არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲯᲔᲘ ᲙᲔᲛᲞᲑᲔᲚᲘ | ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

„იეჰოვამ მტვრიდან წამომაყენა“

„იეჰოვამ მტვრიდან წამომაყენა“

 ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი. ისეთი უღირსობის გრძნობა მქონდა, რომ მერჩივნა, სახლში დავრჩენილიყავი და ხალხთან იშვიათად მქონოდა ურთიერთობა. მეშინოდა, რომ ისინი დამამცირებდნენ და უპატივცემულოდ მომექცეოდნენ. ნება მომეცით, ჩემი ისტორია გიამბოთ.

 იდგა 1967 წლის აგვისტოს ერთი ჩვეულებრივი დღე. მაშინ წლინახევრის ვიყავი. მოულოდნელად მაღალმა სიცხემ მომცა. მეორე დილით მუხლებში სისუსტე მქონდა. ფრიტაუნის (სიერა-ლეონე) საავადმყოფოში გამოკვლევა ჩამიტარეს და პოლიომიელიტის დიაგნოზი დამისვეს. ეს ვირუსული დაავადება დამბლას იწვევს და ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. ფიზიოთერაპიამაც კი ვერ მიშველა. დროთა განმავლობაში, ისეთ სიმძიმეს ვგრძნობდი ფეხებში, რომ ვეღარც დავდიოდი და ვეღარც ვდგებოდი. მამაჩემი გამუდმებით მამცირებდა ჩემი დაავადების გამო და მეუბნებოდა, რომ ბავშვადაც არ ვვარგოდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ გადაადგილება მხოლოდ ხოხვით შემეძლო, რის გამოც დაბალი თვითშეფასება მქონდა და თავს უსუსურად ვგრძნობდი.

მიწაზე გატარებული ბავშვობა

 ერთ ეზოში რამდენიმე ღარიბი ოჯახი ვცხოვრობდით. ხალხს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ მამაჩემს ვყვარებოდი. თუმცა მას ეს გრძნობა ჩემ მიმართ არ გააჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ჯადოს გამო ვიყავი. ზოგი იმასაც კი ურჩევდა დედაჩემს, რომ უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლის კართან დავეტოვებინე და ჩემზე ზრუნვისგან გათავისუფლებულიყო. დედას ეს არასოდეს გაუკეთებია და ყოველთვის ბევრს შრომობდა, ჩემზე რომ ეზრუნა.

 მიწაზე ხოხვის გამო სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მქონდა მიღებული. ამიტომ სხეული რომ დამეცვა, სქელ ტანსაცმელს ვიცვამდი ხოლმე. ხელთათმანის მაგივრობას ჩუსტები მიწევდა. მოგვიანებით ხელებისთვის ჩაღრმავებულ U-ს ფორმის ხის ნაჭრებს ვიყენებდი, რომელთა დახმარებითაც მიწაზე ხოხვისას ტანს წინ ვექაჩებოდი. ამ დროს ჩემი ზურგი, ძირითადად, აზნექილ მდგომარეობაში იყო. თითოეული „ნაბიჯის“ გადადგმა უდიდესი ძალისხმევის ფასად მიჯდებოდა, რადგან მხრებზე და ხელებზე დიდი დატვირთვა მოდიოდა. ამის გამო იშვიათად გავდიოდი გარეთ. არც სკოლაში დავდიოდი და არც ბავშვებთან ვატარებდი დროს. მოსვენებას მიკარგავდა იმაზე ფიქრი, რომ, თუ დედაჩემი ჩემს გვერდით აღარ იქნებოდა, როგორ ვიცხოვრებდი.

 ღმერთს ლოცვაში ვთხოვდი, რომ ხელგაწვდილი არ მეცხოვრა. შინაგანად ვგრძნობდი, რომ, თუ დავუახლოვდებოდი მას და სწორად ვცემდი თაყვანს, ის იზრუნებდა ჩემზე. მართალია, დიდი ტკივილის ფასად დამიჯდა, მაგრამ 1981 წლის ერთ დღეს ეკლესიაში წავედი, რომელიც ჩემს ქუჩაზევე იყო. იქ თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან ყველა ზემოდან მიყურებდა. არც პასტორმა მიმიღო. მან დედაჩემი გაკიცხა კიდეც, რადგან იმ ადგილზე დავჯექი, რომლისთვისაც სხვებს ფული ჰქონდათ გადახდილი. იქ წასვლის სურვილი მეორედ აღარც გამჩენია.

