ულრიხ ცვინგლი ბიბლიური ჭეშმარიტების ძიებაში
დღეს რელიგიით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანთა უმეტესობას შეუძლია გადაამოწმოს, ეთანხმება თუ არა მათი მრწამსი ბიბლიურ მოძღვრებებს. თუმცა ამ მხრივ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო მე-16 საუკუნის დასაწყისში. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ხალხს ხელი არ მიუწვდებოდა მათ ენაზე ნათარგმნ ბიბლიებზე. მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეეძლო ეკლესიაში მოსმენილის ბიბლიასთან შედარება. მათ არც სამღვდელოება უწევდა დიდ დახმარებას. „საეკლესიო სისტემა შვეიცარიაში გახრწნილი იყო. სასულიერო პირები გულგრილები და ცრუმორწმუნეები იყვნენ და უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ“, — აღნიშნულია წიგნში „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“.
სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ბიბლიური ჭეშმარიტების ძიება ულრიხ ცვინგლმა. რა აღმოაჩინა მან? როგორ უზიარებდა სხვებს ბიბლიიდან გაგებულს? რისი სწავლა შეგვიძლია მის ცხოვრებაზე დაკვირვებით?
ულრიხ ცვინგლი იწყებს ჭეშმარიტების ძიებას
ულრიხი სადღაც 20 წლისა იქნებოდა, როცა გადაწყვიტა, კათოლიკე მღვდელი გამხდარიყო. მღვდელმსახურების დასაწყებად იმ პერიოდში აუცილებელი იყო ფილოსოფიის, საეკლესიო ტრადიციების და „ეკლესიის მამების“ წერილების შესწავლა, თუმცა საერთოდ არ მოითხოვებოდა ბიბლიის კვლევა.
როგორ მიაკვლია ულრიხმა ბიბლიურ ჭეშმარიტებას? უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ქალაქ ბაზელში (შვეიცარია), ის ესწრებოდა ტომას ვიტენბახის ლექციებს, რომელიც გმობდა ეკლესიის მიერ ინდულგენციის a გაცემას. ერთი ბიოგრაფის სიტყვების თანახმად ულრიხმა „ვიტენბახისგან გაიგო, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად მოკვდა“ (1 პეტრე 3:18). როცა ულრიხმა გაიაზრა, რომ ადამიანის ცოდვას მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი გამოისყიდდა, უარყო ეკლესიის მოძღვრება, რომლის თანახმადაც მღვდელმსახურს ფულის სანაცვლოდ ცოდვების მიტევება შეეძლო (საქმეები 8:20). თუმცა სწავლა მაინც განაგრძო და 22 წლის ასაკში პასტორი გახდა.
იმ პერიოდში ულრიხმა თავადვე ისწავლა ბერძნული ენა, რათა უკეთ ჩასწვდომოდა „ახალი აღთქმის“ დედნისეულ ტექსტს. მან ერაზმუს დეზიდერიუსის ნაშრომებიც შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ბიბლიის თანახმად მხოლოდ იესოა შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის (1 ტიმოთე 2:5). სწორედ ამიტომ ულრიხმა ეჭვქვეშ დააყენა კათოლიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ადამიანს ღმერთთან მისასვლელად წმინდანებისთვის უნდა მოეხმო.
დაახლოებით 30 წლის ასაკში მან კიდევ უფრო აქტიურად განაგრძო ბიბლიური ჭეშმარიტების კვლევა-ძიება. ამავდროულად, ის კაპელანად მსახურობდა იტალიურ ომებში. 1515 წელს მარინიანოს ბრძოლის დროს თავად გახდა იმის მოწმე, როგორ მოუსწრაფა ათასობით ერთმორწმუნე კათოლიკემ ერთმანეთს სიცოცხლე. რამდენიმე წლის შემდეგ ულრიხმა ხელით „ბერძნული წერილების“ ასლი გააკეთა და უმეტესი ნაწილი დაიმახსოვრა კიდეც. 1519 წლისთვის ის ციურიხში ცხოვრობდა, რომელიც შვეიცარიაში მთავარ პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ იქ მივიდა ულრიხი იმ დასკვნამდე, რომ ეკლესიას არ უნდა ჰქონოდა არაბიბლიური მოძღვრებები. რა გააკეთა მან, რომ სხვებიც მიეყვანა ამ დასკვნამდე?
„მსგავსი ქადაგება არასოდეს მოგვისმენია“
ულრიხი დარწმუნებული იყო, რომ თუ ხალხი ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოისმენდა, ადვილად ამოიცნობდნენ რელიგიურ სიცრუეს. ის ციურიხში გროსმიუნსტერის ეკლესიაში მღვდლად მსახურობდა, როცა გაბედული ნაბიჯი გადადგა და თავისი ქადაგების შინაარსი შეცვალა. მან შეწყვიტა ლათინური ლექციონარის b კითხვა, არადა სამღვდელოება მას საუკუნეების მანძილზე იყენებდა. ამის ნაცვლად, ქადაგების დროს მან ბიბლიის გამოყენება დაიწყო და სახარებებიდან თითოეულ თავს კითხულობდა. ულრიხს სურდა, ბიბლიური მუხლები თავად ბიბლიას აეხსნა, ამიტომ მეტად აღარ მიმართავდა „ეკლესიის მამების“ წერილებს მათ განსამარტავად. შედარებით რთული აზრების ასახსნელად ის ბიბლიიდან ისეთ მონაკვეთებს იყენებდა, რომლებიც უფრო მარტივად ხსნიდა ამ საკითხებს (2 ტიმოთე 3:16).
თავის ქადაგებებში ულრიხი ყურადღებას ამახვილებდა ბიბლიის პრაქტიკულობაზე და ზნეობრივი ნორმების დაცვაზე. აგრეთვე, ხაზგასმით ამბობდა, რომ არასწორი იყო იესოს დედის თაყვანისცემა, წმინდანების სახელით ლოცვა და ინდულგენციების გაყიდვა. ის აშკარად გმობდა სამღვდელოების უზნეო ცხოვრების წესსაც. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ხალხს? მისი პირველი ქადაგების შემდეგ ზოგი ამბობდა: „მსგავსი ქადაგება არასოდეს მოგვისმენია“. ერთმა ისტორიკოსმა ულრიხის მრევლზე თქვა: „მათაც კი დაიწყეს ულრიხის ქადაგებების მოსმენა, ვინც ერთ დროს სამღვდელოების სამარცხვინო და უმსგავსო საქციელის გამო დატოვა ეკლესია“.
1522 წელს სამღვდელოებამ ციურიხის პოლიტიკური ლიდერები წააქეზა, რომ შეეჩერებინათ საეკლესიო დოქტრინის წინააღმდეგ წამოწყებული საქმიანობა. ამის გამო ულრიხი ერესში დაადანაშაულეს. მას არ სურდა კომპრომისზე წასვლა, ამიტომ გადაწყვიტა, გადამდგარიყო და აღარ ემსახურა მღვდლად.
როგორ განაგრძო ულრიხმა თავისი საქმიანობა?
მართალია, მღვდელი აღარ იყო, მაგრამ ქადაგება არ შეუწყვეტია. ის აქტიურად უზიარებდა სხვებს თავის შეხედულებებს, რითაც სახელი გაითქვა და ციურიხში პოლიტიკოსებზეც კი მოიპოვა გავლენა. ძლიერი გავლენის გამო ულრიხმა ეკლესიაში რეფორმების გატარებაც შეძლო. მაგალითად, 1523 წელს მან დაარწმუნა სასამართლო მოხელეები, რომ აეკრძალათ ყველა არაბიბლიური მოძღვრების ქადაგება; 1524 წელს კერპთაყვანისმცემლობა უკანონოდ გამოცხადდა. ქალაქის მმართველობამ, ადგილობრივმა მქადაგებლებმა და მოსახლოებამ გაანადგურა სამსხვერპლოები, კერპები, ხატები და რელიკვიები. ერთ წიგნში აღნიშნულია: „დასავლური ეკლესია მსგავსი რეალობის წინაშე ვიკინგების შემდეგ აღარ დამდგარა და ამხელა დანაკარგი არ განუცდია“ („Zwingli — God’s Armed Prophet“); 1525 წელს ულრიხმა ხელისუფლება წააქეზა, რომ ეკლესიები საავადმყოფოებად გადაეკეთებინათ და ბერებისა და მონაზვნებისთვის ქორწინების უფლება მიეცათ. ამასთანავე, მან წინადადებაც წამოაყენა, რომ წირვა გაუქმებულიყო და მის ნაცვლად მხოლოდ ბიბლიაში ჩაწერილი ღონისძიება გამართულიყო (1 კორინთელები 11:23—25). ისტორიკოსების თქმით, ულრიხის არაერთი მცდელობის შედეგად ციურიხის რელიგიურმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთიანი კავშირი შექმნეს, რამაც ხელი შეუწყო რეფორმაციასა და ახალი პროტესტანტული რელიგიის ჩამოყალიბებას.
