არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?

დაზარალებული და-ძმების დახმარება 2022 წელს ­— ძმური სიყვარულის გამოვლენა

დაზარალებული და-ძმების დახმარება 2022 წელს ­— ძმური სიყვარულის გამოვლენა

2023 წლის 1 იანვარი

 ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენს დროში იქნებოდა ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები და სხვა საზარელი მოვლენები (ლუკა 21:10, 11). 2022 სამსახურებრივ წელსაც a აშკარად დავინახეთ ამ წინასწარმეტყველების შესრულება. მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი გავხდით, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ეს მაშინ, როცა მსოფლიოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კოვიდპანდემიას ებრძოდა. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი დააზარალა სტიქიებმა, მაგალითად, მიწისძვრამ ჰაიტიზე და გამანადგურებელმა ქარიშხლებმა ცენტრალურ ამერიკაში, ფილიპინებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. როგორ გაუწიეს იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულებს დახმარება?

 2022 სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა დახმარება აღმოუჩინეს დაახლოებით 200 სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს. მთლიანობაში დაზარალებულთა დახმარებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარი. მოდი გავიგოთ, როგორ განაწილდა შესაწირავები დაზარალებულთა დასახმარებლად.

მიწისძვრა ჰაიტიზე

 2021 წლის 14 აგვისტოს ჰაიტის სამხრეთ ნაწილში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ორი და და ერთი ძმა დაიღუპა. უამრავ ადამიანს ფიზიკურ და ემოციურ ტრავმასთან მოუწიათ გამკლავება. ერთი ძმა, სახელად სტეფანე, ამბობს: „ქალაქში იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ ორი თვის განმავლობაში დაკრძალვები არ წყდებოდა“. კიდევ ერთი ძმა ელიეზერი აღნიშნავს: „უამრავი იეჰოვას მოწმე დარჩა თავშესაფრის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აუცილებელი ნივთების გარეშე. სტიქიის შედეგად მიღებული სტრესის გამო ხალხი თვეების განმავლობაში შიშში ცხოვრობდა“.

 ჩვენმა ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. ჰაიტის ფილიალმა დაზარალებულ და-ძმებს მიაწოდა 53 ტონაზე მეტი საკვები, კარვები, ბრეზენტები, ლეიბები და მზის ენერგიაზე მომუშავე ტელეფონის დამტენები. 2022 სამსახურებრივ წელს თავიდან აშენდა ან შეკეთდა 100-ზე მეტი სახლი. მთლიანობაში 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

ძმები საკვებს მანქანიდან ცლიან (ჰაიტი).

 და-ძმები უზომოდ მადლიერები არიან. ლორეტი აღნიშნავს: „მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ჩვენი სახლი და ბიზნესი. საჭმელიც კი აღარ გვქონდა. მაგრამ ძმებმა დაუყოვნებლივ მოგვამარაგეს ყველაფრით, რაც გვჭირდებოდა“. მიშელინი ამბობს: „თავშესაფარი, რომელშიც მე და ჩემი ორი შვილი ვცხოვრობდით, მიწისძვრამ დააზიანა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ამიტომ ლოცვაში იეჰოვას დახმარებას ვთხოვდი და მანაც მიპასუხა. ორგანიზაციის დახმარებით ახლა სახლი გვაქვს. გადაწყვეტილი მაქვს, საუკეთესო გავიღო იეჰოვასთვის და ასე გამოვხატო მადლიერება“.

 იეჰოვას მოწმეების მიერ დაზარალებულთათვის გაწეული დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ლაზილის მუნიციპალიტეტის მერმა თქვა: „დასაფასებელია, რომ ასე სწრაფად მოახერხეთ დასახმარებლად მოსვლა. თქვენ შექებას იმსახურებთ, რადგან ხელისუფლების მიმართაც პატივისცემას ავლენთ. ფაქტია, ხალხს იმიტომ ეხმარებით, რომ სიყვარული გამოძრავებთ და არა ფულისადმი ინტერესი“.

ტროპიკული შტორმი „ანა“ მალავისა და მოზამბიკში

 2022 წლის 24 იანვარს მოზამბიკს ტროპიკული შტორმი „ანა“ დაატყდა თავს, რომელმაც შემდეგ დასავლეთით, მალავიში გადაინაცვლა. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, რომლის სიჩქარეც საათში 100 კილომეტრს აღწევდა, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, დაინგრა ხიდები და დაიტბორა ტერიტორიები.

 მალავისა და მოზამბიკში 30 000-ზე მეტი ჩვენი და-ძმა დაზარალდა. ერთი ძმა, ჩარლსი, რომელიც დაზარალებულთა დახმარებაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს: „ძალიან განვიცადე, როდესაც დავინახე, თუ რამდენი რამ დაკარგეს ჩვენმა და-ძმებმა და რა მდგომარეობაში იყვნენ“. სიტუაციას ისიც აუარესებდა, რომ საკვების მარაგიც გამოლეული იყო და ბევრ მათგანს აღარც სახლი ჰქონდა. ერთ ძმას ცოლი და ორი მცირეწლოვანი გოგონა დაეღუპა, როდესაც მათი სამაშველო ნავი გადაბრუნდა.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ერთი წყვილის სახლი (მოზამბიკი)

მათი ახალი სახლი

 საშინელი ქარიშხალი იყო. ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ნჩალოში (მალავი) მცხოვრები სენერედოების ოჯახი მოვარდნილი წყლის ხმაურმა გააღვიძა, რაც ორი მდინარის ადიდებამ გამოიწვია. ძმა სენერედომ გადაწყვიტა, მაშინვე დაეტოვებინათ სახლი, და სწორადაც მოიქცა, რადგან მალევე წყალმა მთლიანად დაუნგრია საცხოვრებელი. მათი ქონების ნაწილი წყალმა წაიღო, ნაწილი კი დაზიანდა. ოჯახმა თავშესაფრისთვის ჩვენს დარბაზს მიაშურა, რომელიც მათი სახლიდან 30 წუთის სავალზე იყო. თუმცა ამჯერად იქამდე მისაღწევად ორი საათი დასჭირდათ. იქ გალუმპულები და გასავათებულები მივიდნენ, მაგრამ, რაც მთავარია, უსაფრთხოდ იყვნენ.

 მალავისა და მოზამბიკის ფილიალები დაზარალებულთა დახმარებას მალევე შეუდგნენ. მათ სარაიონო ზედამხედველებსა და უხუცესებს დაავალეს, განესაზღვრათ, თუ რა სახის დახმარება სჭირდებოდათ დაზარალებულებს და მათთვის ემოციური და სულიერი მხარდაჭერა აღმოეჩინათ. ჩამოყალიბდა რამდენიმე დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელთაც უნდა ეზრუნათ და-ძმებისთვის საკვებისა და პირველადი დახმარების ნივთების მიწოდებაზე. ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად დაიხარჯა დაახლოებით 33 000$, ხოლო სახლების შეკეთებასა და აშენებაზე — დაახლოებით 300 000$.

 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი გონივრულად იყენებდა თანხებს, რაც იმ მომენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინფლაციის მაღალი დონის გამო. მაგალითად, პირველი შვიდი თვის განმავლობაში სიმინდის ფქვილის ფასი მალავიში დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. საწვავის ფასმაც საგრძნობლად იმატა. თანხების დაზოგვის მიზნით ძმებმა საკვები და სამშენებლო მასალები დიდი რაოდენობით შეიძინეს, თანაც ადგილობრივად. ამგვარად მათ ტრანსპორტირების ხარჯები დაზოგეს და ფასდაკლებებითაც ისარგებლეს.

 გაწეული დახმარებით დაზარალებულმა და-ძმებმა იეჰოვას ხელი იგრძნეს. მოზამბიკში მცხოვრები ერთი ძმა ფელიშბერტო ამბობს: „დედამიწის ზურგზე არ მეგულება ორგანიზაცია, რომელიც ასე ზრუნავს თავის ხალხზე. მათ უზრუნველგვყვეს სამშენებლო მასალით, მუშახელით, ტრანსპორტით, საკვებით და სიყვარულით მოცემული მითითებებით. ეს სწორედ ისეთი სიყვარულია, როგორზეც იესო საუბრობდა იოანეს 13:34, 35-ში“. მალავიში მცხოვრები ერთი ქვრივი და, სახელად ესთერი, რომელსაც სახლი დაენგრა, აღნიშნავს: „უიმედოდ ვიყავი, რადგან ახალი სახლის აშენების საშუალება არ მქონდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც ძმები მოვიდნენ და სახლი ამიშენეს, თავი უკვე სამოთხეში მეგონა“.

 ვიცით, რომ, რაც უფრო ვუახლოვდებით დაპირებულ ახალ ქვეყნიერებას, მით უფრო მეტი სტიქიის მომსწრენი გავხდებით (მათე 24:7, 8). თუმცა გვჯერა, რომ თქვენი შესაწირავების წყალობით, იეჰოვას ხალხი არასდროს დარჩება საჭირო დახმარების გარეშე. მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის, რომელსაც ვებგვერდზე donate.pr418.com სხვადასხვა სახით იღებთ.

a 2022 სამსახურებრივი წელი მოიცავს პერიოდს 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე.