არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მაუნტ-იბოს პავილიონში 27 500 კილოგრამზე მეტი ქვიშა მიიტანეს ფილმის გადასაღებად.

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

ვიდეოპროდუქციის მომზადება 2020 წლის რეგიონული კონგრესისთვის „ყოველთვის იხარეთ!“

ვიდეოპროდუქციის მომზადება 2020 წლის რეგიონული კონგრესისთვის „ყოველთვის იხარეთ!“

2020 წლის 10 აგვისტო

 რეგიონულ კონგრესებზე წარმოდგენილი ვიდეოები არავის ტოვებს გულგრილს და მსმენელს ეხმარება, უკეთ ჩასწვდეს ბიბლიურ მოძღვრებებს. 2020 წლის რეგიონული კონგრესისთვის, „ყოველთვის იხარეთ!“, მომზადდა 114 ვიდეო; მათ რიცხვში შედის ის 43 მოხსენებაც, რომლებიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა და მათმა დამხმარეებმა წარმოთქვეს. ალბათ, გაინტერესებთ, რა თანხა დასჭირდა ამ საქმეს და რაოდენ მუხლჩაუხრელად იშრომეს და-ძმებმა ვიდეოპროდუქციის შესაქმნელად.

 დაახლოებით 900 მოხალისე და-ძმა იყო ჩართული ამ საქმეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ პროექტს მათ ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე თითქმის 100 000 საათი დაუთმეს. აქედან 70 000 საათი მოხმარდა 76-წუთიანი ბიბლიური ფილმის, „ნეემია — იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა“, გადაღებას.

 ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული ამ პროექტზე დასაქმებული მოხალისეების საჭიროებებზე ზრუნვა. გარდა ამისა, თანხები იყო საჭირო შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად და დეკორაციების შესაქმნელად.

 ძმა ჯარედ გოსმანი, რომელიც აუდიო-ვიდეო მომსახურების განყოფილებაში მსახურობს, ამბობს: „ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ჩვენს ვიდეორგოლებში ნაჩვენები იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა და მათი კულტურა, რადგან ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ მრავალფეროვანია ჩვენი მსოფლიო საძმო. წლევანდელი ვიდეოპროდუქციის დამზადებაში ჩართული იყო 11 ქვეყანაში მომუშავე 24 შემოქმედებითი ჯგუფი. ამხელა პროექტი ნამდვილად მოითხოვს კარგ დაგეგმვასა და უზარმაზარ რესურსებს“.

 ბევრი ვიდეოს გადასაღებად საჭიროა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი დეკორაცია. მაგალითად, წლევანდელი ფილმისთვის, „ნეემია — იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა“, დეკორაციები მოეწყო პატერსონთან (ნიუ-იორკი, აშშ) ახლოს მდებარე მაუნტ-იბოს პავილიონში. მართალია, ერთი მხრივ ძმები ცდილობდნენ, რომ გონივრულად განეკარგათ შეწირული თანხები, მაგრამ არც ის უნდოდათ, რომ ფილმისთვის ისტორიული ელფერი დაეკარგათ. მათ ხის მსუბუქი მასალისგან დაამზადეს 6-მეტრიანი „კედლები“, რომლებიც ძველი იერუსალიმის გალავნის კედლების მსგავსი იქნებოდა. თითოეული მათგანი დაფარეს ქაფპლასტით და ისე შეღებეს, როგორც, სავარაუდოდ, იერუსალიმის გალავნის კედლები გამოიყურებოდა. სახელდახელოდ შექმნილი „კედლების“ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება მარტივი იყო, რის გამოც ბევრი ასეთი დეკორაციის შექმნა აღარ გახდა საჭირო. მიუხედავად ამისა, ფილმისთვის საჭირო დეკორაციების დამზადება დაახლოებით 100 000 აშშ დოლარი დაჯდა. a

 შეიძლება ითქვას, შევიხედეთ კულისებში და წარმოდგენა შეგვექმნა, რა მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ ფილმის გადაღების პროცესს, რის გამოც კიდევ უფრო მადლიერნი ვართ წლევანდელი რეგიონული კონგრესისთვის. გვჯერა, რომ ეს ყველაფერი ღირდა ძალისხმევად, რადგან ამ კონგრესის წყალობით კიდევ ერთხელ განდიდდება იეჰოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა, რომ გულუხვ შესაწირავებს იღებთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის ვებგვერდის donate.pr418.com მეშვეობით თუ სხვა საშუალებებით.

a დეკორაციები ფილმისთვის „ნეემია — იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა“, მაშინ დამზადდა, სანამ მსოფლიოში პანდემია (COVID-19) იფეთქებდა; მაშინ ჯერ კიდევ არ მოითხოვებოდა სოციალური დისტანციის დაცვა.