ულრიხ ცვინგლის უდიდეს მიღწევად მაინც ბიბლიის თარგმნა რჩება. 1520-იან წლებში ის ხელმძღვანელობდა სწავლულთა ჯგუფს, რომლებიც დედნისეულ ებრაულ და ბერძნულ ტექსტებს, ბერძნულ სეპტუაგინტასა და ლათინურ ვულგატას ადარებდნენ. ისინი მარტივ მიდგომას იყენებდნენ. თითოეულ მუხლს ჯერ დედნისეულ ტექსტში კითხულობდნენ, შემდეგ კი — იმ პერიოდში გავრცელებულ თარგმანებში. ერთად მსჯელობდნენ მუხლების მნიშვნელობებზე და თავიანთ დასკვნებს ინიშნავდნენ. მათი შრომის შედეგად 1531 წელს გამოიცა ერთტომიანი ციურიხის ბიბლია.
ულრიხი თავის საქმეს მთელი მონდომებით ასრულებდა, მაგრამ იგი საერთოდ არ სცემდა პატივს სხვების შეხედულებებს და მათ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. მაგალითად, 1525 წელს ის მონაწილეობდა ანაბაპტისტების წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო პროცესში, რადგან ულრიხისგან განსხვავებით ისინი თვლიდნენ, რომ ჩვილების ნათლობა დაუშვებელი იყო. მოგვიანებით, ყველას, ვინც არ აღიარებდა ჩვილების ნათლობას, სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ასეთ სასტიკ გადაწყვეტილებას ულრიხიც მხარს უჭერდა. იგი პოლიტიკურ ლიდერებს იმისკენაც მოუწოდებდა, რომ რეფორმების გასატარებლად სამხედრო ძალა გამოეყენებინათ. თუმცა შვეიცარიის ზოგ ისეთ რეგიონში, სადაც კათოლიციზმი ღრმად იყო ფესვგადგმული, ხალხმა მისი რეფორმები არ მიიღო. აზრთა სხვადასხვაობის გამო სამოქალაქო ომმა იფეთქა. ამ დაპირისპირებაში ულრიხიც ჩაერთო და 47 წლის ასაკში ბრძოლის ველზე დაიღუპა.
ულრიხის მემკვიდრეობა
თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ულრიხ ცვინგლმა ისტორიაში თავისი კვალი დატოვა, თუმცა მას მაინც არ ჰქონია ისეთი დიდი გავლენა, როგორიც პროტესტანტ რეფორმატორებს, მარტინ ლუთერსა და ჟან კალვინს. ულრიხს კათოლიკური ეკლესიის მიმართ ბევრად რადიკალური დამოკიდებულება ჰქონდა, ვიდრე მარტინ ლუთერს. გარკვეულწილად მის დამსახურებას შეგვიძლია მივაწეროთ ისიც, რომ ხალხმა ბევრად მარტივად მიიღო ჟან კალვინის იდეოლოგია. საბოლოოდ, მას რიგით მესამე რეფორმატორი უწოდეს.
ულრიხის ძალისხმევა რაღაც მხრივ დადებითადაც შეიძლება შეფასდეს და უარყოფითადაც. თავისი შეხედულებების გასავრცელებლად ის პოლიტიკურ საქმიანობასა და ომში ჩაერთო. ასეთი საქციელით ის არ მიჰყვა იესოს მაგალითს, რომელიც არ ერეოდა პოლიტიკაში და თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ჰყვარებოდათ მტერი და არავინ მოეკლათ (მათე 5:43, 44; იოანე 6:14, 15).
და მაინც, ულრიხ ცვინგლი ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი იყო, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ბიბლიიდან ნასწავლი ხალხისთვის გაეზიარებინა. მან არაერთ ბიბლიურ საკითხს მოჰფინა ნათელი და სხვებსაც დაეხმარა ბიბლიური ჭეშმარიტების პოვნაში.
a ინდულგენციას სამღვდელოება გასცემდა, რომელიც სიკვდილის შემდეგ განსაწმენდელში მოხვედრილ ადამიანებს თითქოს ცოდვებს შეუმსუბუქებდა ან სრულად გაათავისუფლებდა მათგან.
b ლექციონარი არის წიგნი, რომელიც შეიცავს ბიბლიიდან ამოკრეფილ ადგილებს და ეკლესიაში მთელი წლის მანძილზე იკითხება.