არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲢᲔᲠᲘ ᲠᲔᲘᲜᲝᲚᲓᲡᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

იეჰოვას დახმარებით მისთვის საუკეთესოს გაღება შევძელი

იეჰოვას დახმარებით მისთვის საუკეთესოს გაღება შევძელი

 14 წლის ვიყავი, როცა ერთმა ძმამ, სახელად სესილიმ, თავისი ბიბლია მაჩუქა. მას პირადი შესწავლის დროს იყენებდა და არშიებზე სულ ჩანაწერები ჰქონდა გაკეთებული. ჩემთვის ეს განსაკუთრებული საჩუქარი იყო.

 სესილი თავმდაბლობით და სხვებზე მზრუნველობით გამოირჩეოდა. ამ ძმის, დედაჩემის და კრებაში სხვა და-ძმების მაგალითმა აღმძრა, ყველაფერი გამეკეთებინა იეჰოვასთვის (ფილიპელები 2:13). ნება მომეცით, ჩემი ისტორია გიამბოთ.

დედაჩემის გულმოდგინების მაგალითი

 დავიბადე 1943 წელს. ჩემი მშობლები ფერმაში ცხოვრობდნენ, რომელიც ზღვისპირა ქალაქ ბანდაბერგთან (კუინზლენდი, ავსტრალია) ახლოს მდებარეობდა. ამ მხარეში ხალხს, ძირითადად, შაქრის ლერწამი მოჰყავს. იმ პერიოდში ერთმანეთთან საურთიერთოდ ადგილობრივები ქალაქში ყოველ შაბათ საღამოს იკრიბებოდნენ. 1939 წელს, ერთ ასეთ საღამოს, ჩემს მშობლებს ორი პიონერი გამოელაპარაკა და ბიბლიური ჭეშმარიტება გაუზიარა. მოსმენილმა მათზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მალევე იეჰოვას მოწმეები გახდნენ. ასე რომ, მეც და ჩემი და ჯინიც ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდეთ. სამწუხაროდ, როცა 7 წლის ვიყავი, ჩვენს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მამაჩემი კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ეს ამბავი ძალიან განვიცადე. დღემდე მარტო ის მახსოვს, რომ მამაჩემი მშრომელი კაცი იყო და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ერთი სული მაქვს, როდის დაუბრუნდება მას სიცოცხლე, რომ კარგად გავიცნო (საქმეები 24:15).

 დედაჩემი ძალიან კეთილი და გონიერი ქალი იყო. ის მე და ჩემს დას საშუალებას გვაძლევდა, თავისუფლად გამოგვეხატა აზრი და გვეთქვა, რა მოგვწონდა და რა — არა. მაგრამ, როცა საქმე ბიბლიურ პრინციპებსა და იეჰოვასადმი თაყვანისცემას ეხებოდა, ის შეუვალი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ რეგულარულად ვესწრებოდით შეხვედრებს. დედა სულ გვარიგებდა, რომ სკოლის შემდეგ ბევრი დრო არ გაგვეტარებინა იმ ბავშვებთან, რომლებიც ჩვენს მრწამსს არ იზიარებდნენ (1 კორინთელები 15:33). დღევანდელი გადასახედიდან რომ ვაფასებ, ბედნიერი ვარ, დედას ასეთი მტკიცე პოზიცია რომ ჰქონდა.

14 წლის ასაკში

 ის სამქადაგებლო საქმეშიც გულმოდგინე იყო და ხშირად მსახურობდა დროებით პიონერად (დღევანდელი დამხმარე პიონერი). მახსოვს, დაახლოებით 50 ოჯახთან რეგულარულად დაჰქონდა ჟურნალები „გამოიღვიძეთ!“ და „საგუშაგო კოშკი“. დაინტერესებულებზე ფიქრი მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა ასაკში შევიდა და დასუსტდა. დედას იმდენად უყვარდა ხალხი და, რა თქმა უნდა, შვილები, რომ ამან განსაკუთრებით შეგვაყვარა მისი თავი და აღგვძრა, მისთვის მიგვებაძა. ასე რომ, 1958 წელს, 14 წლის ასაკში, თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე.

სხვების კარგი მაგალითი

 მალევე ჩემს კრებაში ერთი გერმანელი ბიჭი, რუდოლფი მოინათლა, რომელიც დაახლოებით 20 წლის იყო. მე და რუდოლფი ყოველ შაბათ დილით იმ ხალხს ვუქადაგებდით, რომლებიც მანქანებში ისხდნენ და საყიდლებზე გასულ ოჯახის წევრებს ელოდებოდნენ.

