებას იეჰოვას შესახებ
საპორტო ქალაქ ტრიპოლში სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და რელიგიის ადამიანები ცხოვრობდნენ. ყველა ოჯახი ამაყობდა თავისი წარმომავლობით. ამ მხრივ არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი. მე და ჩემი ძმები შევუერთდით რელიგიურ ჯგუფს, რომელიც იეჰოვას მოწმეებს ებრძოდა. ჩვენ ჯგუფს ერქვა „რწმენისთვის მებრძოლი ჯარისკაცები“ a. იეჰოვას მოწმეები პირისპირ არასდროს გვენახა. მათზე ინფორმაცია მღვდელმა მოგვაწოდა. მან გვითხრა, რომ იეჰოვას მოწმეები წარმოადგენდნენ ბანდას, რომელიც ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა, და რომ მათი ლიდერი ვინმე იეჰოვა იყო. მღვდელი ხშირად გვეუბნებოდა, რომ, როცა იეჰოვას მოწმეებს შევხვდებოდით, თავს დავსხმოდით.
რაღაც დროის შემდეგ ჩემი სამი უფროსი ძმა იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ თავს დასხმოდნენ, მათ ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდნენ იმ იმედით, რომ სიცრუეში ამხელდნენ. ერთ საღამოს სახლში რომ დავბრუნდი, მისაღები ოთახი სავსე დამხვდა იეჰოვას მოწმეებით. ისინი ჩემს ოჯახთან და რამდენიმე მეზობელთან ერთად ბიბლიურ თემებზე მსჯელობდნენ. ამან ძალიან გამაღიზიანა. ვერ გამეგო, როგორ შეეძლოთ ჩემს ძმებს, ეღალატათ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. იქაურობის დატოვებას ვაპირებდი, როცა ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც საკმაოდ ცნობილი სტომატოლოგი იყო და, ამასთანავე, იეჰოვას მოწმე, მითხრა, დავმჯდარიყავი და მომესმინა. ჩვენი ოჯახის ერთი მეგობარი ჩემი ბიბლიიდან ფსალმუნის 83:18-ს კითხულობდა. იმ წუთას მივხვდი, რომ მღვდელმა მწარედ მომატყუა, იეჰოვა ბანდის მეთაური კი არა, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ყოფილა.
იეჰოვას შესახებ მეტის გაგების სურვილი გამიჩნდა. ამიტომ მეც დავიწყე შესწავლაზე დასწრება, რომელიც ჩემს სახლში ტარდებოდა. ბიბლიას ძმა მიშელ აბუდი გვასწავლიდა. ერთხელ ჩვენი ოჯახის მეგობარმა, რომელიც შესწავლას ესწრებოდა, ძმა მიშელს ჰკითხა: „აბა გვითხარი, ვინ შექმნა ღმერთი?“. ამ კითხვაზე პასუხი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ძმამ მიგვახედა ტახტისკენ, სადაც კატა იწვა, და გვითხრა, რომ კატებს არ შეუძლიათ ჩასწვდნენ ადამიანების ფიქრებს და ნათქვამს. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ, ვერც ჩვენ ვწვდებით ღვთის შესახებ ბევრ რამეს. ამ მარტივი მაგალითით მივხვდი, რომ იეჰოვას შესახებ ყველა დეტალს უბრალოდ ვერ ჩავწვდებოდი. მალევე იეჰოვას მივუძღვენი თავი და 1946 წელს, 15 წლის ასაკში მოვინათლე.
პიონერობამ ჩემს ცხოვრებას მეტი აზრი შესძინა
1948 წელს მუშაობა დავიწყე ჩემს ძმასთან, ჰანასთან, რომელსაც ფოტოსალონი ჰქონდა. მისი სალონის გვერდით იყო საღებავების მაღაზია, რომელიც ჩვენს ძმას, ნეიჯიბ სალემს b ეკუთვნოდა. ნეიჯიბი უშიშრად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. ეს სულისკვეთება მას სიკვდილამდე გაჰყვა. იგი 100 წელს მიტანებული გარდაიცვალა. ჩვენ ერთად ვქადაგებდით ხოლმე სოფლებში. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა იმის დანახვა, რომ ის არანაირ წინააღმდეგობას არ უშინდებოდა. მას ნებისმიერი რელიგიის ადამიანთან შეეძლო წამოეწყო ბიბლიაზე საუბარი. მისმა ენთუზიაზმმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა.
