არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რიტმს? როგორ დაგვეხმარება ბიბლია პოსტპანდემიურ პერიოდში?

დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რიტმს? როგორ დაგვეხმარება ბიბლია პოსტპანდემიურ პერიოდში?

 „ყველას გვსურს, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდეთ“ — აღნიშნა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

 ალბათ თქვენც ეთანხმებით ამ სიტყვებს, რადგან კოვიდპანდემია მთელ მსოფლიოში მძვინვარებს. რას შეიძლება ეწოდოს „ნორმალური ცხოვრება“? ყველაზე მეტად რა სურს ხალხს?

  •   ძველებური ცხოვრების დაბრუნება. ზოგს ენატრება აქტიური სოციალური ცხოვრება, როცა ჩვეულებრივი რამ იყო ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა თუ მოგზაურობა. როგორც ინფექციონისტი ენტონი ფაუჩის a სიტყვებიდანაც ჩანს, ხალხს ძალიან სურს „ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება ანუ რესტორნებში, თეატრებსა თუ მსგავს ადგილებში სიარული“.

  •   ცხოვრების გაუმჯობესება. ზოგის აზრით, შექმნილი მდგომარეობა კაცობრიობას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ პოსტპანდემიურ მსოფლიოში ახალი რეალობა შექმნან. ისინი მიიჩნევენ, რომ ცხოვრების ზოგიერთ სფეროში აუცილებელია ცვლილებების მოხდენა. მაგალითად, ადამიანებს არ უნდა უწევდეთ, ამდენი დრო და ენერგია დაუთმონ სამსახურს, უნდა მოგვარდეს სოციალური და რასობრივი უთანასწორობის საკითხებიც და შემცირდეს ფსიქიკური დაავადებების გამომწვევი მიზეზები. „პანდემია გვაძლევს იმის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ გადავაფასოთ ჩვენი ცხოვრება, დავფიქრდეთ, როგორი გვინდა იყოს მსოფლიო და მოვახდინოთ შესაბამისი ცვლილებები“ — აღნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, კლაუს შვაბი.

 ზოგზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა პანდემიამ, რომ მათ „ნორმალური ცხოვრების“ დაბრუნების იმედი საერთოდ გადაეწურათ. მაგალითად, ბევრმა დაკარგა სამსახური, სახლი, ზოგს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ბევრს საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან.

 რასაკვირველია, ვერავინ განსაზღვრავს, როგორი იქნება ცხოვრება პანდემიის შემდგომ (ეკლესიასტე 9:11). თუმცა ბიბლია გვეხმარება, გვქონდეს რეალური მოლოდინი და გავუმკლავდეთ ნებისმიერ ახალ გამოწვევას. რაც ყველაზე მთავარია, ბიბლიის მეშვეობით ღმერთი ისეთ მომავალს გვპირდება, როგორზეც ვერც კი ვიოცნებებდით.

რეალისტური დამოკიდებულება პანდემიის მიმართ

 დიდი ხნის წინ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად გახშირდებოდა ომები, მიწისძვრები და ეპიდემიები, აგრეთვე იქნებოდა საკვების უკმარისობაც (ლუკა 21:11; მათე 24:3). კოვიდპანდემია სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ზუსტად სრულდება ეს წინასწარმეტყველება.

 როგორ გვეხმარება ამის ცოდნა: შეიძლება ეპიდვითარება დროთა განმავლობაში გაუმჯობესდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიბლიის თანახმად ჩვენ მძიმე და ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ამის ცოდნა გვეხმარება, გვქონდეს რეალისტური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ რთულ დროში.

 მართალია, დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება დღითი დღე უარესდება, მაგრამ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მალე დედამიწაზე დიდი ცვლილებები მოხდება. რა სახის ცვლილებებზეა საუბარი?

მალე უკეთეს მსოფლიოში ვიცხოვრებთ

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მალე უკეთეს მსოფლიოში ვიცხოვრებთ. დღევანდელ ხელისუფლებებს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ იმ ყოველივეზე, რაც დედამიწაზე მალე ღვთის ძალით განხორციელდება. ბიბლიაში ნათქვამია: „[ღმერთი] მოსწმენდს მათ [ანუ ხალხს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

 იეჰოვა b, ჩვენი შემოქმედი, ამბობს: „ვქმნი ყოველივე ახალს“ (გამოცხადება 21:5). ის ყველა პრობლემას გადაჭრის, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ, მათ შორის პანდემიით გამოწვეულს. ღმერთი იზრუნებს, რომ . . .

  •   ყველას ჰქონდეს სრულყოფილი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. აღარ იარსებებს არანაირი დაავადება და თვით სიკვდილიც კი (ესაია 25:8; 33:24).

  •   ყველა დაკავდეს სასიამოვნო საქმით. ადამიანებს აღარ მოუწევთ ისეთი საქმის შესრულება, რომელიც ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და სტრესს იწვევს (ესაია 65:22, 23).

  •   დასრულდეს სიღარიბე და შიმშილი (ფსალმუნი 72:12, 13; 145:16).

  •   წარსულში განცდილმა არანაირმა ემოციურმა ტკივილმა არ შეგვახსენოს თავი. ჩვენ გარდაცვლილ ახლობლებსაც შევხვდებით, რადგან ღმერთი მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს (ესაია 65:17; საქმეები 24:15).

 როგორ გვეხმარება ამის ცოდნა: ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს „იმედი ღუზასავით არის ჩვენთვის“ (ებრაელები 6:19). იმის იმედი, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, გვეხმარება, თავი გავართვათ რთულ სიტუაციებს, ნაკლებად ვიწუხოთ და შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა.

 ნამდვილად სანდოა ბიბლიაში მოცემული დაპირებები? იხილეთ სტატია: „ბიბლია — ჭეშმარიტების საიმედო წყარო“.

პოსტპანდემიური პერიოდისთვის გამოსადეგი ბიბლიური რჩევები

  •   დააფასეთ სიცოცხლე

     ბიბლიური მუხლი: „სიბრძნე . . . სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს“ (ეკლესიასტე 7:12).

     პრაქტიკული ღირებულება: გამოიჩინეთ სიბრძნე და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ არ დაავადდეთ. ამისთვის აუცილებელია, გაითვალისწინოთ კოვიდრეგულაციები და რეკომენდაციები, აგრეთვე საქმის კურსში იყოთ ინფიცირების და ვაქცინაციის რა მაჩვენებელია თქვენს ქვეყანაში.

  •   კვლავაც გამოიჩინეთ სიფრთხილე

     ბიბლიური მუხლი: „ბრძენი ფრთხილობს და ბოროტებას ზურგს აქცევს, უგუნური კი თავდაჯერებული და თავზე ხელაღებულია“ (იგავები 14:16).

     პრაქტიკული ღირებულება: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს, ამიტომ კვლავაც უნდა ვიფრთხილოთ.

  •   სანდო წყაროდან მიიღეთ ინფორმაცია

     ბიბლიური მუხლი: „გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

     პრაქტიკული ღირებულება: სანამ რაიმე რჩევას გაითვალისწინებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად სანდო წყაროს ეფუძნება ის. გახსოვდეთ, რომ თუ დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდებით, ამით შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოთ.

  •   შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა

     ბიბლიური მუხლი: „ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო, რადგან არ არის სიბრძნე ამ სიტყვებში“ (ეკლესიასტე 7:10).

     პრაქტიკული ღირებულება: მაქსიმალურად მოერგეთ შექმნილ მდგომარეობას. გასაქანს ნუ მისცემთ ნოსტალგიურ ფიქრებს და ნაკლებად იფიქრეთ იმაზეც, თუ რის გაკეთებას ვერ ახერხებთ პანდემიის გამო.

  •   პატივი ეცით ადამიანებს

     ბიბლიური მუხლი: „პატივი ეცით ყველას“ (1 პეტრე 2:17).

     პრაქტიკული ღირებულება: ხალხს ერთმანეთისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს შექმნილი მდგომარეობის მიმართ. სხვების აზრს პატივისცემით მოეკიდეთ, თუმცა თქვენს სწორ გადაწყვეტილებებს ნუ შეცვლით. მაქსიმალურად გაუფრთხილდით მათ, ვინც არ არიან ვაქცინირებული, ვინც ასაკშია და ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

  •   გამოიჩინეთ მოთმინება და სულგრძელობა

     ბიბლიური მუხლი: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“ (1 კორინთელები 13:4).

     პრაქტიკული ღირებულება: გულისხმიერება გამოიჩინეთ მათ მიმართ, ვინც ზედმეტად განიცდის შექმნილ მდგომარეობას და თავის საწუხარს გიზიარებთ. საკუთარ თავთანაც გმართებთ მოთმინების გამოვლენა. როცა შეზღუდვები მოიხსნება, შეიძლება გაგიჭირდეთ ძველებურ რეჟიმში ჩადგომა, ამიტომ დრო მიეცით თქვენს თავს.

როგორ ეხმარება ხალხს ბიბლია პანდემიის დროს

 იეჰოვას მოწმეებს შესანიშნავი მომავლის შესახებ ბიბლიური დანაპირები ჰგვრით ნუგეშს და სწორედ ეს ეხმარება მათ, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემებით არ იყვნენ მოცული. ისინი, ბიბლიური მითითებისამებრ, რეგულარულად იკრიბებიან ერთად და ამგვარი ურთიერთგამხნევებაც მატებს მათ ძალას (ებრაელები 10:24, 25). იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია. პანდემიის დროს ეს შეხვედრები ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ტარდება.

 ამ რთულ დროს იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება ბევრს დაეხმარა. მაგალითად, ერთი ქალი, რომელსაც კორონავირუსი შეხვდა, მოწმეებმა თავიანთ ონლაინშეხვედრაზე დაპატიჟეს. შეხვედრებზე დასწრება დაეხმარა მას, რომ გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, ემოციურად არ გამტყდარიყო. მოგვიანებით მან თქვა: „ვგრძნობ, რომ მეც ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ. ბიბლიის კითხვა სიმშვიდეს მგვრის და მეხმარება, ჩემს პრობლემებზე კი არა, მომავლის იმედზე ვიფიქრო. დიდი მადლობა, რომ დამეხმარეთ, ღმერთს დავახლოებოდი. ამაზე მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი“.

a აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი

b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).