გავიცანი ჩემი ზეციერი მამა

 1984 წლის ერთ დილას, როცა 18 წლის ვიყავი, ჩვეულებისამებრ, მეორე სართულზე ფანჯარასთან ვიჯექი და გარეთ ვიყურებოდი. რატომღაც ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე. იქ, ძირითადად, არავინ იყო ხოლმე. თუმცა ქვემოთ რომ ჩავედი, ორი მამაკაცი მოვიდა ჩემთან, რომლებიც კარდაკარ ქადაგებდნენ. მათ მითხრეს, რომ მომავალში კარგი ჯანმრთელობა მექნებოდა და ესაიას 33:24 და გამოცხადების 21:3, 4 ამომიკითხეს. შემდეგ მათ მაჩუქეს ერთი ფერადი ბროშურა „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ და დამპირდნენ, რომ კიდევ მოვიდოდნენ ჩემთან და მეტს მასწავლიდნენ.

 მეორედ რომ მომაკითხეს, მითხრეს, რომ ერთ ახალჩამოსულ მისიონერს, პოლინს, გამაცნობდნენ. მე და პოლინი იმდენად დავახლოვდით ერთმანეთთან, რომ დედა-შვილივით გავხდით. დედაჩემსაც ძალიან მოსწონდა, ბიბლიას პოლინთან რომ ვსწავლობდი, რადგან ის მოსიყვარულე, მომთმენი, კეთილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო. მან კითხვაც კი მასწავლა. ამასთანავე, ჩემთვის მოსიყვარულე ზეციერი მამა რომ გაეცნო, „ბიბლიურ მოთხრობებს“ მასწავლიდა.

მე და პოლინი ბიბლიის შესწავლის დროს

 რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი, სიხარულით მავსებდა. ერთხელ პოლინს ვკითხე, თუ შეიძლებოდა, რომ წიგნის შესწავლას a დავსწრებოდი, რომელიც ჩემს სახლთან ახლოს ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის სახლში ტარდებოდა. რა თქმა უნდა, პოლინი დამთანხმდა და სამშაბათ დღეს ჩემთან მოვიდა, რომ შეხვედრაზე წავეყვანე. ის მოთმინებით მელოდებოდა სანამ არ ვიბანავე და ტანსაცმელი არ ჩავიცვი. ერთმა მირჩია, რომ პოლინისთვის ტაქსით წაყვანა მეთხოვა, მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ ჩემი ხის ნაჭრებითაც მშვენივრად წავიდოდი.

 დედაჩემი და ჩემი მეზობლები დარდობდნენ, როგორ შევძლებდი წასვლას. ეზოდან რომ გავდიოდი, ზოგიერთმა პოლინს ხმამაღლა მიაძახა: „ნუ აძალებ!“.

 პოლინმა მშვიდად მკითხა: „ჯეი, გინდა წამოსვლა?“. სწორედ ამ მომენტში გამოიცადა, რამდენად ვენდობოდი იეჰოვას (იგავები 3:5, 6). პოლინის კითხვას ასე ვუპასუხე: „კი, მინდა წამოსვლა“. სანამ ჭიშკრამდე მივიდოდი, მეზობლებს ხმა არ ამოუღიათ; მაგრამ, როგორც კი ეზოდან გავედი, სიხარულით ტაში შემოჰკრეს.

 უდიდესი სიამოვნება მივიღე შეხვედრაზე დასწრებით. იქ ყველა თბილად შემხვდა და არავინ მიყურებდა ზემოდან. თავი ძალიან მშვიდად ვიგრძენი. გადავწყვიტე, რეგულარულად დავსწრებოდი შეხვედრებს. მალევე კრების შეხვედრებზე დასწრებაც მომინდა დარბაზში. გაჭირვებული ვიყავი, ამიტომ მხოლოდ ორი კაბა და ერთი წყვილი ჩუსტი მქონდა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ღვთის ხალხი ამის გამო ხელს არ მკრავდა. რა თქმა უნდა, ჩემი ეს მოლოდინი გამართლდა კიდეც.

 დარბაზში რომ მივსულიყავი, ჯერ ჩემი ქუჩა უნდა გამევლო, შემდეგ ტაქსით უნდა წავსულიყავი იმ გორაზე, სადაც დარბაზი იყო, იქიდან კი ძმებს შიგნით ხელით შევყავდი.

 საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად კარგია იეჰოვა. ამან აღმძრა, მისთვის შემეფარებინა თავი და ყოველთვის დავსწრებოდი კრების შეხვედრებს (ფსალმუნი 34:8). წვიმიან ამინდებში შეხვედრებზე სულ სველი და ტალახში ამოგანგლული მივდიოდი, ამიტომ თან გამოსაცვლელი ტანსაცმელი მიმქონდა. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა.

 1985 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“ ჩემი ისტორია იყო მოთხრობილი. მისი წაკითხვის შემდეგ ერთმა შვეიცარიელმა დამ, ჟოზეტამ, ხელით მართვადი სამთვლიანი ველოსიპედი გამომიგზავნა, რომელსაც ტალახისგან დამცავი ფრთები და ფერადი რეფლექტორები ჰქონდა. მართალი რომ ვთქვა, ამან ღირსებაც ამიმაღლა. ბავშვებიც ვერ მალავდნენ ემოციებს, ისე მოსწონდათ ჩემი ლამაზი ველოსიპედი. ახლა ხოხვით აღარ მიწევდა გადაადგილება და თავს დედოფალივით ვგრძნობდი. სხვებიც პატივისცემით მექცეოდნენ და აღარ ვგრძნობდი მათგან ზიზღს.

