არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

კოვიდუსაფრთხო გარემო ჩვენს დარბაზებში

კოვიდუსაფრთხო გარემო ჩვენს დარბაზებში

2022 წლის 1 ოქტომბერი

 „ხელმძღვანელი საბჭო ყველა კრებას მოუწოდებს, 1 აპრილიდან განაახლონ დარბაზებში კრების შეხვედრების ჩატარება. თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი რეგულაციები“. ეს განცხადება ამა წლის მარტში გამოქვეყნდა ჩვენს ვებგვერდზე, რამაც უზომოდ გაახარა მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები. ვინაიდან პანდემია კვლავაც გრძელდებოდა, საჭირო იყო დარბაზებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. a რა ზომები უნდა მიეღოთ ამისთვის ძმებს? მათ მომზადება ამ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს, რათა დარბაზებში უსაფრთხო გარემო შეექმნათ.

განსხვავებული საჭიროებები

 ერთი თვეც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც დარბაზებში შეხვედრების ჩატარება შევწყვიტეთ, რომ მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილებამ (უორიკი, ნიუ-იორკი) იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შეექმნათ სამომავლოდ უსაფრთხო გარემო კრების შეხვედრების განსაახლებლად.

 ყველა ქვეყანა განსხვავებული გამოწვევის წინაშე იდგა. მეთიუ დე სანტისი, რომელიც მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნავს: „ერთ-ერთი სირთულე ის იყო, რომ ზოგ ქვეყანაში წყლის პრობლემის გამო დარბაზებში არ იყო მოწყობილი ხელსაბანი. საჭირო გახდა, რომ მათ ეყიდათ წყალი ან მდინარეებიდან და ჭებიდან ამოეღოთ. ზოგ ქვეყანაში მთავრობამ ახალი რეგულაციები გამოსცა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ჰაერის ვენტილაცია და რა სახის უსაფრთხოების ნიშნები უნდა დაეყენებინათ“.

 როგორ გაართვეს თავი ძმებმა ამ სირთულეებს? როგორც მეთიუ დე სანტისი აღნიშნავს, საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად სულაც არ იყო აუცილებელი დიდი ხარჯების გაწევა. მაგალითად, პაპუა-ახალ გვინეაში ხელსაბანის მოსაწყობად ძმებმა, სულ რაღაც, 40$-ად შეიძინეს 20-ლიტრიანი პლასტმასის ავზები. რაც შეეხება აფრიკის სხვა ქვეყნებს, დარბაზებში ხელსაბანების მოსაწყობად მათ ერთი აზიური კომპანიისგან 6 000-ზე მეტი მაღალი ხარისხის ავზი შეიძინეს.

მშობლები ბავშვებს ჰიგიენის დაცვას ასწავლიან.

 გარდა ამისა, ბევრგან საჭირო იყო დარბაზებში სავენტილაციო სისტემების დაყენება ან გაუმჯობესება. კრებების უმეტესობაში ძმებმა მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხებიც შეიძინეს, რათა არ მომხდარიყო მიკროფონების ხელიდან ხელში გადაცემა. ძმებმა ყველაფერი შეიძინეს, რაც საჭირო იყო საიმისოდ, რომ რეგულარულად ჩატარებოდა დეზინფექცია ისეთ ადგილებს, რომლებსაც ხშირად ვეხებით, მაგალითად, კარის სახელურებს და ონკანებს, რომლებიც ინფექციის გავრცელების წყაროა. ზოგმა კრებამ სენსორული ონკანებიც დააყენა. მაგალითად, ჩილეში ერთი დარბაზისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას დაახლოებით 1 400$ დასჭირდა.

ხელიდან ხელში მიკროფონების გადაწოდება აღარ ხდება.

 რა თქმა უნდა, კოვიდუსაფრთხოება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძმებმა მაქსიმალური ძალისხმევა მოახმარეს შემოწირული თანხების დაზოგვას. ზოგ ქვეყანაში შესაძლებელი იყო დაფინანსებით სარგებლობა ხელსაბანების მოსაწყობად და მიკროფონებისთვის ჯოხების შესაძენად. ზოგან კი თანხების დასაზოგად ფილიალებმა ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით შეიძინეს ინვენტარი. ფილიალები და საერთაშორისო შესყიდვების განყოფილება ზოგ შემთხვევაში პირდაპირ მწარმოებელს უკვეთავდა ინვენტარს, რისი წყალობითაც არა მხოლოდ თანხებს, არამედ დროსაც ზოგავდნენ.

სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი

„ამ ყველაფრის დანახვამ თავი უსაფრთხოდ მაგრძნობინა“

 როდესაც დარბაზებში შეხვედრები განახლდა, გატარებული ცვლილებების წყალობით, და-ძმები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. ერთ პერუელ დას, დულსინეს, შიშის გრძნობა დაეუფლა, როცა გაიგო, რომ დარბაზებში ვბრუნდებოდით. ის ამბობს: „პანდემია ახალი დაწყებული იყო, როცა კოვიდი გადავიტანე, ამიტომ ვნერვიულობდი, რომ კიდევ არ შემხვედროდა. როცა დარბაზში მივედი, შევამჩნიე, რომ უხუცესებს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა ჰქონდათ მიღებული. დამონტაჟებული იყო სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები და მიკროფონებისთვის სპეციალური ჯოხები იყო ნაყიდი. გარდა ამისა, ყველაფერს დეზინფექცია უკეთდებოდა როგორც პროგრამის დაწყებამდე, ისე დასრულების შემდეგ. ამ ყველაფრის დანახვამ თავი უსაფრთხოდ მაგრძნობინა“. b

დარბაზის დეზინფექცია

 კიდევ ერთი და, სარა, რომელიც ზამბიაში ცხოვრობს, სხვა სახის სირთულის წინაშე აღმოჩნდა. ის ამბობს: „ქმარი ახალი დაღუპული მყავდა, თანაც კოვიდით. მაფიქრებდა, როგორ ვიგრძნობდი თავს, მის გარეშე რომ დავესწრებოდი შეხვედრებს, თუმცა ეს სწორედ ის აღმოჩნდა, რაც მჭირდებოდა. ვიგრძენი, რომ იეჰოვა ამ ბოლო დღეებში ჩვენ გვერდითაა. და-ძმები და უხუცესებიც მამხნევებენ და თავიანთ სიყვარულში მარწმუნებენ, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ“.

და-ძმები სიხარულით ეგებებიან ერთმანეთს.

 ჩვენს ძვირფას და-ძმებს ძალიან ახარებთ, რომ განახლდა დარბაზებში შეხვედრების ჩატარება. დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაღებული შესაწირავებისთვის, რომელსაც ბევრი თქვენგანი ვებგვერდის donate.pr418.com მეშვეობით იღებთ. სწორედ ამ შესაწირავების წყალობით არის შესაძლებელი, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილები კომფორტული და უსაფრთხო იყოს.

a სადაც შესაძლებელია, საჭიროებისდა მიხედვით, და-ძმებს კვლავაც შეუძლიათ კრების შეხვედრებზე დასწრება ვიდეოკონფერენციისა თუ ტელეფონის მეშვეობით.

b გარდა ამისა, ყველა დამსწრეს მოვუწოდებდით, რომ დარბაზებში პირბადეები გამოეყენებინათ.