 რუდოლფი გულმოდგინე ძმა იყო. სწორედ მან შემომთავაზა, რომ არდადეგებზე მასთან ერთად დროებით პიონერად მემსახურა. ერთხელ ექვსი კვირა ვიმსახურეთ ქალაქ გლადსტონში, რომელიც ბანდაბერგიდან დაახლოებით 190 კილომეტრში მდებარეობს. რუდოლფი უფროსი ძმასავით მედგა მხარში. მასთან თანამშრომლობის დროს იმხელა სიხარული განვიცადე, რომ სრული დროით მსახურება გადავწყვიტე. სწორედ ამიტომ 16 წლის ასაკში პიონერობა დავიწყე და მთელი ჩემი დრო იეჰოვას მსახურებას მივუძღვენი.

 თავიდან პიონერად ზღვისპირა ქალაქ მაკიში ვმსახურობდი, რომელიც ბანდაბერგის ჩრდილოეთით დიდ ბარიერულ რიფთან ახლოს მდებარეობს. ერთი წლის შემდეგ, 17 წლის ასაკში, სპეციალურ პიონერად a დავინიშნე ავსტრალიის ერთ მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიაზე. იქ ერთ ცხებულ ძმასთან, ბენეტ ბრიკელთან ვთანამშრომლობდი, რომელიც ჩემზე დაახლოებით 30 წლით უფროსი იყო. b ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ გამოცდილ პიონერთან ერთად მსახურება, რომელსაც ბევრი ერთ-ერთ საუკეთესო მქადაგებლად მიიჩნევდა.

ქადაგება ერთ აბორიგენ ქალთან, 1963 წელი

 ჩვენი სამქადაგებლო ტერიტორია კუინზლენდის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარპენტარიის ყურეს ესაზღვრებოდა. ამ მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიაზე იმ პერიოდში მხოლოდ მე და ბენეტი ვიყავით იეჰოვას მოწმეები. მსახურების დროს ზოგჯერ რამდენიმე საათი გვჭირდებოდა, რომ მანქანით ერთი სახლიდან მეორემდე მივსულიყავით. მტვრიან გზაზე ხანგრძლივი მგზავრობის დროს ბენეტი ხშირად მიყვებოდა მსახურებაში თავს გადამხდარ შემთხვევებს. ის მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ჩვენი საქმიანობა ავსტრალიაში აკრძალული იყო, რუპორებიანი ავტომობილით c ქადაგებდა.

მე (შუაში) და ერთი ძმა ბიბლიის შესწავლას ვატარებთ დაშორებულ ტერიტორიაზე.

 მსახურების შემდეგ ღამის გასათევად გზასთან ახლოს ვბანაკდებოდით. d საჭმელი რომ მოგვემზადებინა, ცეცხლის დასანთებად შეშას ვაგროვებდით. ღამით ღია ცისქვეშ საბანში გახვეულს ბრეზენტზე მეძინა. დღემდე მახსოვს, როგორი მოწიწების განცდა მეუფლებოდა იეჰოვასადმი, როცა თავი ბალიშზე მედო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდი.

 ასეთ მოშორებულ ტერიტორიაზე მანქანა თუ გაგიფუჭდა, შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდე. ერთხელ ჩვენს მანქანას ხიდი ჩაეშალა. იმ დღეს ძალიან ცხელოდა და საკმარისი წყალი არ გვქონდა. მანქანის ნაწილი რომ გვეშოვა, ბენეტი ახლომდებარე ქალაქში, კლონკერში, წავიდა. სამი დღე მანქანაში ვიცდიდი. დღის მანძილზე რამდენიმე მანქანა თუ ჩამივლიდა. ზოგი მძღოლი გაჩერდა კიდეც და ცოტა წყალი დამალევინა. ერთმა კაცმა წიგნიც მომცა და მითხრა: „წაიკითხე მეგობარო, იქნებ ეს მაინც დაგეხმაროს“. ჩემდა გასაკვირად, ამ წიგნში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის მიერ არ იყო გამოცემული, იმ იეჰოვამ მოწმეების ისტორიები იყო მოთხრობილი, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდნენ.

 მე და ბენეტმა დაახლოებით ერთი წელი ვითანამშრომლეთ. ჩვენი ბოლო შეხვედრისას მან ასეთი რამ მითხრა: „ბრძოლა განაგრძე!“. მისი ერთგულებისა და გულმოდგინების მაგალითმა აღმძრა, სრული დროით მსახურება არასოდეს შემეწყვიტა.

