არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

სიმღერები, რომლებიც გვაახლოებს იეჰოვასთან

სიმღერები, რომლებიც გვაახლოებს იეჰოვასთან

2021 წლის 1 ნოემბერი

 მუსიკა იეჰოვას საჩუქარია. მას შეუძლია გუნება-განწყობილება აგვიმაღლოს და შთაგონების წყაროდაც გვექცეს. ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია მაუწყებლობის სიმღერებზეც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სიმღერები იეჰოვასთან გვაახლოებს.

 2014 წლიდან მოყოლებული 70-ზე მეტი სიმღერა შეიქმნა და მათგან, სულ მცირე, ერთი სიმღერა მაინც არის 500-ზე მეტ ენაზე ნათარგმნი. გაინტერესებთ, როგორ იქმნება ეს სიმღერები?

რა ხდება „კულისებში“

 ამ სიმღერების შექმნაზე აუდიო-ვიდეო მომსახურების განყოფილება ზრუნავს, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტი ზედამხედველობს. ყველაფრის დაგეგმვა, მათ შორის სიმღერის დაწერა, ჩანაწერის მომზადება და ყველა სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება 13-კაციანი მუსიკალურ-შემოქმედებითი გუნდის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, სასწავლო კომიტეტის ნებართვით, ამ საქმეში ჩართულნი არიან მოხალისეები მთელი მსოფლიოდან, რომელთა შორისაც არიან კომპოზიტორები, მუსიკოსები და მომღერლები. ეს თავმდაბალი და-ძმები თავიანთი უნარითა და ნიჭით იეჰოვას განადიდებენ, თავად კი ჩრდილში რჩებიან.

 როგორ იქმნება ეს სიმღერები? თავდაპირველად სასწავლო კომიტეტი წყვეტს, რა ბიბლიური თემატიკა უნდა დაედოს საფუძვლად სიმღერას და რა გრძნობები უნდა აღუძრას მსმენელს. ამის შემდეგ მუსიკალურ-შემოქმედებითი გუნდი კონკრეტულ ადამიანებს ავალებს მუსიკისა და ტექსტის დაწერას. იწერება სიმღერის საცდელი ვერსია და განსახილველად სასწავლო კომიტეტს ეგზავნება. ისინი აფასებენ ჩანაწერს და დამატებით მითითებებს აძლევენ გუნდს, რის შემდეგაც საბოლოო ვერსია მზადდება. სიმღერების ჩაწერა სხვადასხვა ტერიტორიაზე ხდება, იქნება ეს ფილიალებში თუ სახლებში მოწყობილ სტუდიებში.

 სიმღერების შესაქმნელად ჩვენი ძმები სხვადასხვა აუდიოპროგრამას იყენებენ. გარდა ამისა, საჭიროა მუსიკალური ინსტრუმენტები, მიქშერები, ხმის გამაძლიერებლები, დინამიკები და მიკროფონები. მაგალითად, მიკროფონების ფასი 100$-დან იწყება და შეიძლება 1 000$-ზე მეტიც ღირდეს. 2020 წელს 116 000$ დაიხარჯა საჭირო მოწყობილობების შესაძენად.

 რა კეთდება შემოწირული თანხების დასაზოგად? მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ბეთელში გვყავდეს დიდი შემოქმედებითი ჯგუფი, კრებებიდან ვთხოვთ მოხალისეებს დახმარებას. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ორკესტრს კი არ ვიწვევთ, ელექტრონულად ვქმნით მუსიკას.

„ეს სიმღერები ჩემთვის მაშველი რგოლივითაა“

 და-ძმებს ძალიან უყვართ მაუწყებლობის სიმღერები. ერთი გერმანელი და, ტარა, ამბობს: „როცა ძალიან ვარ აფორიაქებული, ამ სიმღერების მოსმენა მამშვიდებს. ჩემს ენაზე რომ ვუსმენ სიმღერებს, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს იეჰოვა მეფერება“. ყაზახეთში მცხოვრები ერთი ძმა, დიმიტრი, ამბობს: „ამ სიმღერებს თავისუფლად ვუსმენ. იმის შიში არ მაქვს, რომ რაიმე ცუდს წავაწყდები. თანაც მეხმარება, რომ სულ იეჰოვაზე ვიფიქრო“.

 სამხრეთ აფრიკელი და, დელია, თავის გრძნობებს ასე აღწერს: „ეს სიმღერები ჩემთვის მაშველი რგოლივითაა. როცა ცუდ ხასიათზე ვარ ან რაღაც მაწუხებს, ყოველთვის ვპოულობ ისეთ სიმღერას, რომელიც მდგომარეობიდან გამოსვლაში მეხმარება. ზოგჯერ დაწყებულიც არ მაქვს მოსმენა, რომ უკვე უკეთ ვგრძნობ თავს“.

 მაუწყებლობის ზოგიერთი სიმღერა მსმენელს განსაკუთრებით უყვარს. სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები და, ლერატო, ასეთ რამეს ამბობს: «სიმღერები „ეს დრო ნანატრი“ და „წინ ვხედავთ სამოთხეს“ თავს ახალ ქვეყნიერებაში წარმომადგენინებს. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ მორბის მკვდრეთით აღმდგარი დედაჩემი ჩემ ჩასახუტებლად».

 ერთი ჩვენი სიმღერა ძალიან დაეხმარა შრი-ლანკელ გოგონას. ის გვიყვება: «ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე მომაყენა შეურაცხყოფა ჩემი რწმენის გამო. შიშმა ამიტანა და ვერაფერი ვუპასუხე. სახლში რომ დავბრუნდი, დედამ მითხრა, მომესმინა სიმღერისთვის „სწავლა ძლიერს გხდის“. ამ სიმღერამ იმის აუცილებლობა დამანახვა, რომ კარგად გამომეკვლია საკითხი და მომემზადებინა პასუხი. მეორე დღით ჩემს მასწავლებელს დაველაპარაკე. მან მომისმინა და თქვა, რომ ახლა უკვე ესმის ჩვენი პოზიციის. მადლობელი ვარ იეჰოვას ორგანიზაციის, რომ ასეთი სიმღერები გვაქვს».

 ამ სიმღერების მოსამზადებლად საჭირო თანხები მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავებით იფარება. დიდი მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის, რომელსაც ვებგვერდზე donate.pr418.com სხვადასხვა სახით იღებთ.