მართლა არსებობდა იოანე ნათლისმცემელი?
სახარებებში მოხსენიებულია მამაკაცი, რომელსაც იოანე ნათლისმცემელს ეძახდნენ. იგი იუდეაში ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა. ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის ბიბლია იოანეს შესახებ?
ბიბლიაში ნათქვამია: «იუდეის უდაბნოში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათე 3:1, 2). ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ისტორიული წყაროები? რა თქმა უნდა.
პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა მოიხსენია მამაკაცი, სახელად იოანე, რომელსაც ნათლისმცემელსაც ეძახდნენ. მისი თქმით, ის იუდეველებს მოუწოდებდა, ღვთის სამართლიანი ნორმებით ეცხოვრათ, ღვთისმოშიშები ყოფილიყვნენ და მონათლულიყვნენ (Jewish Antiquities, XVIII).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იოანემ გაკიცხა გალილეისა და პერეას გამგებელი ჰეროდე ანტიპა. ჰეროდეს თავი იუდეველად და მოსეს კანონის დამცველად მოჰქონდა. მან თავისი ნახევარძმის ცოლი ჰეროდია შეირთო, რისთვისაც იოანემ დაგმო (მარკოზი 6:18). არაბიბლიური წყაროებიც ადასტურებს ამ ფაქტს.
იოსებ ფლავიუსი ჰეროდე ანტიპაზე წერდა, რომ მას შეუყვარდა ჰეროდია და უტიფრად სთხოვა ცოლობა. ჰეროდიამ მიატოვა თავისი ქმარი და ცოლად გაჰყვა ანტიპას.
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იოანესთან „გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და იორდანის მთელი შემოგარენი. ის მდინარე იორდანეში ნათლავდა ხალხს“ (მათე 3:5, 6).
იოსებ ფლავიუსი ამ ფაქტსაც ადასტურებს. ის წერს, რომ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდა იოანესთან და მისი ქადაგების მოსმენა ძალიან სიამოვნებდა.
აშკარაა, პირველ საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსისთვის, იოსებ ფლავიუსისთვის იოანე ნათლისმცემელი რეალური პიროვნება იყო. ასე რომ, არც ჩვენ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იოანე ნათლისმცემელი ნამდვილად არსებობდა.