არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?

თეოკრატიული შენობები განადიდებს დიდებულ მოძღვარს

თეოკრატიული შენობები განადიდებს დიდებულ მოძღვარს

1 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023

 იეჰოვას ძალიან ახარებს, როცა თავისი ხალხი მეტად განისწავლება. სწორედ ამიტომ არსებობს სკოლები, რომლებიც ღვთის ხალხს თავიანთი დავალებების უკეთ შესასრულებლად ამზადებს. ერთ-ერთია სამეფოს მახარობელთა სკოლა. ბოლო წლებში იეჰოვას ორგანიზაცია მხოლოდ სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებაზე კი არ აკეთებს აქცენტს, არამედ იმაზეც, რომ თეოკრატიულ შენობებში სასწავლად შესაფერისი გარემო იყოს შექმნილი. როგორ გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში თქვენ მიერ გაღებული შესაწირავები?

უკეთესი გარემო პირობები

 წლების მანძილზე თეოკრატიული სკოლები ჩვენს დარბაზებში ტარდებოდა. თუმცა ბოლო ხანებში თეოკრატიული სკოლებისთვის აშენდა ან გადაკეთდა ზოგიერთი შენობა. მიმოვიხილოთ ამ ცვლილებების სამი მიზეზი.

 მეტი საჭიროება. სამსახურებრივი კომიტეტის დამხმარე, ძმა კრისტოფერ მეივორი, აღნიშნავს: „არაერთმა ფილიალმა შეგვატყობინა, რომ მათ ტერიტორიებზე მეტი და-ძმის მომზადება იყო საჭირო. მაგალითად, 2019 წელს ბრაზილიის ფილიალმა თავიანთი სამქადაგებლო ტერიტორიის საჭიროებები შეაფასა. დაახლოებით 7 600 მაუწყებელს უნდა ესწავლა მახარობელთა სკოლაში, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული საჭიროებები დაკმაყოფილებულიყო“. აშშ-ის ფილიალის ტერიტორიაზეც დიდი საჭიროებაა იმ პიონერების, რომლებსაც შეუძლიათ მოამზადონ და-ძმები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ციხეებში, პორტებსა და სხვა მსგავს ადგილებში საქადაგებლად. გარდა ამისა, საჭიროა ძმები, რომლებიც იმსახურებენ ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებასა და საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში. მახარობელთა სკოლის კურსდამთავრებულებს კი ნამდვილად შეუძლიათ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

 მეტი მსურველი. უამრავი და-ძმა გამოთქვამს სკოლაში სწავლის სურვილს. მაგალითად, ბრაზილიაში სულ რაღაც ერთ წელიწადში ფილიალმა დაახლოებით 2 500 განცხადება მიიღო, თუმცა არასაკმარისი ადგილის გამო მხოლოდ 950-მა მაუწყებელმა შეძლო სკოლაში სწავლა.

 შესაბამისი გარემო. სწავლის პერიოდში მოსწავლეებს ადგილობრივ და-ძმებთან უწევთ დარჩენა. ეს მიდგომა ნამდვილად ამართლებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც წელიწადში არც ისე ბევრი სკოლა იმართება. თუმცა იქ, სადაც სკოლები ერთიმეორეს მიყოლებით ტარდება, ადგილობრივი და-ძმებისთვის სირთულეს წარმოადგენს რამდენიმე თვის განმავლობაში მოსწავლეების დაბინავება. ამიტომ მსგავს ტერიტორიებზე მოსწავლეებისთვის მოწყობილია საცხოვრებლები.

 შენობის მოწყობა, სადაც მასწავლებლებისთვის და დაახლოებით 30 მოსწავლისთვის განთავსებული იქნება ერთი საკლასო ოთახი და საცხოვრებლები შესაბამისი აღჭურვილობით, შეიძლება რამდენიმე მილიონი დოლარიც კი დაჯდეს. თუმცა ხარჯს განსაზღვრავს შენობის ადგილმდებარეობა და სხვა არაერთი ფაქტორი.

თავისებურებები

 სკოლის შენობები, ძირითადად, ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, წყნარ ადგილასაა განთავსებული, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს. ამასთანავე, უპირატესობა ენიჭება ისეთ ტერიტორიებს, სადაც მაუწყებელთა რიცხვი მაღალია. ეს ამარტივებს სკოლის შენობების მოვლა-პატრონობას.