სკოლა „გალაადი“ და ტაივანში მსახურება

 დაშორებულ ტერიტორიაზე რამდენიმეწლიანი მსახურების შემდეგ სარაიონო ზედამხედველად მსახურების პატივი მერგო. ამან საშუალება მომცა, რომ ჩვენს რაიონში მინიმუმ ერთი კვირა სხვადასხვა კრებასთან და დამოუკიდებელ ჯგუფთან ერთად მექადაგა. წლების განმავლობაში ოთხ რაიონში ვიმსახურე, რომელშიც შედიოდა კუინზლენდში და ახალ სამხრეთ უელსში არსებული კრებები. 1971 წელს სრულიად მოულოდნელად სკოლა „გალაადის“ 51-ე კლასში მიმიწვიეს, რომელიც იეჰოვას მოწმეებს მისიონერული მსახურებისთვის ამზადებდა. ხუთთვიანმა ბიბლიის ინტენსიურმა სასწავლო კურსმა და კლასელებთან თუ მასწავლებლებთან ურთიერთობამ ახალი დავალებისთვის, ტაივანში მისიონერული მსახურებისთვის, მომამზადა.

ჩემი კლასი სკოლა „გალაადში“

 ჩვენი კლასიდან ტაივანში ცხრანი გაგვგზავნეს. მათ შორის იყო იან ბრაუნი ახალი ზელანდიიდან. სწორედ მასთან ვთანამშრომლობდი მისიონერული მსახურებისას. თავიდან თითქმის არაფერი ვიცოდით ტაივანის შესახებ. სანამ რუკაზე არ მოვძებნეთ, წარმოდგენა არ გვქონდა, სად მდებარეობდა.

 ძალიან დიდი სხვაობა იყო კუინზლენდსა და ტაივანს შორის. ყველაზე დიდ სირთულეს ენობრივი ბარიერი ქმნიდა, ჩვენ ჩინური უნდა გვესწავლა. რაღაც პერიოდი კრების შეხვედრებზე არაფერი გვესმოდა, არადა სულიერად სწორედ რომ კრებებს უნდა განვემტკიცებინეთ. ვერც და-ძმებთან კომუნიკაციას ვახერხებდით. მე და იანი ამ პერიოდმა მიგვახვედრა, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა „გალაადში“ მიღებული ცოდნა. ამას გარდა, დიდ დახმარებას ბიბლიის პირადი შესწავლა და ლოცვა გვიწევდა. მართალია, ადგილობრივ და-ძმებთან საუბარს ვერ ვახერხებდით, მაგრამ ძალიან გვამხნევებდა იმის დანახვა, თუ როგორ სიყვარულს ავლენდნენ ჩვენდამი და იეჰოვასადმი.

ჩინურის შესწავლა

 ტაივანში რომ ჩავედით, ყველა მისიონერმა ჩინური ენის მოკლევადიანი და ინტენსიური სასწავლო კურსი გავიარეთ. ენას ერთი ავსტრალიელი და კეთლინ ლოგანი e გვასწავლიდა, რომელიც „გალაადის“ 25-ე კლასში სწავლობდა. მთლიანად ენის შესწავლაზე ვიყავით ფოკუსირებული, და რასაც ვსწავლობდით, ვცდილობდით, მალევე გამოგვეყენებინა პრაქტიკაში. პირველად რომ გავედით მსახურებაში, მე და იანმა მოკლე შეთავაზება დავიზეპირეთ. სანამ უბანზე მივიდოდით, გზაში იმაზე ვსაუბრობდით, ვინ გააკეთებდა პირველი შეთავაზებას. მე ასაკით უფროსი ვიყავი, ამიტომ უმცროსს დავუთმე. კარზე რომ დავაკაკუნეთ, ერთი წარმოსადეგი ჩინელი მამაკაცი გამოვიდა. ის მოთმინებით უსმენდა იანის ჩინურ-ინგლისურ საუბარს. როცა იანმა საუბარი დაასრულა, ამ კაცმა ინგლისურად გვკითხა, რისი თქმა გვსურდა. სხვათაშორის კარგა ხანს ვისაუბრეთ. საუბრის ბოლოს ისიც კი გვითხრა, რომ ჩინურის შესწავლა არ შეგვეწყვიტა. ამ ნათქვამმა ბენეტის სიტყვები შემახსენა: „ბრძოლა განაგრძე!“.

 ჩვენი სამქადაგებლო ტერიტორია დედაქალაქ ტაიბეის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. იქ იმდენად ცოტა იეჰოვას მოწმე ცხოვრობდა, რომ ხალხის უმეტესობას სასიხარულო ცნობის შესახებ არაფერი სმენოდა. მე და იანი გულმოდგინებით შევუდექით ქადაგებას. ხშირად თვეში ასობით ჟურნალს ვავრცელებდით. ზოგი მხოლოდ იმიტომ იღებდა ჟურნალებს, რომ გაეგოთ, ვინ ვიყავით და რისი თქმა გვსურდა. ყველაფრის მიუხედავად ვცდილობდით, ჩვენი მაქსიმუმი გაგვეკეთებინა სამქადაგებლო საქმეში იმ იმედით, რომ ჩათესილი თესლი ნაყოფს გამოიღებდა.

