არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარება

ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარება

2022 წლის 27 მაისი

 ამ ბოლო დღეებში არ გვიკვირს, რომ ვიგებთ „ომების ხმებს და ვისმენთ ცნობებს ომების შესახებ“ (მათე 24:6). თუმცა, როცა ჩვენი და-ძმები ამგვარ გასაჭირში აღმოჩნდებიან ხოლმე, ისინი სათანადო მხარდაჭერის მომსწრენიც ხდებიან. ხელმძღვანელი საბჭოს 2022 წლის მე-3 ანგარიშიდან შევიტყვეთ, როგორ ეწევათ დახმარება უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს. როგორ ხორციელდება დახმარების მიწოდება საომარი ვითარების პარალელურად? რას გვიზიარებენ დაზარალებული და-ძმები?

დახმარების ორგანიზება

 2022 წლის 24 თებერვალს, იმავე დღეს, როცა უკრაინაში ომმა იფეთქა, კოორდინატორთა კომიტეტმა გამოყო და დაამტკიცა ბიუჯეტი უკრაინელი და-ძმების დასახმარებლად. უკრაინის ფილიალის ზედამხედველობით ჩამოყალიბდა 27 დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. მათ იზრუნეს, რომ დაუყოვნებლივ მიეწოდებინათ პროდუქტები და საჭირო ნივთები დაზარალებული და-ძმებისთვის.

 გარდა ზემოაღნიშნული საქმისა, იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარმა სამმართველომ იმის განსაზღვრაც დაიწყო, თუ რა სახის პრაქტიკული დახმარების გაწევა იყო შესაძლებელი. ხელმძღვანელი საბჭოს კოორდინატორთა და საგამომცემლო კომიტეტებმა სთხოვეს საერთაშორისო შესყიდვების განყოფილებას, რომ უკრაინისა და პოლონეთის ფილიალების წარმომადგენლებთან ერთად შეედგინათ სამოქმედო გეგმა და ეზრუნათ დახმარების საჭიროებისამებრ გადანაწილებასა და მიწოდებაზე. შესყიდვების, გზავნილებისა და იურიდიულ განყოფილებებში მომსახურე ძმები ორივე ფილიალიდან, უკრაინის ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი და საერთაშორისო შესყიდვების განყოფილების წევრები ყოველდღე ხვდებოდნენ და მსჯელობდნენ, რა და როგორ გაკეთებულიყო.

ჰუმანიტარული დახმარების ყუთებში საკვები, ჰიგიენის საშუალებები და გამამხნევებელი ბარათები აწყვია.

 საერთაშორისო შესყიდვების განყოფილების ერთი წევრი, ჯეი სვინგი, გვიყვება: „პირველ რიგში, უნდა დაგვედგინა, რა იყო საჭირო. უნდა მოგვემარაგებინა საკვები და ჰიგიენის საშუალებები. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო. ჩვენ ისიც უნდა მოგვეფიქრებინა, როგორ მიგვეწოდებინა გაგანია ომის დროს ეს დახმარება და-ძმებისთვის, თანაც უსაფრთხოდ და რაც შეიძლება სწრაფად“.

 2022 წლის 9 მარტს ძმებს უკვე ჰქონდათ შედგენილი იმ ყველაფრის სია, რაც დაზარალებული და-ძმებისთვის უნდა მიეწოდებინათ. ყუთებში მოთავსდა ძირითადი საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები, მაგალითად, დაკონსერვებული ხორცი და თევზი, ბურღულეული, ბრინჯი, ლობიო, საპონი, ტუალეტის ქაღალდი და სხვა. იმ დროისთვის ოთხი კვირის სამყოფი მარაგი ერთი ადამიანისთვის დაახლოებით 65 ამერიკული დოლარი ჯდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი დახმარება ათასობით და-ძმას დასჭირდებოდა, კოორდინატორთა კომიტეტმა დამატებითი თანხები გამოყო. მაგრამ როგორ მოხდებოდა დახმარების მიტანა ადგილზე ისე, რომ და-ძმები არ დაზარალებულიყვნენ?

