ზუსტად აღწერს ბიბლია ბაბილონში გადასახლებული იუდეველების ყოფა-ცხოვრებას?
დაახლოებით 2 600 წლის წინ იუდეველები ბაბილონში გადაასახლეს, სადაც ისინი დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ბიბლიაში ღვთივშთაგონებით ჩაწერილია წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ პირობებში მოუწევდათ ცხოვრება ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს: „აიშენეთ სახლები და იცხოვრეთ იქ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი. მოიყვანეთ ცოლები და გააჩინეთ ვაჟები და ასულები ... მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ“ (იერემია 29:1, 4—7). ნამდვილად ასეთ პირობებში მოუწიათ იუდეველებს ცხოვრება?
მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი თიხის ფირფიტა, რომლებიც, სავარაუდოდ, ძველ ბაბილონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. ეს ფირფიტები მოწმობს, რომ გადასახლებაში მყოფმა ებრაელებმა შეინარჩუნეს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობა და ამავდროულად, ბაბილონის მმართველობის მშვიდობიანი ქვეშევრდომები იყვნენ. ძვ. წ. 572—477 წლებით დათარიღებულ თიხის ფირფიტებზე აღმოჩენილ იქნა ქირავნობის ხელშეკრულებები, საქმიანი ურთიერთობების დამადასტურებელი საბუთები, თამასუქები და სხვა ფინანსური აღრიცხვები. ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „ეს დოკუმენტები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის სოფლად მცხოვრები უბრალო ხალხის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ: ისინი ამუშავებდნენ მიწას, აშენებდნენ სახლებს, იხდიდნენ გადასახადებს და მეფის მიერ დავალებულ საქმეებს ასრულებდნენ“.
ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები აგრეთვე ადასტურებს იუდეველთა საკმაოდ დიდი დასახლების არსებობას ალ-იაჰუდუში, იგივე იუდას ქალაქში. ფირფიტებზე ამოტვიფრულია ებრაელთა ოთხი თაობის სახელები. ზოგიერთი მათგანი ძველებრაული ასოებითაა დაწერილი. თიხის ფირფიტების აღმოჩენამდე სწავლულებს მწირი ინფორმაცია ჰქონდათ ბაბილონში გადასახლებული ებრაელების შესახებ. დოქტორი ფილიპ ვუკოსავოვიჩი, ისრაელის ძეგლთა დაცვის სამსახურის დირექტორთა საბჭოს წევრი, აღნიშნავს: „თიხის ფირფიტების წყალობით გაცილებით მეტი შევიტყვეთ გადასახლებული ებრაელების შესახებ. გავიგეთ მათი სახელები; სად და როდის ცხოვრობდნენ ან რას საქმიანობდნენ“.
გადასახლებაში მყოფი ებრაელები გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდნენ. მაგალითად, მათ შეეძლოთ თავად აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. ზემოთ მოხსენიებული ფილიპ ვუკოსავოვიჩი ამბობს: „იუდეველები არა მხოლოდ ალ-იაჰუდუში, არამედ სხვა ქალაქებშიც ცხოვრობდნენ“. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ხელობას დაეუფლა, რაც მათ მოგვიანებით იერუსალიმის აღდგენითი სამუშაოების დროს გამოადგათ (ნეემია 3:8, 31, 32). ალ-იაჰუდუში აღმოჩენილი ფირფიტები ასევე ადასტურებს, რომ გათავისუფლების შემდეგ ბევრმა იუდეველმა ბაბილონში დარჩენა გადაწყვიტა. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ ტყვეობაში ყოფნის მიუხედავად ისინი ბაბილონში შედარებით მშვიდობიან პირობებში ცხოვრობდნენ, როგორც ეს ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი.