ხესუს მარტინი | ავტობიოგრაფია
„უმძიმეს წუთებში იეჰოვამ მიხსნა“
დავიბადე მადრიდში 1936 წელს. ჩემი თაობის ესპანელებს ეს წელი არასოდეს დაავიწყდებათ, რადგან ამ დროს ესპანეთში სასტიკმა სამოქალაქო ომმა იფეთქა.
სამოქალაქო ომმა, რომელიც თითქმის სამ წელს გაგრძელდა, დიდი ფიზიკური და ემოციური ზიანი მიაყენა ესპანელ ხალხს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მამაჩემი იყო. მას ყოველთვის გულწრფელად სწამდა ღმერთი, მაგრამ როდესაც დაინახა, როგორ იყვნენ კათოლიკე მღვდლები ომში ჩართულები, საშინლად აღშფოთებული და იმედგაცრუებული დარჩა. მამამ გადაწყვიტა, რომ მე და ჩემი ძმა კათოლიკური წესით არ მოვენათლეთ.
1950 წელს კარზე ორმა იეჰოვას მოწმემ მოგვიკაკუნა. მამა მათ ყოველკვირეულ ბიბლიის შესწავლაზე დასთანხმდა. მე მაშინ 14 წლის ვიყავი და ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო. მამას ძალიან უნდოდა, რომ მოწმეების მიერ დატოვებული პუბლიკაციები წამეკითხა, მაგრამ მე არანაირი სურვილი არ მქონდა. მახსოვს, ერთხელ, ნაშუადღევს, ფეხბურთიდან სახლში რომ დავბრუნდი, დედას ვკითხე: „დედა, ის ბიბლიის მასწავლებლები ისევ აქ არიან?“. „დიახ, მამაშენთან ერთად სასადილო ოთახში არიან“, — მიპასუხა დედამ. ეგრევე ქუჩაში გავვარდი.
ჩემზე ძალიან იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ბიბლიისადმი ჩემმა გულგრილმა დამოკიდებულებამ მამას ხალისი ვერ დაუკარგა. პირიქით, მას უფრო და უფრო უყვარდებოდა ჭეშმარიტება. მამა 1953 წელს მოინათლა. ამ მოვლენამ იმდენად აღმიძრა ცნობისმოყვარეობა, რომ მამას არაერთი კითხვა დავუსვი. ბიბლიის პირადი ეგზემპლარიც კი ვითხოვე. მამამ ახალგაზრდა მოწმეს, მასიმო მურსიას სთხოვა, ბიბლიის შესწავლაში დამხმარებოდა. ორი წლის შემდეგ, 19 წლის ასაკში, მოვინათლე მდინარე ხარამაში, რომელიც მადრიდის აღმოსავლეთით ჩამოედინება.
ქადაგება ფრანსისკო ფრანკოს დიქტატორობის პერიოდში
1950-იან წლებში ქადაგება და ერთად შეკრება დიდ სირთულეს წარმოადგენდა მოწმეებისთვის. ესპანეთს დიქტატორი ფრანსისკო ფრანკო განაგებდა. მისი მიზანი იყო, ესპანეთში მხოლოდ კათოლიკეები ყოფილიყვნენ. შედეგად პოლიციელები ხშირად დასდევდნენ იეჰოვას მოწმეებს. ჩვენ ოჯახებში ვიკრიბებოდით და ძალიან ვფრთხილობდით, რომ მეზობლებს ეჭვი არ აეღოთ და პოლიციაში არ დავესმინეთ. კარდაკარ ქადაგების დროსაც, რაც შეიძლება ფრთხილად და გონივრულად ვმოქმედებდით. ორი ან სამი სახლის კარზე ვაკაკუნებდით და მალევე გადავდიოდით სხვა ტერიტორიაზე. სასიხარულო ცნობას ბევრი ისმენდა, მაგრამ ყველა არ იხიბლებოდა.
მახსოვს, ერთ კართან კათოლიკე მღვდელს შევხვდით. როცა ჩვენი მისვლის მიზეზი ავუხსენი, მან გვკითხა: „ვისი უფლებამოსილებით ქადაგებთ? იცით, რომ შემიძლია პოლიციაში დავრეკო?“. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. ბოლოს დავძინე: „იესოს მტრებიც ცდილობდნენ მის დაკავებას და რა გასაკვირია, რომ მის მიმდევრებსაც მსგავსად მოექცნენ?!“. ჩემი პასუხით გაბრაზებული მღვდელი სახლში შევარდა, რომ პოლიციაში დაერეკა. იქაურობა, რაც შეგვეძლო, სწრაფად დავტოვეთ.
ასეთი არასახარბიელო შემთხვევების მიუხედავად, ესპანეთში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა, რომლებიც მაშინ, რამდენიმე ასეულს შეადგენდნენ, დაინახეს, რომ ყანები გადათეთრებული იყო მოსამკელად. 1956 წლის თებერვალში 19 წლის ასაკში სპეციალურ პიონერად a მსახურებას შევუდექი. პიონერების უმეტესობა ახალგაზრდები და გამოუცდელები ვიყავით, მაგრამ საბედნიეროდ, ქვეყანაში რამდენიმე მისიონერი იყო, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდნენ და გვამხნევებდნენ. ახალგაზრდა პიონერ ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დამნიშნეს, სადაც არავის ჰქონდა ნაქადაგები. რამდენიმე თვეში ასობით ლიტერატურა გავავრცელეთ და ბევრი ბიბლიის შესწავლაც დავიწყეთ.
ჩვენი აქტიურობა, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ალიკანტეში გადასვლიდან რამდენიმე თვეში პოლიციამ დაგვაკავა და ბიბლიები ჩამოგვართვა. 33 დღე ჩაგვსვეს სატუსაღოში, რის შემდეგაც მადრიდში დაგვაბრუნეს და გაგვათავისუფლეს. ეს მოკლევადიანი პატიმრობა ერთგვარი შესავალი იყო იმისა, რაც წინ გველოდა.
ჩემი ცხოვრების უმძიმესი წუთები
21 წლის ასაკში სამხედრო სამსახურის შესასრულებლად გამომიძახეს. უნდა გამოვცხადებულიყავი სამხედრო ყაზარმაში, ქალაქ ნადორში, რომელიც ჩრდილოეთ მაროკოში მდებარეობდა. იმ დროისათვის ნადორი ესპანეთის პროტექტორატს წარმოადგენდა. უფროსი ლეიტენანტის წინაშე ღირსეულად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მას ვუთხარი, რომ ჯარში არ ვიმსახურებდი და არც ფორმას ჩავიცვამდი. სამხედრო პოლიციამ ქალაქ მელილაში, როსტროგორდოს ციხეში გადამიყვანა, სადაც სამხედრო ტრიბუნალი მელოდა.
სასამართლო პროცესამდე ესპანეთის სამხედრო მეთაურმა, რომელიც თავის მოვალეობას მაროკოში ასრულებდა, ჯარისკაცებს დაავალა, იქამდე ვეცემე, სანამ ჭკუაზე არ მოვიდოდი. შეგულიანებული ჯარისკაცები შეურაცხყოფას მაყენებდნენ, 20 წუთი მათრახით მშოლტავდნენ, შემდეგ წიხლები მირტყეს მანამ, სანამ ძირს არ დავეცი. კაპიტანი, რომელსაც ჩემი ცემა ჰქონდა დავალებული, ამით არ დაკმაყოფილდა. მან გამეტებით დამიწყო თავში წიხლების ჩარტყმა თავისი სამხედრო ჩექმებით და გული მხოლოდ მაშინ იჯერა, როცა ჩემი თავიდან სისხლმა იჩქეფა. პოლიციელებმა მის კაბინეტში შემათრიეს, სადაც დამემუქრა: „არ იფიქრო, შენთან საქმე უკვე დავამთავრე. ყოველი დღე ამაზე უარესი იქნება!“. მან მცველებს უბრძანა, მიწისქვეშა საპყრობილეში ჩავეკეტე. დილეგი ნესტიანი და ბნელი იყო, თუმცა ჩემი მომავალი უფრო მეტად შავბნელი და უიმედო ჩანდა.
დღემდე მახსოვს, როგორ დავწექი იატაკზე დასისხლიანებული. ერთი თხელი საბნის მეტი საკანში არაფერი მქონდა. საპყრობილეში მარტო არ ვიყავი, „კომპანიონობას“ ვირთხები მიწევდნენ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, ლოცვა იყო. იმ ბნელ, ცივ დილეგში გამუდმებით ვლოცულობდი და იეჰოვას ძალას და ამტანობას ვთხოვდი. b
მეორე დღეს ისევ გამეტებით მცემეს, ამჯერად კაპრალმა. ცემის შემდეგ კაპიტანმა დამათვალიერა, რომ დარწმუნებულიყო, მის მოსაწონად ვიყავი თუ არა ნაცემი. ვაღიარებ, იმ მომენტში შიშმა შემიპყრო. არ ვიცოდი, რამდენ ხანს გავუძლებდი ასეთ სისასტიკეს. მთელი ღამე ვევედრებოდი იეჰოვას, დამხმარებოდა.
მესამე დღეს კვლავ გამომიძახეს კაპიტნის ოფისში. შიშმა კიდევ უფრო მეტად ამიტანა. მცველებს რომ მივყავდი, იეჰოვას მივმართე ლოცვით. ამჯერად სამხედრო ტრიბუნალის მდივნის, დონ ესტევანის, c წინაშე წარმადგინეს. ის სპეციალურად მოვიდა, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღეძრა.
როდესაც დონ ესტევანმა დაინახა, რომ თავი შეხვეული მქონდა, მიზეზი მკითხა. იმის შიშით, რომ უარეს დღეში ჩამაგდებდნენ, ვყოყმანობდი, მეთქვა თუ არა, თუმცა სიმართლე მაინც ვთქვი. როდესაც დონ ესტევანმა დეტალები მოისმინა, მითხრა: „სამხედრო ტრიბუნალს ვერ აგაცილებ, თუმცა შემიძლია დაგარწმუნო, რომ დღეიდან შენს ცემას ვეღარავინ გაბედავს“.
როგორც მან თქვა, სასჯელი ისე მოვიხადე, რომ ჩემთვის თითი აღარავის დაუკარებია. დღემდე არ ვიცი, რატომ მოისურვა იმ დღეს დონ ესტევანმა ჩემთან გასაუბრება. ერთი რამ ცხადი იყო: იეჰოვამ განსაკუთრებული სახით უპასუხა ჩემს ლოცვებს. დავინახე, როგორ მიხსნა ღმერთმა უმძიმეს წუთებში. მან არ დაუშვა ისეთი განსაცდელი, რომლის ატანასაც ვერ შევძლებდი (1 კორინთელები 10:13). სამხედრო ტრიბუნალის წინაშე იეჰოვასადმი სრული ნდობით წარვდექი.
სასამართლომ 19-წლიანი პატიმრობა შემიფარდა, მოგვიანებით 3 წელი დამიმატეს „დაუმორჩილებლობისთვის“. მაროკოში 15-თვიანი პატიმრობის შემდეგ მადრიდთან ახლოს, ოკანიას ციხეში გადამიყვანეს, რაშიც იეჰოვას ხელი დავინახე. როსტროგორდოს ციხესთან შედარებით ოკანიაში სამოთხეში ვიყავი. საკანში საწოლი, მატრასი და თეთრეული მქონდა. რაღაც დროის შემდეგ ციხის საბუღალტრო საქმეები ჩამაბარეს. თუმცა ხანგრძლივი პატიმრობის გამო დროდადრო თავს ეულად ვგრძნობდი. ყველაზე დიდი განსაცდელი ის იყო, რომ ძალიან მაკლდა თანამორწმუნეების გარემოცვა.