 13 მარტს პოლონეთის ფილიალიდან საცდელად ორი ძმა გაემგზავრა ლვოვთან (უკრაინა) ახლოს მდებარე საწყობში. გამგზავრების წინა დღეებში ამ ძმებს პოლონეთისა და უკრაინის ფილიალში მომსახურე ჩვენი თანაქრისტიანები დაეხმარნენ, მგზავრობისთვის მომზადებულიყვნენ. ფილიალმა ყველა საჭირო იურიდიული დოკუმენტი გაამზადა, რაც ძმებს საზღვრის გადასაკვეთად და ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად დასჭირდებოდათ. ავტომობილებს შესაბამისი ნიშანიც გაუკეთეს, რაც მიანიშნებდა, რომ ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდათ. გარდა ამისა, ისინი თანამშრომლობდნენ უკრაინელ ძმებთან, რათა განესაზღვრათ, რომელი იყო უმოკლესი და უსწრაფესი გზა ადგილზე მისასვლელად. კარგი წინასწარი მომზადებისა და იეჰოვას მხარდაჭერის წყალობით ჰუმანიტარული დახმარება ლვოვში ჩატანიდან 24 საათში გადაუნაწილდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებს და ძმებიც უსაფრთხოდ დაბრუნდნენ პოლონეთში.

 მართალია, პირველმა მგზავრობამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ერთ ტონაზე მეტი დახმარების მიწოდება ვერ მოხერხდა. საჭირო იყო კიდევ 200 ტონა ტვირთის ჩატანა და გადანაწილება. როგორ მოხდებოდა ამ რაოდენობის ტვირთის ტრანსპორტირება, თანაც რაც შეიძლება სწრაფად?

„შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა“

 როცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა და-ძმებმა ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყვეს, როგორ იმოქმედა უკრაინის ომმა ჩვენს თანაქრისტიანებზე, დახმარების სურვილი გამოთქვეს. ბევრმა, ვინც მოშორებით ცხოვრობდა, ფულადი შესაწირავი გაიღო იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმისთვის იმაში დარწმუნებულმა, რომ ამ თანხებს საუკეთესოდ გამოიყენებდნენ. სხვებმა, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობენ, დრო, ენერგია და პირადი სახსრები არ დაიშურეს გასაჭირში მყოფი და-ძმების დასახმარებლად. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი.

 პოლონეთში მოხალისეებმა ათიათასობით ყუთი მოამზადეს და-ძმებისთვის. ბავშვებმა საკუთარი ხელით გააკეთეს და გააფორმეს ბარათები. ბარტოშ კოსჩიელნიაკი, რომელიც პოლონეთის ფილიალის შესყიდვების განყოფილებაში მსახურობს, აღნიშნავს: „ბევრჯერ წამიკითხავს ფსალმუნის 110:3, სადაც იეჰოვას ხალხის მზადყოფნაზეა საუბარი, მაგრამ ახლა საკუთარი თვალით ვხედავ ასობით მოხალისეს, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ და-ძმების დასახმარებლად. ამის დანახვამ კიდევ უფრო დამარწმუნა ამ ბიბლიური მუხლის ჭეშმარიტებაში“.

 ერთმა ჩვენმა თანაქრისტიანმა, რომელიც საერთაშორისო გადამზიდ კომპანიას ფლობს, ჩვენს ძმებს ნება დართო, გამოეყენებინათ მისი კომპანიის სატვირთო ავტომობილები და თანაც საწვავით მომარაგებაზეც თავად იზრუნა. მან აღნიშნა: „ჩემთვის ეს იეჰოვასა და თანაქრისტიანებისთვის სიყვარულის დამტკიცების კარგი საშუალებაა. ძალიან მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა“. დაახლოებით 7 700 ლიტრი საწვავი იქნა გაღებული შესაწირავად; ამასთან, მოხალისე ძმებმა თითქმის 48 000 კილომეტრი დაფარეს დახმარების ადგილზე ჩასატანად.

