უნდა ერეოდეს რელიგია პოლიტიკაში?
დღეს ბევრი, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, აქტიურადაა ჩაბმული პოლიტიკაში. ზოგი საკუთარი რელიგიური შეხედულებებისა თუ ზნეობრივი ფასეულობების პოპულარიზაციას სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით ცდილობს. თავის მხრივ, პოლიტიკოსებიც აპელირებენ ამ საკითხებით, რათა რელიგიურ ხალხს შორის მეტი მხარდამჭერი მოიპოვონ. ხშირად რელიგიური ლიდერები ამა თუ იმ თანამდებობაზეც იყრიან კენჭს. ზოგიერთ ქვეყანაში რომელიმე ქრისტიანულ კონფესიას შეიძლება სახელმწიფო რელიგიის სტატუსიც ჰქონდეს.
როგორ ფიქრობთ, უნდა ერეოდნენ ქრისტიანები პოლიტიკაში? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, უნდა გავიგოთ, თავად იესო როგორ იქცეოდა, რადგან მან თქვა: „ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ“ (იოანე 13:15). მოდი გავიგოთ, თავად იესო თუ ერეოდა პოლიტიკაში.
ერეოდა იესო პოლიტიკაში?
არა, იესო არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში.
მას პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება არ სურდა. როცა სატანამ იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო“ შესთავაზა, მან არ ისურვა, ემართა ადამიანთა მთავრობები (მათე 4:8—10) a. სხვა შემთხვევაში, როცა ხალხმა დაინახა, რომ იესო შესანიშნავი მმართველი იქნებოდა, მისი გამეფება სცადა. ბიბლიაში ნათქვამია: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას, მის შეპყრობასა და გამეფებას აპირებდნენ, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოანე 6:15). იესო არ დაჰყვა ხალხის ნებას, რადგან პოლიტიკაში ჩარევა არ სურდა.
იესო არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობოდა. მაგალითად, იესოს დროს რომაელების მიერ დაწესებული გადასახადები იუდეველებში აღშფოთებას იწვევდა. ისინი შეეცადნენ, რომ იესოს მხარდაჭერაც მოეპოვებინათ ამ საკითხში. მაგრამ ის არ ჩაება პოლიტიკურ დებატებში და არ დაიწყო იმაზე მსჯელობა, იქცეოდა თუ არა რომის ხელისუფლება სამართლიანად. იესომ მათ უთხრა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს!“ (მარკოზი 12:13—17). მართალია, მან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, მაგრამ არაორაზროვნად თქვა, რომ რომის მიერ დაკისრებული გადასახადები უნდა გადაეხადათ. იესოს სიტყვებიდან ისიც გამოჩნდა, რომ ადამიანის მორჩილება ხელისუფლებისადმი აბსოლუტური არ არის, რადგან ხელისუფლება არ იმსახურებს იმას, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, მაგალითად, უპირობო ერთგულებას და თაყვანისცემას (მათე 4:10; 22:37, 38).
იესო ზეციერ ხელისუფლებას უჭერდა მხარს და სხვებსაც უქადაგებდა მის შესახებ (ლუკა 4:43). იესო არ ერეოდა პოლიტიკაში, რადგან ესმოდა, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო შექმნიდა დედამიწაზე ისეთ პირობებს, როგორიც ღმერთს სურდა (მათე 6:10). მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად ადამიანთა ხელისუფლებებს კი არ გამოიყენებდა, არამედ ღვთის სამეფოს მეშვეობით მთლიანად ჩაანაცვლებდა მათ (დანიელი 2:44).
ერეოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები პოლიტიკაში?
არა, რადგან ისინი მიჰყვებოდნენ იესოს მითითებას, არ ყოფილიყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 15:19). ისინი ყველანაირად ჰბაძავდნენ თავიანთ მოძღვარს და პოლიტიკაში არ ერეოდნენ (იოანე 17:16; 18:36). ეს ქრისტიანები იესოს დავალებას ასრულებდნენ — ქადაგებდნენ და ასწავლიდნენ ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 28:18—20; საქმეები 10:42).
პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის უმთავრესი ღვთის მორჩილება იყო, თუმცა მათ ისიც იცოდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პატივისცემა უნდა გამოევლინათ (საქმეები 5:29; 1 პეტრე 2:13, 17). ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ და გადასახადებსაც პირნათლად იხდიდნენ (რომაელები 13:1, 7). ეს ქრისტიანები თავიანთ კანონიერ უფლებებსაც იყენებდნენ, მაგალითად, სასამართლოს წინაშე იცავდნენ თავს და სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობდნენ (საქმეები 25:10, 11; ფილიპელები 1:7).
როგორ იცავენ ქრისტიანები ნეიტრალიტეტს დღეს?
როგორც დავინახეთ, არც იესო და არც მისი მოწაფეები პოლიტიკაში არ ერეოდნენ. ამიტომ იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს იცავენ და პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ისინიც იესოს დავალებას ასრულებენ — ქადაგებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14).
a როცა სატანამ მთელი ქვეყნიერება შესთავაზა, იესოს სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ყოველივე მართლაც სატანის ხელში იყო. პირიქით, მოგვიანებით მას ამ „ქვეყნიერების მმართველიც“ უწოდა (იოანე 14:30).