არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲐᲠᲥᲘᲕᲘᲓᲐᲜ

გაერთიანებულნი დაყოფილ ქვეყანაში

გაერთიანებულნი დაყოფილ ქვეყანაში

 1948 წელს სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის რეჟიმი a დამყარდა და 1990-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები რასობრივი უსამართლობის მსხვერპლი ხდებოდნენ. კალი, რომელსაც აპართეიდის დროს „ფერადკანიანის“ სტატუსი ჰქონდა, იხსენებს: „ვინც თეთრკანიანი არ იყო, მათ შორისაც კი ჰქონდა ადგილი დისკრიმინაციას“.

 სამხრეთ აფრიკაში იეჰოვას მოწმეებს შორის არაერთი ეთნიკური წარმოშობის ადამიანია. როგორ უმკლავდებოდნენ ისინი აპართეიდის რეჟიმის შედეგად გამოწვეულ სირთულეებს? რას გვასწავლის მათი ისტორია?

საფრთხის თავიდან არიდება

 სამხრეთ აფრიკაში რასობრივი სეგრეგაციის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციები წამოიწყეს. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციების გამო მონაწილეთა უმეტესობა დაიჭირეს, ზოგი კი დახოცეს. შედეგად სიტუაცია უფრო გამწვავდა და უკონტროლო გახდა. მათგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეები კანონს ემორჩილებოდნენ და არ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში და არც მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. ამგვარად ისინი ჰბაძავდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ ხელისუფლებას (რომაელები 13:1, 2).

 ხშირად იეჰოვას მოწმეებს აიძულებდნენ, რომელიმე მხარე დაეკავებინათ. თუ ისინი ნეიტრალიტეტს დაარღვევდნენ და კონფლიქტში ჩაებმებოდნენ, თავიანთი თანაქრისტიანების წინააღმდეგაც კი მოუწევდათ ბრძოლა. „1976 წლის დასაწყისში ბევრ მაღალკლასელს აიძულებდნენ, პოლიტიკურ მეამბოხეებს მიმხრობოდნენ“, — იხსენებს თემსი, — „ისინი კარდაკარ დადიოდნენ და სხვა ახალგაზრდების დაყოლიებას ცდილობდნენ. ვინც უარს იტყოდა, ან სახლს უწვავდნენ ან ისე სცემდნენ, რომ სასიკვდილოდ იმეტებდნენ“. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენს ძმას დაემუქრა კიდეც: „როგორც კი თეთრკანიანებს დავამარცხებთ, მერე შენ მოგხედავთ და მოგკლავთ, იმიტომ რომ შენი ქვეყნის დასაცავად არ იბრძოლე“.

ერთად შეკრება დაყოფილ ტერიტორიაზე

 სამხრეთ აფრიკაში იეჰოვას მოწმეები აპართეიდის დროსაც კი განაგრძობდნენ თაყვანსაცემად ერთად შეკრებას (ებრაელები 10:24, 25). იმ პერიოდში ბევრ კრებას არ შეეძლო დარბაზის აშენება, რადგან ხალხი სიღარიბეში ცხოვრობდა. b ენვერი ამბობს: „წლების განმავლობაში კრების შეხვედრებს ნაქირავებ შენობებში ვატარებდით, სადაც საშინელი პირობები იყო. ამიტომ მამაჩემმა ძმებს შესთავაზა, ჩვენს სახლში ჩატარებულიყო შეხვედრები. კვირაში ორჯერ სახლს დარბაზის შესაბამისად ვაწყობდით. ზოგჯერ 100-ზე მეტი ადამიანიც კი იკრიბებოდა. შეხვედრის შემდეგ ხშირად და-ძმებს ვუმასპინძლდებოდით კიდეც“.

შავკანიანი და თეთრკანიანი იეჰოვას მოწმეები, 1950 წლის აპრილი

1980 წელს იოჰანესბურგში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილი სხვადასხვა რასის და-ძმები

 ძმებმა მალევე იპოვეს გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რაც აპართეიდმა შექმნა. მაგალითად, ლიმპოპოს პროვინციაში, შავკანიანთა დასახლებაში, გამართულ სარაიონო კონგრესზე ერთი თეთრკანიანი ძმა არ შეუშვეს. ამ ძმამ გადაწყვიტა, მისულიყო ერთ თეთრკანიან ფერმერთან, რომლის ფერმაც შავკანიანთა დასახლებას ესაზღვრებოდა და ეთხოვა, რომ მისი ფერმიდან მოხსენების წარმოთქმის უფლება მიეცა. საბოლოოდ, სარაიონო კონგრესზე დამსწრეები შავკანიანთა ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, მომხსენებლი კი თეთრკანიანთა ტერიტორიიდან წარმოთქვამდა თემას.

