არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

გამორჩეული სახელმძღვანელო

გამორჩეული სახელმძღვანელო

2022 წლის 1 აპრილი

 2021 წლის იანვარში ხელმძღვანელმა საბჭომ გამოაცხადა, რომ გამოიცა ახალი სახელმძღვანელო „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. a გაგიხარდათ ამ განცხადების მოსმენა? ერთი ჩვენი კანადელი ძმა, მეთიუ, აღნიშნავს: „ამ განცხადებამ ძალიან გამახარა. მერე ამ სახელმძღვანელოზე მოხსენებები მოვისმინეთ და ვიდეოები ვნახეთ. აღფრთოვანებული ვიყავი, ერთი სული მქონდა, გამომეყენებინა“.

 ეს ახალი სახელმძღვანელო სწავლების ახალ მეთოდს გვთავაზობს. თუმცა მხოლოდ ეს არ განასხვავებს ამ წიგნს წინა სახელმძღვანელოებისგან. თუ მის ბეჭდურ ვერსიას იყენებთ, ალბათ, სხვა განსხვავებასაც შენიშნავდით. მოდი შევეხოთ რამდენიმე მათგანს.

განსხვავებული მასალა

 სქელი ფურცლები. რატომ გახდა აუცილებელი ამ წიგნის უფრო სქელ ფურცელზე დაბეჭდვა? წიგნში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 600-ზე მეტი სურათია გამოყენებული, რაც თითქმის ათჯერ აღემატება წინა სახელმძღვანელოში გამოყენებული სურათების რაოდენობას. გარდა ამისა, გაცილებით მეტი ადგილია დატოვებული ჩანაწერებისთვის. ამის გამო ერთ პრობლემას შევხვდით — თხელ ფურცლებზე დაბეჭდილი სურათები მეორე გვერდზეც ჩანდა. საერთაშორისო საგამომცემლო განყოფილება (აშშ, ნიუ-იორკი, უოლკილი) ამჟამად სტამბებში ოთხი ტიპის ფურცელს იყენებს და მათ ოთხივეზე მოსინჯეს წიგნის დაბეჭდვა. ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტმა ოთხივე ვარიანტი შეაფასა და ისეთი შეარჩია, რომელიც მათ შორის ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ეს საგრძნობლად გაზრდიდა ხარჯებს, რადგან ასეთი ფურცელი სტანდარტულზე დაახლოებით 15%-ით უფრო ძვირი ღირს. თუმცა ამის წყალობით დღეს ბიბლიის შემსწავლელებს მომზადების დროს ყურადღებას არ უფანტავს მეორე გვერდზე აღბეჭდილი სურათები.

მარჯვნივ ნაჩვენებია, თუ რომელი ფურცელი გამოვიყენეთ ახალი სახელმძღვანელოსთვის.

 ყდის გლუვი ლამინაცია. ჩვენი სხვა წიგნებისგან ახალი წიგნი ყდითაც გამოირჩევა, რადგან ტრადიციული პრიალა ლამინაციის ნაცვლად, გლუვი ლამინაცია გამოვიყენეთ. ამის წყალობით მეტი აქცენტი კეთდება გარეკანზე აღბეჭდილ სურათზე. გარდა ამისა, ყდას ხმარების კვალიც ნაკლებად ეტყობა. თუმცა ასეთი ლამინირება პრიალაზე ხუთჯერ უფრო მეტი ჯდება, ამიტომ თანხების დასაზოგად რამდენიმე ფილიალი თანამშრომლობდა ერთმანეთთან, რომ შედარებით ნაკლებ ფასად შეეძინათ მასალა.

ლამინირების პროცესი

 რატომ გავაკეთეთ არჩევანი ძვირადღირებულ მასალაზე? ერთი ძმა, რომელიც საერთაშორისო საგამომცემლო განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნავს: „ვიცით, რომ ამ წიგნს აქტიურად გამოიყენებენ და გვინდა, რომ დიდხანს არ დაეტყოს ხმარების კვალი“. ერთი ჩვენი ძმა, ედუარდო, რომელიც ბრაზილიის ფილიალის სტამბაში მსახურობს, ამბობს: „მართლაც რა კარგია, რომ იეჰოვას ორგანიზაციამ ასეთი ხარისხიანი მასალა გამოიყენა. ამის წყალობით ხელთ გვაქვს ლამაზი და გამძლე წიგნი, რომლის ხელში დაჭერაც ერთი სიამოვნებაა. თანაც შეწირული თანხებიც გონივრულად იქნა გამოყენებული“.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვა

 ამ სახელმძღვანელოს ბეჭდვა 2021 წლის მარტში დაიწყო, როცა კოვიდპანდემია მძვინვარებდა. ამან გარკვეული სირთულეები შექმნა. ბეთელი „ლოკდაუნის“ რეჟიმში გადავიდა. შესაბამისად, სტამბაში მოხალისეები ვეღარ დაგვეხმარებოდნენ და არც ახალი კადრების მოწვევა შეგვეძლო. ამის გამო, ზოგ სტამბაში საკმარისი ხალხი არ გვყავდა, ზოგ სტამბას კი შეზღუდვების გამო საერთოდ მოუწია მუშაობის შეჩერება.

