რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
მთარგმნელობით ოფისებში შესრულებულ საქმეს მილიონებისთვის მოაქვს სიკეთე
2021 წლის 1 მარტი
სრული დროით მომუშავე მთარგმნელობითი ჯგუფების 60 პროცენტზე მეტი მთარგმნელობით საქმეს არა ფილიალებში, არამედ მთარგმნელობით ოფისებში ასრულებს. რატომაა შედეგიანი ამგვარი ოფისების არსებობა? რა აღჭურვილობა სჭირდებათ მთარგმნელობით ოფისებში მომსახურე მთარგმნელებს, რომ თავიანთი საქმე ხარისხიანად შეასრულონ? განსაზღვრავს თუ არა თარგმანის ხარისხს მთარგმნელობითი ოფისების ადგილმდებარეობა?
მთარგმნელობით ოფისებში მომსახურე მთარგმნელებს შესაძლებლობას ეძლევათ, იცხოვრონ მათ ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა შორის. კარინი, რომელიც ქვემო გერმანულ ენაზე თარგმნის, აღნიშნავს: „რაც ჩიუაუაში (მექსიკა) გადმოვედით, სულ ქვემო გერმანულზე გვიწევს საუბარი — ერთმანეთთან, მსახურებაში და საყიდლებზე ყოფნის დროსაც. მთლიანად ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხით ვართ გარემოცულნი. ისეთი იდიომები გვესმის, რაც კარგა ხანია აღარ გაგვიგია. ეს გვეხმარება, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკა“.
ჯეიმსი, რომელიც განაში მდებარე ფრაფრაენოვან მთარგმნელობით ჯგუფში მსახურობს, ამბობს, რომ ენატრება ფილიალში მომსახურე ბეთელელებთან ურთიერთობა, თუმცა ის ასეთ რამესაც დასძენს: „ძალიან მიყვარს მთარგმნელობით ოფისში მუშაობა. როცა ადგილობრივ ენაზე ვქადაგებ და ვხედავ, როგორ რეაგირებს ხალხი სასიხარულო ცნობაზე, ეს ძალიან მაბედნიერებს“.
რას ითვალისწინებენ ძმები, სანამ მთარგმნელობითი ოფისისთვის ადგილს შეარჩევენ? „ერთ-ერთ სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ზოგან არაა მუდმივი ელექტროენერგია, წყალი ან ინტერნეტი, რაც აუცილებელია გადასათარგმნი ფაილების მისაღებად“, — ამბობს ჯოზეფი, უორიკში (ნიუ-იორკი, აშშ) მდებარე მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილების წევრი, — „ასე რომ, როცა მთარგმნელობითი ოფისის ჩამოყალიბებას ვგეგმავთ, თავიდან განვიხილავთ რამდენიმე ადგილს, სადაც მოსახლეობა იმ ენაზე საუბრობს. საბოლოოდ კი საუკეთესოს ვარჩევთ“.
ზოგადად, ყველაზე სწრაფი და ეკონომიური ვარიანტია, როცა მთარგმნელობით ოფისს განვათავსებთ ჩვენს დარბაზებში ან მისიონერთა სახლებში, სადაც მთარგმნელები სახლიდან ივლიან. თუ ასეთი შენობები არაა ხელმისაწვდომი, მაშინ ძმები ნებართვას იღებენ, რომ შეისყიდონ საცხოვრებელი და საოფისე ფართი, სადაც მთარგმნელები იცხოვრებენ და იმუშავებენ. თუ მდგომარეობა შეიცვლება, ეს შენობები ადვილად გაიყიდება და თანხა იქ გაიგზავნება, სადაც ყველაზე მეტად იქნება საჭირო.