ამაღლებული თვითშეფასება

 სულიერად სწრაფად წავიწიე წინ, რადგან ისედაც მარტივი და ზნეობრივად სუფთა ცხოვრება მქონდა. ჩემი ველოსიპედის დამსახურებით მსახურებაც შემეძლო. 1986 წლის 9 აგვისტოს მოვინათლე, რამაც ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ვერასდროს წარმოვიდგენდი მოვლენების ასე განვითარებას. მქონდა შინაგანი სიხარული, კმაყოფილება, ამაღლებული ღირსების გრძნობა და საკუთარი თავის რწმენა, რადგან მყავდა მოსიყვარულე ზეციერი მამა და მზრუნველი და-ძმები.

 იეჰოვასთვის სიყვარული მეტად რომ დამემტკიცებინა, პიონერად მსახურებაზე ვფიქრობდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რამდენად შევძლებდი (ფსალმუნი 116:12). ამ საკითხზე ვილოცე და გადავწყვიტე, მაინც მეცადა. 1988 წლის 1 იანვარს დავიწყე პიონერად მსახურება და მას მერე არ შემიწყვეტია. დღემდე დიდ პატივად ვთვლი ამ სახის მსახურებაში მონაწილეობას. თანაც მოსიყვარულე და-ძმები ყოველთვიური გეგმის შესრულებაში მეხმარებიან და არც იეჰოვა მაკლებს თავის წმინდა სულს (ფსალმუნი 89:21).

 პიონერად რომ დავიწყე მსახურება, უფრო მეტი მოძრაობაც მიწევდა, რამაც ჩემს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედა. გარკვეული დროის შემდეგ ახალგახსნილ კლინიკას მივაკითხე იმ იმედით, რომ ფიზიოთერაპიის კურსს ჩამიტარებდნენ და სპეციალურ ვარჯიშებს დამინიშნავდნენ. თუმცა ექთანმა მითხრა, რომ იქ სიარულს აზრი არ ჰქონდა, რადგან დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენოდა. ამ აზრს მისი კოლეგაც დაეთანხმა. სრულიად განადგურებული ვიყავი. სახლში მისული იეჰოვას ვემუდარებოდი, დამხმარებოდა ამ გრძნობებს გავმკლავებოდი და რაიმე სახის მკურნალობის მეთოდისთვის მიმეგნო.

 მსახურება საუკეთესო თერაპია და ვარჯიში აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთმა ექთანმა, რომელმაც მითხრა, რომ მალე მოვკვდებოდი, იეჰოვას მოწმეების დარბაზთან დამინახა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

 ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ვცდილობ, მსახურებაში ვიაქტიურო. კრების შეხვედრებზე ადრე მივდივარ, რათა და-ძმებთან ურთიერთობით დავტკბე. ისინი ყოველთვის მაქებენ ჩემი გულმოდგინების გამო.

 საკუთარ თავზე გამოვცადე, რაოდენ კარგია იეჰოვა. სამ ადამიანს დავეხმარე, რომ იეჰოვა გაეცნო და მონათლულიყო. ერთ-ერთი ამელიაა, რომელმაც ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 137-ე კლასი დაამთავრა. მე რამდენჯერმე მქონდა პატივი, პიონერული მსახურების სკოლა გამევლო. იეჰოვამ ბედნიერ ადამიანად მაქცია, ღირსების გრძნობა ამიმაღლა და თავდაჯერებულობა შემმატა. ახლა ხალხი პატივს მცემს და საკუთარი თავის აღარ მრცხვენია. უამრავი მეგობარი შევიძინე როგორც ჩემს ქალაქში, ისე მთელ მსოფლიოში.

 დაახლოებით 40 წლის წინ გავიგე, რომ ღვთის დაპირებისამებრ ახალ ქვეყნიერებაში ავადმყოფობა აღარ იარსებებს. ეს დაპირება დღემდე მმატებს ძალებს და მოთმინებით ველი მის შესრულებას, რადგან ვიცი, რომ იეჰოვა თავის დროზე შეასრულებს აღთქმულს (მიქა 7:7). ვგრძნობ, როგორ აჯილდოებს იეჰოვა ჩემს მოთმინებას. ის არაერთი განსაცდელის ატანაში მეხმარება და საჭირო დროს საჭირო ძალას მაძლევს. უბედნიერესი ვარ, რომ იეჰოვამ მტვრიდან წამომაყენა და შეუძლებელი შემაძლებინა.

a დღეს ამ შეხვედრას „კრების ბიბლიის შესწავლა“ ეწოდება.