 როგორ გადავლახეთ ეს პრობლემები? მას შემდეგ, რაც სტამბებში მუშაობის გაგრძელება გახდა შესაძლებელი, ბეთელში სხვა განყოფილებებში მომსახურე და-ძმებს დაევალათ ამ საქმის შესრულება. ჯოელი, რომელიც საგამომცემლო განყოფილებაში მსახურობს, ამბობს: „ეს და-ძმები მზად იყვნენ, ახალი საქმე ესწავლათ. სწორედ მათი თავგანწირვის წყალობით შევძელით ამ საქმის შესრულება“.

 ყველა ამ სირთულის მიუხედავად, ახალი სახელმძღვანელოს მილიონზე მეტი ეგზემპლარი დავბეჭდეთ. ჩვენ სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით მასალა გვჭირდებოდა, მათ შორის, საბეჭდი ფორმები, ლამინაციის ფირები, ფურცლები, მელანი და წებო. ბეჭდვის დაწყებიდან ხუთი თვეც არ იყო გასული, რომ მხოლოდ მასალაზე 2,3 მილიონ დოლარზე მეტი გვქონდა დახარჯული. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, შეწირული თანხები დავზოგოთ, ამიტომ ზუსტად იმდენს ვბეჭდავთ, რამდენსაც კრებები გვიკვეთავენ.

„თამამად შემიძლია მას შედევრი ვუწოდო“

 მოდი ახლა გავიგოთ, რას ფიქრობენ როგორც ჩვენი და-ძმები, ისე მათი ბიბლიის შემსწავლელები. ავსტრალიაში მცხოვრები პოლი ამბობს: „ამ ახალი სახელმძღვანელოთი ბიბლიის შესწავლების ჩატარება ერთი სიამოვნებაა. მართლაც საინტერესო წიგნია და ინტერაქტიული მეთოდიც ძალიან მომწონს. მასალა ადვილი გასაგებია, კითხვებიც მარტივად არის დასმული, ვიდეოებიც, სურათებიც და ჩარჩოებიც შემსწავლელს ძალიან ეხმარება. პრაქტიკულია ისიც, რომ შეგვიძლია მათ დავალებები მივცეთ და მიზნის დასახვაში დავეხმაროთ. ეს წიგნი მეც დამეხმარა, უკეთესი მასწავლებელი გავმხდარიყავი. თამამად შემიძლია მას შედევრი ვუწოდო“.

 ერთი ბიბლიის შემსწავლელი შეერთებული შტატებიდან აღნიშნავს: „აღფრთოვანებული ვარ ამ ახალი სახელმძღვანელოთი. სურათები ძალიან მეხმარება, ჩავწვდე მთავარ აზრს და ვიდეოებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე“. ამ ბიბლიის შემსწავლელს კვირაში ორჯერ უტარდება შესწავლა და ის რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს.

 ამ წიგნის მილიონობით ეგზემპლარი ბევრ ენაზე ჯერ კიდევ დასაბეჭდია. ხელმძღვანელმა საბჭომ 710 ენას მისცა მისი გამოცემის ნებართვა, რაც ორჯერ აღემატება წინა სახელმძღვანელოს ტირაჟს.

 ამ წიგნის გამოსაცემად საჭირო თანხები თქვენ მიერ გაღებული გულუხვი შესაწირავების მეშვეობით იფარება, რომელსაც ვებგვერდზე donate.pr418.com სხვადასხვა სახით იღებთ. დიდი მადლობა თქვენი გულუხვობისთვის. ამის წყალობით ბევრი ადამიანი ეცნობა იეჰოვას და მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მარადიულად გაიხარონ ცხოვრებით (ფსალმუნი 22:26).

a ამ გამოცემის შესახებ განცხადება ყოველწლიურ შეხვედრაზე გაკეთდა, რომელიც ფართო აუდიტორიამ JW მაუწყებლობის მეშვეობით მოისმინა.