რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
მზადება 2020 წლის რეგიონული კონგრესისთვის — „ყოველთვის იხარეთ!“
2020 წლის 10 ივლისი
თანამედროვე ისტორიაში პირველად მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას მოწმე 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში ერთსა და იმავე რეგიონულ კონგრესს უყურებს. ამისთვის კონგრესის პროგრამის ჩანაწერის 500-ზე მეტ ენაზე თარგმნა იყო საჭირო. როგორც წესი, ამ მასშტაბის პროექტს წელზე მეტი სჭირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო მთარგმნელებს ოთხ თვეზე ნაკლები დარჩათ ამ საქმის შესასრულებლად.
იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში არსებულმა მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებამ და საერთაშორისო შესყიდვების განყოფილებამ ამ პროექტის მხარდასაჭერად დიდი შრომა გასწიეს. მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებაში მომსახურე ძმებმა საჭიროდ მიიჩნიეს, რომ აღნიშნული საქმისთვის თავის გასართმევად მთარგმნელობითი ჯგუფებისთვის შესაბამისი ტექნიკა, განსაკუთრებით კი მაღალი ხარისხის მიკროფონები უნდა შეეძინათ. ამიტომ საერთაშორისო შესყიდვების განყოფილებამ 1 000 მიკროფონი შეიძინა და 200 სხვადასხვა ადგილას დაგზავნა.
ამ განყოფილებამ თანხის დასაზოგად მიკროფონები დიდი რაოდენობით შეიძინა და მთარგმნელობით ოფისებში დაგზავნა. ამის წყალობით თითოეული მიკროფონი საშუალოდ 170 დოლარი დაჯდა, რაშიც ტრანსპორტირების ფასიც შევიდა.
შედეგად, თანხის 20 პროცენტზე მეტი დაიზოგა.საერთაშორისო შესყიდვების განყოფილებას მიკროფონების შეძენა და მათი დანიშნულების ადგილებზე დაგზავნა 2020 წლის აპრილსა და მაისში მოუწია — მაშინ, როცა პანდემიის გამო ბევრმა კომპანიამ თავისი საქმიანობა შეზღუდა. ამის მიუხედავად, თითქმის ყველა ფილიალსა თუ მთარგმნელობით ოფისს მაისის ბოლოსთვის უკვე ჰქონდათ ყველაფერი, რაც საქმის შესასრულებლად იყო საჭირო.
საერთაშორისო შესყიდვების განყოფილების ზედამხედველი ჯეი სვინი ამბობს: „ბეთელის განყოფილებებმა და კერძო კომპანიებმა ერთმანეთთან წარმატებით ითანამშრომლეს. სწორედ იეჰოვას სული დაგვეხმარა, რომ ასე მოკლე დროში ყველაფერი ხელსაყრელ ფასად შეგვეძინა“.
ნიკოლას ახლადისმა, რომელიც მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებასთან თანამშრომლობს, აღნიშნა: „მთარგმნელებს, რომლებიც ამ პერიოდში კარანტინში იყვნენ, ძალიან გაუადვილა საქმე მიკროფონების მიღებამ. მართალია, ისინი მთარგმნელობითი ჯგუფის სხვა წევრებისგან განცალკევებით იმყოფებოდნენ, მაგრამ შეძენილი ტექნიკის დახმარებით მათ შეძლეს 500-ზე მეტ ენაზე მოხსენებების, ვიდეოებისა თუ სიმღერების თარგმნა და ჩაწერა“.
2020 წლის რეგიონული კონგრესის მხარდასაჭერად ბევრი რამ გაკეთდა. მათ შორის ერთ-ერთი საჭირო ტექნიკის შეძენაც იყო. სწორედ თქვენ მიერ ვებგვერდის donate.pr418.com მეშვეობით თუ სხვა საშუალებებით გულუხვად გაღებულმა შესაწირავებმა შესაძლებელი გახადა საჭირო ტექნიკის შეძენა.