ხანდახან მშობლები მოდიოდნენ ციხეში ჩემ სანახავად, თუმცა უფრო მეტად მჭირდებოდა გამხნევება. მშობლებმა მითხრეს, რომ სხვებსაც მოუწიათ ნეიტრალიტეტის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა. ვლოცულობდი და იეჰოვას ვთხოვდი, ერთი ძმა მაინც ჩაესვათ იმ ციხეში, რომელშიც მე ვიყავი. იეჰოვამ ამჯერადაც შეისმინა ჩემი ლოცვა და იმაზე გულუხვად მიპასუხა, ვიდრე ველოდი. მალე სამი სამაგალითო ძმა, ალბერტო კონტიოკი, ფრანსისკო დიასი და ანტონიო სანჩესი, მოათავსეს ოკანიას ციხეში. ოთხწლიანი მარტოობის შემდეგ უკვე გვერდით მყავდა სულიერი ძმები. ოთხ ძმას უკვე შეგვეძლო ერთად შეგვესწავლა ბიბლია და პატიმრებისთვისაც გვექადაგა.
ციხიდან გათავისუფლება
1964 წელს ვადამდე გამათავისუფლეს ციხიდან. 22 წლის ნაცვლად 6 წელი და 6 თვე გავატარე საპატიმროში. იმავე დღეს, როცა ციხიდან გამომიშვეს, კრებაზე წავედი მადრიდში. ჩემი ბოლო გროშები ტაქსიში გადავიხადე, რომ შეხვედრაზე დროულად მივსულიყავი. რა სასიხარულო იყო კვლავ და-ძმების გვერდით ყოფნა! მინდოდა, მაშინვე შევდგომოდი პიონერულ მსახურებას. ხალხი დადებითად ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო პოლიცია მოსვენებას არ გვაძლევდა. საქმე ბევრი იყო გასაკეთებელი.
იმ პერიოდში გავიცანი მერსედესი, გულმოდგინე და, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობდა. მერსედესი თავმდაბალი, კეთილი და გულუხვი იყო. ეს ის თვისებებია, რომლებსაც ძალიან ვაფასებდი. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით. მერსედესი იეჰოვას საჩუქარი აღმოჩნდა ჩემთვის.
დაქორწინებიდან რამდენიმე თვეში მიმოსვლითი მსახურება შემოგვთავაზეს. ყოველკვირა სხვადასხვა კრებას ვინახულებდით და სამქადაგებლო მსახურებაში კრების და-ძმებთან ვმსახურობდით. მთელ ესპანეთში ახალ-ახალი კრებები ყალიბდებოდა, ამიტომ ბუნებრივია, ძმებს დახმარება და გამხნევება სჭირდებოდათ. ამას გარდა, იმის პატივიც მხვდა წილად, რომ კვირაში რამდენიმე დღე ბარსელონაში იეჰოვას მოწმეების ოფისს დავხმარებოდი. ჩვენი საქმიანობა მაშინ იატაკქვეშ მიმდინარეობდა.
1967 წელს მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ესპანეთის ყველა მოქალაქეს რელიგიის თავისუფლების უფლება მიენიჭა. ასე დაესვა წერტილი ჩვენს ფარულ საქმიანობას. 1970 წელს იეჰოვას მოწმეების რელიგია კანონიერად ცნეს. ახლა უკვე შეგვეძლო თავისუფლად ჩაგვეტარებინა კრების შეხვედრები, აგვეშენებინა დარბაზები და ფილიალიც კი.
ახალი თეოკრატიული დავალებები
1971 წელს მე და მერსედესი ბარსელონის ახლად აშენებულ ბეთელში მიგვიწვიეს მსახურებისთვის. მაგრამ ერთი წლის შემდეგ მერსედესი დაფეხმძიმდა. შეგვეძინა ლამაზი გოგონა, რომელსაც აბიგაილი დავარქვით. ასე რომ, შევწყვიტეთ ბეთელში მსახურება და ახალი დავალების შესრულებას, ქალიშვილის აღზრდას, შევუდექით.
როცა აბიგაილი მოზარდობის ასაკში შევიდა, ფილიალმა გვკითხა, ხომ არ შეგვეძლო მიმოსვლითი მსახურების გაგრძელება. ამ საკითხზე ვილოცეთ და რჩევა მოწიფულ ძმებს ვკითხეთ. ერთმა უხუცესმა მითხრა: „ხესუს, თუ ძმებს კვლავ სჭირდები ამ დავალების შესასრულებლად, უარი არ უნდა თქვა“. ასე დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში მორიგი ბედნიერი პერიოდი. თავიდან ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე კრებებს ვინახულებდით, რაც საშუალებას გვაძლევდა, აბიგაილზეც სათანადოდ გვეზრუნა. როცა აბიგაილი გაიზარდა და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება, შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო გაგვეფართოებინა მსახურება.
მიმოსვლით მსახურებაში მე და მერსედესმა 23 წელი გავატარეთ. ძალიან მიყვარდა ასეთი სახის მსახურება, რაც შესაძლებლობას მაძლევდა ახალგაზრდები პირადი გამოცდილებით გამემხნევებინა. ზოგჯერ იმ ხანებში, როცა უხუცესების სკოლას და პიონერების სკოლას ვატარებდი, მადრიდის ბეთელში ვრჩებოდით. აღსანიშნავია, რომ ბეთელიდან სადღაც სამ კილომეტრში ჩამოედინება მდინარე ხარამა, რომელშიც 1955 წელს მოვინათლე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ათწლეულების შემდეგ ამ ტერიტორიაზე ისევ დავბრუნდებოდი და დავეხმარებოდი ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს, იეჰოვასთვის უფრო მეტი საქმის შესასრულებლად მომზადებულიყვნენ.
2013 წლიდან ისევ სპეციალურ პიონერებად მსახურებას შევუდექით. ვაღიარებ, ცოტა გამიჭირდა მიმოსვლითი მსახურებიდან პიონერულ მსახურებაზე გადართვა, მაგრამ ეს დროული ცვლილება აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებს შევხვდი; გულზე რთული ოპერაციის გაკეთებაც მომიწია. კვლავ იეჰოვაზე ვიყავი მინდობილი და როგორც ყოველთვის, არც ამჯერად მიგრძნია თავი მიტოვებულად. 56 წლის განმავლობაში ჩემი ერთგული მეუღლე მერსედესიც მხარში მედგა, რომელიც შესანიშნავ პარტნიორობას მიწევდა თეოკრატიული დავალებების შესრულებისას.
ხშირად ვიხსენებ იმ დროს, როცა სკოლებს ვატარებდი. დღემდე თვალწინ მიდგას სტუდენტების ანთებული სახეები. მათი გულმოდგინების შემხედვარეს, საკუთარი თავი მახსენდებოდა ახალგაზრდობაში, როცა ენთუზიაზმით აღვსილმა დავიწყე იეჰოვას მსახურება. მართალია, მრავალი სირთულის გადატანა მომიწია, მაგრამ სასიამოვნო მოგონებები უფრო მეტი მაქვს. განსაცდელებმა არაერთი გაკვეთილი მასწავლა; მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ არასოდეს ვიყო დაიმედებული საკუთარ თავზე. სირთულეების დროს უფრო მკაფიოდ ვხედავდი ჩემ საშველად გამოწვდილ იეჰოვას ხელს. ის ყოველთვის მაძლიერებდა, უმძიმეს წუთებშიც კი (ფილიპელები 4:13).
a სპეციალური პიონერები არიან სრული დროით მსახურები, რომელთაც, მათი სურვილის შესაბამისად, იეჰოვას მოწმეთა ფილიალი ისეთ ტერიტორიებზე გზავნის, სადაც ბიბლიის მასწავლებლების საჭიროებაა.
b ამ ოთხი კვადრატული მეტრის საკანში, რომელსაც ტუალეტი არ ჰქონდა, შვიდი თვე გავატარე. საწოლის მოვალეობას ბინძური იატაკი ასრულებდა და მხოლოდ ერთი თხელი საბანი მქონდა.
c „დონ“ არის პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმა ესპანურენოვან ქვეყნებში, რომელიც საკუთარი სახელის წინ გამოიყენება.