ქადაგება ეთნიკურ ჯგუფებთან

 აპართეიდის რეჟიმის დროს ეთნიკური ჯგუფები სხვადასხვა ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. კრებებიც ეთნიკური ჯგუფების მიხედვით იყო დაყოფილი და სამქადაგებლო ტერიტორიაც შესაბამისად ჰქონდათ განაწილებული. ყველასთვის რომ ექადაგათ, ჩვენი და-ძმები არსებულ ვითარებას უნდა მორგებოდნენ. მაგალითად, გაუნაწილებელ ტერიტორიებზე ქადაგება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კრიში, რომელსაც აპართეიდის დროს „ინდიელის“ სტატუსი ჰქონდა, იხსენებს: «შავკანიანებს ეკრძალებოდათ ზოგიერთ ადგილას ღამის გათენება, ამიტომ, ძირითადად, მანქანებში ან ხის ქვეშ გვეძინა. დილაობით ხელ-პირს ბენზინგასამართი სადგურის საპირფარეშოში ვიბანდით. ზოგჯერ იქაც იყო გაკეთებული შემდეგი წარწერა: „მხოლოდ თეთრკანიანებისთვის“. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაუწყებლები დიდი გულმოდგინებით მსახურობდნენ და მიუვალ ტერიტორიებზე ბევრ ადამიანს უქადაგებდნენ».

სხვადასხვა რასის და-ძმები დაშორებულ ტერიტორიაზე ქადაგებისას, 1981 წელი

 სირთულეების ფონზე იეჰოვას ხალხის რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა. 1948 წელს, როცა აპართეიდის რეჟიმი დამყარდა, სამხრეთ აფრიკაში 4 831 იეჰოვას მოწმე იყო. თუმცა 1994 წელს, როცა ეს რეჟიმი დასრულდა, მაუწყებლების რიცხვი 58 729-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ზრდა მას შემდეგაც არ შეჩერებულა. 2021 წელს სამხრეთ აფრიკაში მაუწყებლების უმაღლესი რიცხვი, 100 112 დაფიქსირდა.

სიძულვილით სავსე გარემოში სიყვარულით გაერთიანებულნი

 იმ პერიოდში სამხრეთი აფრიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი რასიზმის გავლენაში იყო მოქცეული, რის გამოც იეჰოვას მოწმეებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ სხვა რასის ადამიანების მიმართ სიყვარული გამოევლინათ და მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდათ. რა თქმა უნდა, მათ ამ მხრივ უდიდეს დახმარებას ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება უწევდა (საქმეები 10:34, 35). მათ შორის სიყვარული სუფევდა, როცა ირგვლივ სიძულვილი იყო გამეფებული (იოანე 13:34, 35).

 1993 წელს იეჰოვას მოწმეებმა სამხრეთ აფრიკაში მულტიეთნიკური კონგრესი ჩაატარეს. ერთი ცნობილი პოლიტიკური ლიდერი აეროპორტში თავად გახდა იმის შემსწრე, როგორ თბილად ეგებებოდნენ ჩვენი და-ძმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ თანაქრისტიანებს. მან თქვა: „ჩვენც თქვენნაირი ერთობა რომ გვქონდეს, დიდი ხნის მოგვარებული გვექნებოდა პრობლემები“.

1955 წელს მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი მილტონ ჰენშელი ფართო აუდიტორიას მიმართავს, სადაც სხვადასხვა რასის და-ძმები არიან შეკრებილი.

სამხრეთ აფრიკის ფილიალში შავკანიანი და თეთრკანიანი ძმა ერთად ასრულებენ საქმეს, 1986 წელი.

ტომას სკოსანა (მარცხნივ) და ალფრედ სტეინბერგი (მარჯვნივ), რომლებიც მრავალი წელია, იეჰოვას მოწმეები არიან, 1985 წელს გამართულ კონგრესზე.

1985 წელს გამართულ კონგრესზე სხვადასხვა რასის იეჰოვას მოწმეები საკვებით უმასპინძლდებიან და-ძმებს.

2011 წელს იოჰანესბურგში გამართულ კონგრესზე შეკრებილი სხვადასხვა რასის იეჰოვას მოწმეები

a აპართეიდი იყო რასობრივი დისკრიმინაციის სასტიკი ფორმა. ადამიანის რასა განსაზღვრავდა, რა განათლებას მიიღებდა, სად იმუშავებდა, სად იცხოვრებდა და ვისზე დაქორწინდებოდა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით 2007 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“ გამოქვეყნებულ სტატიას „რა იყო აპართეიდი?“ [ინგლ.].

b იეჰოვას მოწმეთა კრებების მიერ გაღებული შესაწირავები 1999 წლიდან გამოიყენება დარბაზების ასაშენებლად და შესაკეთებლად.