ერთხელ სამუშაოზე ერთი და, მერი შააია, გვესტუმრა. მერი წარმოშობით ლიბანელი იყო, მაგრამ შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მას შვილები ჰყავდა და საქმე თავზე საყრელად ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის გულმოდგინე პიონერი იყო. მისი სტუმრობა ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მერი მსახურების შემთხვევებს გვიზიარებდა. ჩვენმა საუბარმა ორ საათზე მეტხანს გასტანა. წასვლისას მკითხა: „მილტო, უცოლო ბიჭი ხარ, არ გინდა პიონერად იმსახურო?“. ვიუარე და ვუთხარი, რომ თავის სარჩენად უნდა მემუშავა. მან მკითხა: „რამდენი ხანია, თქვენთან ერთად ვარ?“. „ასე ორი საათი იქნება“ — ვუპასუხე მე. მან კი მითხრა: „ამ ხნის მანძილზე, რასაც ვუყურებდი, ბევრი არაფერი გაგიკეთებია და ყოველდღე ამდენი რომ იქადაგო, მეტი კი არ არის საჭირო პიონერობისთვის. სცადე ერთი წელი და შემდეგ გადაწყვიტავ, გააგრძელებ თუ არა“.
ჩვენს კულტურაში კაცები ქალისგან რჩევას ადვილად არ იღებენ, თუმცა მერის სიტყვები საკმაოდ გონივრულად ჟღერდა. ამიტომ ორი თვის შემდეგ, 1952 წლის იანვარში, პიონერად მსახურება დავიწყე. ხოლო წელიწად-ნახევრის შემდეგ სკოლა „გალაადის“ 22-ე კლასში მიმიწვიეს.
სწავლის დასრულების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გამგზავნეს. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დავქორწინდი დორის ვუდზე. ეს მხიარული ბუნების და წარმოშობით ინგლისიდან იყო და ჩემსავით შუა აღმოსავლეთში მსახურობდა მისიონერად.
ბიბლიური ცნობის გაცხადება სირიაში
ქორწინებიდან მალევე მე და დორისი ალეპოში (სირია) გაგვგზავნეს. ამ ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, ამიტომ ბიბლიის შესწავლებს, ძირითადად, ნაცნობებთან და ახლობლებთან ვიწყებდით.
ერთხელ ერთ ქალბატონს შევუარეთ, რომელიც ბიბლიით იყო დაინტერესებული. კარები აკანკალებულმა გაგვიღო და გვითხრა: „ფრთხილად იყავით! პოლიცია ახლახან წავიდა. მათ თქვენი ადგილსამყოფლის გაგება სურდათ“. ფაქტი იყო, უშიშროების სამსახურმა იცოდა, ვისთან ვატარებდით ბიბლიის შესწავლებს. მაშინვე დავუკავშირდით ძმებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში სამქადაგებლო საქმეს კურირებდნენ. მათ გვირჩიეს, რაც შეიძლება სწრაფად დაგვეტოვებინა ქვეყანა. დამწუხრებული ვიყავით, რომ ბიბლიის შესწავლების დატოვება მოგვიწია, თუმცა ვგრძნობდით, თუ როგორ ვუყვარდით იეჰოვას და გვიცავდა.
ღვთის ხელმძღვანელობას ერაყშიც ვგრძნობთ
1955 წელს ბაღდადში (ერაყი) გაგვგზავნეს. ერაყში შეგვეძლო ყველასთან გვექადაგა, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა. ჩვენ, ძირითადად, ქრისტიანებს ვუქადაგებდით.
ბაზრებში და ქუჩაში მუსულმანებთანაც წამოვიწყებდით ხოლმე საუბარს. დორისი ადვილად იყოლიებდა ხოლმე მათ ლაპარაკში. მაგალითად, ეუბნებოდა: „ბავშვობაში მამა ხშირად მიმეორებდა, რომ ყველანი ვაგებთ პასუხს შემოქმედის წინაშე“ (რომაელები 4:12). ამის შემდეგ დასძენდა: „ცხოვრებაში ამ სიტყვებმა დიდი დახმარება გამიწია. თქვენ რას ფიქრობთ ამ აზრზე?“.
