არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი არქივიდან

იეჰოვას მოწმეები ახალ ზელანდიაში — მშვიდობიანი და ღვთისმოშიში ქრისტიანები

იეჰოვას მოწმეები ახალ ზელანდიაში — მშვიდობიანი და ღვთისმოშიში ქრისტიანები

 1940 წლის 21 ოქტომბერს ახალი ზელანდიის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია მეამბოხე და საზოგადოებისთვის საშიშ ორგანიზაციად გამოაცხადა. ხელისუფლების ამ განაცხადმა არაერთი სირთულე შეუქმნა იეჰოვას მოწმეებს, თუმცა მათ ამის გამო ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. ისინი კვლავაც განაგრძობდნენ ღვთის თაყვანისცემის მიზნით შეკრებას მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არსებობდა სამართალდამცავების მიერ მათი დარბევისა და დაკავების საშიშროება.

 ჩვენი ერთი დის, მერის, მეუღლე, ენდი კლარკი, ხედავდა, რომ მის ცოლს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, საფრთხის მიუხედავად დასწრებოდა შეხვედრებს. ენდი შიშობდა, რომ მის მეუღლეს რწმენის გამო დააპატიმრებდნენ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მეუღლეს თვითონაც გაჰყოლოდა ხოლმე კრების შეხვედრებზე. მან მერის უთხრა: „თუ შენ დაგაპატიმრებენ, ჩემი დაპატიმრებაც მოუწევთ“. მას შემდეგ ენდის არცერთი შეხვედრა არ გაუცდენია. მოგვიანებით მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ახალ ზელანდიაში მერის მსგავსად არაერთ იეჰოვას მოწმეს ჰქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ დევნის მიუხედავად იეჰოვასადმი ერთგულება შეენარჩუნებინა.

რიცხობრივი ზრდა პატიმრობის მიუხედავად

 ერთ დღეს პოლიციამ 78 წლის ჯონ მარეი დააკავა, რომელიც კარდაკარ ქადაგებდა. სასამართლომ მას ბრალად დასდო საზოგადოებისთვის საშიში ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა. იმ პერიოდში არაერთ იეჰოვას მოწმეს მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა; ზოგს ჯარიმა დააკისრეს, ზოგს კი სამ თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს.

 იეჰოვას მოწმეები ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე (ესაია 2:4). ამიტომ ისინი არაერთი სირთულის წინაშე დადგნენ, როდესაც ომის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ოთხმოცამდე იეჰოვას მოწმე ბანაკებში გაგზავნეს. უკიდურესი სიცივისა და სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, ძმებს სიხარული არ დაუკარგავთ და კვლავაც ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას.

 იეჰოვას მოწმეები დროს არ კარგავდნენ და ბანაკებში გეგმავდნენ სხვადასხვა თეოკრატიულ ღონისძიებას. ისინი რეგულარულად ატარებდნენ კრების შეხვედრებს და ქადაგებდნენ ბანაკში მყოფ პატიმრებთან. ზოგან მათ იმის ნებართვაც კი მიიღეს, რომ მცველების თანდასწრებით კონგრესები ჩაეტარებინათ. ზოგმა პატიმარმა ჭეშმარიტება ბანაკში ყოფნის დროს გაიგო. მათ იქ ბიბლია შეისწავლეს და მოინათლნენ.

პატიმრობაში მყოფი იეჰოვას მოწმეები ესწრებიან თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრას.

 ზემოთ მოხსენიებული წყვილის, მერის და ენდის, უმცროსმა ვაჟმა ბრიუსმა პატიმრობის პერიოდი ღვთის უკეთ გასაცნობად გამოიყენა. ის ამბობს: „ბანაკში ყოფნა ჩემთვის სკოლაში სიარულს ჰგავდა, რადგან იქ მყოფ გამოცდილ ძმებთან ხშირად ვმსჯელობდი მნიშვნელოვან თემებზე და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი“.

 1944 წელს ხელისუფლებამ განიხილა ზოგიერთი პატიმრის ბანაკიდან გათავისუფლების საკითხი. სამხედრო მოხელეები იეჰოვას მოწმეების ბანაკიდან გათავისუფლების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ისინი აუცილებლად გააგრძელებდნენ სხვებთან თავიანთი რწმენის შესახებ საუბარს. მათ განცხადებაში აღნიშნული იყო: „მართალია, ხანგრძლივი პატიმრობა გარკვეულწილად ზღუდავს მათ ფანატიზმს, მაგრამ ამ ხალხს ვერასდროს ვერაფერი შეცვლის“.

ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ

 ჩვენი საქმიანობის შეზღუდვის შესახებ საზოგადოების ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი ქვეყნის მასშტაბით, რამაც მათში იეჰოვას მოწმეებისადმი ინტერესი გამოიწვია. დროთა განმავლობაში მრავალმა ადამიანმა დაინახა, რომ მოწმეები საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. შედეგად, ახალ ზელანდიაში იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა გაიზარდა. 1939 წელს მათი რიცხვი 320-ს შეადგენდა, ხოლო 1945 წელს მაუწყებლების რიცხვმა 536-ს მიაღწია.

 ზოგმა სახელმწიფო მოხელემ აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვა ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. მას შემდეგ, რაც ერთმა მოსამართლემ მოისმინა ჩვენი ძმის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, რომელსაც ბრალი ქადაგების გამო ჰქონდა წაყენებული, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა. მოსამართლემ ასეთი რამ თქვა: „აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩემს ცნობიერებასთან და კანონის ჩემეულ აღქმასთან ის, რომ ბიბლიის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად იქნეს მიჩნეული“.

 ომის დასასრულს, იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, ჩვენი და-ძმები უფრო მეტი შემართებით შეუდგნენ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებას. 1945 წელს ფილიალმა ახალი ზელანდიის ყველა კრებას წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა: «კარგი იქნება, თუ ყველასთან ტაქტიანები და მეგობრულები იქნებით. მოერიდეთ ადამიანებთან კამათსა და დაპირისპირებას. გახსოვდეთ, რომ მათ თავიანთი რელიგიური შეხედულებები აქვთ და ცდილობენ, მათ თანახმად იცხოვრონ ... ამ ადამიანებს შორის შეიძლება ბევრი იყოს „ღვთის ცხვარი“, ამიტომ მათ უნდა დავეხმაროთ, დადგნენ ჭეშმარიტების გზაზე».

 დღეს ახალ ზელანდიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ცნობას ადგილობრივებთან და ტურისტებთან ქადაგებენ. ერთხელ ქალაქ ტურანგიში სულ რამდენიმე საათში ოთხმა იეჰოვას მოწმემ 17 ქვეყნიდან ჩასულ 67 ტურისტს უქადაგა.

 ახალ ზელანდიაში მცხოვრები ადამიანები აშკარად ხედავენ, რომ იეჰოვას მოწმეები არიან მშვიდობიანი და ღვთისმოშიში ქრისტიანები, რომლებიც აფასებენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და ცდილობენ, მის შესაბამისად იცხოვრონ. ქვეყანაში ყოველ წელს ასობით ადამიანი უძღვნის თავს იეჰოვას და ინათლება. 2019 წლის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში 14 000-ზე მეტი მაუწყებელი სიხარულით ემსახურება იეჰოვას.

ბიბლიის შესწავლა; 1940 წელს მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შემდეგ.

ბანაკების სამარტოო საკნები, ჩრდილოეთი კუნძული, ახალი ზელანდია

ჰაუტუს ბანაკი, ჩრდილოეთი კუნძული, ახალი ზელანდია

იეჰოვას მოწმეების შეკრება, რომლებიც დააკავეს ნეიტრალიტეტის გამო (1949 წელი).