არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ უნდა გააკონტროლოთ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს იღებთ?

როგორ უნდა გააკონტროლოთ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს იღებთ?

 ზოგი ადამიანი სტრესის, მარტოობის ან უბრალოდ მოწყენილობის გასაქარვებლად მეტი ალკოჰოლის მიღებას იწყებს. თქვენც ხომ არ ამჩნევთ საკუთარ თავს, რომ იმაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმართ, ვიდრე უწინ? თუკი ასეა, დარწმუნდით, ზომაზე მეტს ხომ არ სვამთ ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ხომ არ გახდით. ქვემოთ განვიხილავთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება, ვაკონტროლოთ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს ვიღებთ.

 რას ნიშნავს ალკოჰოლის ზომიერად მოხმარება?

 ბიბლია ამბობს: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“ (იგავები 23:20).

 დაფიქრდით: ღვთის სიტყვა არ გმობს ალკოჰოლის ზომიერად მიღებას (ეკლესიასტე 9:7). თუმცა ბიბლია ავლებს ზღვარს ზომიერად სმას, უზომო სმასა და თრობას შორის (ლუკა 21:34; ეფესოელები 5:18; ტიტე 2:3). მაშინაც კი, თუ ადამიანი ზომაზე მეტს სვამს ისე, რომ არ თვრება, მას შეიძლება დაუქვეითდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, გაუუარესდეს ჯანმრთელობა და გაუფუჭდეს სხვებთან ურთიერთობა (იგავები 23:29, 30).

 ჯანდაცვის მუშაკები იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარს ადამიანი დღეში ან კვირის მანძილზე რამდენი დღის განმავლობაში სვამს, ადგენენ ზღვრულ ნორმას. a თუმცა, რადგან ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულად რეაგირებს ალკოჰოლზე, ზოგჯერ შესაძლოა უმჯობესი იყოს, თუკი ადამიანი საერთოდ არ დალევს ალკოჰოლს. „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ გამოცემულ ერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

 „1-2 ჭიქაც კი ზომაზე მეტი შეიძლება აღმოჩნდეს, როცა ...

  •   ავტომობილს ან რაიმე მექანიზმს მართავთ.

  •   ფეხმძიმე ან მეძუძური დედა ხართ.

  •   იღებთ ზოგიერთ მედიკამენტს.

  •   ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.

  •   გიჭირთ სმისას ზომიერების დაცვა“.

 რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ზომაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმართ?

 ბიბლია ამბობს: „შევამოწმოთ და გამოვიკვლიოთ ჩვენი გზები“ (გოდება 3:40).

 დაფიქრდით: ალკოჰოლის მავნე გავლენისგან თავს დაიცავთ, თუკი დროდადრო დაფიქრდებით, რა რაოდენობის ალკოჰოლს იღებთ და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებს მოახდენთ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ამოსაცნობი ნიშანი, რომლებიც დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, ზომაზე მეტ ალკოჰოლს ხომ არ მოიხმართ.

  •   გუნება-განწყობილების გამოსაკეთებლად სვამთ. ალკოჰოლი გჭირდებათ მოსადუნებლად, ხალხთან საურთიერთოდ, გასართობად ან პრობლემების დასავიწყებლად.

  •   უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმართ, ვიდრე უწინ. სვამთ უფრო ხშირად და ეტანებით უფრო ძლიერ სასმელებს. გარდა ამისა, უფრო მეტი ალკოჰოლი გჭირდებათ „სასურველი შედეგის“ მისაღწევად.

  •   სმამ პრობლემები შეგიქმნათ ოჯახსა თუ სამსახურში. უფრო მეტ თანხას ხარჯავთ ალკოჰოლზე, ვიდრე ამის საშუალება გაქვთ.

  •   ნასვამ მდგომარეობაში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს იღებთ. მაგალითად, მართავთ ავტომობილსა თუ რაიმე მექანიზმს ან მიდიხართ საცურაოდ.

  •   სხვები გეუბნებიან, რომ ზომაზე მეტს სვამთ. თავის დაცვაზე გადადიხართ, როცა ვინმე მიგითითებთ, რომ მეტი მოგდით. სხვებისგან მალულად იწყებთ სმას და მალავთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობას.

  •   გიჭირთ შეჩერება. შეეცადეთ, შეგემცირებინათ ალკოჰოლის მიღება ან საერთოდ უარი გეთქვათ დალევაზე, მაგრამ ვერ შეძელით.

 რომელი ხუთი რჩევა დაგეხმარებათ, გააკონტროლოთ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს იღებთ?

 1) შეადგინეთ გეგმა.

 ბიბლია ამბობს: „მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება“ (იგავები 21:5).

 ეცადეთ, ასე მოიქცეთ: წინასწარ განსაზღვრეთ, კვირის რომელ დღეებში დალევთ ან რამდენს. კვირაში გამოყავით სულ მცირე ორი დღე, როცა ალკოჰოლს არ მიიღებთ.

 „ალკოჰოლისგან თავშეკავების დღეები დაგეხმარებათ, რომ არ გახდეთ მასზე დამოკიდებული“, — ნათქვამია ერთ-ერთი ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე.

 2) მიჰყევით შედგენილ გეგმას.

 ბიბლია ამბობს: „ბოლომდე მიიყვანეთ წამოწყებული საქმე“ (2 კორინთელები 8:11).

 ეცადეთ, ასე მოიქცეთ: გაეცანით, თუ რა ითვლება ალკოჰოლის სტანდარტულ ულუფად, რომ ზუსტად განსაზღვროთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა. იქონიეთ ჯანსაღი, არაალკოჰოლური სასმელები, რომლებიც იოლად შეგიცვლით ალკოჰოლს.

 აშშ-ის ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული კვლევითი ცენტრის განცხადებით, „ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებს შეუძლია, თავიდან აგარიდოთ ალკოჰოლდამოკიდებულების მავნე შედეგები“.

 3) იყავით პრინციპული.

 ბიბლია ამბობს: «თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი — არა» (იაკობი 5:12).

 ეცადეთ, ასე მოიქცეთ: მზად იყავით, რომ მტკიცე, თუმცა თავაზიანი უარი უთხრათ მათ, ვინც ალკოჰოლისგან თავშეკავების დღეებში გთავაზობთ ალკოჰოლის დალევას.

 „რაც უფრო სწრაფად იტყვით მსგავს შემოთავაზებაზე უარს, მით უფრო გაგიადვილდებათ თავის შეკავება“, — შენიშნავს ზემოხსენებული კვლევითი ცენტრი.

 4) იფიქრეთ დადებით შედეგებზე.

 ბიბლია ამბობს: „საქმის დასასრული მის დასაწყისს სჯობია“ (ეკლესიასტე 7:8).

 ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ მიზეზები, თუ რატომ გსურთ, გააკონტროლოთ, რა რაოდენობის ალკოჰოლს იღებთ. მიზეზებს შორის შეიძლება იყოს ძილის ხარისხის, ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის და ურთიერთობების გაუმჯობესება. თუკი სხვებთან ისაუბრებთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, სირთულეების ნაცვლად ყურადღება დადებით შედეგებზე გაამახვილეთ.

 5) დახმარებისთვის ღმერთს მიმართეთ.

 ბიბლია ამბობს: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

 ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ ფიქრობთ, რომ ზომაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმართ, ღმერთს მიმართეთ ლოცვით და სთხოვეთ საჭირო ძალა და თავშეკავება. b გამოყავით დრო, რომ გაეცნოთ მის სიტყვაში ჩაწერილ პრაქტიკულ რჩევებს. ღვთის დახმარებით შეძლებთ, გააკონტროლოთ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს იღებთ.

a მაგალითად, აშშ-ის სოციალური ჯანდაცვის სამინისტრო გადაჭარბებულ სმად აფასებს, თუკი ქალი დღის მანძილზე 4 სტანდარტულ ერთეულზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარს ან მთელი კვირის მანძილზე მიღებული ალკოჰოლი 8 სტანდარტულ ერთეულზე მეტია, კაცის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებლები 5 და 15-ია. ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში ალკოჰოლის სტანდარტული ულუფა სხვადასხვაა, კარგია, თუკი გაეცნობით, თქვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკები რა რაოდენობის ალკოჰოლს მიიჩნევენ სტანდარტულ ზომად.

b თუკი გადაჭარბებული სმა ჩვევაში გადაგივიდათ, შესაძლოა კვალიფიციური სამედიცინო დახმარებაც დაგჭირდეთ.