ბაღდადში დაახლოებით 3 წელი ვმსახურობდით. იქაურ ძმებს ვეხმარებოდით, რომ ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით ორგანიზება გაეწიათ სამქადაგებლო საქმიანობისთვის. შეხვედრებს არაბულ ენაზე მისიონერთა სახლში ვატარებდით. ძალიან გაგვიხარდა, რომ მათზე დასწრება ასირიელებმაც დაიწყეს. ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ქრისტიანები იყვნენ. როცა დაინახეს, როგორი სიყვარულითა და ერთობით გამოვირჩეოდით, მიხვდნენ, რომ ქრისტეს ნამდვილი მოწაფეები ვიყავით (იოანე 13:35).
ბევრი მათგანი მალევე დაინტერესდა სასიხარულო ცნობით. ერთ-ერთი იყო ნიკოლას აზიზი, ნახევრად ასირიელი და ნახევრად სომეხი კაცი, რომელიც თავმდაბლობით და თვინიერებით გამოირჩეოდა. მან და მისმა მეუღლემ, ჰელენმა, მალევე ირწმუნეს ის, რაც ბიბლიიდან იეჰოვასა და იესოს შესახებ გაიგეს (1 კორინთელები 8:5, 6). გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ მოინათლნენ ნიკოლასი და კიდევ 20 ადამიანი ევფრატის მდინარეში.
იეჰოვა მხარდაჭერას არც ირანში გვაკლებს
1958 წლის 14 ივლისს ერაყში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომლის დროსაც მეფე ფაისალ II მოკლეს. მალე ქვეყნის დატოვება მოგვთხოვეს, რის შემდეგაც ირანში გადავედით. დაახლოებით ექვსი თვე ვიმსახურეთ იქ, თუმცა მხოლოდ უცხოელებთან ვქადაგებდით და ისიც მთელი სიფრთხილით.
უკვე თეირანიდან წამოსვლას ვაპირებდით, პოლიციამ რომ დამაკავა და დასაკითხად განყოფილებაში გადამიყვანა. მივხვდი, რომ პოლიცია გვითვალთვალებდა. დაკითხვის შემდეგ დორისს დავუკავშირდი და ამის შესახებ ისიც გავაფრთხილე. შევთანხმდით, რომ სახლში არ დავბრუნდებოდი და ქვეყნის დატოვებამდე ერთმანეთს არ შევხვდებოდით. ვიფიქრეთ, რომ ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა.
მოვილაპარაკეთ, რომ აეროპორტში შევხვედროდით. მანამდე დორისმა უსაფრთხო ადგილს შეაფარა თავი. თუმცა ახლა სირთულე ის იყო, რომ დორისს პოლიციის შეუმჩნევლად უნდა მიეღწია აეროპორტამდე. მან ძალიან ბევრი ილოცა ამ საკითხზე.
მოულოდნელად ისეთმა წვიმამ დაუშვა, რომ ყველამ თავშესაფრის ძებნა დაიწყო, მათ შორის პოლიციელებმაც. ქუჩები მთლიანად დაცარიელდა და მანაც თავისუფლად შეძლო აეროპორტამდე მისვლა. დორისი ამბობს ხოლმე, რომ ეს იეჰოვას სასწაული იყო.
ირანიდან წამოსვლის შემდეგ სხვა ტერიტორიაზე მოგვიწია მსახურების გაგრძელება. იქ სხვადასხვა რელიგიის და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთან გვიწევდა მსახურება. 1961 წლისთვის მიმოსვლით მსახურებას შევუდექით და სხვადასხვა ქვეყანას ვინახულებდით ახლო აღმოსავლეთში.
