არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

პანდემიამდე განხორციელებული წარმატებული სამშენებლო პროექტები

პანდემიამდე განხორციელებული წარმატებული სამშენებლო პროექტები

2020 წლის 1 ნოემბერი

 მთელ მსოფლიოში ყოველ წელს ასობით ათასი ადამიანი ინათლება, შედეგად სულ უფრო იზრდება თეოკრატიული შენობა-ნაგებობების საჭიროება. ამ მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად 2020 სამსახურებრივი წლისთვის დაგეგმილი იყო ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილებების მიერ 2 700-ზე მეტი შენობის აშენება ან გარემონტება. a

 სამწუხაროდ, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ამ პროექტების განხორციელება შეფერხდა. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია ზრუნავს ჩვენი და-ძმების უსაფრთხოებაზე და ამავდროულად, ითვალისწინებს მთავრობის რეგულაციებს, ხელმძღვანელი საბჭოს საგამომცემლო კომიტეტმა დროებით შეაჩერა ამ სამშენებლო პროექტების უმეტესობა. თუმცა პანდემიამდე, 2020 სამსახურებრივი წლის განმავლობაში, 1 700-ზე მეტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობა აშენდა ან გარემონტდა. გარდა ამისა, დასრულდა 100-ზე მეტი ფილიალის სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოები. ვნახოთ, რამხელა სიხარული და კურთხევები მოუტანა და-ძმებს ორი ასეთი პროექტის დასრულებამ.

 კამერუნის ფილიალი. ფილიალი, რომელიც დუალაში მდებარეობდა, ძალიან პატარა იყო და გაფართოებას საჭიროებდა. საგამომცემლო კომიტეტმა განიხილა ფილიალის გადაკეთების გეგმა, მაგრამ ეს სამუშაოები იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ შენობის თვითღირებულებას აჭარბებდა. ამიტომ განიხილეს სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, მიწის ნაკვეთის შეძენა და ახალი შენობის აშენება ან რაიმე შენობის შესყიდვა და გადაკეთება, მაგრამ არჩევანი ვერცერთზე ვერ შეაჩერეს.

 ამ პერიოდში ძმებმა შეიტყვეს, რომ დუალას ჩრდილოეთით ადგილობრივი მთავრობა გეგმავდა გზის გაყვანას იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი ერთ-ერთი საკონგრესო დარბაზი მდებარეობდა. გზის მშენებლობის შემდეგ გაადვილდებოდა საკონგრესო ტერიტორიამდე მისვლა და საკომუნიკაციო ქსელების შეყვანა. ამაზე უკეთესს ძმები ვერაფერს ინატრებდნენ. ასე რომ, ხელმძღვანელმა საბჭომ მხარი დაუჭირა ახალი ფილიალის მშენებლობას საკონგრესო დარბაზის ტერიტორიაზე.

და-ძმები მონაწილეობენ კამერუნის ახალი ფილიალის მშენებლობაში.

 ამ პროექტზე ჩვენს და-ძმებთან ერთად მუშაობდნენ კონტრაქტორები, რამაც დაზოგა დრო და თანხები. ფაქტობრივად, მშენებლობა იმაზე 2 მილიონი დოლარით ნაკლები დაჯდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ბეთელის ოჯახმა ახალ შენობებში გადასვლა კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებამდე მოასწრო.

კამერუნის ფილიალის პროექტი დასრულდა კოვიდ-19-ის პანდემიამდე.

 კამერუნის ბეთელის ოჯახის წევრებს ახლა უკეთესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები აქვთ. ახალ ფილიალს ისინი იეჰოვას საჩუქრად მიიჩნევენ. ერთი წყვილი ამბობს: „გვინდა, უფრო თავდაუზოგავად ვიმუშავოთ და ღვთისგან ბოძებული ეს ძვირფასი საჩუქარი არასოდეს გავაუბრალოოთ“.

და-ძმები მუშაობენ ახალ ოფისებში პანდემიამდე.

 ტოხოლაბალენოვანი მთარგმნელობითი ოფისი მექსიკაში. წლების განმავლობაში ტოხოლაბალენოვანი მთარგმნელობითი ჯგუფი ცენტრალური ამერიკის ფილიალში იყო განთავსებული, რომელიც ქალაქ მეხიკოსთან ახლოს მდებარეობს. თუმცა ტოხოლაბალ ენაზე ძირითადად 1 000 კილომეტრით მოშორებულ ტერიტორიებზე საუბრობენ, ალტამარინოსა და ლას მარგარიტას მუნიციპალიტეტებში. სიშორის გამო მთარგმნელები ფეხს ვერ უწყობდნენ ენის ცვლილებას. ფილიალს უჭირდა ტოხოლაბალ ენაზე მოლაპარაკე ახლომახლო მცხოვრები და-ძმების მოძებნა, რომლებიც მთარგმნელობით საქმიანობასა და აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერების მომზადებაში დაეხმარებოდნენ.

და-ძმები მონაწილეობას იღებენ მთარგმნელობითი ოფისის მშენებლობაში.

 ამ მიზეზების გამო ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტი ფიქრობდა, მთარგმნელობითი ჯგუფი იმ ტერიტორიაზე გადაეყვანა, სადაც ტოხოლაბალ ენაზე საუბრობდნენ. ამ მიზნის განსახორციელებლად, ფილიალმა გადაწყვიტა, შეეძინათ რაიმე შენობა და გადაეკეთებინათ. ეს უფრო ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ვიდრე ახალი შენობის აშენება ან ოფისების დაქირავება.

 ერთ-ერთი მთარგმნელი გვიყვება, რა სასიკეთოდ იმოქმედა მასზე ამ ცვლილებამ: „ათი წელი ვმსახურობდი ფილიალში და ამ ხნის განმავლობაში იმ მხარეში ერთხელაც არ შევხვედრივარ ჩემს ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს. ახლა ჩვენი ოფისი იმ ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს, სადაც ტოხოლაბალ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს. ყოველდღე ვხვდები ამ ენაზე მოსაუბრეებს. შედეგად ჩემი სიტყვების მარაგი გამდიდრდა და თარგმნის ხარისხიც გაუმჯობესდა“.

ტოხოლაბალენოვანი მთარგმნელობითი ოფისი პროექტის დაწყებამდე და პროექტის დასრულების შემდეგ

2021 სამსახურებრივი წლის პროექტები

 თუ მდგომარეობა საშუალებას მოგვცემს, 2021 სამსახურებრივი წლისთვის იგეგმება სამუშაოების ჩატარება მთარგმნელობითი ოფისებისა და ბიბლიური სკოლებისთვის განკუთვნილ 75 შენობაში. გარდა ამისა, სამუშაოები განახლდება 8 დიდ პროექტზე, რომლებიც უკავშირდება ფილიალებს, მათ შორის მსოფლიო მთავარი სამმართველოს პროექტს რამაპოში (ნიუ-იორკი), აგრეთვე მოხდება არგენტინისა და იტალიის ფილიალების სხვა ადგილას გადატანა. ამასთანავე, საჭიროა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი 1 000-ზე მეტი ახალი დარბაზი; 6 000-ზე მეტი დარბაზი, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, საფუძვლიან გადაკეთებას საჭიროებს, ხოლო 4 000 — სარემონტო სამუშაოებს.

 როგორ ფინანსდება ეს სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოები? ამ საკითხზე ისაუბრა ცენტრალური ამერიკის ფილიალის კომიტეტის წევრმა ძმა ლაზარო გონსალესმა. ტოხოლაბალენოვანი მთარგმნელობითი ოფისის პროექტთან დაკავშირებით მან თქვა: „ჩვენს ფილიალს შეზღუდული ფინანსური რესურსები გააჩნია. ამიტომ მსოფლიო საძმოს დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მთარგმნელობითი ოფისების აშენება ადგილობრივი და-ძმებისთვის. მსოფლიო საძმოს მიერ გაღებული შესაწირავების წყალობით შევძელით მთარგმნელების იმ მხარეში გადაყვანა, სადაც მათ ენაზე საუბრობენ. მთელი გულით ვემადლიერებით სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ და-ძმებს მათ მიერ გაღებული გულუხვი შესაწირავებისთვის“. მართლაც, ამ სამშენებლო პროექტების განხორციელება შესაძლებელია მსოფლიო საქმიანობისთვის გაღებული თქვენი გულუხვი შესაწირავებით, რისთვისაც უმეტეს შემთხვევაში იყენებთ ვებგვერდს donate.pr418.com.

a ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილებები გეგმავენ და ახორციელებენ იეჰოვას მოწმეების დარბაზების მშენებლობას თავიანთი ფილიალის ტერიტორიებზე. მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილება, რომელიც მსოფლიო მთავარ სამმართველოში მდებარეობს, წყვეტს, რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს პირველ რიგში და შემდეგ ზედამხედველობს ამ პროექტების შესრულებას.