 სხვა ყველაფერთან ერთად შენობებში განთავსებულია ბიბლიოთეკები, კომპიუტერები და პრინტერები და მოწყობილია სასწავლო სივრცეები. მეტწილად, შენობას აქვს სასადილო ოთახიც, სადაც მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ერთად სადილობა შეუძლიათ. გარდა ამისა, გამოყოფილია სავარჯიშო და მოსასვენებელი ადგილები.

 თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება მაინც საკლასო ოთახს ექცევა. მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილების (უორიკი, ნიუ-იორკი) წევრი, ძმა ტროი, გვიზიარებს: „თეოკრატიული სკოლების განყოფილებასთან კონსულტაცია გავიარეთ, რათა ისეთი საკლასო ოთახები მოგვეწყო, რომ მოსწავლეებს სწავლა გამარტივებოდათ. ძმებმა გვირჩიეს, რამხელა ფართი შეიძლება გამოგვეყო კლასისთვის, როგორ დაგვეპროექტებინა, როგორი განათება გაგვეკეთებინა და როგორ გაგვემართა აუდიო-ვიდეო სისტემა“. მახარობელთა სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი უნგრეთიდან ძმა ზოლტანი ამბობს: „თავიდან მიკროფონები არ გვქონდა, ამიტომ მოსწავლეებისთვის მუდმივად გვიწევდა იმის შეხსენება, რომ ხმამაღლა ელაპარაკათ. თუმცა ახლა ყველა მაგიდაზეა მიკროფონი და პრობლემაც მოგვარებულია“.

„იეჰოვას განსაკუთრებული სტუმარი“

 რა შედეგები მოჰყვა ამ ცვლილებებს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის? ანჯელა, რომელმაც მახარობელთა სკოლა ფლორიდაში (აშშ) დაამთავრა, ამბობს: „სკოლაში ძალიან მშვიდი გარემოა და ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული. კლასიც და საცხოვრებელი ოთახიც ისეა მოწყობილი, რომ სრულად შეძლო სწავლაზე კონცენტრირება“. მახარობელთა სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი უნგრეთში, ძმა ჩებე, ძალიან მადლიერია, რომ მოსწავლეებთან ერთად სადილობის შესაძლებლობა აქვს. ის ამბობს: „სადილზე მოსწავლეები გულღიად საუბრობენ და თავიანთ შემთხვევებს ჰყვებიან. ეს გვეხმარება, უკეთ გავიცნოთ თითოეული მათგანი და გაკვეთილების დროს მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ“.

 მოსწავლეები და მასწავლებლები დიდად ემადლიერებიან ჩვენს „დიდებულ მოძღვარს“, იეჰოვას, რომ ასეთ თეოკრატიულ შენობებში მიმდინარეობს სწავლის პროცესი (ესაია 30:20, 21). ერთი ფილიპინელი და, რომელმაც სასწავლო კურსი სპეციალურად ამ სკოლისთვის გადაკეთებულ შენობაში გაიარა, ამბობს: „აქაური გარემო ისეა მოწყობილი, რომ ხვდები, უბრალოდ მოსწავლე კი არა, იეჰოვას განსაკუთრებული სტუმარი ხარ. აშკარაა, მას სურს, ვისიამოვნოთ მისი სიტყვის შესწავლით“.

 თეოკრატიული შენობების მშენებლობა, გადაკეთება და მოვლა-პატრონობა თქვენ მიერ გაღებული შესაწირავებით ხდება შესაძლებელი, რომელსაც donate.pr418.com-ის მეშვეობით იღებთ. დიდ მადლობას გიხდით გულუხვობისთვის!

სკოლის შესასვლელი (ფლორიდა, აშშ).

იესოს დროს არსებული ტაძრის მაკეტი სკოლის მიმღებში (ფლორიდა, აშშ)

სამეფოს მახარობელთა სკოლის მოსწავლეები (ბრაზილია)

გაკვეთილის პროცესი (ბრაზილია)

სამეფოს მახარობელთა სკოლის მოსწავლეები (ფილიპინები)

სკოლის სასადილოში ერთად შეკრებილი და-ძმები (ფილიპინები)