ᲤᲘᲚᲘᲡ ᲚᲘᲐᲜᲒᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
„იეჰოვა აფასებდა ჩემს მზადყოფნას“
„წავყვები“. ასე გამოხატა მზადყოფნა რებეკამ, როდესაც იეჰოვას ნების შესასრულებლად თავის ცხოვრებაში რაღაც უნდა შეეცვალა (დაბადება 24:50, 58). საკუთარი თავი მისთვის არასდროს შემიდარებია, უბრალოდ მინდოდა, მეც ასეთი განწყობა მქონოდა და სრულად დავხარჯულიყავი იეჰოვასთვის. ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთ სირთულეს შევხვდი, თუმცა ყოველთვის ვხედავდი, რომ ჩემს მზადყოფნას იეჰოვა აჯილდოებდა და ამას ზოგჯერ წარმოუდგენელი სახითაც კი აკეთებდა.
ხანდაზმული კაცი ჭეშმარიტებას გვაცნობს
როცა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში, რუდეპურტში, გადავედით საცხოვრებლად, მამაჩემი დაიღუპა. ჩემს ოჯახს რომ დავხმარებოდი, 1947 წელს, 16 წლის ასაკში, სატელეფონო ცენტრში დავიწყე მუშაობა. ერთხელ, სახლში რომ დავბრუნდი, ერთმა ხანდაზმულმა კაცმა დააკაკუნა ჩვენს კარზე და ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ შემოგვთავაზა. ჩვენც ზრდილობა გამოვიჩინეთ და გამოვართვით ჟურნალი.
ბიბლიური ჭეშმარიტებით მალევე დავინტერესდით. დედაჩემმა, რომელიც ახალგაზრდობაში ჰოლანდიის კალვინისტური ეკლესიის წევრი იყო, აშკარად დაინახა განსხვავება ბიბლიურ მოძღვრებებსა და ეკლესიის მოძღვრებებს შორის. საბოლოოდ ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყეთ. 1949 წელს ოჯახიდან პირველი მე მოვინათლე. მას შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ყოფა-ცხოვრებას, თუმცა ძალიან მინდოდა იეჰოვას მსახურებაში მეტის გაკეთება.
მზად ყველგან მსახურებისთვის
1954 წელს პიონერად მსახურება დავიწყე და სამხრეთ აფრიკის ფილიალში ძმებს ვკითხე, სად იყო მაუწყებლებზე დიდი საჭიროება. მათ ერთ პიონერ დასთან ერთად ქალაქ პრეტორიაში გამგზავნეს. ჩვენი საერთო საცხოვრებელი საკმაოდ კომფორტული იყო, თან იქვე ახლოს სიროფში ამოვლებული დონატები, კუკსისთერზები, იყიდებოდა. მისი გემო დღემდე მახსოვს.
მოგვიანებით, როცა ჩემი პარტნიორი გათხოვდა, ფილიალის მსახურმა, ჯორჯ ფილიპსმა, მკითხა, შევძლებდი თუ არა სპეციალურ პიონერად მსახურებას. ამაზე უარს როგორ ვიტყოდი.
სპეციალურ პიონერად მსახურება 1955 წელს დავიწყე ქალაქ ჰარისმითში. მე და იმ დას, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა პიონერად, გვიჭირდა საცხოვრებლის პოვნა. ერთხელ, როცა ადგილობრივი ეკლესიის მრევლმა გაიგო, ვინ ვიყავით, სახლის მეპატრონე აიძულა ბინიდან გავეყარეთ.
მოგვიანებით პარკჰერსტში (იოჰანესბურგი) დავინიშნე. იქ ორ მისიონერ დასთან ერთად ვმსახურობდი. თუმცა შემდეგ ერთი დაქორწინდა, მეორე კი სხვა ტერიტორიაზე გაგზავნეს. ერთმა დამ, აილინ პორტერმა, შემიფარა, არადა მის ოჯახს ჩემთვის ოთახიც კი არ ჰქონდა. ერთ პატარა ადგილზე მეძინა, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი. აილინი ძალიან მოსიყვარულე ადამიანი იყო და მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ყოველთვის მაოცებდა როგორი შემართებით გამოირჩეოდა მსახურებაში, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ეკისრა.
მალევე ერთ დასთან, მერლი ლორენსთან, ერთად ჩრდილოეთ ალივალში (აღმოსავლეთი კაპლანდი) გამგზავნეს. მაშინ დაახლოებით 20 წლისები ვიყავით. ორივემ ბევრი ვისწავლეთ ერთი ხანდაზმული დისგან, დოროთისგან, რომელსაც დოთს ვეძახდით. ახალგაზრდობაში მსახურების დროს ის ძაღლებმა დაგლიჯეს, თუმცა ამის გამო გულმოდგინება არ დაუკარგავს მსახურებაში.
1956 წელს მერლი სკოლა „გალაადის“ 28-ე კლასში მიიწვიეს. მართალი რომ გითხრათ, მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი მას. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მაკლდა, დოთი ჩემზე ზრუნავდა და ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად კარგი მეგობრებიც გავხდით.
ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა მერლივით მეც მიმიწვიეს სკოლა „გალაადში“. სანამ სასწავლად გავემგზავრებოდი 8 თვე ქალაქ ნაიჯელში ვმსახურობდი კეთი კუკთან ერთად, რომელიც სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებული იყო. მან წინასწარ შემიქმნა ზოგადი წარმოდგენა, რა მელოდა სკოლაში. 1958 წლის იანვარში სკოლაში წასვლის დროც დადგა და ნიუ-იორკში გავემგზავრე.
მზად სასწავლად
სკოლაში სასწავლად რომ წავედი, იქ ერთ სამოელ დასთან, ტია ალუნისთან და ერთ მაორელ დასთან, ივი კავისთან ერთად ვცხოვრობდი. სამხრეთ აფრიკაში რომ ვიყავი, იქ მთავრობის გადაწყვეტილებით, თეთრკანიანებს და შავკანიანებს ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდათ, ამიტომ უცხო იყო ჩემთვის ამ დებთან ერთად ცხოვრება. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ორივე ძალიან შემიყვარდა და ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ასეთი ინტერნაციონალური კლასი რომ გვყავდა.
სკოლაში ჩვენი ერთ-ერთი მასწავლებელი მაქსველ ფრენდი იყო. ზოგჯერ ძალიან რთულ გაკვეთილებს ატარებდა. კლასში სამი ნათურა ჰქონდა, რომლებზეც შემდეგი წარწერები იყო გაკეთებული: „ხარისხი“, „ტემპი“ და „სიძლიერე“. თუ მოსწავლეების დავალებას რაიმე ნაკლი ჰქონდა, ძმა მაქსველი ერთ-ერთ ნათურას ანთებდა. ბუნებით მორცხვი ადამიანი ვარ, ამიტომ ჩემი დავალების შემდეგ ხშირად ინთებოდა ერთ-ერთი ნათურა. ამის გამო ზოგჯერ ვტიროდი კიდეც. თუმცა ძმა მაქსველს ძალიან ვაფასებდი. როცა დატვირთული ვიყავი და გაკვეთილების შუალედებში ვალაგებდი, ზოგჯერ მას ჩემთვის ფინჯანი ყავა მოჰქონდა, ცოტა მაინც რომ შეემსუბუქებინა ჩემთვის საქმე.
დასასრულისკენ რომ მიდიოდა სწავლის პროცესი, სულ მეტად მეფიქრებოდა, სად დამნიშნავდნენ. ჩემი მეგობარი, მერლი, რომელსაც უკვე დამთავრებული ჰქონდა სკოლაში სწავლა, პერუში მსახურობდა. მისი პარტნიორი მალე უნდა გათხოვილიყო, ამიტომ მირჩია, რომ ძმა ნეითან ნორს დავლაპარაკებოდი, რომელიც იმ დროს ჩვენ საქმიანობას ხელმძღვანელობდა, და მეკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მერლისთან ერთად მემსახურა. ძმა ნეითანი რამდენიმე კვირაში ერთხელ სკოლაში გვსტუმრობდა ხოლმე, ამიტომ რთული არ იყო მასთან საუბარი. თქვენ წარმოიდგინეთ, სწავლა რომ დავამთავრე, პერუში დამნიშნეს.
მთებში ქადაგება
უბედნიერესი ვიყავი, რომ კიდევ მომიწია მერლისთან ერთად თანამშრომლობა, თუმცა ამჯერად პერუში. ბიბლიის შესწავლები მალევე დავიწყე, არადა ესპანური ჯერ კიდევ კარგად არ ვიცოდი. მოგვიანებით, მე და მერლი მთიან მხარეში, აიაკუჩოში, გაგვგზავნეს. უნდა ვაღიარო, რთული დავალება იყო. ცოტა ესპანური უკვე ვიცოდი, მაგრამ ამ მხარეში მხოლოდ კეჩუა ენაზე საუბრობდნენ. იქაურ ჰავასთან შეგუებაც გამიჭირდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აიაკუჩოში ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი და ვფიქრობდი, რომ ჭეშმარიტება აქ ვერ გავრცელდებოდა. თუმცა დღეს აიაკუჩოში 700-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს და მთარგმნელობითი ოფისიც კი არის ამ ტერიტორიაზე განთავსებული.
გარკვეული ხნის შემდეგ მერლი ერთ სარაიონო ზედამხედველს, რამონ კასტილოს, გაჰყვა ცოლად. 1964 წელს რამონმა სკოლა „გალაადის“ 10-თვიანი კურსი გაიარა. მის კლასში ჩემი ერთ-ერთი კლასელიც, ფუ-ლონი ლიანგიც, სწავლობდა. ის ჰონკონგში მსახურობდა და „გალაადში“ დამატებითი ტრენინგების გასავლელად მიიწვიეს, რათა უკეთ შეესრულებინა ფილიალში მისთვის დაკისრებული დავალება. a ფუ-ლონიმ რამონს ჩემი ამბები ჰკითხა, აინტერესებდა, როგორ მიდიოდა ჩემი მსახურება პერუში. ამის შემდეგ მე და ფუ-ლონიმ მიმოწერა დავიწყეთ.
მან თავიდანვე ამიხსნა, რომ ჩემთან სერიოზული ურთიერთობა სურდა და ეს არ იყო რაღაც უბრალო მეგობრული მიმოწერა. იმ პერიოდში ჰონკონგში მისიონერად ჰაროლდ კინგი მსახურობდა. მას ხშირად უწევდა ფოსტაში მისვლა და ფუ-ლონიც ჩემთან გამოსაგზავნ წერილებს ჰაროლდს ატანდა ხოლმე. ჰაროლდი ფუ-ლონის წერილებს ნახატებს და პატარა წარწერებს უკეთებდა. მაგალითად, ერთხელ ასეთი რამ დაწერა: „ვეცდები, ფუ-ლონიმ უფრო ხშირად მოგწეროს წერილები“.
18-თვიანი მიმოწერის შემდეგ მე და ფუ-ლონი დავქორწინდით და დაახლოებით 7-წლიანი მსახურების შემდეგ პერუს დატოვებაც მომიწია.
ახალი ცხოვრება ჰონკონგში
მე და ფუ-ლონი 1965 წლის 17 ნოემბერს დავქორწინდით. ძალიან მომწონდა ჰონკონგში ჩემს ქმართან და კიდევ ორ წყვილთან ერთად მსახურება. ჩვენ ფილიალში ვცხოვრობდით. დღის განმავლობაში ფუ-ლონი მთარგმნელობით საქმეს ასრულებდა, მე კი ვქადაგებდი. კანტონურის სწავლა რთული იყო, თუმცა ჩემი მეუღლე და სხვა მისიონერი დები დიდ დახმარებას მიწევდნენ და ჩემ მიმართ მოთმინებას ავლენდნენ. სხვათაშორის, ბავშვებს რომ ვუტარებდი ბიბლიის შესწავლას, ეს განსაკუთრებით მეხმარებოდა ენის შესწავლაში და განტვირთვაში.
რამდენიმე წლის შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა მისიონერული მსახურება გვუნ ტონგში განვაგრძეთ. b იქ ფუ-ლონი კანტონურს ასწავლიდა ახალდანიშნულ მისიონერებს. ამ ტერიტორიაზე მსახურება ისე მომწონდა, რომ ზოგჯერ სახლში წასვლაც კი არ მინდოდა.
