ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?
დაზარალებული და-ძმების დახმარება 2023 წელს — „ჩვენს თავზე გამოვცადეთ იეჰოვას სიყვარული“
26 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ერი ერის წინააღმდეგ“ აღდგებოდა და იქნებოდა სტიქიები „ქვეყნიერების ბოლოს“ (მათე 24:3, 7). ეს წინასწარმეტყველება 2023 სამსახურებრივი წლის განმავლობაშიც სრულდებოდა. a 100-მდე ადგილზე მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების და სტიქიური უბედურებების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ზეციერ მამას ჰბაძავდნენ და სიყვარულს ავლენდნენ. ვნახოთ, როგორ.
2023 სამსახურებრივი წლის განმავლობაში ჩვენს და-ძმებს 200-ზე მეტი სტიქიური უბედურება თუ ადამიანის ხელით გამოწვეული კატასტროფა შეეხოთ. დაზარალებულთა დასახმარებლად იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ ჩვენი საქმიანობისთვის მთელ მსოფლიოში გაღებული შესაწირავებიდან, მთლიანობაში, 10 მილიონ დოლარზე b მეტი დახარჯა. ამაში არ შედის ის ხარჯები, რომლებიც მრავალმა და-ძმამ პირადად გაიღო თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრები დაზარალებული თანაქრისტიანების დასახმარებლად. განვიხილოთ ორი შემთხვევა და ვნახოთ, როგორ იქნა გამოყენებული თქვენ მიერ გაღებული შესაწირავები დაზარალებული და-ძმების მხარდასაჭერად.
„დავრწმუნდი, რომ უანგარო სიყვარული ნამდვილად არსებობს“
ნიგერიის ზოგიერთი რეგიონისთვის კონკრეტულ სეზონზე დამახასიათებელია დიდი წყალდიდობები. 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობები დაფიქსირდა. მთლიანობაში 676 000 ჰექტარზე მეტი მიწა დაიტბორა და ორ მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად და გასამხნევებლად მალევე ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები.
დაზარალებული და-ძმები
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 7 505 და-ძმას.
დაზიანდა ან დაინგრა 860 სახლი.
დაიტბორა იეჰოვას მოწმეების 90 დარბაზი და ერთი საკონგრესო დარბაზი.
რას მოხმარდა შემოწირული თანხები
დაზარალებულთა დახმარებისთვის დაიხარჯა 250 000$-ზე მეტი.
შევიძინეთ ისეთი საკვები პროდუქტები, როგორიცაა ბრინჯი, ლობიო და მაკარონი.
შევიძინეთ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა, მაგალითად, მატრასები და კოღოებისგან დამცავი ბადეები.
ჩავატარეთ სახლების სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები.
როგორ გამოიყენეს ძმებმა შემოწირული თანხები გონივრულად? პირველ რიგში, ძმებმა გულდასმით შეამოწმეს თითოეული შენობა. ის შენობები, რომლებიც ექვემდებარებოდა აღდგენას, აღადგინეს, ზოგიერთი კი თავიდან ააშენეს ადგილობრივი ტერიტორიისთვის შესაბამისი მარტივი დიზაინით.
დაზარალებული და-ძმები, რომლებსაც დახმარება გაეწიათ, ძალიან მადლიერები არიან. ერთი და ამბობს: „წყალდიდობამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. გაგვინადგურდა ფერმები და სახლ-კარიც დავკარგეთ. თუმცა და-ძმები იმავე დღეს მოვიდნენ ჩვენთან და უსაფრთხო თავშესაფარი მოგვიძებნეს. ეს დიდი შვება იყო ჩვენთვის. ფილიალიც ძალიან დაგვეხმარა და საკვები პროდუქტები გამოგვიგზავნა. საოცარი შეგრძნება იყო, როცა საკუთარ თავზე გამოვცადეთ იოანეს 13:34, 35-ში ჩაწერილი სიტყვები . . . დავრწმუნდი, რომ უანგარო სიყვარული ნამდვილად არსებობს. მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით ვუხდით მადლობას ყველა იმ და-ძმას, რომლებმაც დროული დახმარება აღმოგვიჩინეს“.