 და-ძმების მიერ გამოვლენილი გულმოდგინებისა და სიყვარულის წყალობით 28 მარტისთვის, პირველი მგზავრობიდან მხოლოდ 15 დღის შემდეგ, დაახლოებით 100 ტონა საკვები, ჰიგიენის საშუალებები და სამედიცინო დახმარების ნივთები შეიტანეს უკრაინაში. იმის წყალობით, რომ და-ძმებმა გულუხვად გაიღეს პროდუქტები და საჭირო ნივთები, ჰუმანიტარული დახმარების ადგილზე მისატანად განსაზღვრულზე გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯა. ბოლო მონაცემებით, იეჰოვას მოწმეებმა მთლიანობაში დაახლოებით 200 ტონა დახმარება გაიღეს უკრაინელი და-ძმების დასახმარებლად. როგორ იმოქმედა ამ ყოველივემ ჩვენს და-ძმებზე?

„ყუთები თქვენი სიყვარულითაც იყო სავსე“

 როგორც კი ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ყუთები ლვოვში ჩავიდა, დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებმა ისინი საჭიროების მიხედვით გადაანაწილეს. დახმარება სხვადასხვა ქალაქში გაიგზავნა, რომელთაგან ზოგი ლვოვიდან 1 300 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. მართალია, დახმარების ეს პროგრამა მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელდა, მაგრამ ამ ყოველივეს გარკვეული დრო დასჭირდა. a

 უკრაინის ფილიალის კომიტეტის წევრი, მარკუს რეინჰარტი, ამბობს: «ამ კრიტიკულ სიტუაციაში ბევრმა ძმამ საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას სიყვარული და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რა სასიკეთო შედეგები მოჰყვება ღვთის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მითითებების მიყოლას ნებისმიერ ვითარებაში. და-ძმებმა ძალიან გაიხარეს, როცა რამდენიმე კვირის სამყოფი საკვები და წყალი მიიღეს. მითითებების მიყოლასთან დაკავშირებით ანტონმა, რომელიც კიევის ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს, ასეთი რამ თქვა: „იეჰოვას ორგანიზაციამ წინასწარ მოგვამზადა კრიტიკული სიტუაციებისთვის, რისთვისაც უზომოდ მადლიერნი ვართ. ჩვენ წინასწარ გვქონდა მომარაგებული საკვები და წყალი და გვქონდა რადიოებიც, რამაც სიცოცხლე შეგვინარჩუნა“. ძალიან გვიხარია, რომ და-ძმები წინასწარ იყვნენ მომზადებული. ამის წყალობით ფილიალს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სათანადოდ გაეწიათ ორგანიზება დახმარებისთვის».

 რა გრძნობები დაეუფლათ და-ძმებს დახმარების მიღების შემდეგ? მიკოლამ და ზინაიდამ, რომლებიც ხარკოვში ცხოვრობენ, თავიანთი გრძნობები ასე გამოხატეს: „თქვენმა მზრუნველობამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა. უდიდესი მადლობა საკვებისთვის და წამლებისთვის. აშკარად დავინახეთ იეჰოვას ხელი“. კიდევ ერთი ხარკოველი და ვალენტინა აღნიშნავს: „ომის დაწყების დღიდან მაღაზიებთან დიდი რიგები იდგა. ხშირად ვერ ვყიდულობდით საჭირო რაღაცებს. თუმცა იეჰოვა ხედავდა ამ ყოველივეს და ძმების მეშვეობით დახმარებაც აღმოგვიჩინა. ყუთებში ზუსტად ის ელაგა, რაც გვჭირდებოდა. ასეთ რთულ სიტუაციაში, როცა მდგომარეობა უიმედო ჩანს, ვხედავთ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულად ზრუნავს ჩვენზე თავისი ორგანიზაციის მეშვეობით. ძალიან სასიხარულოა, როცა დროულად გრძნობ ღვთის მხარდაჭერას“.