ცხოვრების თანამგზავრი

მე და ჩემი ცოლი მსახურებაში, 1974 წელი

 იქ მსახურების პერიოდში ერთ ტაივანელ დას, ვენ-კვას, დავუმეგობრდი. მას ძალიან უყვარდა ჭეშმარიტება და სურდა, ადგილობრივებისთვის ბიბლიური ცნობა გაეზიარებინა, და პრინციპში აკეთებდა კიდეც ამას. ჩემი ჩათვლით, ის ბევრ მისიონერს დაეხმარა, რომ სასაუბრო ენა ესწავლათ. თანდათან ჩვენმა ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო და 1974 წელს დავქორწინდით.

 ვენ-კვა იმაშიც გვეხმარებოდა, რომ უფრო ეფექტიანად გვექადაგა, მაგალითად, გვაცნობდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და ხალხის შეხედულებებს. ეს გვეხმარებოდა, შეთავაზებებიც ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით შეგვერჩია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბუდიზმი და ტაოიზმი იყო იქ გავრცელებული. ხალხი წინაპრებს სცემდა თაყვანს და მათ უმეტესობას ბიბლია არც წაკითხული ჰქონდა და არც ნანახი, ამიტომ შეთავაზებების დროს ხშირად შემოქმედზე ვამახვილებდით ყურადღებას. ვამბობდით, რომ მას იეჰოვა ჰქვია და ვხსნიდით, რატომ უნდა გვერწმუნა მისი არსებობის. მაგალითად, თუ ფერმერი ან მეთევზე გვეტყოდა, წვიმა რომ არა, საკვები არ გვექნებოდაო, ჩვენ ვეკითხებოდით: „როგორ ფიქრობთ, ვინ გვაძლევს საკვებს, განა ყველაფრის შემოქმედი, ღმერთი არა, რომელიც თაყვანისცემის ღირსია?!“.

მე და ვენ-კვა, 1975 წელი

 დროის სვლასთან ერთად ჩვენმა ძალისხმევამაც შედეგი გამოიღო — სამეფოს თესლმა არაერთი ადამიანის გულში გაიდგა ფესვი. ზოგ ბიბლიის შემსწავლელს დიდი შრომის ფასად დაუჯდა, ცრუ მოძღვრებებისგან და არაბიბლიური წეს-ჩვეულებებისგან თავი დაეღწია. თუმცა მისიონერების და ადგილობრივი მაუწყებლების დახმარებით მაინც ახერხებდნენ ამას და ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიდნენ (იოანე 8:32). მოგვიანებით ძმების უმეტესობა მომსახურეები და უხუცესები გახდნენ კრებებში, ბევრი და-ძმა კი სრული დროით მსახურებაში ჩაერთო, რომელთაგან ზოგი ადგილობრივ ფილიალს ეხმარებოდა.

 1976 წელს პატივი მხვდა წილად, რომ თან მისიონერად მემსახურა და თან ტაივანის ფილიალის კომიტეტში. თუმცა 1981 წელს მე და ჩემი ცოლი ბეთელში მიგვიწვიეს და იქიდან განვაგრძე კომიტეტში მსახურება. უკვე 60 წელზე მეტი გავიდა, რაც სრული დროით მსახურებაში ვარ ჩართული. აქედან დაახლოებით 50 წელი ჩემს ცოლთან ერთად ტაივანში ვიმსახურე. ჩემი მისიონერული პარტნიორი და მეგობარი იან ბრაუნი სიკვდილამდე, 2013 წლამდე, ტაივანში სრული დროით მსახურობდა.

ჩემს ოფისში, ტაივანი, 1997 წელი

 მე და ჩემი ცოლი ვცდილობთ, ბოლომდე დავიხარჯოთ ბეთელში, ჩვენს ჩინურენოვან კრებასა და მსახურებაში. იეჰოვას დიდ მადლობას ვუხდით, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა. როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, მან სურვილიც აღმიძრა და ძალაც მომცა, მთელი გულით მისთვის მემსახურა. მე და ჩემს ცოლს ის დღესაც გვეხმარება, ჩვენს ასაკშიც არ დავკარგოთ ასეთი სულისკვეთება.

a სპეციალური პიონერი არის სრული დროით მსახური. ის ნებაყოფლობით ქადაგებს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც საჭიროებიდან გამომდინარე იეჰოვას მოწმეთა ფილიალი გაგზავნის.

b ბენეტ ბრიკელის ბიოგრაფია 1972 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა.

c რუპორებიანი მანქანა აღჭურვილი იყო ხმის გამაძლიერებლებით, რათა სამეფოს ცნობა გარშემო ყველას მოესმინა.

d უყურეთ ვიდეოს „ქადაგება დაშორებულ ტერიტორიაზე — ავსტრალია“ და გაიგეთ, როგორ ქადაგებენ და-ძმები ამ ტერიტორიაზე.

e ჰარვი და კეთლინ ლოგანების ბიოგრაფია 2021 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა.