არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იფხიზლეთ!

ლტოლვილთა კრიზისი — მილიონები ტოვებენ უკრაინას

ლტოლვილთა კრიზისი — მილიონები ტოვებენ უკრაინას

 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ მილიონობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, რასაც მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა. a

  „ირგვლივ ბომბები ცვიოდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ვერ აღვწერ, როგორი შეშინებულები ვიყავით. როცა გავიგეთ, რომ საევაკუაციო მატარებლით ქალაქის დატოვება შეგვეძლო, მაშინვე წასვლა გადავწყვიტეთ. თითო ზურგჩანთის ამარამ დავტოვეთ სახლი. მეტის წაღება არ შეიძლებოდა. თან მხოლოდ დოკუმენტები, წამლები, წყალი და პატარა წასახემსებელი გვქონდა. სადგურისკენ რომ მივდიოდით, ჩვენ გარშემო სულ ბომბები ცვიოდა“ (ნატალია, ხარკოვი).

 „ბოლო წუთამდე გვეგონა, რომ ომი არ დაიწყებოდა. მოულოდნელად აფეთქების ხმა გავიგეთ, ფანჯრები სულ ზანზარებდა. გადავწყვიტე, ქალაქი დამეტოვებინა და თან მხოლოდ აუცილებელი წავიღე. სახლიდან დილის 8 საათზე გამოვედი და ლვოვისკენ მიმავალ მატარებელში ჩავჯექი, იქიდან კი ავტობუსით პოლონეთში გადავედი“ (ნადია, ხარკოვი).

ამ სტატიაშია:

 რა არის ლტოლვილთა კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზები?

 არსებული კრიზისი უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია. თუმცა მსგავსი სახის პრობლემების მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ. მოდი გავიგოთ ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი.

  •   ხელისუფლებებმა მთელ მსოფლიოში ადამიანებს იმედი გაუცრუეს. ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან, ხშირად ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ და ჩაგრავენ სხვებს (ეკლესიასტე 4:1; 8:9).

  •   სატანა ეშმაკს, რომელიც ამ ქვეყნიერების მმართველია, კაცობრიობა იმდენად ჰყავს თავის გავლენაში მოქცეული, რომ ბიბლიაში მასზე ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (იოანე 14:30; 1 იოანე 5:19).

  •   კაცობრიობა საუკუნეებია, არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩვენ ახლა „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, რომელსაც ბიბლია „მძიმე და ძნელად ასატან დროს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). გარდა ამისა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, „ბოლო დღეებში“ იქნებოდა ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები, საკვების უკმარისობა და ეპიდემიები, რის გამოც ბევრი იძულებული გახდებოდა, უსაფრთხო გარემო მოეძებნა (ლუკა 21:10, 11).

 ნუგეში ლტოლვილთათვის

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა, b თანაუგრძნობს მათ, ვისაც თავშესაფრის საძიებლად საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია; მას უყვარს ეს ადამიანები (კანონი 10:18). ის გვპირდება, რომ დევნილთა პრობლემებს თავისი ზეციერი ხელისუფლების ანუ ღვთის სამეფოს მეშვეობით გადაჭრის. ეს სამეფო მთლიანად ჩაანაცვლებს ყველა სხვა ხელისუფლებას (დანიელი 2:44; მათე 6:10). მისი მეშვეობით იეჰოვა სატანის მმართველობასაც დაუსვამს წერტილს (რომაელები 16:20). ეს სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს და ყველა იმ პრობლემას აღმოფხვრის, რომლებსაც ეროვნული ნიშნით მსოფლიოს დაყოფა იწვევს. მთელი კაცობრიობა როგორც ერთი ოჯახი ისე იცხოვრებს. აღარავის მოუწევს საკუთარი კერის მიტოვება, რადგან ბიბლიაში არაორაზროვნად წერია: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ შეაშინებს მათ, რადგან ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ თავისი ბაგით წარმოთქვა ეს“ (მიქა 4:4).

 მხოლოდ ღვთის სამეფოს შესწევს იმის ძალა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს დღეს არსებული ლტოლვილთა კრიზისი. იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით ყველა იმ პრობლემას გადაჭრის, რის გამოც ხალხი იძულებული ხდება, დატოვოს სახლ-კარი. მოდი ზოგიერთ მაგალითზე ვიმსჯელოთ:

 პრაქტიკული ბიბლიური დახმარება ლტოლვილთათვის

 ბიბლიაში ჩაწერილი მხოლოდ მომავლის უტყუარ იმედს კი არ ჩაუსახავს დევნილებს, არამედ დღესვე გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას.

 ბიბლიური რჩევა: „გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: გქონდეთ რეალისტური მოლოდინი, რათა თავის დაცვა შეძლოთ. უფრთხილდით კრიმინალებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თავშესაფრის მაძიებელთა დაუცველობითა და გამოუცდელობით.

 ბიბლიური რჩევა: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: იმაზე ნუ იქნებით კონცენტრირებული, თუ რა დაკარგეთ და ახლა რა გაკლიათ. თუ აუცილებლით დაკმაყოფილდებით, უფრო ბედნიერი იქნებით.

 ბიბლიური რჩევა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: იყავით მომთმენი და სხვების მიმართ სიკეთე გამოიჩინეთ. ასეთი თვისებების წყალობით ადგილობრივების თვალში პატივისცემას მოიპოვებთ და ისინი უფრო ადვილადაც მიგიღებენ.

 ბიბლიური რჩევა: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:17).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: თუ უსამართლოდ მოგექცევიან, ბოღმას გულში ნუ ჩაიდებთ და სამაგიეროს ნურავის გადაუხდით. ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

 ბიბლიური რჩევა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთთან ურთიერთობას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეთ თქვენს ცხოვრებაში. ილოცეთ და ის აუცილებლად შეგმატებთ სირთულეების ატანის ძალას.

 ბიბლიური რჩევა: „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში; ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს, ევედრეთ და მადლიერებით მიმართეთ, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ღმერთს სულის სიმშვიდე სთხოვეთ. წაიკითხეთ სტატია «ფილიპელების 4:6, 7 — „ნურაფრის გამო ნუ ჩაცვივდებით საგონებელში“».

a საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNCHR) უკრაინის კრიზისს უმაღლესი დონის საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მიანიჭა. სულ რაღაც, 12 დღეში 2 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა იძულებული, უსაფრთხო გარემოს საპოვნელად დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და საზღვარგარეთ გადასულიყო, ხოლო მილიონამდე ადამიანს ქვეყნის შიგნით მოუწია გადაადგილება.

b იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „“ვინ არის იეჰოვა?“.