დაზარალებული და-ძმებისთვის გაწეული დახმარება სხვებსაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. საბაგრეიაში (ბაიელსის შტატი) ერთ-ერთმა სოფლის თავკაცმა აღნიშნა: „მსოფლიოში ბევრი ეკლესია თუ ორგანიზაცია არსებობს, მაგრამ რაც იეჰოვას მოწმეებმა გააკეთეს, გასაოცარია . . . თქვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში“.
„ჩვენს თავზე გამოვცადეთ იეჰოვას სიყვარული“
2023 წლის თებერვალში ჩილეში 400-ზე მეტი ხანძარი მოხდა. გადაიწვა 430 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი და სერიოზულად დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. დაახლოებით 8 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიის დაწყებიდან მალევე ადგილობრივმა ფილიალმა ჩამოაყალიბა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
დაზარალებული და-ძმები
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 222 მაუწყებელს.
განადგურდა 20 სახლი.
რას მოხმარდა შემოწირული თანხები
დაზარალებულთა დახმარებისთვის დაიხარჯა 200 000$-ზე მეტი.
შევიძინეთ საკვები პროდუქტები და სასმელი წყალი.
შევიძინეთ საწვავი, დასუფთავების საშუალებები და მედიკამენტები.
აღვადგინეთ დაზიანებული სახლები.
ერთ ოჯახს თავზარი დასცა იმის გაგებამ, რომ ყველაფერი, რაც გააჩნდათ, სახლი და საკუთარი ბიზნესი, თვალის დახამხამებაში დაკარგეს. ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. პირველი რამდენიმე დღე ძალიან უჭირდათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ მათი სახლისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. მაგრამ როდესაც სახლის მშენებლობა დაიწყო, ნელ-ნელა შვება დაეუფლათ. მოხალისეებისგან გამოვლენილმა სიყვარულმა და თანადგომამ მათზე იმდენად იმოქმედა, რომ თავადაც სიამოვნებით ჩაერთნენ სხვა თანაქრისტიანის სახლის მშენებლობაში.
გაწეულმა დახმარებამ სხვა ბევრ ჩვენს და-ძმაზეც იმოქმედა დადებითად. ერთი ძმა ამბობს: „დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის მეშვეობით იეჰოვა საოცრად ზრუნავს ჩვენზე. სტიქიის მეორე დღეს უკვე ადგილზე იყვნენ მოხალისეები და საჭირო ნივთებით გვამარაგებდნენ. ძალიან ვმხნევდებით, როცა ვიგებთ, რამხელა დახმარება ეწევა დაზარალებულ და-ძმებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგრამ, სულ სხვა გრძნობაა, როცა ამას პირადად გამოცდი. უფრო მეტად აფასებ ორგანიზაციის როლს; იმას, თუ როგორ ჰბაძავენ ძმები იეჰოვას და როგორ ზრუნავენ, რომ აღმოგვიჩინონ ფიზიკური, სულიერი და ემოციური მხარდაჭერა. ჩვენს თავზე გამოვცადეთ იეჰოვას სიყვარული“.
ვიცით, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად, სტიქიური უბედურებები მოიმატებს (ლუკა 21:10, 11). მაგრამ თანაქრისტიანების მეშვეობით იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე მეფე, იესო ქრისტე ჩვენთანაა „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათე 28:20). ძალიან ვაფასებთ, რომ ჩვენი ვებსაიტით თუ სხვა საშუალებებით მსოფლიო საქმის მხარდასაჭერად გულუხვად იღებთ შესაწირავებს, ამასთანავე, არ ზოგავთ დროს და ენერგიას და ამგვარად მხარს უჭერთ სამეფოს და მის მოსიყვარულე მეფეს. მადლობას გიხდით თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის!