ᲩᲕᲔᲜᲘ ᲐᲠᲥᲘᲕᲘᲓᲐᲜ
არ ვწყვეტთ იეჰოვას მსახურებას ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად
ბევრ ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა ადამიანებს ცხოვრებას ურთულებს. ამ მხრივ გამონაკლისს არც იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ. თუმცა ცხოვრებისეული საზრუნავი მათ სასოწარკვეთილებაში არ აგდებს, რადგან დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვა თავის მსახურებს არასოდეს მიატოვებს (ებრაელები 13:5). მას ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. ფილიპინებში, სადაც ბევრი დღემდე სიღარიბეში ცხოვრობს, იეჰოვას მოწმეებს ღვთის მზრუნველობა არაერთხელ უგრძნიათ. მდგომარეობა განსაკუთრებით 1970–1980-იან წლებში გამწვავდა.
„საკვების არქონის გამო ზოგჯერ მიტირია კიდეც. ყოფილა შემთხვევები, როცა ბრინჯის, მარილის და წყლის მეტი არაფერი გვქონია“, – იხსენებს ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ვიკი. a კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე, ფლორენსიო, სამსახურს ვერ შოულობდა. იგი იხსენებს: „რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მქონდა და კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე სულ ერთი და იგივე მეცვა“. როგორ გაუმკლავდა იეჰოვას ხალხი ამ სირთულეებს? რა დაეხმარა მათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში? როგორ დაგვეხმარება მათი მაგალითი დღევანდელ არაპროგნოზირებად დროში?
ისინი ენდობოდნენ იეჰოვას
ფილიპინებში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ამ რთულ დროს იეჰოვა მზრუნველობას არ მოაკლებდა მათ (ებრაელები 13:6). და ის ხშირად ამას მათთვის მოულოდნელი სახით აკეთებდა. აი, რას ამბობს ერთი იეჰოვას მოწმე, სესილი: „ოჯახში ოთხი სული ვიყავით. ერთხელ საუზმისთვის ბოლო ჭიქა ბრინჯი მოვამზადეთ და საჭმელი მეტი აღარაფერი გვქონდა. ვილოცეთ, რომ იეჰოვას ჩვენს საჭიროებებზე ეზრუნა. ჯერ კიდევ ვსაუზმობდით, როცა ერთი თანაქრისტიანი მოვიდა და ხუთი კილო ბრინჯი მოგვიტანა. უზომოდ მადლიერები ვიყავით იმის გამო, რომ იეჰოვამ ასე გვაკურთხა; სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდით. ასეთი შემთხვევა არაერთხელ გვქონია“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპინებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ბიბლიაში ჩაწერილ პრაქტიკულ რჩევებსაც იყენებდნენ (იგავები 2:6, 7). მაგალითად, ერთმა ახალმონათლულმა, დაუქორწინებელმა იეჰოვას მოწმემ, არსელიტამ, რომელიც ძლივს ირჩენდა თავს, ლოცვაში გული გადმოუღვარა იეჰოვას. შემდეგ დაფიქრდა იგავების 10:4-ში ჩაწერილ სიტყვებზე: „ზარმაცი გაღარიბდება, მუყაითი კი გამდიდრდება“. არსელიტამ გაითვალისწინა ეს რჩევა და გადაწყვიტა, მიწა დაემუშავებინა. ის ამბობს: „იეჰოვამ აკურთხა ჩემი შრომა. იმდენი მოსავალი ავიღე, რომ ჩემთვისაც მეყო და გავყიდე კიდეც, რომ გზის ფული მქონოდა“.
მათ არ შეუწყვეტიათ შეხვედრებზე დასწრება
ფილიპინებში იეჰოვას მოწმეებს არ ჰქონდათ საკმარისი თანხა საიმისოდ, რომ მიწის ნაკვეთი ეყიდათ და დარბაზი აეშენებინათ. მიუხედავად ამისა, მოწმეები ითვალისწინებდნენ ებრაელების 10:24, 25-ში ჩაწერილ მითითებას და არ წყვეტდნენ ერთად შეკრებასა და ერთმანეთის გამხნევებას. ისინი მარტივად ერგებოდნენ სიტუაციებს. მაგალითად, ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად დებორა, იხსენებს: „კრების შეხვედრებს ექვსნი ვესწრებოდით პატარა ქოხში. ეს ქოხი მე და ერთმა თანაქრისტიანმა ავაშენეთ, რომელთან ერთადაც პიონერად ვმსახურობდი. სახურავი პალმის ფოთლებისგან გავაკეთეთ, კედლებისთვის ქოქოსის პალმის ტოტები გამოვიყენეთ, ხოლო სკამებისთვის – პალმის ხეები“.
უმეტეს შემთხვევაში კრების შეხვედრები მოწმეების სახლებში ტარდებოდა. ერთი იეჰოვას მოწმე, ვირჯინია, ამბობს: „ჩვენი პატარა სახლი ბალახისგან და ბამბუკისგან იყო აგებული. ყოველ შაბათს გვიწევდა ავეჯის გადაადგილება, რათა კვირას კრების ჩასატარებლად საკმარისი ადგილი ყოფილიყო“. კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ნოელი, იხსენებს: „იმ სახლში, სადაც შეხვედრები ტარდებოდა, სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა. წვიმის დროს იმ ადგილას ვედროებს ვდგამდით ხოლმე. მაგრამ ამ პრობლემას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, რადგან მთავარი ის იყო, რომ ერთად შეკრება შეგვეძლო“.
მათ მსახურებაში გულმოდგინება შეინარჩუნეს
გაჭირვებამ მოწმეებს მსახურებაში ენთუზიაზმი ვერ გაუნელა. ერთი იეჰოვას მოწმე, ლინდინა, რომელიც კუნძულ ნეგროსზე ცხოვრობს, იხსენებს: „ოჯახში ბევრნი ვიყავით, მაგრამ სამუშაო მხოლოდ მამას ჰქონდა. ყოველთვის არ გვქონდა ტრანსპორტის ფული, ამიტომ მსახურებაში დიდი მანძილის გავლა ხშირად ფეხით გვიწევდა. მაგრამ ეს სახალისოც კი იყო, რადგან ბევრნი ვიყავით; თანაც ვიცოდით, რომ ასე იეჰოვას ვუხარებდით გულს“.
ყველაზე დიდ სირთულეს მთიან ადგილებში ქადაგება წარმოადგენდა, რადგან ასეთ შორ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის არ დადიოდა. კუნძულ ლუსონზე მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმე, ესთერი, ამბობს: „ჩვენი ჯგუფი, რომელიც 6-დან 12-მდე მაუწყებლისგან შედგებოდა, ადრიანად დავადგებოდით ხოლმე გზას, რადგან ფეხით კილომეტრები გვქონდა გასავლელი. მთელ დღეს მსახურებაში ვატარებდით. ამიტომ საკვები სახლიდან მიგვქონდა და ხის ჩრდილქვეშ გემრიელად შევექცეოდით ხოლმე. მართალია, ზოგს არაფერი ჰქონდა წამოსაღები, მაგრამ მსახურებაში მაინც მოდიოდნენ. ერთმანეთს ვეუბნებოდით ხოლმე: „არ იდარდოთ, საჭმელი ყველას გვეყოფა“.
იეჰოვამ დიდად აკურთხა მათი თავგანწირვის სულისკვეთება. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ 1970 წელს ფილიპინებში 54 789 მაუწყებელი იყო, 1989 წელს კი მაუწყებლების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 102 487 გახდა, ხოლო 2023 წელს მათმა რიცხვმა 253 876-ს მიაღწია.
„სიღარიბემ ვერ ჩამოგვაშორა იეჰოვას“
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, იეჰოვას ხალხი სულიერად წინ მიიწევდა. ერთმა იეჰოვას მოწმემ, ანტონიომ, ასეთი რამ თქვა: „სიღარიბემ ვერ ჩამოგვაშორა იეჰოვას“. კიდევ ერთი მოწმე, სახელად ფე აბადი, ამბობს: „როცა მე და ჩემი მეუღლე ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით, იეჰოვას კი არ დავშორდით, უფრო დავუახლოვდით და გამოვცადეთ ის სიხარული, რაც უბრალო ცხოვრებას მოაქვს. ამის წყალობით ჩვენმა შვილებმაც ისწავლეს იეჰოვაზე მინდობა“.
„როცა იეჰოვას ემსახურები, სიღარიბეს დიდ პრობლემად არ მიიჩნევ. როდესაც ღვთის ნებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ, კმაყოფილებას ვგრძნობთ და დადებით განწყობას ვინარჩუნებთ“, – ამბობს კუნძულ სამარზე მცხოვრები ლუსილა. „უდიდეს სიხარულს მანიჭებდა იმის დანახვა, რომ ჩემი ბიბლიის შემსწავლელები იეჰოვას ეცნობოდნენ. მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი პიონერულ მსახურებაშიც შემომიერთდა“.
ვინაიდან ცვალებად დროში გვიწევს ცხოვრება, არ ვიცით დღეს თუ ხვალ რა სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ ღირს, დავფიქრდეთ ერთი უხუცესის, როდოლფოს, სიტყვებზე: „1970–1980-იან წლებში ურთულესი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ იეჰოვას მზრუნველობა არაერთხელ ვიგრძენი. ფინანსურად ძალიან მიჭირდა, თუმცა თავს უბედურად არ ვთვლიდი. იეჰოვამ სათუთად იზრუნა ჩემზე. დღესვე ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება მაქვს და მთელი გულით ველი სამოთხეს მომავალში, სადაც ჭეშმარიტი სიცოცხლით გავიხარებთ“ (1 ტიმოთე 6:19).
a ზოგი სახელი შეცვლილია.