რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
დაზარალებული და-ძმების დახმარება 2021 წელს
2022 წლის 1 იანვარი
2021 სამსახურებრივი წლის a განმავლობაში პანდემია კვლავ მძვინვარებდა მთელ მსოფლიოში. სტატიაში, სათაურით „გლობალური დახმარება გლობალური პანდემიის დროს“, აღნიშნული იყო, რომ მილიონობით დოლარი b დაიხარჯა პანდემიით დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად და ჩამოყალიბდა 950-ზე მეტი დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
პანდემიის პერიოდში ბუნებრივმა კატაკლიზმებმა თუ ადამიანის ხელით გამოწვეულმა სხვა უბედურებებმაც დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს და-ძმებს. ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით 200-ზე მეტი სტიქია მოხდა. ხელმძღვანელი საბჭოს კოორდინატორთა კომიტეტმა მხოლოდ დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად 8 მილიონი დოლარი გამოყო. შევეხოთ ახლახან მომხდარ ორ სტიქიურ უბედურებას და ვნახოთ, როგორ დავეხმარეთ დაზარალებულ და-ძმებს თქვენ მიერ გაღებული შესაწირავებით.
ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევა
2021 წლის 22 მაისს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკანმა ნიირაგონგომ დაიწყო ამოფრქვევა. ლავამ გაანადგურა სახლები, სკოლები და წყალსაცავი. ვულკანის ამოფრქვევას არაერთი მცირე ბიძგიც მოჰყვა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ვულკანურმა ფერფლმა ქალაქი გომა მთლიანად დაფარა. საჭირო გახდა მოსახლეობის ნახევარზე მეტის ევაკუაცია. ასიათასობით ადამიანს მოუწია სახლის დატოვება, რომელთაგან ზოგმა მეზობელ ქვეყანას, რუანდას შეაფარა თავი.
ევაკუირებულთა შორის დაახლოებით 5 000 იეჰოვას მოწმეც იყო. ზოგს ვულკანმა მთლიანად გაუნადგურა სახლ-კარი, უპატრონოდ დარჩენილი ჩვენი და-ძმების სახლები კი გაძარცვეს. დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებმა დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და-ძმებს როგორც რუანდაში, ისე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. კონგოში არსებულმა ფილიალმა ერთი კომიტეტის შესახებ ასეთი რამ შეგვატყობინა: „ქალაქში არსებული ქაოტური სიტუაციის მიუხედავად, კომიტეტმა და-ძმებისთვის საკვების, წყლის, საბნების, პლედებისა და ტანსაცმლის დარიგება ჯერ კიდევ მანამ დაიწყო, სანამ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდებოდა“. ერთ-ერთ ქალაქში, სადაც 2 000-ზე მეტმა ჩვენმა თანაქრისტიანმა მოიყარა თავი, კომიტეტმა ორგანიზება გაუწია, რომ საკმარისი რაოდენობით კარვები გაშლილიყო. და-ძმებს პირბადეებიც დაურიგეს და აუხსნეს, როგორ შეემცირებინათ კორონავირუსითა და ქოლერით დაინფიცირების რისკი.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში და-ძმებს დაურიგეს დაახლოებით ექვსი ტონა ბრინჯი, ექვსი ტონა სიმინდის ფქვილი, სამი ტონა ზეთი და სამი ტონა სასმელი წყალი. ფილიალმა ადგილობრივად შეიძინა დიდი რაოდენობით საკვები, რადგან პროდუქტების სხვა ქვეყნებიდან შემოტანა გაცილებით ძვირი დაჯდებოდა.
„ყველანი განადგურებულნი და სასოწარკვეთილნი ვიყავით“, — ამბობს ერთი და, რომელსაც სახლი მთლიანად გაუნადგურდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. თუმცა მას და მის ოჯახს მალევე აღმოუჩინეს მატერიალური და სულიერი დახმარება. ის დასძენს: „იეჰოვას დახმარებით აუცილებელი არ მოგვკლებია. აშკარად ვხედავთ, რომ იეჰოვა გვეხიდება და ჩვენს ტვირთს ატარებს“.
მწვავე ეკონომიკური კრიზისი ვენესუელაში
უკვე დიდი ხანია, რაც ვენესუელა კრიზისულ ვითარებაშია. და-ძმებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ისინი საკვების უკმარისობას განიცდიან, თანაც ქვეყანაში ძალიან მაღალია კრიმინალის დონე. თუმცა იეჰოვას ორგანიზაცია ცდილობს, ყველანაირად იზრუნოს და-ძმებზე.
გასული სამსახურებრივი წლის განმავლობაში მილიონ-ნახევარ დოლარზე მეტი დაიხარჯა, რომ შეეძინათ და გაეგზავნათ საკვები და საპონი გაჭირვებული ოჯახებისთვის. ვენესუელის ფილიალი გვატყობინებს: „ყოველთვიურად ქვეყნის ოთხივე მხარეში და-ძმებისთვის 130 ტონა საკვების გაგზავნა და განაწილება ადვილი საქმე არ არის“. ძმები ცდილობენ, არამალფუჭებადი პროდუქტები შეიძინონ. „როცა საკვებს დიდი რაოდენობით ვყიდულობთ, თანაც იმ პერიოდში, როცა მოსავალი მოდის, ეს გაცილებით იაფი ჯდება. ვცდილობთ, ტრანსპორტირებაზეც მაქსიმალური ეკონომია გავწიოთ“, — აღნიშნული იყო ფილიალის მიერ მოწოდებულ ანგარიშში.
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ლეონელი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, აღნიშნავს: „დაზარალებულთა დახმარება მეტად საპატიო საქმეა. კორონავირუსმა ძვირფასი მეუღლე გამომაცალა ხელიდან და არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამას, ამ საქმეში მთლიანად რომ არ ვყოფილიყავი ჩართული. მიხარია, და-ძმებს რომ ვადგები. საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის დანაპირებს, რომ დახმარების გარეშე არ დატოვებდა თავის ხალხს“.
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა დახმარება აღმოუჩინა ერთ ძმასაც, რომელიც ადრე თავადაც მსახურობდა ამ კომიტეტში. ის ამბობს: „ახლა მეც დამჭირდა დახმარება. მე და ჩემს მეუღლეს და-ძმები მხოლოდ მატერიალურად კი არ დაგვეხმარნენ, არამედ გვამხნევებდნენ, გვამშვიდებდნენ და ყველანაირად ზრუნავდნენ ჩვენზე“.
ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად გვატყდება ხოლმე თავს უბედურება. მიუხედავად ამისა, თქვენი შესაწირავების წყალობით იეჰოვას ორგანიზაცია დაუყოვნებლივ იღებს ზომებს და საჭირო დახმარებას უგზავნის და-ძმებს. მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის, რომელსაც ვებგვერდზე donate.pr418.com სხვადასხვა სახით იღებთ.