რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარება
2021 წლის 1 თებერვალი
2020 წელს უამრავი სტიქიური უბედურება მოხდა, რასაც დაემატა ისიც, რომ მთელი მსოფლიო მოიცვა კოვიდ-19-ის პანდემიამ. რა გააკეთეს იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულთა დასახმარებლად?
2020 სამსახურებრივ წელს a ხელმძღვანელი საბჭოს კოორდინატორთა კომიტეტის გადაწყვეტილებით 28 მილიონი დოლარი b გამოიყო დაზარალებულთა დასახმარებლად. დახმარება გაეწია 200-ზე მეტი სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს, მათ შორის მიყოლებით მომხდარი ტროპიკული ციკლონებით დაზარალებულებს, წყალდიდობით დაზარალებულ აფრიკელ და-ძმებს, ვენესუელაში მცხოვრებ თანაქრისტიანებს, სადაც საკვების უკმარისობაა და ზიმბაბველ და-ძმებს, რომლებიც გვალვას ებრძოდნენ; დახმარება გაეწია მათაც, რომელთაც კოვიდ-19 პანდემია შეეხოთ. შემოწირული თანხებით შესაძლებელი გახდა დაზარალებულთა უზრუნველყოფა საკვებით, წყლით, თავშესაფრით, ტანსაცმლით და მედიკამენტებით; აგრეთვე, შესაძლებელი გახდა დასასუფთავებლად, შესაკეთებლად და შესარემონტებლად საჭირო ძირითადი მასალის შეძენა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა.
კოვიდ-19. პანდემიამ მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი და-ძმების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე მოახდინა გავლენა; გარდა ამისა, უარყოფითად აისახა ბევრის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. მათ დასახმარებლად მსოფლიო მასშტაბით ჩამოყალიბდა 800-ზე მეტი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი. ამ კომიტეტებში მომსახურე ძმები არკვევდნენ, რა სახის დახმარება ესაჭიროებოდათ და-ძმებს, რის შესახებაც სასწრაფოდ ატყობინებდნენ კოორდინატორთა კომიტეტს, რომელიც წყვეტდა, როგორ გაეწიათ დახმარება დაზარალებულთათვის საუკეთესოდ.
მთელი წლის განმავლობაში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტების მეშვეობით ბევრი და-ძმა უზრუნველყვეს საკვებით, წყლით, მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ზოგ ადგილას კომიტეტებში მომსახურე ძმები თანამშრომლობდნენ ადგილობრივ უხუცესებთან, რომ და-ძმებს მიეღოთ მთავრობის მიერ გათვალისწინებული დახმარება.
დაზარალებულთა დახმარების საქმეში ჩვენი აქტიურობა არც გარეშეებისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. მაგალითად, ზამბიაში ქალაქ ნაკონდეს ერთ-ერთმა უფლებამოსილმა პირმა, ფილდ სიმუინგამ, ასეთი რამ უთხრა ძმებს: „დაზარალებულ ოჯახებს იმდენად სწრაფად აღმოუჩინეთ საჭირო დახმარება, რომ ვალში ვართ თქვენთან“.
საკვების უკმარისობა ანგოლაში. პანდემიის გამო ანგოლაში არ შედიოდა საკმარისი საკვები პროდუქტი, რის გამოც მათზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ბევრ ჩვენს და-ძმას საკვებზე ხელი არ მიუწვდებოდა.
ბრაზილიის ფილიალს სთხოვეს, ანგოლაში მცხოვრები ძმებისთვის საკვები გაეგზავნათ. შეწირული თანხების გონივრულად გამოყენების მიზნით, ძმებმა იმსჯელეს, რა იქნებოდა საუკეთესო საშუალება საკვების შესაძენად და ადგილზე გასაგზავნად. ამიტომ მათ ბითუმად შეიძინეს საკვები. დაახლოებით 20-კილოგრამიანი ფუთა საშუალოდ 22 დოლარი ჯდებოდა. მასში შედიოდა როგორც საკვების, ისე გაგზავნის ღირებულება. ფუთაში იყო ბრინჯი, პარკოსანი კულტურები და ზეთი. დღეისათვის 33 544 ასეთი ფუთა გაეგზავნათ ძმებს ანგოლაში, რომელთა საერთო წონამ 721 ტონა შეადგინა. ამგვარად გაგზავნილი და ადგილზე არსებული სხვა საკვები საშუალებებით 50 000-ზე მეტ ადამიანს გაეწია დახმარება.
რა გრძნობა დაეუფლათ ძმებს დახმარების მიღების შემდეგ? ალექსანდრე, რომელიც ანგოლაში, ერთ მიუდგომელ ადგილას ცხოვრობს, ამბობს. „აშკარად დავინახე, რომ იეჰოვას ვუყვარვარ და მარტო არ ვარ. მივხვდი, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში მაფასებენ!“. ერთი მარტოხელა დედა მარიზა ამბობს: „იეჰოვამ შეისმინა ჩემი ვედრება. მადლობას ვუხდი მას და მის ორგანიზაციას!“.
გვალვის დროს გაწეული დახმარება ზიმბაბვეში. 2020 წელს საშინელმა გვალვამ ულუკმაპუროდ დატოვა მილიონობით ადამიანი ზიმბაბვეში. საკმარისი საკვების გარეშე დარჩა ათასობით ადგილობრივი იეჰოვას მოწმეც.
და-ძმების საკვებით უზრუნველსაყოფად შეიქმნა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ხუთი კომიტეტი. ასობით მაუწყებელი იღებდა მონაწილეობას საკვების შეფუთვასა და გადაზიდვაში. ზოგი თავის სატრანსპორტო საშუალებას სთავაზობდა ძმებს საკვების გადასატანად. c 2020 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 691 561 დოლარი დაიხარჯა 22 700 ადამიანის საკვებით მომარაგებაზე.
იყო შემთხვევები, როდესაც ძმებმა დახმარება ზუსტად მაშინ მიიღეს, როცა მარაგი სრულიად ამოეწურათ. საკვების მიღებით გახარებულმა ძმებმა იეჰოვა განადიდეს. ზოგმა სამეფოს სიმღერების მღერაც კი დაიწყო.
ერთ მხარეში ორი ქვრივი და ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრას დახმარების მიღების თაობაზე. შეხვედრამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, ამიტომ დებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებზე. როგორც კი დებმა შეხვედრა დატოვეს, შეკრებილებმა დასცინეს მათ და უთხრეს: „იცოდეთ, მერე ჩვენ არ მოგვაკითხოთ საჭმელზე!“. ზუსტად ორი კვირის შემდეგ, იმ მხარეში ჩვენი ძმები ჩავიდნენ და დები საკვებით მოამარაგეს, იმაზე ადრე ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიტანა იქ დახმარება.
ზიმბაბვეში ძმების მიერ გაწეული დახმარება კარგი დამოწმებაც აღმოჩნდა. მაგალითად, დავფიქრდეთ პრისკას შემთხვევაზე, რომელიც ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. გვალვით შექმნილი სირთულეების მიუხედავად, პრისკა ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს ქადაგებდა, ხვნა-თესვის სეზონის დროსაც კი. თანასოფლელები დასცინოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „შენი ქადაგების გამო ოჯახს შიმშილით მოკლავ“. პრისკა კი პასუხობდა: „იეჰოვას არასოდეს გაუცრუებია იმედი თავისი მსახურებისთვის“. მალევე პრისკამ დახმარება მიიღო და-ძმებისგან, რამაც ძალიან გააოცა ზოგი მეზობელი. მათ პრისკას უთხრეს: „ღმერთს შენთვის იმედი არასოდეს გაუცრუებია. ამიტომ ჩვენც გვინდა, რომ მეტი გავიგოთ მის შესახებ“. დღეს მისი შვიდი მეზობელი უსმენს კრების შეხვედრებს, რომლებიც რადიოთი გადაიცემა.
აღსასრულის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მოიმატებს სტიქიური უბედურებები (მათე 24:3, 7). ძალიან ვაფასებთ თქვენ მიერ ვებგვერდის donate.pr418.com-ისა და სხვა საშუალებების გამოყენებით გაღებულ გულუხვ შესაწირავებს. მათი მეშვეობით დროული და ეფექტიანი დახმარება ეწევათ დაზარალებულ და-ძმებს.
a 2020 სამსახურებრივი წელი მოიცავს პერიოდს 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე.
b ამ სტატიაში მოხსენიებულ დოლარში იგულისხმება აშშ დოლარი.
c კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ძმებს სპეციალური ნებართვების აღება უწევდათ საკვების ტრანსპორტირებისთვის. ისინი აგრეთვე იცავდნენ რეგულაციებს, რათა შეემცირებინათ დაინფიცირების რისკი.