რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
რელიგიის თავისუფლების დაცვა აბორიგენულ დასახლებებში
2021 წლის 1 მაისი
ლათინურ ამერიკაში ასობით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ძალიან ბევრს საკუთარი ეთნიკური ენა და ტრადიციები აქვს. მათ შორის მრავალი იეჰოვას თაყვანისმცემელია. ისინი ძალიან აფასებენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას. ჭეშმარიტება კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა რომ გაიგოს, იეჰოვას მოწმეები თარგმნიან და ავრცელებენ ორგანიზაციის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ აბორიგენთა 130-ზე მეტ ეთნიკურ ენაზე. a თუმცა ზოგი მათგანი დიდ წინააღმდეგობას ხვდება იმის გამო, რომ ემსახურება იეჰოვას და აღარ მონაწილეობს ადგილობრივ არაბიბლიურ ტრადიციებში. როგორ ეხმარება მათ თქვენ მიერ გაღებული შესაწირავები?
სახლებში დაბრუნება
მექსიკაში, ხალისკოს შტატის მთიან რეგიონში მცხოვრებმა ჩვენმა და-ძმებმა, რომლებიც ჰუიჩოლთა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, პატივისცემით აუხსნეს ადგილობრივებს, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ რელიგიურ რიტუალებში, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდა მათ მრწამსს. b ამან განარისხა ზოგი ადგილობრივი მკვიდრი. 2017 წლის 4 დეკემბერს, გახელებული ბრბო თავს დაესხა მოწმეთა ჯგუფს და მათთან მყოფ რამდენიმე ადამიანს. მათ ძალის გამოყენებით გააძევეს ისინი თავიანთი სახლებიდან; გაანადგურეს მათი ქონება და დაემუქრნენ, რომ უკან დაბრუნების შემთხვევაში, სიცოცხლეს გამოასალმებდნენ.
დაზარალებული და-ძმების საჭიროებებზე მეზობელ ქალაქებში მცხოვრები მოწმეები ზრუნავდნენ. რისი გაკეთება შეიძლებოდა გამოძევებული და-ძმების სახლებში დასაბრუნებლად? „ადვოკატის ასაყვანი ფული არ გვქონდა, — ამბობს ერთი ძმა, სახელად აგუსტინი, — და არც ის ვიცოდით, ვისთვის გვეკითხა რჩევა იურიდიულ საკითხებში“.
ჩვენი ძმების რელიგიის თავისუფლების უფლების დასაცავად ცენტრალური ამერიკის ფილიალმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. უპირველესად მათ ადგილობრივ სამართალდამცავებს სთხოვეს, გამოეძიათ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები. შემდეგ, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს კოორდინატორთა კომიტეტისგან მიიღეს ნებართვა, ეთანამშრომლათ მსოფლიო მთავარი სამმართველოს იურიდიულ განყოფილებასთან და სარჩელი შეეტანათ ჰუიჩოლელი და-ძმების უფლებების დასაცავად. საბოლოოდ საქმე მექსიკის უმაღლესი ინსტანციის, უზენაეს სასამართლომდე, მივიდა.
სხვადასხვა ქვეყნის იურისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა სასამართლოსთვის მოამზადა მიმართვა, რომელშიც დასაბუთებული იყო, რომ, როგორც სხვა ხალხებმა უნდა სცენ პატივი ეთნიკური ჯგუფების კულტურას, ისე თავად ამ ეთნიკურმა ჯგუფებმა უნდა დაიცვან თითოეული წევრის თავისუფლების უფლება. ადამიანის უფლებები ყველგან ერთნაირია, მნიშვნელობა არა აქვს, სად ცხოვრობს ის.
2020 წლის 8 ივლისს, უზენაესმა სასამართლომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ. ამ გადაწყვეტილების თანახმად, სახლებიდან გაძევებულებს მიეცათ შინ დაბრუნების უფლება. ზემოხსენებული აგუსტინი დაზარალებული და-ძმების სახელით აღნიშნავს: „ძალიან მადლიერები და გახარებულები ვართ იმისთვის, რაც ძმებმა ჩვენთვის გააკეთეს. მათი დახმარების გარეშე, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით“.
„ამდენს ასე ცოტასთვის“
მსგავს წინააღმდეგობას შეხვდნენ ჩვენი და-ძმები ეკვადორში მდებარე სოფელ სან-ხუან დე იუმანში, სადაც ოტავალოს ხეობის ბევრი ეთნიკური ჯგუფის ხალხი ცხოვრობს. 2014 წელს ყველა საჭირო ნებართვის მოპოვების შემდეგ ჩვენმა ძმებმა დარბაზის მშენებლობა დაიწყეს. მაგრამ ადგილობრივი მღვდელი დაახლოებით 100-კაციან ბრბოსთან ერთად თავს დაესხა ძმებს და მშენებლობის შეჩერება აიძულა. ამის შემდეგ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამაც უბრძანა იეჰოვას მოწმეებს, შეეწყვიტათ თაყვანისმცემლობის მიზნით შეკრება.
ეკვადორის ფილიალისა და მსოფლიო მთავარი სამმართველოს იურიდიული განყოფილებები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, რათა დაეცვათ ადგილობრივი და-ძმების თაყვანისცემის უფლება. ძმებმა სასამართლო პროცესები წამოიწყეს, რის შედეგადაც შეწყდა წინააღმდეგობა. მოსახლეობამ ნება დართო და-ძმებს, განეახლებინათ კრების შეხვედრების ჩატარება და დაემთავრებინათ დარბაზის მშენებლობა. მაგრამ მოწმეთა უფლებები მომავალშიც რომ ყოფილიყო დაცული, ჩვენმა წარმომადგენლებმა ზემო ინსტანციის სასამართლოებს სთხოვეს, ეზრუნათ იმაზე, რომ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები პატივისცემით მოკიდებოდნენ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.
2020 წლის 16 ივლისს აღნიშნულ საქმეზე მოსმენა გამართა ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს. პროცესზე დაცვის მხარე წარმოადგინა ეკვადორში მცხოვრებმა ოთხმა იეჰოვას მოწმე ადვოკატმა, რომლებიც საერთაშორისო სამართლის გამოცდილი იურისტებიც არიან. კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ისინი პროცესებზე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ერთვებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სასამართლომ ნება დართო იურისტების ჯგუფს ონლაინ რეჟიმით წარმოედგინათ თავიანთი არგუმენტები. c ჯგუფის წევრებმა საერთაშორისო სამართლის წყაროებიდან მოიყვანეს ციტატები იმის დასტურად, რომ ეთნიკური ჯგუფის წევრობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უარი თქვას თავის უფლებებზე.
ოტავალოს ხეობაში მცხოვრები ჩვენი და-ძმები მოუთმენლად ელიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ისინი უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ გაწეული მხარდაჭერისთვის. ცეზარი, რომელიც ილუმან კუჩუას კრებაში უხუცესად მსახურობს, ამბობს: „მხოლოდ იეჰოვა თუ გააკეთებდა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ამდენს ასე ცოტასთვის“.
ყველა იურისტი, რომლებიც სასამართლო პროცესებში იყვნენ ჩართულნი, იეჰოვას მოწმეა. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ თავიანთი იურიდიული გამოცდილება უსასყიდლოდ გამოიყენეს და-ძმების დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში საქმეების წარდგენა, პროცესებისთვის მომზადება და მტკიცებულებების მოპოვება დიდ დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენმა იურისტებმა და სხვა ძმებმა 380 საათზე მეტი დახარჯეს, რომ მოემზადებინათ შესაბამისი იურიდიული არგუმენტები, 240 საათი კი ამ დოკუმენტების თარგმნას მოანდომეს, რათა ისინი მექსიკის სასამართლოსთვის წარედგინათ. ეკვადორის საქმეს ასობით საათი დაუთმო თითქმის 40-მა იურისტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორ დაიფარა ჩვენი და-ძმების დასაცავად საჭირო ხარჯები? იმ შესაწირავების მეშვეობით, რომელსაც თქვენ სწირავთ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, რომელთა შესახებაც საუბარია ვებგვერდზე donate.pr418.com. დიდი მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის.
a იეჰოვას მოწმეები აგრეთვე თარგმნიან პუბლიკაციებს ინდო-ევროპული ენების გავლენაში მყოფ ბევრ ლათინურ-ამერიკულ ენაზე და რამდენიმე ჟესტურ ენაზე, რომლებზეც მხოლოდ იმ რეგიონში საუბრობენ.
b ჰუიჩოლები „ვირარიტარის“ სახელითაც არიან ცნობილნი, მათ ენას ხშირად „ვირარიკად“ მოიხსენიებენ.
c მართალია, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები არ შედიოდნენ სასამართლოს შემადგენლობაში, მაგრამ მოსამართლეებმა ნება დართეს მათ, სასამართლოს წინაშე გამოსულიყვნენ, როგორც „ამიკუს კურაე“, რაც „სასამართლოს მეგობარს“ ნიშნავს.