სამუშაო აღჭურვილობა
2020 წლის განმავლობაში 13 მილიონი დოლარი დაიხარჯა მთარგმნელობით ოფისებზე. მთარგმნელობით ჯგუფებს სჭირდებათ კომპიუტერები, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, ხმის ჩამწერი აღჭურვილობა, ინტერნეტი და ძირითადი სერვისული პროგრამა. მაგალითად, ერთი ჩვეულებრივი კომპიუტერის აწყობა დაახლოებით 750 აშშ დოლარი ჯდება. კომპიუტერებში დაყენებულია კომპიუტერული კომპანიებისგან ნაყიდი პროგრამული უზრუნველყოფა და „საგუშაგო კოშკის თარგმნის სისტემა“ — პროგრამა, რომლის დახმარებითაც მთარგმნელები ადვილად იღებენ სათარგმნ დოკუმენტებს და ორგანიზებულად თარგმნიან.
მთარგმნელები აგრეთვე იღებენ ხმის ჩამწერ სპეციალურ აღჭურვილობას თავიანთ ოფისებში განსათავსებლად. ამგვარი აღჭურვილობა განსაკუთრებით საჭირო გახდა კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ. ბევრ მთარგმნელს შეეძლო მისი სახლში წაღება და ნათარგმნი დოკუმენტებისა და ვიდეოების ჩაწერის პროცესის იქიდან გაგრძელება.
ადგილობრივი მოხალისეები ხშირად ეხმარებიან მთარგმნელებს ნათარგმნი პუბლიკაციების გადახედვაში, აგრეთვე შენობის მოვლა-პატრონობაში. „ბევრ მაუწყებელსა და პიონერს შეუძლია საკუთარი ნიჭის გამოყენება აქ“, — ამბობს ქერსტინი, ძმა, რომელიც აფრიკაანსულ მთარგმნელობით ოფისში მსახურობს კეიპტაუნში (სამხრეთი აფრიკა).
მოხალისეები დიდ პატივად მიიჩნევენ ამ საქმეში მონაწილეობას. ერთი და, რომელიც მთარგმნელობით ოფისს ეხმარება, ამბობს, რომ იქ მსახურება „სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის“. ზოგიერთი ადგილობრივი და-ძმა გახმოვანებაშიც იღებს მონაწილეობას. ჯოანა, რომელიც ვერაკრუსის შტატში (მექსიკა) მდებარე ტოტანაკურენოვან მთარგმნელობით ოფისში მსახურობს, ამბობს: „ახლა, რადგან ტოტანაკურენოვან მოსახლეობასთან ახლოს ვცხოვრობთ, უფრო მეტ და-ძმას შეუძლია ხმის ჩაწერისა თუ გახმოვანების პროცესში მონაწილეობა“.
უწყობს ხელს მთარგმნელობითი ოფისების არსებობა თარგმანის ხარისხის გაუმჯობესებას? ბევრი ჩვენი მკითხველი ამ შეკითხვას დადებითად პასუხობს. სედრიკი, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კონგოენოვან მთარგმნელობით ოფისში მსახურობს, გვიზიარებს: „ზოგი და-ძმა ჩვენს თარგმანებში გამოყენებულ ენას „საგუშაგო კოშკის კონგოს“ ეძახდა, რადგან ის განსხვავდებოდა იმ ენისგან, რასაც კონგოენოვანი ხალხი ყოველდღიურად იყენებდა. მაგრამ ახლა და-ძმები ამბობენ, რომ ჩვენს პუბლიკაციებში უკვე თანამედროვე სასაუბრო ენაა გამოყენებული“.
ანდილე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, ხოსაენოვან მთარგმნელობით ჯგუფში მსახურობს, მსგავსს აზრს გვიზიარებს: «ბევრი აღნიშნავს, რომ ჩვენი თარგმანები ძალიან შეიცვალა. ბავშვებიც კი, „საგუშაგო კოშკს“, ინგლისურის ნაცვლად, უკვე ხოსა ენაზე კითხულობენ. მათ განსაკუთრებით მოსწონთ გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბუნებრიობა».
მთარგმნელობით ოფისებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, იქნება ეს მათი აშენება, მოწყობა, მოვლა-პატრონობა თუ მთარგმნელების საჭიროებების დაკმაყოფილება, იფარება მსოფლიო საქმიანობისთვის გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით. შესაწირავების გაღება ხდება ელექტრონულადაც, donate.pr418.com.-ის მეშვეობით.