1968 წელს ძალიან გამიხარდა, რომ გამოიცა ახალი პუბლიკაცია „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. შემსწავლელებისთვის, რომელთაც არც ბიბლიაზე და არც ქრისტიანობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს სახელმძღვანელო უფრო მარტივი გასაგები იყო, ვიდრე წინა „დაე მართალი იყოს ღმერთი!“.
თუმცა ჩემი შეცდომაც უნდა ვაღიარო. მეგონა, რომ რახან შემსწავლელები წიგნში მოცემულ კითხვებს პასუხობდნენ, ჭეშმარიტება კარგად ესმოდათ. მაგალითად, ერთმა ჩემმა შემსწავლელმა მთლიანი წიგნი დაამთავრა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ღმერთის არსებობის მაინც არ სწამდა. ამ შემთხვევამ მასწავლა, რომ მხოლოდ მასალის განხილვით კი არ უნდა დავკმაყოფილებულიყავი შესწავლისას, არამედ შემსწავლელების გრძნობების გასაგებად მათთან საუბრისთვისაც უნდა დამეთმო დრო.
რამდენიმე წლის შემდეგ ფილიალში დავბრუნდით, რადგან ჩემს ქმარს ჰონკონგის ფილიალის კომიტეტში უნდა ემსახურა. წლების მანძილზე დასუფთავების განყოფილებაში და მიმღებში ვმსახურობდი. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ფუ-ლონის კონფიდენციალური თეოკრატიული დავალებების შესასრულებლად სხვაგან გამგზავრება უწევდა და თან ვერ მივყვებოდი. თუმცა ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო, მისთვის მხარი დამეჭირა.
მოულოდნელი ცვლილება
2008 წლის ერთ ღამეს ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ჩემი ძვირფასი მეუღლე სხვაგან იყო წასული, რა დროსაც მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამომდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. განადგურებული ვიყავი, თუმცა და-ძმებს მხარდაჭერის გარეშე არ დავუტოვებივარ. ის კი მაინც შევძელი, რომ გახსენების საღამოზე მშვიდად ვყოფილიყავი და ჩემს დაინტერესებულს ბიბლიური მუხლების მოძებნაში დავხმარებოდი. ძალას მაძლევდა ფუ-ლონის ერთ-ერთი საყვარელი ბიბლიური მუხლი, სადაც წერია: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა . . . მე დაგეხმარები!“ (ესაია 41:13).
ჩემი ქმრის სიკვდილიდან 7 წლის შემდეგ ძმებმა მირჩიეს, რომ უფრო დიდ ფილიალში გამეგრძელებინა მსახურება, რადგან იქ უკეთ შეძლებდნენ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 2015 წელს სამხრეთ აფრიკის ფილიალში გადავედი, რომელიც იმ ადგილთან ახლოს მდებარეობს, სადაც 1947 წელს ჭეშმარიტება გავიგე.
უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან არაერთი წელი გავატარე ღვთის მსახურებაში და ყოველთვის ვხედავდი, რომ იეჰოვა აფასებდა ჩემს მზადყოფნას. ზოგი ჩემი ბიბლიის შემსწავლელი, რომლებიც დღეს იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან, დღემდე მეხმიანება. ვხედავ, როგორ აკურთხა იეჰოვამ ჩემი პატარა წვლილი, რომელიც სამქადაგებლო საქმეში შევიტანე. მაგალითად, პერუში 1958 წელს, სულ რაღაც, 760 მაუწყებელი მსახურობდა, 2021 წელს კი მათმა რიცხვმა 133 000-ს მიაღწია, ხოლო ჰონკონგში 1965 წელს 230 მაუწყებელი მსახურობდა, 2021 წლის მონაცემებით კი იქ 5 565 იეჰოვას მოწმეა.
ჩემი ასაკის გამო ბევრის კეთება აღარ შემიძლია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მზადყოფნის სული დავკარგე. მოუთმენლად ველი ახალ ქვეყნიერებას, სადაც ამავე სულით განვაგრძობ მსახურებას, უამრავ საქმეს გავაკეთებ და მეც ვიტყვი: „წავყვები“.