 ევჰენი და ირინა, რომლებიც მარიუპოლიდან გამოიქცნენ, აღნიშნავენ: „ძალიან მადლიერები ვართ ჩვენი ოჯახისთვის გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. ეს მართლაც დროული იყო. ვფიქრობდით, რომ ყუთებში მხოლოდ პროდუქტები ელაგა, მაგრამ როცა გავხსენით, დავინახეთ, რომ ყუთები თქვენი სიყვარულითაც იყო სავსე“.

 უდავოა, მხოლოდ იეჰოვას სულითა და ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი, რომ სიყვარულით გაწეული დახმარება საომარ ზონაში მყოფ თანაქრისტიანებამდე მისულიყო. ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო თანხები თქვენ მიერ გაღებული გულუხვი შესაწირავების მეშვეობით იფარება, რომელსაც ვებგვერდზე donate.pr418.com სხვადასხვა სახით იღებთ. დიდი მადლობა თქვენი გულუხვობისთვის.

დახმარების მიწოდება სწრაფად და უსაფრთხოდ

  1. 2022 წლის 24 თებერვალი: კოორდინატორთა კომიტეტმა გამოყო და დაამტკიცა ბიუჯეტი უკრაინელი და-ძმების დასახმარებლად. უკრაინის ფილიალმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროდუქტისა და საჭირო ნივთების მომარაგება.

  2. 2022 წლის 24 თებერვალი — 8 მარტი: უკრაინის ფილიალი ადგილობრივად ყიდულობს პროდუქტებს და სხვა აუცილებელ საშუალებებს და მათ დაზარალებულთა დახმარების კომიტეტების მეშვეობით ანაწილებს. ფილიალი იმისთვისაც ემზადება, რომ პოლონეთიდან მიიღოს და გაანაწილოს დახმარება.

  3. 2022 წლის 9 მარტი: კოორდინატორთა კომიტეტი ნებართვას გასცემს, რომ ძმებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანონ.

  4. 2022 წლის 10—12 მარტი: ძმებმა შეიმუშავეს პოლონეთიდან ლვოვში დახმარების შეტანის საცდელი გეგმა.

  5. 2022 წლის 13 მარტი: ეწყობა საცდელი მგზავრობა. პოლონეთიდან ლვოვში ძმებს საკვები და საჭირო ნივთები შეაქვთ.

  6. 2022 წლის 14—16 მარტი: პოზნანთან (პოლონეთი) ახლოს მდებარე საკონგრესო დარბაზში ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების ორგანიზებით მოხალისეები საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებს აგროვებენ.

  7. 2022 წლის 17 მარტი: საცდელი მგზავრობიდან ოთხი დღის შემდეგ იწყება 13 ტონა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უკრაინაში.

  8. 2022 წლის 21—27 მარტი: დარჩენილი მარაგიც გადაანაწილეს ყუთებში და უკრაინაში გაგზავნეს, საიდანაც ჰუმანიტარული დახმარება ქვეყნის სხვადასხვა მხარეში 24 საათში გადანაწილდა.

  9. 2022 წლის 28 მარტი: ნებართვის გაცემიდან 20 დღის განმავლობაში უკრაინაში ძმებმა დაახლოებით 100 ტონა საკვები, ჰიგიენური საშუალებები და წამლები შეიტანეს დაზარალებულთა დასახმარებლად.

 ბოლო მონაცემებით, იეჰოვას მოწმეებმა დაახლოებით 200 ტონა დახმარება გაგზავნეს უკრაინაში.

a დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა აღნიშნული დახმარების გაწევა, წაიკითხეთ სტატია „თანაქრისტიანების დასახმარებლად უკრაინაში ძმები გაბედულებას იჩენენ“.