იეჰოვას განუზომელი ძალის მოწმენი ვხდებით
ახლო აღმოსავლეთში მსახურების დროს განსაკუთრებით დავინახეთ, როგორ აერთიანებს ადამიანებს იეჰოვას წმინდა სული. ორ პალესტინელს ვასწავლიდი ბიბლიას, ედის და ნიკოლასს. დღემდე არ მავიწყდება, რა კარგად ვმსჯელობდით ხოლმე შესწავლის დროს. კრების შეხვედრებზე დასწრებაც ძალიან მოსწონდათ, თუმცა მათზე იმხელა გავლენას ახდენდა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები, რომ მალევე შეწყვიტეს ბიბლიის შესწავლა. ვლოცულობდი, იეჰოვა დახმარებოდა მათ, რომ აზროვნება შეეცვალათ. როცა მიხვდნენ, რომ მხოლოდ ღმერთს შესწევს როგორც პალესტინელების, ისე მთელი კაცობრიობის პრობლემების მოგვარების ძალა, მათ განაგრძეს ბიბლიის შესწავლა (ესაია 2:4). საბოლოოდ შეძლეს, გათავისუფლებულიყვნენ ეროვნული სიამაყისგან და მოინათლნენ. ნიკოლასი მოგვიანებით სარაიონო ზედამხედველადაც მსახურობდა.
ამ ქვეყნებში მსახურების დროს ჩემზე და დორისზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმის დანახვამ, რომ, მძიმე ყოფის მიუხედავად, ჩვენი და-ძმები ერთგულებას ინარჩუნებდნენ. გადავწყვიტე, სარაიონო მონახულების დროს მაქსიმალურად გამემხნევებინა ისინი (რომაელები 1:11, 12). ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელი იყო, ყოველთვის მხსომებოდა, რომ მათზე არაფრით ვუპირატესობდი (1 კორინთელები 9:22). და-ძმების გამხნევება დიდ კმაყოფილებას მგვრიდა.
დიდი ბედნიერებაა იმის დანახვა, რომ ბევრი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით, მოგვიანებით იეჰოვას მსახურები გახდნენ. ზოგ მათგანს თავიანთი ქვეყნების დატოვებაც მოუწიათ არეულობების გამო. თუმცა მათ ბევრი გააკეთეს არაბულენოვან ტერიტორიებზე ავსტრალიაში, ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში. ბოლო წლებში მსახურებისთვის მათი შვილები დაბრუნდნენ უკან. მე და დორისი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამდენი სულიერი შვილები და შვილიშვილები გვყავს.
მუდამ იეჰოვაზე მინდობილნი
იეჰოვა ყოველთვის გვხელმძღვანელობდა და ზრუნავდა ჩვენზე. მიხარია, რომ მან ახალგაზრდობაშივე გამათავისუფლა წინასწარშექმნილი აზრებისგან და ეროვნული სიამაყისგან. გაბედული და მიუკერძოებელი თანაქრისტიანების გვერდით მსახურებამ მეც მომამზადა, ყველანაირი კულტურის ადამიანისთვის მექადაგა. მთელი ამ წლების მანძილზე მე და დორისი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდით, რასაც მრავალი სირთულე და გაურკვევლობა ახლდა თან. თუმცა ამან გვასწავლა, რომ საკუთარი თავის იმედი კი არ გვქონოდა, ბოლომდე იეჰოვას მივნდობოდით (ფსალმუნი 16:8).
დიდი მადლიერებით ვიხსენებ განვლილ წლებს და ვხვდები, რომ იეჰოვასთან ვალში ვარ. მეც ვეთანხმები დორისს, რომელიც ხშირად ამბობს, რომ იეჰოვასადმი ერთგულება ვერაფერმა ვერ უნდა დაგვათმობინოს, თვით სიკვდილის შიშმაც კი. მუდამ მადლიერები ვიქნებით იეჰოვასი, რომ საშუალება გვქონდა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი მომავლის შესახებ გვექადაგა (ფსალმუნი 46:8, 9). მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ, რადგან ვიცით, იეჰოვა კვლავაც უხელმძღვანელებს და დაიცავს ყველა მასზე მინდობილს (ესაია 26:3).
a ამ ჯგუფის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 1980 წლის წელიწდეულში“, გვ. 186—188 [ინგლ.].
b ნეიჯიბ სალემის ბიოგრაფია გამოქვეყნებულია 2001 წლის 1 სექტემბრის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“, გვ. 22—26 [ინგლ.].